მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა.
დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს _ ნოემბერში (21 ნოემბერს), რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. თვის მერვე დღე მიგვანიშნებს ყოველთა უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე “დღესა მერვესა”, როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. წმიდა მამები სამყაროს არსებობის ხანას სიმბოლურად შესაქმის შვიდ დღეს უკავშირებენ, შვიდი ათასწლეულის შემდეგ (“რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე”; ფს. 89, 4) კი უნდა დადგეს “დღე მერვე”, “რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაი დიდებითა თვისთა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა” (მთ. 25, 31).
ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფებიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ.
სერაბიმთა შემდგომ უფალთან დგანან ქერუბიმნი, რომელთა სახელი ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას.
ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი, რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.
ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.
უფლებანი ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ, ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულ მართვა-განმგებლობაში შეეწევიან, გვეხმარებიან ცოდვილ გულისთქმათა დაოკებაში.
ძალნი ღვთის ნებით უფლის რჩეულებზე მორჩილებას, მოთმინებას, საკვირველთქმედების და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ.
ხელმწიფებანი ადამიანებს ეშმაკის საცდურთაგან განარიდებენ და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაში ეხმარებიან, განამტკიცებენ და იცავენ მოსაგრეებს.
უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
საწყისნი მთავარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანებათა შესრულებისათვის. საწყისებს დავალებული აქვთ სამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერი პატივი მიაგონ;
მთავარანგელოზნი უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს.
ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან, შეგვეწიონ.
ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: “რომელი ვითარცა ღმერთი”) _ ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე.
მთავარანგელოზ მიქაელს _ მძლეველს ყველა მტრული ძალისა _ ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ _ ცეცხლოვანი მახვილი), რომელზეც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.
მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.
საღვთო წერილიდან და წმიდა გადმოცემიდან ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან: გაბრიელი _ სიმტკიცე (ძალი) ღვთისა _ ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.
რაფაელი _ ღვთიური მკურნალი, სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათი კი მოჰყავს მართალი ტობიას ვაჟი _ ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს.
მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.
ურიელი _ ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა. საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.
სელაფიელი მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.
ეგუდიელი ღვთის დიდებას ნიშნავს. ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი _ შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით. შოლტი იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცთ და უდებთ ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გვირგვინი გულმოდგინეთათვის არის განკუთვნილი.
ვარახიელი კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რომელიც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა.
წმიდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშნავს ღვთისკენ ამაღლებას. იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია და ვნებათა და ცოდვათა დაძლევაში შეგვეწევა.
მთავარანგელოზი იერომიელი ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.
მომზადდა წიგნიდან “წმიდანთა ცხოვრება”, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ქრისტეს საფლავის საპატიო მცველები _ იოანე, სტეფანე და ესაია ქართველები
წმიდანთა დასში მართლად იწოდებიან ის ქრისტიანები, რომელთაც მთელი ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის დიდებასა და ერის სამსახურში გალიეს. მათი ცხოვრება თავის თავში იტევს ღირსი და ღმერთ–შემოსილი მამების, აღმსარებლებისა და მოწამეების ღვაწლს.
საქართველოს ეკლესიაში გაბრწყინებულ წმიდანთა შორის სულ ოთხი წმიდანია მართლის წოდებითა და ღვაწლით კანონიზირებული. მათ შორის _ ყველასათვის კარგად ცნობილი, ერის მამად და უგვირგვინო მეფედ წოდებული ილია ჭავჭავაძე და დრო–ჟამისა და ჩვენი უდებების გამო დავიწყებული წმიდანები: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველენი.
წმიდა იოანე, სტეფანე და ესაია ქართველების შესახებ ცნობები მხოლოდ საეკლესიო კალენდარმა შემოგვინახა. მათ ხსენებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია, უკვე რამდენიმე საუკუნეა, აღასრულებს. მათი ხსენების დღეა 17 ნოემბერი (ახალი სტილით).
როგორც მეცნიერები და მკვლევარები ვარაუდობენ, ეს წმინდანები იერუსლიმში მოღვაწეობდნენ და იყვნენ ქრისტეს საფლავის საპატიო მცველები.
“ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი”, თბილისი, 2004 წ.