თბილისის კიკვიძის სახელობის პარკში გაიმართა ფაშიზმზე გამარჯვების დღის – 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მათ შორის, ევრაზიის ინსტიტუტისა და მოძრაობა „საქართველოს უკვდავი ჯარის“ მიერ.
პარკში იმყოფებოდნენ დიდი სამამულო ომის ვეტერანები: არსენ აფხაზაშვილი, ალექსანდრე კერძიკოვი, ვალოდია უგულავა, ვახტანგ ადამაშვილი, გიორგი დეკანოსიძე, ლუიზა შმუნიაკი, ვლადიმერ ტაბაღუა.
გულბაათ რცხილაძემ, ვეტერანებს და დამსწრე საზოგადოებას, ათეულობით ადამიანს, გააცნო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მილოცვა ქართველი ვეტერანებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი.
გთავაზობთ ამ მიმართვას:
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვ.ვ. პუტინის,
მისალოცი გზავნილი
დიდი სამამულო ომის ვეტერანებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი
ძვირფასო ვეტერანებო!
პატივცემულო საქართველოს მოქალაქენო!
გულითადად გილოცავთ ჩვენს საერთო დღესასწაულს – დიდი გამარჯვების 80 წლისთავს.
ამ საიუბილეო თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთისა და საქართველოს ხალხებისთვის.
ჩვენს ქვეყნებში არასოდეს დაივიწყებენ დიდ გმირობებს და უმძიმეს განსაცდელებს, რომლებიც დაატყდა თავს გამარჯვებულთა თაობას – ჩვენს მამებსა და ბაბუებს, რომლებიც მამაცურად მხარდამხარ იბრძოდნენ დამპყრობლების წინააღმდეგ ფრონტზე და დაუღალავად შრომობდნენ ფრონტის ზურგში, აახლოებდნენ ნაციზმზე გამარჯვებას.
დღეს ჩვენი წმინდა მოვალეობაა – შევინარჩუნოთ და გადავცეთ ჩვენს შთამომავლებს ჩვენთვის ნაანდერძევი მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კეთილი ტრადიციები, არ დავუშვათ ჩვენი საერთო ისტორიის დიდებული ფურცლების დავიწყება და შუღლის დათესვა რუსეთისა და საქართველოს ხალხებს შორის.
მთელი სულით გისურვებთ თქვენ, პატივცემულო ვეტერანებო, ჯანმრთელობას, სულიერ სიმხნევეს და დღეგრძელობას, საქართველოს ყველა მოქალაქეს კი მშვიდობას, კეთილდღეობასა და უზრუნველყოფილ ცხოვრებას.
ვ.პუტინი
ქ.მოსკოვი, კრემლი
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინი ქართველ ხალხსა და ქართველ ვეტერანებს ყოველი წლის 9 მაისს ულოცავს ფაშიზმზე გამარჯვებას.
ევრაზიის ინსტიტუტის წევრებმა მოაწყეს დიდი სამამულო ომის ამსახველი ფოტოექსპოზიცია, ყვავილებით შეამკეს საბჭოთა კავშირის გმირების – მელიოტონ ქანთარიასა და პორფირე ჩანძიბაძის მემორიალური ბიუსტები, გაიმართა „საქართველოს უკვდავი ჯარის“ მსვლელობა.

