Home რუბრიკები საზოგადოება ლაშა ტალახაძე: სად მცალია მოსაწევად. კვირაში ექვსი დღე ვარჯიშით ვარ დაკავებული

ლაშა ტალახაძე: სად მცალია მოსაწევად. კვირაში ექვსი დღე ვარჯიშით ვარ დაკავებული

ლაშა ტალახაძე

ქართველი ძალოსნებისთვის ისტორიული გამოდგა ანაჰაიმში (აშშ) დასრულებული 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდა ოთხი ქართველი სპორტსმენი _ ლაშა ტალახაძე, ანასტასია გოტფრიდი, რევაზ დავითაძე, შოთა მიშველიძე.

მცირერიცხოვანი დელეგაციის მიუხედავად, ქართველმა ძალოსნებმა ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად შეძლეს ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედლის მოიპოვება და გუნდურ შეჯიბრებაში მესამე ადგილის დაკავება. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი სპორტსმენებიდან ყველაზე დიდ წარმატებას +105 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მიაღწია, რომელმაც სამი ოქროს მედალი (ატაცი, აკვრა, ორჭიდი) დაისაკუთრა და პლანეტის ყველაზე ძლიერი ადამიანის სახელი ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ოქროს მედლების გარდა, ლაშამ ანაჰაიმში მსოფლიო რეკორდები დაამყარა ატაცსა (220) და ორჭიდში (477) და თავისი ძველი რეკორდები 3-3 კილოგრამით გააუმჯობესა.

გთავაზობთ ინტერვიუს ევროპისა და მსოფლიოს ორ-ორგზის ჩემპიონ და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულ ლაშა ტალახაძესთან, რომელიც საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

_ არჩევანი ძალოსნობაზე რატომ შეაჩერეთ?

_ შეიძლება ითქვას, რომ ოჯახურ ტრადიციას ვაგრძელებ, რადგან მამაჩემი, კობა ტალახაძე, ვეტერანი ძალოსანია.

ძალიან მიყვარს ძალოსნობა, რომელმაც დიდი აღიარება და ხალხის სიყვარული მომიტანა. ენით აუწერელი სიამოვნებაა იყო მსოფლიოში ყველაზე ღონიერი მამაკაცის ტიტულის მქონე.

_ მოკლედ გვიამბეთ თქვენ შესახებ.

_ დავიბადე 1993 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ საჩხერეში. ძალოსნობაში ვარჯიში მამაჩემის ხელმძღვანელობით დავიწყე. როცა საჩხერეში ვარ, მამაჩემის ხელმძღვანელობით ვვარჯიშობ. ორი წლის შემდეგ ძალოსნობას თავი დავანებე და ვარჯიში თავისუფალ ჭიდაობაში განვაგრძე. დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ, ისევ ძალოსნობას დავუბრუნდი. თბილისში გადმოსვლის შემდეგ ავთო გახოკიძის ხელმძღვანელობით ვვარჯიშობ.

_ რა იყო ძალოსნობიდან თქვენი ჯერ წასვლისა და შემდეგ დაბრუნების მიზეზი?

_ ჩემი გადასვლა თავისუფალ ჭიდაობაში მამაჩემის მიერ წინასწარ იყო მოფიქრებული. რადგან მსუქანი, მოუქნელი ბავშვი ვიყავი, მან ჩათვალა, რომ ჭიდაობაში ვარჯიშის შემდეგ უფრო ელასტიკური გავხდებოდი. დასახული მიზნის მიღწევის შემდეგ, ანუ, როდესაც ჩემი მოქნილობა ძალოსნობისათვის საკმარისი იყო, ისევ ძველ სახეობაში განვაგრძე ვარჯიში.

_ ანაჰაიმში აკვრაშიც შეგეძლოთ მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება, შეუკვეთეთ კიდეც სარეკორდო 265 კილოგრამი, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალეთ და 257 კილოგრამის აწევით დაკმაყოფილდით. რა იყო თქვენი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი?

_ ეს გადაწყვეტილება ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძესთან შეთანხმების შემდეგ მივიღე. საქმე ის არის, რომ 257 კილოგრამის დაძლევაში დარწმუნებული ვიყავი და ეს საკმარისი იყო ოქროს მედლის მოსაპოვებლად. თუ 265 კილოგრამს ვერ დავძლევდი, მაშინ აკვრაში ჩემპიონი ვეღარ გავხდებოდი. ამჯერად აქცენტი ოქროს მედალზე გავაკეთე და რეკორდის დამყარება სამომავლოდ გადავდე.

_ ვის თვლით ძალოსნობაში უშუალო კონკურენტად?

_ მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩემპიონატზე მესამე ადგილით დაკმაყოფილდა, ჩემს უშუალო კლონკურენტად მაინც მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ ბეჰდად სალიმის ვთვლი.

_ 24 წლისამ ყველაფერი მოიგეთ, რისი მოგებაც შეიძლება. მსოფლიო ჩემპიონატზე უშუალო კონკურენტებისთვის ამხელა სხვაობით მოგება თვითდამშვიდების უფლებას ხომ არ გაძლევთ?

_ კარგად ვიცი, რომ ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაზე უფრო ძნელი მისი შენარჩუნებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შენელების ნაცვლად ვარჯიში კიდევ უფრო გავაძლიერე.

კვირაში მხოლოდ ერთ დღეს, კვირას ვისვენებ, ექვსს დღეს კი ვვარჯიშობ.

_ ვინ არის თქვენი კერპი ანუ სამაგალითო სპორტსმენი?

_ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი კახი კახიაშვილი.

_ სამწუხაროდ, თქვენს სპორტულ ბიოგრაფიაში იყო ცუდი პერიოდიც, როდესაც აკრძალული პრეპარატის გამო, ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეთ

_ როგორც მორწმუნე, მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ დღესაც არ ვიცი, როგორ მოხვდა ჩემს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი. დისკვალიფიკაციის მიუხედავად, ვარჯიში ერთი დღითაც არ შემიწყვეტია.

_ დღეს ბევრს საუბრობენ მარიხუანის დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციაზე.

_ ჩემთვის მიუღებელია, საქართველოს მოსახლეობის გენოფონდი დაბოლილი დადიოდეს. არც იმის მომხრე ვარ, რომ მარიხუანას მომხმარებელი ციხეში ჩასვან ან დიდი ფულადი ჯარიმით დასაჯონ. ეს არ არის გამოსავალი, რადგან ავადმყოფის გამოსაჯანმრთელებლად ჯარიმები და ციხე კი არა, მკურნალობაა საჭირო.

_ რა არის მოსახლეობის ნარკოტიკებით დაინტერესების მიზეზი?

_ ძირითადად, უმუშევრობა. აბა, მე სად მცალია მოსაწევად. კვირაში ექვსი დღე ვარჯიშით ვარ დაკავებული.

_ გამოსავალს რაში ხედავთ?

_ სამუშაო ადგილების შექმნაში. ახალგაზრდები სწავლითა და სპორტით, ხოლო დიდები სამსახურით უნდა იყვნენ დაკავებულნი და ნარკოტიკული საშუალებისთვის დრო აღარ ექნებათ.

_ ვიცით, რომ საცოლე შერჩეული გყავთ, მაგრამ მის ვინაობას არ ამხელთ

_ მის ვინაობას ვერც თქვენ გაგიმხელთ. მხოლოდ ერთს გეტყვით: ეროვნებით ქართველია, სამეგრელოს წარმომადგენელი.

_ უახლოესი გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

_ შობისა და ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში დავისვენებ. ამის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატისთვის დავიწყებ მზადებას.

ესაუბრა

როლანდ ლაბუჩიძე

1 COMMENT

  1. საამაყო და სამაგალითო ქართველი ვაჟკაცი ხარ ლაშა! ღმერთი გფარავდეს! მთავრობას მივმართავ – ყველა პირობა შეუქმენით და კახიაშვილივით საზღვარგარეთ არ გააქციოთ ჩვენი სათაყვანებელი სპორტსმენი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here