Home რუბრიკები სპორტი “კოპა ამერიკა _ 2021”

“კოპა ამერიკა _ 2021”

160
“კოპა ამერიკა _ 2021”

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყების შემდეგ, 13 ივნისს ბრაზილიაში, როგორც იქნა, სტარტი აიღო სამხრეთ ამერიკის თასის 47- გათამაშებამ ფეხბურთში _ “კოპა ამერიკა 2021”-მა.

“კოპა ამერიკა” 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო ორ ქვეყანაში _ კოლუმბიასა და არგენტინაში, მაგრამ პანდემიის გამო ჩემპიონატი ერთი წლით გადაწიეს, რამდენიმე დღის წინათ კი კონმებოლმა (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია) კოლუმბიას ტურნირის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარების (საპროტესტო აქციები, არეულობები) გამო, არგენტინას კი მასპინძლობაზე კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მძიმე ვითარების გამო უთხრეს უარი, თუმცა კოვიდვითარება სახარბიელო არც იმ ქვეყანაშია, რომელშიც “კოპა ამერიკა-2021”-ის ჩემპიონატის ჩატარება გადაწყდა, ბრაზილიაში.

ზოგიერთი ბრაზილიური წყაროს (As და Globo) მიხედვით, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები განიხილავდნენ ტურნირში მონაწილეობაზე უარის თქმის შესაძლებლობას. 5 ივნისს ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი კაზემირო Globo-სთან ინტერვიუში საჯაროდ გამოვიდა ტურნირის წინაააღმდეგ: “მხოლოდ მე კი არ ვარ წინააღმდეგი, არც მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატებში თამაშობენ, არამედ მთელი ნაკრები _ ყველა, მათ შორის მთავარი მწვრთნელი ტიტე და და სამწვრთნელო შტაბი”.

“კოპა ამერიკა _ 2021”

მოგვიანებით, 8 ივნისს, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებმა გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც მწვავედ გააკრიტიკეს კონმებოლი, მაგრამ ჩემპიონატის ბოიკოტზე უარი თქვეს: სხვადასხვა მიზეზის გამო, ჰუმანიტარული თუ პროფესიული, უკმაყოფილონი ვართ, როგორ მოიქცა კონმებოლი ამერიკის თასის ტურნირის მიმართ. ბოლო მოვლენები გვაიძულებს, ვიფიქროთ, რომ ტურნირის ჩატარების პროცესი ადეკვატური არ არის, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამერიკის თასის ბრაზილიაში ჩატარებას, მაგრამ უარს არასოდეს ვიტყვით ბრაზილიის ნაკრების მაისურებით თამაშზე”, _ განაცხადეს ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა.

სტადიონი მარაკანა
სტადიონი მარაკანა

ყველაფრის მიუხედავად, სამხრეთ ამერიკის თასის გათამაშება ბრაზილიაში 13 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მატჩები ჩატარდება 4 ქალაქში: კუაიბაში, დედაქალაქ ბრაზილიაში, გოიანიასა და რიო-დე-ჟანეიროში. მატჩები კი გაიმართება 5 სტადიონზე: “მანე გარინჩას” სახელობის ეროვნულ სტადიონზე (69 340) ბრაზილიაში, “არენა პანტანალზე” (44 097) კუაიბაში, პედრუ ლუდოვიკო ტეიშეირას სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე (13 500) გოიანიაში და რიო-დე ჟანეიროს ორ სტაიონზე _ “მარაკანასა” (78 838) და “ნილტონ სანტოსზე” (44 661).

ტურნირი დაყოფილია შემდეგ რაუნდებად: პირველი _ ჯგუფური ეტაპი; მეორე _ მეოთხედფინალები; მესამე _ ნახევარფინალები და მეოთხე _ ფინალი. ჯგუფურ ეტაპზე გუნდები დაყოფილნი არიან ორ ჯგუფად, თითოეულში 5-5 გუნდით. მატჩები ჩატარდება სისტემით “ყველა ყველას წინააღმდეგ”. თითოეული ტურის შემდეგ გუნდებს დაეწერებათ ქულების გარკვეული რაოდენობა: მოგებისთვის _ 3 ქულა, ფრესთვის _ 1 ქულა, წაგებისთვის _ 0 ქულა.

იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი გუნდი მოაგროვებს ქულების ერთნაირ რაოდენობას, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც აქვს ბურთების უკეთესი სხვაობა ტურნირზე; გატანილი აქვს მეტი ბურთი; უკეთესი მაჩვენებელი აქვს პირად შეხვედრებში. თუ ყველა ეს მაჩენებელი ერთნაირი აღმოჩნდება, გუნდებს შორის დაინიშნება პენალტების სერია მეოთხედფინალური საგზურის მოსაპოვებლად. მეოთხედფინალში გავა ჯგუფის პირველი ოთხი გუნდი თითოეული ჯგუფიდან.

ჯგუფ A-ში არიან: არგენტინა, ბოლივია, პარაგვაი, ურუგვაი, ჩილე;

ჯგუფ B-ში: ბრაზილია, ვენესუელა, კოლუმბია, პერუ, ეკვადორი.

ნილტონ სანტოსის ოლიმპიური სტადიონი რიო-დე-ჟანეიროში
ნილტონ სანტოსის ოლიმპიური სტადიონი რიო-დე-ჟანეიროში

ამერიკის თასის ნახევარფინალები გაიმართება 5 და 6 ივლისს ნილტონ სანტოსის სახელობის სტადიონზე რიო-დე-ჟანეიროში და მანე გარინჩას სახელობის სტადიონზე დედაქალაქ ბრაზილიაში (9 ივლისს აქვე გაიმარჩება მატჩი მესამე ადგილისთვის); ფინალური მატჩი ჩატარდება 10 ივლისს სტადიონ “მარაკანაზე” რიო-დე-ჟანეიროში.

* სამხრეთ ამერიკის პირველ ტურნირს (არ აღიარებს კონმებოლი) ეწოდებოდა “მაისის რევოლუციის ასწლეულის თასი”, რომელიც ჩატარდა არგენტინაში 1910 წელს. კონმებოლის მიერ აღიარებული პირველი ჩემპიონატი კვლავ არგენტინაში გაიმართა და ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა. ჩემპიონატში 4 გუნდი მონაწილეობდა: არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი და ჩილე.

* ტურნირის ისტორიაში პირველი მატჩი 1916 წლის 2 ივლისს გაიმართა ბუენოს-აირესში. ამ მატჩში ურუგვაის ნაკრებმა დაამარცხა ჩილეს ნაკრები _ 4:0.

* “კოპა ამერიკის” პირველი 10 ტურნირიდან 6 ურუგვაიმ მოიგო, შემდეგ უძლიერესები იყვნენ არგენტინელები _ 1920-1950-იან წლებში, მათ 11-ჯერ გაიმარჯვეს.

* ტიტულების რაოდენობით პირველია ურუგვაი _ 15 ჩემპიონობა, არგენტინამ ტურნირი 14-ჯერ მოიგო, ბრაზილიამ _ 9-ჯერ. პერუელები, პარაგვაელები და ჩილელები ორ-ორჯერ იყვნენ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონები, ბოლივიელები და კოლუმბიელები _ თითოჯერ.

* 1993 წლის ჩემპიონატში, რომელიც ეკვადორში გაიმართა, მონაწილეობდნენ მიწვეული ნაკრებები _ აშშ-ისა და მექსიკის..

* ტურნირის საუკეთესო ბომბარდირები არიან არგენტინელი ნორბერტო მენდესი და ბრაზილიელი ზიზინიო, რომლებმაც 17-17 გოლი გაიტანეს.

* ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პირველი ტიტული ერგო ურუგვაელ ისაბელინო გრაფინის.

* “კოპა ამერიკის” საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ორ-ორჯერ მოიგეს ურუგვაელმა ხოსე ნასარიმ და არგენტინელებმა _ მანუელ სეოანემ და ენცო ფრანჩესკოლიმ.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here