Home სხვადასხვა დაიჯესტი კიმი თავისას არ იშლის, ტრამპი უძლურია

კიმი თავისას არ იშლის, ტრამპი უძლურია

Times: ჰანოის სამიტი ბირთვული საწარმოს დახურვის მოთხოვნის გამო ვადამდე დასრულდა

946
კიმი თავისას არ იშლის, ტრამპი უძლურია

27-28 თებერვალს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გაიმართა სამიტი _ ამერიკის შეერთებული შტატებიკორეის სახალხოდემოკრატიული რესპუბლიკა. 27 თებერვალს ერთმანეთს შეხვდნენ ამ ორი ქვეყნის ლიდერები. შეხვედრა 2,5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა იმსჯელეს შეთანხმების შედეგებზე, რომელსაც მიაღწიეს გასული წლის ივნისში სინგაპურში გამართულ მოლაპარაკებებზე.

“აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და კსდრ-ის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ჰანოის სამიტზე, მაგრამ გამართეს კონსტრუქციული შეხვედრა”, _ განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა და დასძინა, რომ მხარეებმა იმსჯელეს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის გზებზე და “ელოდებიან მომავალ შეხვედრებს”.

პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმაც დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები იყო “პროდუქტიული, თუმცა, მისი თქმით, აშშ-კსდრ-ის ახალი სამიტი შეიძლება კარგა ხანს არ გაიმართოს.

“ამის მიუხედავად, აშშ არ გეგმავს ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას”, _ განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონის წარმომადგენლებმა შეიძლება ჩაატარონ კსდრ-ის ბირთვული ობიექტების ინსპექცია, ამისთვის აშშ-ს აქვს ყველა საჭირო ტექნოლოგია.

კიმ ჩენ ინმა, თავის მხრივ, კვლავ დაადასტურა მზადყოფნა, კსდრ-ში ჩატარდეს დენუკლეარიზაცია და მიესალმა ამერიკელთა საკოორდინაციო ბიუროს გახსნას ფხენიანში.

შეხვედრა ჰანოიში დაგეგმილზე ადრე დასრულდა. მხარეებს ერთობლივ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ.

ბრიტანული გამოცემა The Sunday Times-ის ინფორმაციით, ჰანოიში აშშ-კსდრ-ს სამიტის ვადაზე ადრე დასრულების მიზეზი იყო ამერიკელთა მოთხოვნა, კორეას დაეხურა ფხენიანთან არსებული ურანის გამამდიდრებელი საწარმო.

გამოცემა იმოწმებს ლონდონში კსდრ-ს საელჩოს ყოფილ თანამშრომელს თხუ იონ ჰოს, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ თავშესაფარი მიიღო სამხრეთ კორეაში, ჰოს აზრით, მხარეებმა ურანის გამამდიდრებელი საწარმოს გამო ვერ მოაწერეს ხელი შეთანხმებას.

გაზეთი ვარაუდობს, რომ ლაპარაკია ობიექტზე, რომელიც თითქოს განლაგებულია კსდრ-ს დედაქალაქიდან რამდენიმე კილოეტრით დაშორებულ ქალაქ ჩხოლიმაში, მდინარე ტედონგანის ნაპირზე.

გამოცემის მონაცემებით, მოლაპარაკების მიმდინარეობისას აშშ-მა განაცხადა რომ მისთვის ცნობილია ამ საწარმოს შესახებ, და მოითხოვა მისი ლიკვიდაცია, მაგრამ, მას შემდეგ, რაც კსდრ-ს ლიდერმა კიმ ჩენ ინმა უარი განაცხადა, მოლაპარაკებები შეწყდა.

ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ში გაფრინდა, კიმ ჩენ ინმა კი განაგრძო ვიზიტი ვიეტნამში.

თჰე შუნდაყ თიმეს-ის მიმომხილველის აზრით, აშშ დიდი ხანია, ვარაუდობდა, რომ კსდრ-ში მუშაობდა ურანის გამამდიდრებელი კიდევ ერთი საწარმო. ასეთი ქარხნის ადგილმდებარეობის შესახებ დასკვნა თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვით გააკეთეს ქალაქ მონტერეის (კალიფორნიის შტატი) მიდლბერის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტებმა.

სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას იონბენში ბირთვული ობიექტის ლიკვიდაციის სანაცვლოდ სურდა, ყველა სანქციების გაუქმებისთვის მიეღწია, მაგრამ აშშ-ს ასეთი ვითარება ხელს არ აძლევს. თავის მხრივ, კსდრ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი იონ ჰომ განაცხადა, რომ ფხენიანმა მოლაპარაკებებზე ამერიკელებს შესთავაზა სანქციების არა სრულად, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ გაუქმება. კსდრ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, აგრეთვე აღნიშნა, რომ სანქციების ნაწილობრივ გაუქმების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს შესთავაზა იონბენში არსებული ყველა ბირთვული ობიექტის ლიკვიდაცია, ბირთვული და სარაკეტო ცდების შეწყვეტა შესაბამისი წერილობითი გარანტიით.

კსდრ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კსდრ-ს ეს პოზიცია არ შეიცვლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ ახალ მოლაპარაკებებს შესთავაზებს.

საომარ მდგომარეობაში

1950-53 წლების ომის შემდეგ კსდრ და აშშ ფორმალურად საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან მათ მხოლოდ დროებით ზავზე აქვთ ხელი მოწერილი. ქვეყნები ცდილობენ, მოილაპარაკონ კსდრ-ის დენუკლეარიზაციის ნაბიჯებზე, ურთიერთობის ნორმალიზებასა და ფხენიანისთვის სანქციების მოხსნაზე.

2018 წლის ივნისში სინგაპურში გაიმართა ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა, რომლის შედეგად ხელი მოეწერა “დაწვრილებით” დოკუმენტს. ამ დოკუმენტის მიხედვით, ვაშინგტონი ვალდებულია, უსაფრთხოების გარანტიები მისცეს კსდრ-ს, ფხენიანმა კი, თავის მხრივ, დაადასტურა ერთგულება სრული დენუკლეარიზაციის მიმართ.

ჰანოიში ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი უარს არ იტყვის კსდრ-ის დენუკლეარიზაციის პირობაზე.

გვერდი მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here