Home რუბრიკები საზოგადოება ლეონიდ ბრეჟნევი: მის ინსტიტუტში რამდენიმე ნაპოლეონი მუშაობს და ერთიც _ ბონაპარტი

ლეონიდ ბრეჟნევი: მის ინსტიტუტში რამდენიმე ნაპოლეონი მუშაობს და ერთიც _ ბონაპარტი

ნაპოლეონ ქარქაშაძე

აფხაზეთში გვიანი შემოდგომა განსაკუთრებით ლამაზია. მარადმწვანე პალმებისა და ციტრუსების ფონზე გადაყვითლებული ფოთლოვანი ხეები და ლურჯი, მშფოთვარე ზღვა ულამაზეს სურათს ქმნიდა.

ჩემი კაბინეტის ფართო აივნიდან ხშირად გადავყურებდი ულამაზესი ფერებით დამშვენებულ სოხუმს და მეამაყებოდა კელასურის პლატოზე გადმომდგარი თეთრი შენობის სიდიადე, რომელშიც მსოფლიოში ერთადერთი სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი იყო განთავსებული. ამ სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი იმხანად მე ვიყავი.

ფიქრებში გართული სამთავრობო ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა. რეკავდა აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბორის ადლეიბა.

_ ნაპოლეონ ირაკლის ძევ, თხოვნა მაქვს თქვენთან.

მე დავიძაბე.

_ ორი დღეა, ბიჭვინთაში ისვენებს ძალიან დიდი სტუმარი, რომლისთვისაც საჭიროა ფეიხოას ნაყოფი. მთელი აფხაზეთი შევაწრიალეთ, მაგრამ ვერსად მივაგენით. იქნებ თქვენი ინსტიტუტის სასწავლო მეურნეობაში შემორჩა ვინმეს, სულ ერთი ყუთია საჭირო, _ მითხრა მან.

_ ბორის ვიქტორის ძევ, ახლავე შევუდგები ძებნას, _ ვუპასუხე.

_ მაშინ, ხვალ დილისთვის ველოდები თქვენს ზარს, _ მითხრა და დამემშვიდობა.

ლეონიდ ბრეჟნევი

ბორის ადლეიბასთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებდა, მის ძირძველ სახლშიც, რომელიც ოჩამჩირის რაიონში მდებარეობდა, ხშირად ვიყავი სტუმრად. მეც მსტუმრობდა, როდესაც თბილისში სამთავრობო ღონისძიებებს ვესწრებოდით. აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ერთმანეთს ვჭირდებოდით და ამას ორივე ვაცნობიერებდით.

პირველ მდივანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დავურეკე მეურნეობის დირექტორ გურამ გვაზავას და მოსვლა ვთხოვე.

ორმოცი წუთის შემდეგ ჩემს კაბინეტში იყო.

_ გურამ, დაჯექი და ჩაიწერე: ხვალ დილისთვის საჭიროა ორი ყუთი დარჩეული ფეიხოა, ერთი ყუთი ლიმონი, რომელიც, როგორც ახალი ჯიში “დიოსკურია”, ახლახან დაგვიმტკიცეს. მას შეურევ ორ-სამ კილოგრამ “ანაკლიას” (ეს ჯიშიც საინტერესო ნაყოფს გვაძლევდა, არაყსა და კონიაკს უხდებოდა. _ ნ.ქ.), საჭიროა ერთი ყუთი დარჩეული ფორთოხალი და ორი ყუთი საექსპორტო მანდარინი. ყველაფერი ეს მზად უნდა იყოს ხვალ, 11 საათისთვის. კარგია, თუ სანთლის არაყსაც მოაყოლებ.

_ ფეიხოა ერთ ადგილას მეგულება, დანარჩენი ყველაფერი გვაქვს, _ მითხრა მან და ფეხზე წამოდგა.

მეორე დილით შინ დამირეკა, დავალების შესრულება მომახსენა და მკითხა, როგორ მოვიქცეო.

_ ჩემთან მოდი შინ, _ ვუთხარი მე.

სოხუმი პატარა ქალაქია და ისიც სწრაფად მოვიდა. “პატივსაცემი სტუმრისთვის” ნობათი ლამაზად ჩაეწყო თავის მანქანაში. დავალების შესრულება ოპერატიულად შევატყობინე პირველ მდივანს.

_ ფეიხოა ამხანაგ ბრეჟნევის დაცვამ მთხოვა, რომელიც ორი დღის წინათ ჩამოფრინდა ბიჭვინთაში. ეს ნობათი შენ უნდა წაიღო, ბიჭვინთის გადასახვევთან დაგხვდებიან ენვერ კაპბა და ავთანდილ იოსელიანი (ენვერ კაპბა გაგრის ქალაქკომის პირველი მდივანი იყო, ავთანდილ იოსელიანი _ გაგრის უშიშროების უფროსი).

მეურნეობის დირექტორთან ერთად ჩემს მანქანაში ჩავსხედით და ბიჭვინთისკენ დავიძარით. ნობათით მივდიოდი ადამიანთან, რომლის მიმართაც შეიძლება, განსაკუთრებულ სიმპათია არ მქონდა, მაგრამ უზარმაზარი ქვეყნის პირველ კაცთან მივდიოდი და, ცოტა არ იყოს, ვღელავდი.

ბიჭვინთის გადასახვევთან კაპბა და იოსელიანი დაგვემგზავრნენ და ერთად გავწიეთ სამთავრობო რეზიდენციებისკენ.

ლეონიდ ბრეჟნევი

რამდენიმე წუთში ალაყაფის კართან გავჩერდით. პატარა კარიდან პოლკოვნიკის სამხრეებიანი, სპორტული აღნაგობის კაცი გამოვიდა, ღიმილით მოგვესალმა და ეზოში შეგვიძღვა. ყუთები რომ გადმოალაგეს, პოლკოვნიკმა კაპბასა და იოსელიანს ხელი ჩამოართვა, მადლობა გადაუხადა და მანქანამდე მიაცილა, უკან მობრუნებული ჩემთან შეჩერდა, მითხრა, რომ ცოტა ხანს დავლოდებოდი, _ იქნებ ლეონიდ ილიჩმა მოგიკითხოსო და შენობაში შევიდა.

მალევე გამოვიდა: _ მობრძანდით, გელოდებიანო, _ მითხრა და წინ გამიძღვა.

შენობაში შემიპატიჟა. მე პიჯაკი შევისწორე და მას გავყევი.

_ თქვენ ლეონიდ ილიას ძე შეგხვდებათ, ძალიან კეთილი კაცია, საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდება. მინდა, გაითვალისწინოთ, რომ ამხანაგი ბრეჟნევი ცნობისმოყვარე კაცია.

მოჩუქურთმებული კარი გააღო და აღმოვჩნდი დახურულ საცურაო კომპლექსში. აუზის ირგვლივ თეთრშალითიანი სავარძლები, რბილი შეზლონგები იდგა, წყალს ოდნავ შესამჩნევი ორთქლი ასდიოდა, კედლები ლამაზი მოზაიკით იყო დამშვენებული. ზურაბ წერეთლის სტილი ვიცანი. პოლკოვნიკმა დამიდასტურა, _ მისიაო, და დაამატა, ბრეჟნევს კარგი გემოვნება აქვსო. სხვათა შორის, ზურაბ წერეთელი მას ხშირად სტუმრობს ოგარიოვოს აგარაკზეო. მესიამოვნა. ცოტათი დავმშვიდდი. “ისიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია”, უნებლიეთ გამახსენდა მარშალ ანდრია გრეჩკოსთან შეხვედრები, რომლის აგარაკიც მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარეობდა და რომელთანაც თავისუფლად ვგრძნობდი თავს.

_ აი, აქ დაბრძანდით, _ მითხრა პოლკოვნიკმა და თავაზიანად მიმითითა მრგვალ მაგიდასთან მიდგმულ თეთრშალითიან სავარძელზე, თვითონ კი ერთერთ კარში გაუჩინარდა. ათიოდე წუთში იგივე კარი გაიღო და იქიდან სკკპ ცკის გენერალური მდივანი, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, ქვეყნის შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი ლეონიდ ბრეჟნევი შემოვიდა. ბაიხის ლამაზი თბილი ხალათი ეცვა, ფეხებზე _ ფაჩუჩები, თავზეპომპოლიკანაქსოვი ქუდი ეხურა. გამოჩენისთანავე ფეხზე წამოვდექი და, მგონი, “სმენაზეცგავჭიმე.

ბრეჟნევი ღიმილით მომიახლოვდა და ხელი ჩამომართვა:

_ გამარჯობა, ამხანაგო რექტორო, _ ხალათზე დაიხედა და გააგრძელა, _ იმედია, ამნაირ ჩაცმულობას უპატივცემულობაში არ ჩამომართმევთ, თქვენ მოსვლამდე აუზში ვიყავი და გამოცვლა ვერ მოვასწარი, _ თქვა და მოპირდაპირე სავარძელში ჩაჯდა, თან ხელით მანიშნა, შენც დაჯექიო.

_ თქვენ, როგორც მითხრეს, სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტს ხელმძღვანელობთ და გქვიათ ნაპოლეონი, ასეა? _ ღიმილით მკითხა მან.

_ დიახ, ლეონიდ ილიას ძევ, რექტორად 1975 წელს დავინიშნე, ნაპოლეონიც ნამდვილად მქვია.

_ საქართველოში გავრცელებულია უცხო სახელები, თქვენთვის კი ყველაზე გამორჩეული კაცის სახელი დაურქმევიათ, რა არის ამის მიზეზი?

_ ასეთი სახელები დასავლეთ საქართველოში, ძირითადად, გურიასამეგრელოშია გავრცელებული, მაგალითად, ჩვენს ინსტიტუტში 4 ნაპოლეონი და ერთიც ბონაპარტია

ბრეჟნევმა წარბები აძგიდა.

_ ერთი დაწესებულებისთვის ცოტა ბევრი ხომ არაა ამდენი ნაპოლეონი? _ გადაიხარხარა ბრეჟნევმა და მასთან ერთად შემოსულ დაცვას მოუხმო:

_ კოლია, მოდი აქ, ცოცხალ ნაპოლეონს გაგაცნობ.

კოლია ღიმილით მოგვიახლოვდა და ხელი ჩამომართვა.

_ იცი, ამის ინსტიტუტში კიდევ რამდენიმე ნაპოლეონი მუშაობს და ერთიც _ ბონაპარტი! ლუდოვიკო არ გყავთ? _ სიცილს ვერ იკავებდა ბრეჟნევი.

_ ლუდოვიკოც გვყავს და ადოლფიც, მაგრამ, სტუდენტებში ასეთი სახელები უკვე აღარ გვხვდება, _ მივუგე.

_ ჰო, მაშინ დრო იყო ასეთი, მეც მყავდა ომის დროს ადიუტანტი, რომელსაც ვილჰელმი ერქვა, კარგი ადამიანი იყო, ჩვენ მას ვილის ვეძახდით, _ დაფიქრდა და მკითხა:

_ თქვენ ისეთ ინსტიტუტს ხელმძღვანელობთ, რომ დარგსაც კარგად უნდა იცნობდეთ.

_ მართალი ბრძანდებით, დარგს კარგად ვიცნობ, დისერტაციებიც ამ მიმართულებით მაქვს დაცული, _ თავი “მოვიწონე”.

_ საბჭოთა ადამიანები კითხულობენ: რატომ არის დაბალხარისხიანი საბჭოთა ჩაი? მიუხედავად იმისა, რომ მასში ვალუტაზე ნაყიდ ინდურ, ჩინურ და ცეილონის ჩაისაც ვურევთ, არც ეს შველის, ხარისხი მაინც არ უმჯობესდება. რა არის ამის მიზეზი?

ცოტა დავიბენი, რა უნდა ვუპასუხო, სიმართლეს ამბობდა. რომ ვუთხრა, სამფოთლიანი ყუნწის ნაცვლად დანებით 7-8 ფოთლიან ღეროებს ვჭრით-თქო, მაშინ, რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ჩავაყენებ უხერხულ მდგომარეობაში. ამას, ცხადია, ვერ ვიზამ. ამასობაში, ბრეჟნევმა დაამთქნარა.

_ ლეონიდ ილიას ძევ, ჩაის ფოთლის კრეფა ურთულესი პროცესია და მავნე შრომის კატეგორიაში გადის. ფოთოლი უნდა მოიკრიფოს დროულად, ნებისმიერ ამინდში _ წვიმაში, პაპანაქება სიცხეში და ა.შ., ანაზღაურება კი ძალიან დაბალია, 1 კილოგრამში 80 კაპიკს იღებს მკრეფავი, მე მაქვს მონაცემები, რამდენს უხდიან ინდოეთის და შრი-ლანკის მეჩაიეებს.

_ საინტერესოა, რამდენს? _ იკითხა მან.

_ ინდოეთში 3-ჯერ, ხოლო შრილანკაში 3,5-ჯერ მეტს, _ ცოტა ვიცრუე, მთლად ასეთი განსხვავებაც არ იყო, ახლაც მიკვირს, რატომ ვთქვი ეს ტყუილი.

_ მდაა, ჩვენ რომ გავზარდოთ ჩაის ფოთლის კრეფის ფასი, ისინი მაინც უხარისხო ჩაის მოკრეფენ, მიჩვეულები არიან და იმიტომ. მე ედუარდ ამბროსის ძეს ამ თემაზე ვესაუბრე, მაგრამ, გამოსავალი ვერ ვიპოვეთ.

ბრეჟნევმა ჯიბიდან “მალბოროს” კოლოფი ამოიღო, გახსნა და სიგარეტი ხელით მოსრისა, შემდეგ კი დაყნოსა.

_ მიშლიან მოწევას და მეც ვთვლი, რომ სწორად იქცევიან, როდესაც აღარ ვეწევი, შემიძლია აუზი ორჯერ გავცურო, _ თქვა, გაიღიმა და მკითხა:

_ თქვენს ინსტიტუტში აფხაზები სწავლობენ?

_ რასაკვირველია, ყველა სპეციალობაზე გვაქვს რუსული სექტორი.

_ როგორია ქართველებისა და აფხაზების დამოკიდებულება?

_ ნორმალური, ჩვენ თანამშრომლებიც გვყავს აფხაზები, რომლებიც ქართულ ჯგუფებშიც ასწავლიან, სტუდენტებიც ერთად იცავენ შეჯიბრებებში ფაკულტეტისა და ინსტიტუტის ღირსებას. ერთი პრორექტორი და რამდენიმე კათედრის გამგეც აფხაზები არიან.

ამ დროს თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალბატონი გამოჩნდა, ლანგარზე არყის ლამაზი ბოთლით და ლიმონებით ხელდამშვენებული. მათ შორის პატარა ზომის “ანაკოლა” იყო:

_ ლეონიდ ილიჩ, არაყს რეკომენდაცია ექიმმა გაუწია, ხოლო ლიმონი, განსაკუთრებით, პატარა ზომის, ძალიან გემრიელია.

ლეონიდ ილიჩმა მაცდურად გაიღიმა და თქვა: _ მაშ, რაღას ვუცდით, დავლიოთ არაყი.

მე ხელი წავავლე არყის ჭურჭელს და ორი პატარა ჭიქა შევავსე.

_ ჩვენ გაგვიმარჯოს, _ თქვა ბრეჟნევმა და არაყი მარჯვედ გადაჰკრა, ლიმონი აიღო და პირში ჩაიდო, მაგრამ უცებ ჩუმად პირიდან გამოიღო და ხელი ჯიბისკენ წაიღო. ცხადია, მის ამ მოძრაობას თვალი ავარიდე. მივხვდი, რომ ბრეჟნევს არაყი მოეწონა და მეორე ჭიქის დალევის მიზეზს ეძებდა. ისიც იპოვა! შორიახლოს მდგარ კოლიას ღიმილით მიმართა:

_ კოლია, მოდი, არაყს გაგასინჯებ, გესიამოვნება. ოღონდ, შენთვის ჭიქა მოიტანე.

კოლიამ მოიტანა ჭიქა, მაგიდაზე დადო და სამივე არყით შეავსო.

_ მოდი, სტუმრის სადღეგრძელო შევსვათ. ნაპოლეონი ხომ პირველად არის ჩვენთან? _ თქვა ბრეჟნევმა და კოლიას შეხედა.

მე დავირცხვინე და ვთქვი:

_ დიდი მადლობა, მაგრამ, თუ ნებას მომცემთ, მე თქვენი და ნიკოლოზის სადღეგრძელოს შევსვამ.

მაგრამ დავაგვიანე _ მათი ცარიელი ჭიქები უკვე მაგიდაზე იდგა…

_ ახლა პროცედურა მეწყება, სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა, _ თქვა ბრეჟნევმა და სავარძლიდან ფრთხილად წამოდგა. ხელის ჩამორთმევით დამემშვიდობა და ნიკოლოზს მიმართა:

_ ჩემს ადგილას დაჯექი და ჩაიწერე, რასაც რექტორი ითხოვს, იქნებ, შევძლოთ დახმარება!

გამიღიმა და კარებთან მდგომ ექიმთან ერთად გავიდა.

კოლია სწრაფად დაჯდა მის ადგილას, ხელი ისევ ჩამომართვა, ნიკოლოზ სვირიდოვიო, გამეცნო და ფანქარი მოიმარჯვა.

_ მაშ, დავიწყოთ, _ თქვა მან და პიჯაკის ჯიბიდან ბლოკნოტი ამოიღო.

_ პირველი, რაც მინდა, გთხოვოთ, იქნებ ლეონიდ ილიას ძე, როცა მას დრო ექნება, ინსტიტუტშიც გვესტუმროს?! _ უფრო ზრდილობისთვის ვთქვი. კოლიამ გაიცინა და ბლოკნოტში რაღაც ჩაიწერა.

_ კიდევ?

_ გვინდა, რომ ორანჟერეა, რომელშიც გამოგვყავს ახალი ჯიშები, პრობლემურ ლაბორატორიად გადაკეთდეს.

ესეც ჩაიწერა. ამ დროს გამახსენდა ორანჟერეაში მომუშავე ქვრივი, რომელმაც რამდენიმეჯერ მთხოვა, მისი პატიმარი შვილის, რომელიც სასჯელს რუსეთში იხდიდა, საქართველოს კოლონიაში გადმოყვანაში დავხმარებოდი. კოლიამ ესეც ჩაინიშნა და თავი გააქნია: ასეთი თხოვნა ჯერ არ გამიგონიაო, და დაამატა, _ იქნებ, მანქანის გამოცვლა გჭირდებათ ან შეძენა?

მადლობა გადავუხადე შეთავაზებისთვის და ვუთხარი, რომ ამის საჭიროება არაა. შემდეგ თავისი სავიზიტო ბარათი მომაწოდა და ჩემი კოორდინატებიც ჩაიწერა.

_ ჰო, მართლა, რა გვარია ის პატიმარი? _ მოულოდნელად იკითხა მან.

გავწითლდი, პატიმრის გვარი არ ვიცოდი, კოლია მიხვდა ჩემს გასაჭირს და მითხრა: ხვალ დაგირეკავენ და გვარსაც ჩაიწერენო.

შემდეგ მიიხედ-მოიხედა და თქვა: “იქნებ, არაყი კიდევ დავლიოთ?” _ პასუხს არ დაელოდა, გრაფინში დარჩენილი არაყი ჩამოასხა და კიდევ თითო ჭიქა შევსვით.

ზუსტად არ მახსოვს, რამდენ ხანს დავყავი ბრეჟნევის რეზიდენციაში, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: ბრეჟნევი კარგი მოსაუბრე და გულწრფელი ადამიანი აღმოჩნდა. შეხვედრის პირველი წუთებიდანვე მომიხსნა ის დაძაბულობა, რომელიც ასეთ შეხვედრებს ახლავს.

ჩემი თხოვნა კიფრიადზეშეასრულეს: პატიმრის საკითხი ხელახლა განიხილეს და საქართველოში გადმოყვანა კი არა, საერთოდ გაათავისუფლეს. პრობლემური ლაბორატორიაც გაიხსნა, მივიღეთ საჭირო დაფინანსება და დამატებით ავტომანქანაც.

მოსკოვში ჩასვლისას ხშირად ვხვდებოდი ნიკოლოზ სვირიდოვს. ერთხელ ვკითხე, _ ასე სწრაფად როგორ შეასრულეთ ჩემი თხოვნა-მეთქი? მიპასუხა:

_ ნაპოლეონ ირაკლის ძევ, საჭირო ადამიანებს დავურეკე და ვუთხარი, ეს ბრეჟნევის მიერ სანქცირებული თხოვნაა-თქო. სულ ეს იყო.

გამეღიმა, თურმე რა იოლია ადამიანის დახმარება, თუ ამის სურვილი აქვს მეორეს, რომელიც ძალაუფლებას ფლობს და არის კეთილი კაცი. ასეთად შევიცანი უზარმაზარი ქვეყნისმბრძანებელი”, რომელთანაც შემთხვევამ შემახვედრა.

ცხადია, სვირიდოვთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია, მისი დახმარებით უნივერსტეტს ავუშენეთ ექსპერიმენტული ჩაის პირველადი გადამუშავებისა და დაფასოების ფაბრიკა, რომელსაც ჰქონდა საკონფერენციო დარბაზი, აუდიტორიები, შესანიშნავი ლაბორატორიები და სადეგუსტაციო სივრცე. ავაშენეთ სასტუმროს ტიპის სტუდენტური ოთხი საერთო საცხოვრებელი, თანამედროვე დასასვენებელი კომპლექსი მეურნეობაში და ა.შ.

ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ ნიკოლოზ სვირიდოვმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, სათავეში ჩაუდგა სასოფლოსამეურნეო პროფილის ერთერთ კვლევით ინსტიტუტს, მოგვიანებით ავირჩიეთ სრულიად საკავშირო სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრად. მეამაყება, რომ მის არჩევას ჩემი ერთი ხმაც მიემატა, იმხანად აკადემიის წევრი ვიყავი (ახლა უცხოელი წევრი ვარ).

ნეტავ იმ დროს, როდესაც უანგაროდ საქმეც კეთდებოდა, თანამდებობის პირებსაც უპრობლემოდ ვხვდებოდით და არც სიმართლე იკარგებოდა, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი დამოუკიდებელ საქართველოზე… ხალხი გააბოროტა უსახსრობამ და უსამართლობამ, ხელისუფლების არაკომპეტენტურობამ და შემთხვევითი პირების ბოგინმა, დამსახურებული და გამოცდილი კადრების იგნორირებამ, ქედმაღლობამ და, რაც ძნელად დასაჯერებელია, უცხო სახელმწიფოების ბრძანებების მონურმა შესრულებამ. ცხადია, არსებობს სხვა უამრავი პრობლემაც.

ნაპოლეონ ქარქაშაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here