კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში მყოფი ქართველი მფრინავი, 42 წლის სოსო ოსორაული ცოცხალია.
დადასტურებული ინფორმაციით, სოსო ოსორაული ცენტრალური აფრიკიდან თბილისში მყოფ ოჯახის წევრებს მას შემდეგაც ესაუბრა ტელეფონით, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ის გარდაცვლილად არაერთხელ გამოაცხადა.
სოსო ოსორაულის ახლობლების ინფორმაციით, ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია რამდენიმე კვირის წინ შედგა, რის შემდეგაც მისი ძმა, გიორგი ოსორაული კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი, ის პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა გიორგი უკვე გერმანიაში იყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარი ნარჩემაშვილის განმარტებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია, გუშინ გავრცელდა, რის შემდეგაც სამინისტრო ოჯახთან დაკავშირებას ცდილობს.
41 წლის სოსო ოსორაული ერთი წელია, რაც კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენი, რომელსაც სოსო ოსორაული მართავდა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 2017 წლის 27 იანვარს ჩამოვარდა.
სოსო ოსორაულის ტყვედ ჩავარდნაზე ინფორმაცია უფლებადამცველმა დავით ნემსაძემ Facebook-ზე 2017 წლის 22 თებერვალს გაავრცელა.
წყარო:reginfo