Home რუბრიკები ისტორია ლეკები

ლეკები

3519
ერეკლე მეორე

ილია ორბელიანი (1815-1853), რუსეთის არმიის გენერალმაიორი, გრიგოლ ორბელიანის უმცროსი ძმა გახლდათ. მან სამხედრო სამსახური დაიწყო ქართულ გრენადერთა პოლკში, 1832 წლიდან მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1842 წელს კი ტყვედ ჩაუვარდა შამილს. 1842 წლის 2 მაისს ილია ორბელიანის დატყვევების შესახებ მისი დისწული, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანს სწერდა:

საყვარელო ძმაო გრიგოლ! ილია მართლა ტყვეთ არის შამილთან! ეს ამბავი ადრევე მინდოდა მომეწერა შენთვის, მაგრამ ჯერ კიდევ ყველას იმედი გვქონდა, რომ ან ეს ხმა ტყუილი იქნებოდა, ან ყაზიყუმუხელები შეინახავდნენ დამშვიდებამდე. ფეზეს ოფიციალური მოხსენებიდან ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი ადიუტანტი, თავადი ორბელიანი, 20 მარტს გაგზავნილი იყო მინდობილობით ანდალალში და რომ ის იქ ტყვედ წაიყვანეს

ილიკოს თან ჰყოლია ოცი, სულ დაწკეპილი ყმაწვილი ბიჭები, ავარიელები, ახმეტ ხანისგან გამოტანებულები; შამილს ოცისავესთვის ილიას თვალწინ თავები დაუყრევინებია”.

ტყვეობაში გატარებული რვა თვე მან სათავგადასავლო თხზულებაშირვა თვე შამილის ტყვეობაშიაღწერა, რომლის სრული ხელნაწერი ქალაქ სანქტპეტერბურგში, მიხეილ ვორონცოვის არქივში აღმოაჩინეს. მანამდე კი ცნობილი იყო ამ ნაწარმოების მხოლოდ ერთი თავი, რომელიც 1849 წელს გამოქვეყნდა გაზეთკავკაზში”.

“ხარო, რომელიც ბნელ დილეგად გადაგვეშალა, სიღრმით ერთი საჟენი იქნებოდა და ნახევარი საჟენი სიგანე, ასე რომ, დასაძინებლად რომ ვწვებოდით, იძულებული ვიყავით, ერთმანეთზე ფეხები დაგვეწყო. ჰაერი მხოლოდ მაღლიდან ჩამოდიოდა, საიდანაც ჩვენ ჩამოგვიშვეს. საღამოობით ჩვენს დილეგს სახურავით ჰკეტავდნენ. თვითონ ხაროს თავი გადახურული იყო საყარაულო ფარდულით, რის გამოც ჰაერი უფრო გვეხუთებოდა. მალე შემოგვიმატეს ერთი ჭაბუკი ჩეჩენი, რომელსაც მკვლელობას აბრალებდნენ. ბოლოს სულ 15 კაცი მოვემწყვდიეთ, რომელთაც არსად არ გვიშვებდნენ, თვით ფეხისადგილისთვისაც კი.

ადვილი წარმოსადგენია, როგორ გავწამდებოდით ამ ბნელ ხაროში, როგორ სული მოგვეხუთებოდა ასეთი აყროლებული ჰაერიდან. ამ ყოფაში გავატარეთ სრული სამი კვირა. დღე და ღამეში ჩვენ გვაძლევდნენ სამ-სამ ხინკალს. ეს იყო მოხარშული სიმინდის ცომი, ყოვლად უგემური, უმაწივრო.

ჩვენთვის არც დილა იყო და არც საღამო, მხოლოდ, მოლას ხმაზე ვიგებდით, რომ გათენდა და ახალი დღე იწყებოდა. ამაოდ ვევედრებოდით შამილს, რომ რომელიმე ფარდულში გადავეყვანეთ ან სახლში, მაგრამ არაფერმა გვიშველა.

შამილი და მიურიდები იდრისზე ნაკლებად როდი მომექცნენ: ჩემი ბარგი-ბარხანა, ტანისამოსი, ოქროს საათი, ორლულიანი თოფი, ორი დამბაჩა, მოვერცხლილი ხმალი, ხალიჩები, სპარსული შალი, სამასორმოცი მანეთი და ოთხი ცხენი დავლად დაიტოვეს. ასეთი ბედი ეწიათ სხვებსაც.

…შამილის გამზადებული იარაღი ხელთ ეჭირა, მრისხანედ მოგვმართა:

_ თუ რუსები ჩემს შვილს დამიბრუნებენ, თბილისში გაგიშვებთ, არადა აქვე აგჩეხავთ ყველას და ჯოჯოხეთში გიკრავთ თავს.

_ შამილ, _ მივუგე მე, _ აქ ორჯერ და სამჯერ მეტი ტყვეებიც რომ გყოლოდით, ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები მაინც არ დასთანხმდებოდნენ შენს წინადადებას. ხელმწიფე ჩვენი დიდად აფასებს ჩვენს სიცოცხლეს, თუმცა მას ერთ საათში შეუძლიან თითოეული ჩვენგანი სხვა ასეულებით შეავსოს, მაგრამ სახელმწიფოს კეთილდღეობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი სიცოცხლე, ამიტომ აზრადაც ნუ მოგივა, რომ ჩვენზე შენი შვილი გადასცვალო. უმჯობესია, ის მოგვთხოვო, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვეძლება, ან უფროსებს. გენერალმა ფეზემ ონსოქოლოში შენი ორასამდე კაცი ტყვედ წაასხა და აი იქიდან შეიძლება რამდენიმე მათგანი გადასცვალოს ჩვენზე. ახლა, რაც გენებოს, ის გვიყავი, გინდა, აგვჩეხე, გინდა, ცოცხლები გაგვიშვი, მაგრამ იმის იმედი ნუ გექნება, რომ შენი შვილი დაგიბრუნონ.

…იმისათვის, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს მთიელების თვალში, შამილი იყენებს სხვადასხვა პოლიტიკურ ხერხს.

ასე მაგალითად, იგი ცდილობს, დაარწმუნოს თანამემამულენი, რომ თურქეთის სულთანი ან ეგვიპტის ფაშა დიდ მონაწილეობას ღებულობენ მის საქმიანობაში, ეხმარებიან რჩევით, ფულადი სახსრებით, ჰპირდებიან ჯარის გამოგზავნას; იმისათვის, რომ ეს მითქმა-მოთქმა უფრო სარწმუნო იყოს, შამილი ხანდახან რამდენიმე დღით გაუჩინარდება, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი ცნობები მიეღოს. ან ყაბარდოელ თავადებს თუ სხვა უცხო პირებს საიდუმლოდ იღებდეს, ან ამზადებდეს მათთვის პასუხს თავიანთი ელჩების თანხლებით. ასეთი ხმები ხშირად აღწევდა ჩვენს ორმომდეც.

აგვისტოს თვეში მართლაც მოვიდა დარღოში შამილთან ერთი ყაბარდოელი, რომელიც თავის ქვეყანაში ეპატიჟებოდა დაღესტნის იმამს. ელჩი დიდი საჩუქრებით გააცილეს დარღოდან. იმავე თვეში შამილმა გაგზავნა სამი ჭირყეელი მიურიდი სულთანთან და ეგვიპტის ფაშასთან. თითოეულ მათგანს მისცა ოთხმოცი მანეთი ვერცხლის ფული სამგზავროდ. მათ ევალებოდათ, სულთნისა და ფაშასთვის ჩაეტანათ წერილები, სადაც შამილი იტყობინებოდა თავისუფლებისთვის, სარწმუნოებისთვის, ალაჰისა და წინასწარმეტყველის სადიდებლად მთიელთა მიერ გაწეულ მრავალწლიან ბრძოლებზე. სთხოვდა მათ, თუ ისინი ჭეშმარიტი მუსულმანები იყვნენ, მიეშველებინათ მთიელებისათვის შეიარაღებული ჯარი, არტილერია და ფულადი დახმარება, რათა აღეგავათ რუსთა სახსენებელი წმინდა მუსულმანური მიწა-წყლიდან. ეს ჭორები ირწმუნეს მთიელებმა და დიდხანს ელოდებოდნენ სულთანისა და მუჰამედ-ალისაგან შეპირებულ დახმარებას. ხანდახან შამილი მიურიდებს უჩვენებდა ფართო ქაღალდზე დაწერილ ბეჭედდასმულ წერილებს, რომელიც თითქოს თურქეთისა და ეგვიპტის ხელისუფალთაგან ჰქონდა მიღებული. სინამდვილეში ეს ქაღალდი ადგილზე იყო დაწერილი, ხოლო ბეჭედი რომელიღაც ჭედური ხელოსანი ლეკის მიერ იყო ვერცხლისგან გამოჭრილი, აქვე, დარღოშივე…

_ შამილ, _ მივმართე ერთხელ იმამს, _ რა სარგებლობა გაქვთ თქვენ, მთიელებს, ჩვენ წინააღმდეგ ომისგან. ადრე თუ გვიან, რუსის ჯარი დაგიმორჩილებთ. ეს ბრძოლები კი დაგაღარიბებთ და სიდუხჭირეში გამყოფებთ.

_ რა გაეწყობა, _ მიპასუხა მან, _ სამაგიეროდ ღმერთი შეგვიწყალებს და მოგვცემს მომავალში კარგი ცხოვრების საშუალებას. თქვენ გვირთულებთ ცხოვრებას, რისთვისაც გელოდებათ მუდმივი წამება.

_ თუკი სულთანი, _ ვთქვი მე, _ რომელსაც თვლით თქვენივე იმამულ-აზამად, მოადგილეა წინასწარმეტყველისა, რომელიც თქვენი სასულიერო წოდების მესვეურია, ჩვენთან კეთილგანწყობაშია, ისევე, როგორც სპარსეთის შაჰი, თქვენ რატომ არ მიბაძავთ მათ? რომ დამორჩილებოდით ჩვენს დიდ რუს ხელმწიფეს, თქვენ ბედნიერები იქნებოდით, გააჩაღებდით ჩვენთან ვაჭრობას, იქნებოდით კმაყოფილნი და თან შეასრულებდით შარიათსაც.

_ რა თქმა უნდა, _ თქვა შამილმა, _ მაგრამ თქვენ გგონიათ სულთანი მუჰამედის კანონების ერთგულია, ხოლო თურქები ჭეშმარიტი მაჰმადიანები? ისინი გიაურებზე უარესები არიან. ოჰ, ერთი ისინი ჩამივარდებოდნენ ხელთ, 24 ნაჭრად ავქნიდი თითოეულ მათგანს სულთნიდან დაწყებულს. ის ხედავს, რომ ჩვენ ერთმორწმუნენი ვართ, ამდენი წელია, რუსებს ვებრძვით ღვთისა და სარწმუნეობისათვის; რატომ არ გვეხმარება? მე შენ გეუბნები თქვენს დიდ ფადიშაჰზე, განა შეიძლება ასე იწოდებოდეს გიაურთა ხელმწიფე? ღმერთი ერთია ცაზე და თურქეთის სულთანი მიწაზე. სხვა ხელმწიფეებს ჩვენ არ ვცნობთ…

_ აი, როგორ კარგად გექცევიან რუსები, ხოლო თქვენ შიმშილით გვხოცავთ აქ ტყვეებს.

_ მე მინდა დაგაუძლუროთ თქვენ, _ მიპასუხა შამილმა, _ რომ არ გაგვექცეთ და ამით არ წამერთვას შვილის ნახვის შესაძლებლობა. მინდა გაწვალო თუნდაც იმის გამო, რომ ერეკლე მეორის შვილიშვილი ხარ. თუკი შენზე არ გადამიცვლიან შვილს ან დისწულს, დიდძალ ოქროსა და ვერცხლს ხომ მომცემენ?

მე ვარწმუნებდი, რომ არავითარი სიმდიდრე არ გამაჩნდა.

_ სულერთია, მაინც უნდა გაწამო, რადგან თქვენი რუსები ჩემს შვილს სულს უხუთავენ.

_ როგორ, შამილ, _ მივმართე მე, _ შენ განა არ იცი, რა ბედნიერია შენი შვილი?

მერე ვუამბე, თუ სად და როგორ მეფურად იზრდებოდა მისი შვილი, რა დიდი მომავალი ჰქონდა მას, მაგრამ შამილს ამის გაგონებაც არ უნდოდა…

კარატაში ვნახე მრავალი საცოდავი ქართველი ბავშვი, რომლებიც ლეკებს კახეთიდან გამოეტაცნათ. როდესაც თანამემამულე დამინახეს, შემომეხვივნენ, სამშობლო გაიხსენეს და მწარედ ატირდნენ” (“რვა თვე შამილის ტყვეობაში”).

ასეთი იყო მკაცრი რეალობა _ ქართველ ერს ლეკებისგან სისხლი ჰქონდა გამშრალი და მათი გადამკიდე ფიზიკური გადაშენების საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ მოგვიწია რუსეთისთვის დახმარების თხოვნა. ლეკებზე სასტიკი და ვერაგი მტერი ჩვენ თითქმის არ გვყოლია ისტორიაში. სანამ მეფე ერეკლე ცოცხალი იყო, დაუცხრომლად ცდილობდა, ჭარბელაქნელები როგორმე შემოერიგებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თავის მოხუცებულობაში მან კიდევ ერთხელ, უკანასკნელად, ჭარბელაქნიდან სიღნაღში მოიპატიჟა მოხუცი, შუახნისა და ყმაწვილი კაცები და კარგადაც დაუხვდა. სადილის შემდეგ ყველას ხალათები უბოძა და აი, რა უთხრა: ჩემის ყმაწვილობით აქამდისინ არ დავმცხრალვარ თქუენსა და ქართუელების გაერთებასა, მაგრამ ვერაფრით ვერ შევიძელ, ყოველი ჩემი ღონისძიება დავასრულე თქუენზე. არ არის კარგი, არ უნდა შვრებოდეთ ამას, რომ თქუენი ძმები _ ქართუელები გამოგიმეტებიათ, გინდათ, ძირიანად ამოთხაროთ და ჩუენ მაგიერათ ოსმალები დაასახლოთ საქართუელოში. ამისთანა საძაგელსა საქმეს არც ერთი გუარი არა იქს არსად ქუეყანაზედ, თქუენა ხართ ამისი პირუელი მაგალითი. თუ სარწმუნოებას იტყვით, თქუენ მაჰმადიანები ხართ, ოსმალებთან ერთი თანა მორწმუნე, ეს დიახ კარგი, ვინ შეეხება თქუენს სარწმუნოებასა? ვინც კი თავის სარწმუნოებაში აღზრდილია, იყავით იმ სარწმუნოებაზედ და ჩუენც ვიქნებით იმის პატივის მცემელი ჭეშმარიტად. კარგად დაიხსომეთ, რასაც მე ეხლა გეუბნებით, თუ ამ ჩემს რჩევას გაიგონებთ, თქუენც ბედნიერი იქნებით და ჩუენ, ქართუელებიც, და თუ კიდევ ასე მოჰყუებით, როგორც აქამდისინ აოხრებდით და აოხრებინებდით საქართუელოს ოსმალებსა, უნდა კარგათ იცოდეთ, თქუენი შვილები, ანუ თქუენი შვილიშვილები ასეთ ვაებაში ჩაცვივდებიან, რომ თქუენი დედაკაცები მწარედ ტიროდნენ, გლოვა და თავში ცემა ჰქონდესთ და მშუელელი კი აღარავინ იყოს იმათი. ამისთანა უწყალოება მოივლინება იმათზედ, ეს კარგათ იცოდეთ. მე რომ ეხლა მოხუცებული შუახნის კაცები და ყმაწვილები მოგიპატიჟეთ, მიზეზი ეს არის რომ მოხუცებულებმა ურჩიოთ თქუენს ჯამაათს, დასცხრენ, ნუღარ მოდიან ჩუენზედ, ნუღარც ოსმალებს მიეკარებიან და ჩუენთაც გაერთდნენ ერთ ძმათა. თქუენ შუახნისას კი ამას გეუბნებით, თვითონ თქუენა ხართ ამღელებელი მთელი თქუენი ხალხისა ჩუენზედ. გეუბნებით, კარგია, ამდენს ავკაცობაზედ ხელი აიღევით, თორემ ბოლო დროს ჭარბელაქანი ინანებს. მე ეს წინათვე მიწინასწარმეტყუელებია თქუენთვის და თქუენ, პატარა ყმაწვილებო (მასუკან იმათ მიუბრუნდება), ამას თქუენ, ნუ დაივიწყებთ, თუ ამ ჩემს სიტყუას ესენი არ დაისწავლიან და კიდევ თავისებურათ მოჰყვებიან ჩუენზედ, მაშინ მამიგონეთ, როდისაც თქუენს ცოლშვილში საშინელება იყოს უწყალოებისა”.

ჭარბელაქნელთა ფიცი ცრუ აღმოჩნდა. ამასთანავე, მისხალმისხალ აუხდათ დიდი მეფის წინასწარმეტყველება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here