თემა ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს: შეუძლია თუ არა ადამიანს, დღევანდელ პირობებში თვითონ აირჩიოს საკუთარი გენდერული როლი თუ ამის განსაზღვრა სრულად სოციუმის ხელშია?
პრობლემის წამოჭრის მიზეზებს ანალიტიკოსები ეძებენ და პოულობენ XXI საუკუნის ევროპულ მორალსა და ეთიკაში, რომლებიც ძირფესვიანად არის შეცვლილი და სოციალური ქსელებით გავრცელებულია მსოფლიოში. გენდერულ იდენტურობას, ახალ ეთიკას, ლგბტ მოძრაობას საღი თვალით უნდა შევხედოთ და მეცნიერული კრიტერიუმით უნდა განვიხილოთ, თუ გვსურს, ობიექტურად წარმოვიდგინოთ ის პერსპექტივა, რომელიც კაცობრიობას ემუქრება.
ყოველგვარი უკიდურესობის გარეშე.
ახალი ეთიკის საიდუმლოებანი
ევროპის ახალი ეთიკა ეფუძნება ფორმულას, რომლის მიხედვით, თავისუფალ ადამიანს შეუძლია, თავად აირჩიოს საკუთარი როლი საზოგადოებრივ ურთიერთობებში, ქორწინებასა და სექსუალურ პრიორიტეტებში. აქ თითქოს საკამათო არაფერი უნდა იყოს, რადგან სოციალური როლი არის ის, როგორ იქცევა ადამიანი, როგორი ტანსაცმლით იმოსება, როგორ და რას ლაპარაკობს, რისი უფლება აქვს, რისი _ არა.
მაგრამ საზოგადოებაში ინდივიდის როლი საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ქალის როლი, მაგალითად, პატრიარქალურ საზოგადოებაში განისაზღვრებოდა დედობით, ოჯახურ კერაზე ზრუნვით, მამაკაცის უფროსობის აღიარებით, კაბის ტარებით და ა.შ. და არ გულისხმობდა პოლიტიკურ მოღვაწეობას, ომებში მონაწილეობას. მაშასადამე, სოციალური სქესი არ აღმოცენდება უშუალოდ ბიოლოგიური სქესიდან, მას საზოგადოებრიობა განსაზღვრავს.
ხალხის რწმენით, ბიჭად შეიძლება დაიბადო, მამაკაცი კი უნდა გახდე. ბიჭობა ბიოლოგიური სქესია, კაცობა _ სოციალური როლი, ანუ “გენდერი”, თუ გნებავთ. კაცობა სოციალური შაბლონიაო, ასეც ამბობენ, რომელიც გულისხმობს ძალას, გამბედაობას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და მისთ.
და ასეც არის.
აი, ახალი ევროპული ეთიკა კი იწყება იმით, რომ აუცილებელი არ არის, ყველა ბიჭმა იტვირთოს კაცის როლი. მას უფლება აქვს, იყოს ისეთი, როგორიც სურს, მაგალითად, სუსტი და ნაზი, ოჯახის კერაზე მზრუნველი და ა.შ. ევროპული ეთიკა იმასაც კი განსაზღვრავს, თუ ვისთან სურს ურთიერთობის დამყარება. ესეც სოციალური როლის, სოციალური სქესის ნაწილია.
ახლა კი _ ყველაზე საინტერესო. ახალი ეთიკის მიმდევართა აზრით, ტრადიციული საზოგადოებრიობა ადამიანებს თავს ახვევს შესასრულებელ როლებს, სოციალურად აყალიბებს კინოფილმების, მუსიკის, ცოცხალი მაგალითების საშუალებით. თუ, მაგალითად, გოგონა საბავშვო წიგნებში, ნახატ ფილმებში ხედავს, რომ ქალი არის დედა, მაშასადამე, მას აიძულებენო ირწმუნოს ეს შაბლონი, ანუ თავადაც აღიაროს დედობის უცილობლობა.
თუ არ სურს?
ე.ი. ზღუდავენ მის თავისუფლებას, თავისუფლება კი უზენაესია.
სწორედ ამიტომ არის, რომ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში არსებული განწყობა, ვითარება ჩვენთვის, ტრადიციული საზოგადოებისთვის, გაუგებარი და მიუღებელია, ხოლო “მესამე სქესისთვის” გამოყოფილი საპირფარეშოები _ ჭკუის გადახრის მაქსიმალური ამპლიტუდა. ტრანსგენდერები მონაწილეობენ კაცებისა თუ ქალების სპორტულ შეჯიბრებებში, ქორწინდებიან ერთი და იმავე სქესის წყვილები.
ტრანსგენდერი არის ადამიანი, რომელსაც სურს, თავისი ბიოლოგიური სქესის შეუთავსოს თავის სოციალურ სქესს. ახალი ეთიკის თანახმად, იგი განახორციელებს საკუთარ უფლებას _ იყოს ისეთი, როგორიც უნდა, რომ იყოს, როგორიც წარმოუდგენია საკუთარი არსება.
ეს უბედურების ნახევარია.
არსებობს სხვა სიგიჟე, როცა ზოგიერთს არც კაცობა, არც ქალობა ხელს არ აძლევს და იგონებს საკუთარს _ მესამე სქესს, რომელზეც წარმოდგენა ბელზებელსაც არ გააჩნია, ეშმაკეულს.
სამაგიეროდ, ახალი “მოძღვრების” ადეპტები ასეთ დამოკიდებულებას დაუყოვნებლივ სისტემურ დისკრიმინაციად და თავისუფლების შეზღუდვად ჩაგვითვლიან.
რატომ? ახლა ესა ვთქვათ
მაგრამ ჯერ შევეცადოთ, გავარკვიოთ: თუ ტრადიციულ როლებს თავს გვახვევს საზოგადოებრიობა, რადგან გენდერი სოციალური წარმონაქმნია, განა იგივე არ შეიძლება ვთქვათ არატრადიციულ როლებზე?
მაშ, არჩევანი რაში გამოიხატება?!
უფრო გასაგებად: ახალი ეთიკა გვარწმუნებს, რომ “ჰეტეროსექსუალური მამაკაცის” როლს თავს გვახვევს ხელოვნება და საზოგადოებრივი ურთიერთობანი, მაგრამ პირობით როლს “ჰომოსექსუალისტისას” ასევე თავს გვახვევს იგივე კინემატოგრაფი, ლიტერატურა და ა.შ.
არჩევანი არ არსებობს: “სოციალური როლის” არსი გულისხმობს ქცევას, მოქმედებას, რომელსაც საზოგადოება ელოდება.
უკაცრიელ კუნძულზე დაბადებულ და გაზრდილ ადამიანს (წარმოვიდგინოთ ასეთი რამ) არავითარი გენდერული მიდრეკილება არ გააჩნია. იგი მხოლოდ ბიოლოგიურ მისწრაფებას ამჟღავნებს, რომელიმე როლის მოდელზე წარმოდგენაც არ აქვს, ანუ გენდერი საზოგადოების მიღმა არ არსებობს, მაგრამ საზოგადოება გვიქმნის იმ გენდერს, რომელიც სჭირდება. აქ კი არჩევანის თავისუფლება არ არსებობს.
ცხოვრების ლოგიკის საწინააღმდეგოდ
უმნიშვნელოვანესი საკითხია: რატომ მოხდა, რომ თანამედროვე დასავლურმა სამყარომ ასე მოულოდნელად დაიწყო ადამიანების არატრადიციული როლების შექმნა?
დასავლურ სოციოლოგიაში არსებობს ტერმინი “ახალგაზრდული ზღვარი”, რომელიც დაახლოებით ნიშნავს: როგორც კი სახელმწიფოში მკვეთრად იზრდება ახალგაზრდების რაოდენობა (სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების, ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების გამო), დაუყოვნებლივ იწყება ამბოხი და რევოლუცია.
რომელი ტექტონიკური ძვრების მიზეზით?
უფროს თაობას დაკავებული (და შევსებული) აქვს დასაქმების ადგილები, ახალგაზრდობა, “ზედმეტი ახალგაზრდობა” უმუშევარია. შედეგად იგი იწყებს იმ სისტემის ნგრევას, რომელშიც ყველაფერი განაწილებული და დალაგებულია. ნგრევა, დიფუზია, დაშლა “ბუნებრივ” პირობებში გამორიცხული იყო. საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო ბალანსი არსებულსა და მოთხოვნას შორის _ შავი ჭირი, სხვა ეპიდემიები, ომები, შიმშილი და უამრავი სხვა ფაქტორი არ აძლევდა არც ერთ საზოგადოებას საშუალებას, დაეგროვებინა იმდენად დიდი ადამიანური კაპიტალი, საკუთარი თავი რომ ამოეჭამა.
მაგრამ XXI საუკუნეში ისე დავეჭვიანდით, იმდენი გონება მოვიკრიბეთ, რომ არ წამოვიწყოთ ომები და მოვერიოთ ნებისმიერ პანდემიას. დასავლეთ ევროპის საზოგადოებრივ სისტემას მომავლის ორი ვარიანტი გაუჩნდა: პირველ შემთხვევაში იქაური ბედნიერი ახალთაობა დაშლის დასავლეთ ევროპას. მეორე, ახალგაზრდების რაოდენობა შემცირდება, მოსახლეობა დაბერდება იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება სოციალური როლები, შემცირდება შობადობა, დამკვიდრდება ახალი ფილოსოფია და ეთიკა.
ასეთ ფილოსოფიას დაარქვეს ანტინატალიზმი, სიტყვასიტყვით _ “ანტისიცოცხლე”. იგი თავის თავში მოიცავს შობადობის შემცირებას. მშობიარობის ასაკის ამაღლებას, ისეთი სოციალური როლების დამკვიდრებას, რომლებიც შთამომავლობის გაგრძელებასთან შეუთავსებელია, “მწვანე პოლიტიკას” (ბუნება ადამიანზე მნიშვნელოვანია), ევთანაზიის დაშვებას (სიცოცხლეს უმაღლესი ღირებულება არ აქვს).
ზემოთ თქმულიდან ნათელი ხდება, რომ არჩევის თავისუფლება მირაჟია, მოჩვენებითია, რომლითაც სურთ, დამალონ “სიცოცხლის უარმყოფელი ეთიკის” სოციალური წარმოშობა. ასეთია ტექნოლოგიური დეპოპულაციის არსი.
ახალი ეთიკა მთავარ ღირებულებად აღიარებს თავისუფლებასა და თანასწორობას და რეალურად განახორციელებს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სეგრეგაციას, მისი კონსტრუირების მექანიზმად კი მასობრივი მედიასაშუალებები წარმოგვიდგება.
მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს მასმედია ახალი ეთიკის პროპაგანდისტ ბეჭდურ და ელექტრონულ პრესად ჯერჯერობით მთლიანად არ გადაგვარებულა.