ლევან ადეიშვილი: ე.წ. ოპოზიციონერ ლიდერებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ, როგორც კი ბზარი გაუჩნდება ხელისუფლებას, ნაცთმოძულე საზოგადოების ნაწილი გარეთ გამოვა და დაუნდობლად გაუსწორდება ნაცებს

    ,,ჩვენ ვისარგებლებთ ახალი მოცემულობებით, რომლებითაც იცვლება ნეოლიბერალური პარადიგმის მთავარი ნარატივები, და ჩვენს შლეგ ლიბერალებს აუცილებლად გავუმკლავდებით”

    მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში პროტესტანტების რაოდენობა დღითი დღე იკლებს, მაინც არ შეწყდა გზააბნეულთა ბოგინი ჩვენი დედაქალაქის მთავარ გამზირზე; არ შეწყდა ევროკავშირის წარმომადგენელთა მუქარები. ევროპარლამენტი ვიზების გაუქმებით გვემურება, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჩვენთან მეგობრობა აღარ სურთ, ამერიკა ხან გვემეგობრება, ხან გვემუქრება… როგორ განვითარდება მოვლენები? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ანალიტიკოსი ლევან ადეიშვილი გვესაუბრება:

    _ ვიზალიბერალიზაციას არ და ვერ შეგვიჩერებენ, რადგან ევროპარლამენტმა იცის, უნგრეთი და სლოვაკეთი ამ ინიციატივას რომ დაბლოკავენ; ისიც იციან, რომ ბოლო ბერკეტს დაკარგავენ საქართველოს მიმართ. სხვა გზა არ აქვთ, ამიტომ ფარისევლურად განაგრძობენ დაწერილი და მიწებებული კლიშეების დეკლარირებას… იძახონ და დაგვემუქრონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით.

    ჩვენმა ე.წ. მომიტინგეებმა უკვე გაიარეს მძვინვარების ფაზა და ძალები გამოელიათ. უვიცმა ბარიკადისტებმა თუ არ იციან, ე.წ. ოპოზიციონერ ლიდერებს კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ, როგორც კი ბზარი გაუჩნდება ხელისუფლებას, ნაცთმოძულე საზოგადოების ნაწილი გარეთ გამოვა და დაუნდობლად გაუსწორდება ნაცებს. ყველას კარგად გვახსოვს მათი ნამოქმედარი და ისიც ვიცით, რა უბედურება შეიძლება დაატეხონ თავს საქართველოს.

    _ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გვიგანეს; ქართულმა მხარემ, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო იმავეს გაკეთება, ცალმხივი მეგობრობა არჩია. უღირს კი  საქართველოს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ასეთი ცალმხრივი ურთერთობა?

    _ ხელისუფლება, რადგან  მომიტინგეებისა და მათი პატრონების დაღლის ტაქტიკას მიმართავს, შეძლებისდაგვარად ერიდება მეტ პრობლემებს და საქართველოს არაკეთილმოსურნეებს დემაგოგიისთვის მიზეზს არ აძლევს.

    რაციონალურია, პასუხი სიმეტრიულად არ გასცე პროვოკატორ ბალტიისპირელებს… მათი დროც მალე დადგება… მოკლედ, ჩიტი ბდღვნად არ ღირს, ყოველ შემთხვევაში, ახლა.

    _ აშშმა განაცხადა, რომ რჩება საქართველოს სტრატეგიულ მეგობრად. არადა, მანამდე დაძაბა და გაამძაფრა ისედაც დაძაბული ვითარება. რა თამაშს თამაშობს ამერიკა?

    _ ამერიკა და მისი რეალური მმართველები მიხვდნენ, რომ ნეოლიბერალიზმი ან გაექცათ დაკისრებული მიზნების არეალიდან,  ან უკვე განვლილი ეტაპია ახალი წესრიგისკენ მიმავალ გზაზე  და დაასრულა დაკისრებული ვალდებულებები, გადავიდა სხვა ეტაპზე.

    ტრამპიც პროექტია, ზუსტად ისეთი,  ცუდი პოლიციელის მერე კარგი რომ გამოდის სცენაზე.

    ამერიკის ვნებები ერთპოლუსიანობისა და ახალი წესრიგის მიმართ, რომელშიც  შტატებია პროცესების უპირობო წარმმართველი, უცვლელია. უბრალოდ, მეთოდებს ცვლიან ამჟამად.

    ტრამპი რაღაცნაირი კომპრომისია გლობალისტების აგრესიულ და უფრო რაციონალურ ფრთებს შორის, კოჭი გაუგორეს ნაციონალურ ელიტას. ტრამპიც გარდამავალი ფიგურაა იქამდე, სანამ მთავარს, უფრო მნიშვნელოვანს გამოაჩენენ…

    _ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოში?         

     _ ჩვენ ვისარგებლებთ ახალი მოცემულობებით, რომლებითაც იცვლება ნეოლიბერალური პარადიგმის მთავარი ნარატივები და

    ჩვენს შლეგ ლიბერალებს აუცილებლად გავუმკლავდებით.

    მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გამოცემის საშუალებით ვუთხრა მთავრობას: პრემიერმინისტრ ირაკლი  კობახიძეს ყოველდღე აწვებიან და პრესში ატარებენ იმ ორ კანონზე, რომლებიც არჩევნებამდე მიიღო მთავრობამ. საუბარია უცხური გავლენისა და ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონებზე, რომელთა მიღების გამოც  ევროკავშირში გაწევრებაზე გვეუბნებიან უარს; უფრო ზუსტად, საუბარი შეაჩერეს, რასაც, შესაძლოა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მოჰყვეს,  ამიტომ, როცა ტრამპი ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონებს მიიღებს, გაეროს პირველივე სხდომაზე წამოსწიოს ეს საკითხი ჩვენმა მთავრობამ და ჰკითხოს ევროკავაშირის წარმომადგენლებს, მსგავსი კანონი რომ მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, აპირებენ თუ არა, მასაც გაუუქმონ ვიზები.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here