Home რუბრიკები საზოგადოება ლადო სადღობელაშვილი: თურმე „ოცნება“ იმისთვის აურჩევია ხალხს, რომ სოსო გოგაშვილს და მისნაირებს...

ლადო სადღობელაშვილი: თურმე „ოცნება“ იმისთვის აურჩევია ხალხს, რომ სოსო გოგაშვილს და მისნაირებს მილიონები ეშოვათ

2044
ლადო სადღობელაშვილი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის ცოლის დის, ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზე 2016 წლის აგვისტოში შემდეგი უძრავი ქონება გაფორმდა: 105 ათასი კვ.. მიწა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში; 350 ათასი კვ.. მიწა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში; 7 მიწის ნაკვეთი შირაქში, რომლის ჯამური ფართია 1 მლნ. 300 000 კვ.. და თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინა. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ხათუნა მარტყოფლიშვილი, რომლის სახელზეც აღნიშნული ქონება გაფორმდა, უმუშევარია და მას საკუთარი სახლიც არ გააჩნია. იგი ამ დრომდე თბილისში, დობროლუბოვის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

საიდან ფლობს ხათუნა მარტყოფლიშვილი ზემოაღნიშნულ ქონებას და აქვს თუ არა ამ ყველაფერს კავშირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილთან კავშირი, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ლადო სადღობელაშვილს დაუკავშირდა.

ლადო სადღობელაშვილი: დავიწყოთ თავიდან, ვინ იყო სოსო გოგაშვილი. ადრე ეს პიროვნება გახლდათ რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, მაგრამ პრაქტიკულად არსად ჩანდა. შემდეგ მას ჰქონდა საკუთარი წვრილი ბიზნესი და მე ეს ინფორმაცია მაქვს ერთ-ერთი პოლიტპატიმრისგან, რომლის რესტორანშიც ის ხორცს აბარებდა. ანუ, მას რეალურად არც აინტერესებდა პოლიტიკა, მაგრამ ამის შემდეგ ხდება ის, რომ მოდის ბიძინა ივანიშვილი, ქმნის კოალიციას და გოგაშვილი თავის რაღაც ვიწრო ჯგუფთან ერთად ხდება ამ პარტიის წევრი. სხვათა შორის, მაშინ ამბობდნენ, რომ ის იყო „ნაციონალების“ ჩანერგილი „ოცნებაში“, რომ იქიდან გარკვეული ინფორმაციები წამოეღო. შემდეგ ის მუშაობდა შსს სამინისტროში და როგორც ამბობდნენ, მაშინ მან გარკვეული კომპრომატები მიიტანა ივანიშვილთან ჯანყარაშვილის წინააღმდეგ. აი, ამ კომპრომატების საფუძველზე გაათავისუფლეს ჯანყარაშვილი თანამდებობიდან და ზოგადად, ეს პიროვნება, გოგაშვილს ვგულისხმობ, ყოველთვის გამოირჩეოდა ასეთი ბინძური ხერხებით რაღაც ინტრიგების ხლართვით. ასევე მან თავის დროზე ძალიან დიდი როლი შეასრულა ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლაში და პრაქტიკულად მისი ამ ბინძური, შავბნელი საქმიანობის „დამსახურებაა“ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს საზოგადოებაში გულშემატკივარი არ ჰყავს. საერთოდ, ის ძალიან ბოღმიანი ადამიანია და თავისი ამ ოთხწლიანი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე თუ კი ვინმე არ მოსწონდა და თვალში არ მოსდიოდა, ყველა გაცხრილა „ოცნებიდან“

ახლა ამ ყველაფერს რატომ ვყვები, მთელი ეს ძალაუფლება და სამსახურეობრივი მდგომარეობა მას აძლევს საშუალებას, რომ კანონის გვერდის ავლით ხელში ჩაიგდოს დიდი ქონება. საქმეც ეს არის, კაცი, რომელიც ფაქტობრივად იყო სოციალურად დაიცველი და ცხოვრობდა გაჭირვებაში, უცებ ხდება მილიონერი. საიდან, როგორ? ყველაფერი იწყება მას შემდეგ, რაც ის სუს-ში მივიდა. აი, ზუსტად ამის შემდეგ აღწევს მისი ქონება მილიონებს; და თქვენ უნდა ნახოთ მისი ვაჟის ქორწილის კადრები, ეს არის რაღაც ზღაპრული ქორწილი, რომელშიც ჩანს ნამდვილი ფუფუნება…

– კონკრეტულად რა ქონებაზეა საუბარი, თუ გაქვთ ინფორმაცია?

– მაგალითად, მისი ცოლის დის სახელზეა გაფორმებული კახეთში 1 მილიონ 300 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ეს რას ნიშნავს იცით? ერთი კვადრატული სულ მცირე 5 ლარი ხომ ღირს, მისი ქონება უკვე აღწევს 75 მილიონ ლარს. ამას დაუმატეთ სამსართულიანი სახლი, რომელიც მხატვრების უბანშია და ოროთახიანი ბინა საბურთალოზე, რომელიც თავის ვაჟს გადასცა მას შემდეგ, რაც ამ ბიჭმა ცოლი მოიყვანა. სხვათა შორის, 2016 წლიდან გოგაშვილის ქონებრივი დეკლარაცია სუფთავდება და არ ჩანს ძალიან ბევრი რამ, რაც წინა დეკლარაციებში ჩანდა. მაგალითად ორი საკმაოდ ძვირადღირებული ავტომობილი. ამ დროს მისი შვილები და მეუღლე დასაქმებულები არიან ისეთ სამსახურებში, სადაც საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებენ. მოკლედ, მე თამამად შემიძლია, „მივულოცო“ საქართველოს კიდევ ერთი მულტიმილიონერის შემატება სოსო გოგაშვილის სახით. კაცმა, რომელიც ფაქტობრივად იყო სოციალურად დაუცველი, წელიწად-ნახევარში მოახერხა ის, რომ გახდა რამდენიმე ათეული მილიონის ქონების პატრონი. განმკითხავიც არავინაა, არავინ კითხულობს, საიდან მოიტანა, სად იშოვა, რა დამსახურება აქვს ასეთი… ალბათ მასაც აქვს გარკვეული კომპრომატები და იმიტომ, ალბათ ვინც პასუხი უნდა მოსთხოვოს და გამოიძიოს ეს ყველაფერი, კიდევ უფრო მეტს ითვისებს.

 – განმკითხავში რას გულისხმობთ, რა უნდა გაკეთდეს?

 – მე ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ გული მტკივა. როცა გარშემო ამდენი გაჭირვებული და გაუბედურებული ადამიანია, სახელმწიფო მოხელე მილიონებს არ უნდა შოულობდეს ამ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე. ალბათ გახსოვთ, რა განაცხადა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა, როცა წინა რეჟიმის მიერ დაზარალებული მოქალაქეებისთვის წართმეული ქონების დაბრუნებაზე იყო საუბარი, სახელმწიფოს არ აქვს საშუალება, რომ ეს ქონება დააბრუნოსო. ამ დროს რას ვხედავთ, თურმე „ოცნება“ იმისთვის აურჩევია ხალხს, რომ სოსო გოგაშვილს და მისნაირებს მილიონები ეშოვათ.

– თქვენ კომპრომატები ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, გოგაშვილს რამე კომპრომატები ჰქონდეს მაღალჩინოსნებზე

 – მცირე ხნის წინ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მითხრა, რომ გოგაშვილი კომპრომატებს ფლობს რამდენიმე ჩინოვნიკზე. აი, ამის გამო ვერ ახერხებენ მის გადაყენებას, ეშინიათ, რომ მან ეს ფაქტები და კომპრომატები არ გამოამზეუროს.

რაც შეეხება წინა შეკითხვას, რა შეიძლება გაკეთდეს ამ პიროვნების წინააღმდეგ, ჩვენ რომ თავმოყვარე ერი ვიყოთ და თავმოყვარე ხელისუფლება გვყავდეს, აღიძრებოდა სისხლის სამართლის საქმე, ჩატარდებოდა გამოძოება და საბოლოოდ გაირკვეოდა, საიდან ფლობს ამ პიროვნების ცოლის და, რომელიც უმუშევარია და ფაქტობრივად არანაირი შემოსავლის წყარო არ აქვს, ამხელა ქონებას.

 აქვე მინდა, საზოგადოებას მივაწოდო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იფორმაცია. მოგეხსენებათ, სააკაშვილის პერიოდში საუბარი იყო ნარკოკარტელზე, რომელიც გადიოდა საქართველოზე და ამ დერეფანს აკონტროლებდნენ მერაბიშვილი და ახალაიები. იყო შემთხვევები, როცა კუდის მაშინდელი უფროსი კოდუა პირადად აცილებდა საზღვრამდე ნარკოტიკით დატვირთულ ტრაილერს და ასე კეთდებოდა მილიონები. თუმცა მას შემდეგ, რაც სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ძალიან გახშირდა ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების ფაქტები და ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იჭერენ ადამიანებს ამ ფაქტზე. ანუ, მე რის თქმა მინდა, დღესდღეობით არანაკლებ დიდი ოდენობით ნარკოტიკი შემოდის ჩვენს ქვეყანაში და ამ ნარკოტიკების გასაღების ერთ-ერთი „კრიშა“ არის სწორედ გოგაშვილი, რომელიც სულ რაღაც წელიწად-ნახევარში კოლოსალურად გამდიდრდა. აი, ეს არის პასუხი შეკითხვაზე, თუ საიდან შეიძლება ჰქონდეს ამ პიროვნებას ამხელა ფული და ეს ყველაფერი ძალიან დიდი სირცხვილია. ეს განუკითხაობა უნდა დასრულდეს და კარგი იქნება, თუ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების მამა ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდება, რა ხდება ქვეყანაში და რა შავ-ბნელ საქმეებს ატრიალებენ მისი მოყვანილი ჩინოვნიკები. ას და ორასდოლარიანი სილიკონიანი „პუტანკებით“ რომ აქვთ გატენილი სამინისტროები და საკრებულოდან დაწყებული, პარლამენტით თუ სამინისტროებით დამთავრებული, ყველა მინისტრს მეძავები ჰყავთ მდივნებად დასმული, ამას მიხედონ. კიდევ ვიმეორებ, მივმართავ, ვთხოვ და თავს ვუხრი ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს ყველაფერი დაამთავროს ერთხელ და სამუდამოდ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

                                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here