თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია ქოქიაშვილმა კლინიკა “ლანცეტის” დირექტორი ფარმან ჯეირანლი დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ ფარმან ჯეირანლი წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდში გაამტყუნა და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
რაც შეეხება სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას, ამ ეპიზოდში ჯეირანლი გამართლდა.
კლინიკა “ლანცეტის” დირექტორს ფარმან ჯეირანლის პროკურატურა პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებოდა.
საქმე 2016 წელს კლინიკაში ჩატარებულ ღვიძლის ტრანპლანტაციის ორ ოპერაციას ეხება, რომლის შედეგადაც ორივე პაციენტი გარდაიცვალა.
გამოძიების თანახმად ოპერაციის ჩატარებამდე, შპს ,,ლანცეტის“ დირექტორი ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. გარდა ამისა გამოძიების ინფორმაციით ტრანსპლანტაციის ოპერაცია აზერბაიჯანიდან მოწვეულმა ექიმმა ჩაატარა, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა.
აღნიშნული ექიმის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.