ყაზახეთში ამა წლის 2 იანვარს საწვავის გაძვირების საბაბით ფერადი რევოლუცია დაიწყო, რაც 6 იანვარს ხელისუფლების ორგანოებზე შეიარაღებულ ტერორისტულ თავდასხმაში გადაიზარდა. 8 იანვარს ყაზახეთის ხელისუფლების თხოვნით, კოლექტიური უსაფრთხოჰების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციის (“ОДКБ”. ამჟამად ამ ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) სამხედრო ქვედანაყოფები ყაზახეთში შევიდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები იქნა გამოყენებული მონაწილე ქვეყნის მოთხოვნით. მათ ვითარება უსწრაფესად დაარეგულირეს და 15 იანვარიდან ყაზახეთიდან გასვლა დაიწყეს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გააქტიურებამ და ამ ორგანიზაციის ფრიად ეფექტურმა მოქმედებამ ძალიან გააღიზიანა ამერიკაც და ევროპაც. რა შეძლო “ОДКБ”-მ, რა იყო ამერიკისა და ევროპის გაღიზიანების მიზეზი; რა როლი აქვს მსოფლიოს გეოპოლიტიკურ პროცესებში რუსეთის სახელმწიფოს _ ამ და სხვა საინტერესო თემებზე პოლიტოლოგი რევაზ კილასონია გვესაუბრება.
_ პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიქმნა კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაცია “ოდკბ”. ყაზახეთში მისი ჩარევა იყო პირველი პრეცენდენტი. ის შევიდა იმ ქვეყანაში, რომელიც აღნიშნული გაერთიანების წევრია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახეთში “ოდკბ”-ის სამხედრო ქვედანაყოფები არ შესულან თავიანთი გადაწყვეტილებით, ორგანიზაციას ყაზახეთის ხელისუფლებამ მიმართა დახმარებისთვის.
ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები ძალიან შემჭიდროებულ ვადებში, თითქმის რამდენიმე საათში მობილიზებული შევიდნენ ქვეყანაში და ვითარება რამდენიმე დღეში განმუხტეს. არადა, ყაზახეთი არ არის პატარა ქვეყანა. რუსეთი იქ შევიდა, ძალიან დაძაბული ვითარება განმუხტა და უკან გაბრუნდა. ახლა გავიხსენებ ყველაზე საინტერესო მომენტს ამერიკელების საუბრებიდან “ოდკბ”-ის ყაზახეთში შესვლაზე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა: “როდესაც რუსეთის ჯარები შედიან ამა თუ იმ ქვეყანაში, იმ ტერიტორიას ისინი დიდი ხნის განმავლობაში არ ტოვებენ”. აღმოჩდა, რომ 15 იანვარს, სულ რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც ვითარება დასტაბილურდა, “ოდკბ”-მ ყაზახეთიდან ჯარები გამოიყვანა.
ახლა ბლინკენის ზემოაღნიშნული განცხადების საპასუხოდ ვიტყვი, რომ ყაზახებმა, თვითონ ყაზახეთის ხელისუფლებამ ითხოვა დახმარება, მათ თავს არავინ დასხმია. შევიდნენ დასახმარებლად, განმუხტეს სიტუაცია და გამოვიდნენ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარებმა ყაზახეთი ძალიან დიდ ტრაგედიას აარიდეს. ვითარება დღეს სტაბილურია და “ოდკბ”-ის ჩარევას აღარ საჭიროებს, ამიტომ ჯარი უკან დაბრუნდა.
რაც შეეხება ნატოს ჯარებს, ისინი “დროებით” შევიდნენ ავღანეთში და თითქმის ოცი წლის განმავლობაში იყვნენ იქ. გარდა ამისა, თუ სწორად მახსოვს, ავღანეთის მთავრობას მათთვის დახმარება არ უთხოვია, არ უთხოვია ნატოსთვის, მოდი, დამიპყარი და მერე აქედან აღარ წახვიდეო. ნატოს ჯარმა სერბეთი დაბომბა და დიდი მსხვერპლი გამოიწვია. საგაზეთო ფორმატი საკმარისი არ იქნება ნატოს ჯარების “გმირობაზე” სასაუბროდ.
მაინტერესებს ერთი რამ: ნატოს ჯარები შედიოდნენ რომელიღაც ქვეყანაში, მართალია, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით, მაგრამ ამ ყველაფერში რატომ იყო ჩართული საქართველო?! ჩვენ რატომ ვიყავით ნატოს ჯარებში?! ქართველი ჯარისკაცების ნატოს მისიებში სამხედრო მონაწილეობა ყოვლად გაუგებარია.
ახლა, როდესაც “თალიბანმა” ავღანეთში ხელში აიღო ქვეყნის მმართველობა, როგორ უნდა ელაპარაკოს ჩვენი ქვეყანა მათ? ისინი ხომ ხელისუფლებაში არიან და, გვინდა თუ არა, მათ ისე უნდა ვესაუბროთ, როგორც სახელმწიფოს მეთაურებს. საინტერესოა, თავს რით ვიმართლებთ?! თანაც, “თალიბანს” ტერორისტები ამერიკამ უწოდა, თუმცა, როგორც გაირკვა, იდენტობისთვის იბრძოდნენ… ისინი კარგები არიან თუ ცუდები, ჩვენი საქმე არ არის. მათ დღეს ამერიკაც ესაუბრება და ევროპაც. შესაბამისად, ჩვენც მოგვიწევს მათთან საუბარი და თავს რით ვიმართლებთ? ამ შეკითხვას ყოველთვის დავსვამ, რადგან ძალიან რთული იქნება იმის ახსნა, რა გვინდოდა და რას ვაკეთებდით ავღანეთში. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენსა და ავღანელებს შორის საქმე კონფროტაციამდე არ მივა…
_ იზარალა თუ არა ყაზახეთმა ქვეყანაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შესვლით? ეს შეკითხვა იმიტომ დავსვი, რომ დასავლეთი, მათ შორის ჩვენი ოფიციოზიც, შეშფოთებულია ამ გაერთიანების ჩარევით ყაზახეთის საშინაო საქმეებში…
_ ჩვენი ტელევიზიები, სამწუხაროდ, ისე წარმოაჩენდნენ ვითარებას, თითქოს რუსეთი შევიდა ყაზახეთში და არა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ჯარები; არც იმაზე საუბრობდნენ, რომ ყაზახეთმა თვითონ სთხოვა “ოდკბ”-ს დახმარება; ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამას ვითომ სამთავრობო ტელევიზიები გადმოსცემდნენ.
ჩვენი ტელევიზიები და არ მხოლოდ ისინი, აგრეთვე, ძალიან ბევრი საინფორმაციო სააგენტო და პრესაც პოლიტიკურ პროცესებს ობიექტურად არ აშუქებენ. გასაგებია, რომ გარკვეული იდეოლოგიური ხაზის გამტარებლები არიან და სხვანაირად საუბარი, ანუ სიმართლის თქმა აკრძალული აქვთ, მაგრამ ხომ არსებობს ჟურნალისტური ეთიკაც?! ქართული საინფორმაციო საშუალებები, 30 წელიწადია, მონობაში არიან…
საბედნიეროდ. არსებობს ამ ქვეყანაში რამდენიმე პატარა, მაგრამ მაინც ობიექტური გამოცემა თუ ტელევიზია, რომლებიც სიმართლეს ამბობენ და ერთ-ერთი მათგანია გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”. მართალ სიტყვას არ აქვს ფართო არეალი. ტელევიზიების უმრავლესობა ცუდ ან ძალიან ცუდ კონტექსტში მოიხსენიებს რუსეთს და ამ ქვეყნის მოქმედებებს. მათ არ აქვთ ობიექტურად შეფასების საშუალება, ვალდებულნი არიან, ლანძღონ რუსეთი და არ დაინახონ, რა მოხდა და როგორ დადებითად განვითარდა მოვლენები იქ, სადაც რუსეთი შევიდა. მათი ვალია, ლანძღონ მეზობელი. არადა, რეგიონში სტაბილურობა რომ არის, სწორედ რუსეთის დამსახურებაა, მაგრამ ამას “ვერ” ხედავენ, რადგან დავალება აქვთ ასეთი.
საქართველოში არ საუბრობენ იმაზე, რომ ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რომ არ შესულიყო, გაცილებით მეტი მსხვერპლი იქნებოდა და ქვეყანაში ძალა-უფლებას ტერორისტები ჩაიგდებდნენ ხელში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამით დასავლეთისა და ამერიკის განაწყენება არ სურთ.
_ ჩვენ ვამბობთ “ამერიკის დაკვეთა”, “დაკვეთა უცხოეთიდან”… რამ გააღიზიანა ამერიკა და ევროპა? რატომ მართავენ შეხვედრას შეხვედრაზე რუსეთთან?
_ ბოლო რამდენიმე კვირაა, რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკასა და რუსეთს, ნატოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების პრობლემებზე.
10 იანვარს რუსეთ–ამერიკის მოლაპარაკება იყო დანიშნული, მანამდე კი არეულობა დაიწყო ყაზახეთში, სადაც უსწრაფესად შევიდნენ “ოდკბ”-ის ძალები, რამაც ყაზახეთში ვითარება განმუხტა. ამ გარემოებამ რუსეთს მისცა საშუალება, დაეცვა პოზიციები, თანაც ძალიან საფუძვლიანად და მყარად. რუსეთმა ასევე მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ის არის რეგიონში სტაბილურობის გარანტი. სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა ამერიკა. 10 იანვრის მოლაპარაკებაზე უპირატესობა რუსეთს ჰქონდა. დივიდენდებსა და პოლიტიკურ სარგებელზე საუბრის საშუალება რუსეთს უფრო ჰქონდა, ვიდრე ამერიკას.
_ ყაზახეთში არეულობის დაწყება პროვოცირებული იყო?
_ თვითონ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყაზახეთში ვითარების ესკალაცია როგორც რუსეთს, ისე ამერიკას დააბრალეს, იყო საუბარი უცხო ქვეყნებში მომზადებულ “ბოევიკებზეც”.
_ ფაქტია, რომ რუსეთი “ჟანგიანი ტანკების” იმედად არ ყოფილა და მას საკმაოდ დიდი ძალა აქვს; ასევე გამოჩნდა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკის ჩარევა უკვე არც ისე ადვილია…
_ თუკი ამერიკის გაღიაზიანებაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მიზეზი ამერიკელების გაღიაზიანებისა სწორედ ის არის, რომ რუსებს რამდენიმე საათში შეუძლიათ მძიმე ტექნიკის გადაყვანა ერთი ქვეყნიდან მეორეში თვითმფრინავებით. რუსეთი მობილიზებული ქვეყანაა. ეს აღიზიანებს ამერიკას, მათ ოკეანის გაღმიდან ამის გაკეთება არ შეუძლიათ.
რუსეთისთვის პოსტსაბჭოთა სივრცე ისტორიული გარემოა და ის რჩება ამ ისტორიულ გარემოში წამყვან ძალად. მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა, სხვა საკითხია, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი