Home რუბრიკები საზოგადოება ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე

ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე

22 ივლისს რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ტელეკომპანიებმა საგანგებო სიუჟეტები მიუძღვნეს ლეგენდარულ ქართველ მომღერალ ნანი ბრეგვაძეს.

“იგი დიდ სცენაზე სამოციანების დასაწყისში გამოვიდა. საყოველთაო სახალხო აღიარება კი 1981 წლიდან მოიპოვა, როცა ტელეეკრანებიდან გაჟღერდა სიმღერა “სნეგოპად” (“თოვა”).

Снегопад,  снегопад,

Не мети мне на косы,

Не стучи в мою дверь,

У ворот не кружи.

_ ყოველთვის, დღესაც კი, _ ამბობს ქალბატონი ნანი, _ როცა ამ სიმღერას ვასრულებ, ჩემი ცხოვრების ნაწილს ვწირავ “სნეგოპადს”.

_ ეს სიმღერა, _ შენიშნავს სიუჟეტის ავტორი პოლინა ერმოლაევა, _ ნანიმ ჩაწერა მხოლოდ იმიტომ, რომ კომპოზიტორმა, შეთავსებით მილიციის გენერალმა ალექსეი ეკიმიანმა თავი მოაბეზრა თხოვნითა და შეთავაზებით.

იმღერა და დაივიწყა.

კვალად კი წერილების დიდთოვლობა მოჰყვა.

ამ სიმღერამ ყველა შეძრა. ყველაზე მეტად კი მამაკაცები _ “როცა ქალი გთხოვსო”:

Снегопад, снегопад,

Если женщина просит,

Бабье лето ее

Торопить не спеши.

ბრეგვაძეების ოჯახში, როგორც საქართველოში სჩვევიათ, მღეროდა ყველა, განსაკუთრებით კარგად _ ქალები. თავისი შემოქმედების გვირგვინს _ “კალიტკას” ნანი ჯერ კიდევ ექვსი წლისა მღეროდა.

1957 წელს, პარიზის “ოლიმპიაში” გასტროლებიდან დაბრუნებული, ანსამბლ “ორერაში” მიიწვიეს.

დაიწყო თხუთმეტი წელიწადი შრომისა და რომანტიკის, და ერთადერთი ქალი კაცების მრავალხმიანობაში. ნანი “ჩვენ ბიჭად” იქცა:

_ შალიკო შემარქვეს და იცინოდნენ. როგორი სუფთანი იყვნენ, წესიერები, ცუდს არაფერს გაიფიქრებდნენ. შემდეგ ბუბა მოვიდა და ეს იყო რაღაც აფეთქება.

ვამბობთ ნანის და ვგულისხმობთ რუსული რომანსის ეტალონურ შესრულებას, _ ხაზს უსვამს ავტორი.

_ რომანსს არ უყვარს ყვირილი. სულმა უნდა იტიროს ან გაიხაროს, _ აზუსტებს ნანი.

და როგორი არნახული ტემპერამენტი გამოამჟღავნა მან, ერთხელ კინოში რომ გადაიღეს.

_ გეფიცებით, არასოდეს მიფიქრია, რომ გავხდებოდი პოპულარული მომღერალი, რომ ყველა ასე შემიყვარებდა.

სიუჟეტში ერთვება ლაღიძის “სიმღერა თბილისზე” “ორერას” შესრულებით:

თბილისო, მზის და ვარდების მხარეო,

უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა,

სად არის სხვაგან ახალი  ვარაზი,

სად არის ჭაღარა მთაწმინდა”.

აი, ასე გულით “თბილისოს” მხოლოდ ქართველები მღერიან და დღეს ნანისთან ერთად იმღერებს მთელი კახეთი, სადაც შეუდარებელი ნანი ბრეგვაძე აღნიშნავს თავის 85-ე დაბადების დღეს.

ეს იყო “პლანეტა РТР”-ის მთავარი საინფორმაციო პროგრამა “ვესტი”.

ОРТ-მ კი, რუსეთის პირველმა სატელევიზიო არხმა, სიუჟეტი ნანი ბრეგვაძის შესახებ დაიწყო ასე:

საიუბილეო კონცერტი წინანდალში

“მას შემდეგ, რაც ნანი ბრეგვაძემ შეასრულა ეს სიმღერა (“Снегопад”), საბჭოთა კავშირში, მგონი, არავინ დაეჭვებულა, რომ ქალის სურვილი კანონია.

ეს სიმღერა ნებისმიერი უთოდანაც კი ისმოდა.

ლენინგრადში ახალი რესტორანი გახსნეს, რომელსაც დაარქვეს “Если женщина просит”.

დღეს ვამბობთ “სნეგოპად” და ვგულისხმობთ ნანი ბრეგვაძეს, მაგრამ ეს სიმღერა კომპოზიტორმა თავდაპირველად სხვა მომღერლისთვის დაწერა. მას მღეროდა სომეხი საოპერო “დივა” რაისა მკრტიჩიანი, შემდეგ _ ვალენტინა ტოლკუნოვა. ბრეგვაძე დიდხანს უარზე იდგა _ რომანსები რა ჩემი საქმეაო.

ახლა კი თავად შეუძლია ასე გიპასუხოთ:

_ რუსი კომპოზიტორები რომანსებს ჩვენთვის წერდნენ, ქართველებისთვის. ზუსტად ასეა.

Отвори потихоньку калитку

И войди в тихий садик, как тень,

Не забудь потемнее накидку,

Кружева на головку надень.

რუსულ რომანსებს მან შეჰმატა ქართული დახვეწილობა და მღეროდა ქართული აქცენტით და, როგორც ახლა იტყვიან, ბრეგვაძისეული ნაზი პიანოთი.

Вас позабыть не зная средства,

Я сердцем искренно скорблю:

Хоть в вас царит одно кокетство,

Но я вас всетаки люблю.

_ მე ვეძებდი რაღაც ახალ შტრიხებს, ახალი მელიზმები მქონდა, ბევრი იყო სიტკბო, _ იხსენებს ქალბატონი ნანი.

დღეს შეიძლება ვერც წარმოიდგინოთ, რომ ბრეგვაძე მომღერლობას არც აპირებდა:

_ კიდევ კარგი, რომ პიანისტი არ გავხდი, თორემ ვიჯდებოდი ახლა სახლში, _ ეღიმება.

1957 წელს ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე მოსკოვში მისი ხმა ლეონიდ უტიოსოვს მოეწონა: ამ გოგონასგან კარგი მომღერალი დადგება, _ იწინასწარმეტყველა მან.

შვიდი წლის შემდეგ მისი სიმღერა აღიარა შარლ აზნავურმა. ამბობენ, რომ მისი გაცნობის დროს ლეონიდ ბრეჟნევმა იხუმრა:

_ შეხედეთ, მე სპეციალურად მოვიძვრე საქორწინო ბეჭედი, უცოლო რომ ვეგონოო.

_ ბედნიერი ადამიანი ვარ, ასე რომ ვუყვარვარ საზოგადოებას, _ აღიარებს ნანი.

მას, ქართული ესტრადის პირველ ლედის, რუსული რომანსის დედოფალს უწოდებენ.

ანსამბლ “ორერასთან” ერთად ბრეგვაძემ 80-ზე მეტი ქვეყანა მოიარა, ექვსკაციან კოლექტივში “თავიანთ ბიჭად” მიიღეს და შალიკო დაარქვეს.

მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო.

ანსამბლის სოლისტი გახლდათ ვახტანგ კიკაბიძე. მათ ისე დიდხანს მიაწერდნენ, რომ შეყვარებულები იყვნენ, რომ, ბოლოს და ბოლოს, ცოლ-ქმრად აღიქვამდნენ.

_ როგორც იმ ფილმში, რომელშიც თქვენი პროფესიისგან განსხვავებულ ამპლუაში გადაგიღეს.

_ დიახ, ბოლოს და ბოლოს, გავთხოვდი იმ ფილმში, _ გულიანად იცინის.

არც ერთ სიმღერას ორჯერ ერთნაირად არ მღერის. ამბობს, რომ რომანსი, როგორც კარგი ქართული ღვინო, დაძველებით უკეთესდება.

და ოთხმოცდახუთი წლისა მზად არის, დაამტკიცოს, რომ ასეა: კახეთში, სადაც კვლავ გამოვა სცენაზე საიუბილეო კონცენტში მონაწილეობის მისაღებად.

_ ჟურნალისტი რომ ყოფილიყავით, _ ჰკითხა ნანის სიუჟეტის ავტორმა, _ თქვენ წინ კი ნანი ბრეგვაძე მჯდარიყო, რას შეეკითხებოდით?

_ ნანი, როგორ ახერხებდით ამ ყველაფრის გაკეთებას?

და სხვა პასუხს, ალბათ, ვერ მიიღებდით:

_ იმით, რომ ეს დიდი სიყვარულია.

ესეც სიუჟეტი ОРТ საინფორმაციო პროგრამიდან.

* * *

დასასრულ, ერთი შეკითხვა, რომელზეც პასუხს ვეძებ და ვერ მიპოვია: ეგებ თქვენ, ჩვენო ძვირფასო მკითხველო, მითხრათ, საქართველოს გარშემო მოჯარული მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების რომელიმე ტელეარხით გადაიცა მსგავსი სიუჟეტი და გამომრჩა?

გვაცნობეთ.

ჩვენი გაზეთი ხომსაქართველო და მსოფლიოადა ასეთი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება ბეჭდური მედიის ამ საშუალების უშუალო მოვალეობაა!

მადლობელი დაგრჩებით.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here