“გაცილებით მარტივია ევროკავშირის ლიკვიდაცია და ხელახლა შექმნა, ვიდრე მისი განვითარება ამჟამინდელი სახით“, _ მიაჩნია პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ლეხ ვალენსას. მისი აზრით, ევროკავშირს ხელს უშლის მასში შემავალი სახელმწიფოების განვითარების განსხვავებული გზები.
“ევროკავშირი შეიქმნა სრულიად განსხვავებულ პირობებში, ვიდრე დღეს არის. მე კარგა ხნის წინათ ვაფრთხილებდი გერმანიასა და საფრანგეთს, რომ ვერ შეძლებდნენ ამ კავშირის გადარჩენას, თუ წევრი სახელმწიფოები ასე შორს წავიდოდნენ სხვადასხვა მიმართულებით”, _ განაცხადა ვალენსამ შვედური გამოცემა Aftonblad-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი აზრით, “ამჟამინდელ სიტუაციაში გაცილებით მარტივია ახლანდელი სახით ევროკავშირის ლიკვიდაცია და ყველაფრის ხელახლა დაწყება”.
იმ ვარიანტის მიხედვით, რომელსაც ვალენსა სთავაზობს ევროკავშირის ქვეყნებს, “ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ ხელახლა უნდა გააკეთოს განაცხადი თანამეგობრობის წევრობის შესახებ”. შემდეგ უნდა შედგეს 10 ვალდებულების სია, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს თითოეულმა სახელმწიფომ, აგრეთვე, ჩამოთვლილი უნდა იყოს 10 უფლება, რომლებიც მათთვის გარანტირებული იქნება”. ევროპარლამენტის არჩევნებზე საუბრისას ვალენსამ აღიარა, რომ ვერ ხედავდა ღირსეულ კანდიდატს, ამიტომ ხმა მისცა “ყველაზე ნაკლებად მავნე ვარიანტს”.