9 სექტემბერს ფხენიანში ჩატარდა კორეის სახალხო–დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი. საზეიმო ღონისძიებაზე გამოიყვანეს საარტილერიო დანადგარები, ტანკები და სამხედრო ტექნიკის მრავალი სახეობა, მაგრამ არ უჩვენებიათ, შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები. კსდრ–ის ლიდერი კიმ ჩენ ინი დაესწრო სამხედრო აღლუმს, მაგრამ სიტყვით არ გამოსულა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა რუსეთის სათათბიროს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო, აგრეთვე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები.
ვალენტინა მატვიენკომ კიმ ჩენ ინს გადასცა ვლადიმერ პუტინის მიწვევა, ესტუმროს რუსეთს ვიზიტით, რომელიც კიმ ჩენ ინმა მიიღო. ვალენტინა მატვიენკოს თქმით, “კიმ ჩენ ინმა განაცხადა: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ თანამშრომლობის სტრატეგიასა და პერსპექტივაზე, აგრეთვე, უამრავ საკითხზე, რომლებიც დგას საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში”.
ფხენიანს განზრახული აქვს, იაროს დენუკლეარიზაციისა და ორი კორეის გაერთიანების გზით. ამასთანავე, დამუშავების პროცესშია რამდენიმე ერთობლივი პროექტი რუსეთთან ერთად, მათ შორის, გაზსადენის გაყვანის, ელექტროენერგიის გადაქაჩვისა და სარკინიგზო მაგისტრალების განვითარების.
ექსპერტთა აზრით, ისტორიული წინაპირობების გათვალისწინებით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე აშშ-ისა და კსდრ-ის სამიტი, რომელიც 2018 წლის 12 ივნისს გაიმართა. ამ სამიტზე იმსჯელეს კორეის ბირთვულ განიარაღებაზე, ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც ვაშინგტონმა ფხენიანს უსაფრთხოების გარანტიები მისცა. საპასუხოდ, კსდრ-მ კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის ვალდებულება დაიკისრა.