ბოლო დღეებია, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობა განხილვის მთავარი თემაა. რიგით ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, მოისმინონ, რა ხდებოდა 2008 წლის ომამდე, ომის პერიოდში და მას შემდეგ, რაც სარდლობამ ფრონტის ხაზიდან „საკუთარ ცხენებს გამოასწრო“. მთხრობელები კი ის ადამიანები არიან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებელნი თითოეული ჯარისკაცის სიცოცხლეზე, მოსახლეობის უსაფრთხოებასა და კიდევ ბევრ რამეზე. რეალურად სწორედ ახლა ეფინება ნათელი იმას, რასაც საგულდაგულოდ მალავდნენ. ისე, სარდლები თუ პოლიტიკოსები ახლაც დამალავდნენ ბევრ რამეს და ცდილობენ კიდეც, მაგრამ არის უნებლიე წამოცდენები, ქვეცნობიერი არ აძლევთ შესაძლებლობას, სხვაგვარად თქვან თუ ქნან და…
ჯერჯერობით ყველაზე საინტერესო ორი გენერლის – ზაზა გოგავასა და მამუკა ყურაშვილის – დაკითხვა იყო. ორივე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ქომაგი გახლდათ, მაგრამ მიმდინარე წლის თებერვალში პარტია ორივემ დატოვა. ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ აქ პარტიული ინტერესები არ დაგვეცვა და ყველაფერი გულწრფელად მოგვეყოლაო. ეს ნაკლებად დასაჯერებელია – შეუძლებელი და წარმოუდგენელია, ერთი თვის წინათ კონკრეტული პარტიის წევრი იყო, მის ინტერესებს იცავდე და ერთი თვის შემდეგ ამტკიცებდე, ობიექტური ვარ და პარტიასთან არაფერი მაკავშირებსო; თანაც იმ პარტიასთან, რომელსაც მანამდე ერთგულად ემსახურე და სამსახური განაგრძე მას შემდეგაც, რაც 2008 წლის ომში სარდლობა თავზე გადაგახიეს, ვიღაც პოლიტიკოსები გაძლევდნენ მითითებებს და „გიგი უგულავასთვის კონსერვების გამხსნელ ხელისბიჭად“ გაქციეს. ისე, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ მამუკა ყურაშვილმა თავის დროზე თქვა, კოდორის ხეობის დატოვება სამშობლოს ღალატი იყოო…
„მე მევალებოდა კოდორის ხეობის მოსახლეობის გაფრთხილება, მაგრამ ერთი კაცი ვიყავი და ეს ვერ შევძელი“,- ახლა განაცხადა ზაზა გოგავამ და საინტერესო, იცით, რა არის? ორივე გენერალი ამბობს, ერთმანეთის სიტყვებს ბოლომდე ვეთანხმებითო, ანუ გოგავა აღიარებს, რომ სამშობლოს მოღალატეა, ყურაშვილი კი ცდილობს, ომი რუსებს დააბრალოს, მაგრამ საკუთარ განცხადებებში ისე იხლართება, ამ საქმიდან ჯერჯერობით არაფერი გამოდის. ყურაშვილმა ვერ „გააპრავა“ ის, რომ კონკრეტული სოფლების სანახავად ევროპელი ელჩები არ გაჰყვნენ და მერე თქვა, – რუსეთის ელჩმა თქვა უარი და იმიტომო. ანუ, იქ იყო ათი ევროპული სახელმწიფოს ელჩი და იყო რუსეთის ელჩი. ამ ერთმა თქვა არა და დანარჩენებმა კვერი დაუკრეს. ბარაქალა მაშინ იმ ერთს, ამდენი ელჩი თუ თავის ჭკუაზე ატრიალა. აქეთ კიდევ გოგავა ამბობდა: ომი რუსებმა დაიწყეს, მაგრამ პირველი გასროლის ბრძანება სააკაშვილისგან პირადად მივიღეო. ანუ, სააკაშვილმა ისროლა პირველმა, მაგრამ ომი დაიწყეს რუსებმა. საერთოდ, გენერლები ცდილობდნენ, ეთქვათ ყველაფერი, მაგრამ ეთქვათ ისე, რომ ყველაფერში დამნაშავე რუსეთი ყოფილიყო, სააკაშვილი კი წარმოჩენილიყო წამებულ გმირად, თუმცა ორივეს მოუწია იმის აღიარება, რომ ნახეს, როგორ ჩაიტანეს დროშები და ტრიბუნა გორში, რათა პრეზიდენტს იქ ბრიფინგი გაემართა და ომში გამარჯვება საზეიმოდ ემცნო ქვეყნისთვის. ორივემ აღიარა ისიც, რომ გორში გაქცეული და მიწაზე მფორთხავი სააკაშვილის ხილვამ ჯარზე ცუდად იმოქმედა; ცუდად იმოქმედა იმანაც, რომ ჯარისკაცებში ძალიან მალე გავრცელდა ინფორმაცია, გენერალიტეტი გაიქცაო. გოგავასა და ყურაშვილს არ უთქვამთ, რომ უკან დახევისას, როცა ცაზე რუსული მოიერიშე თვითმფრინავები გამოჩდნენ, მეთაურები გზაზე დაგდებულ მილში შეძვრნენ, ხოლო, როცა ჯარისკაცმაც დააპირა შეძრომა, ხელი ჰკრეს, თათბირი გვაქვს, აქ ნუ მოდიხარო…
კომისიამ დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს და რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართოს. გვჯერა, რომ მიზანი იმ წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ ძალად გამოცხადებასა და მის აკრძალვას გულისხმობს. მერე რა, რომ კომისიაზე ბევრი არ მიდის; მერე რა, რომ ისინი უარს აცხადებენ. მათ ან მისვლა მოუწევთ, ან პასუხისგება, თანაც ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ სათქმელი, უბრალოდ, არაფერი აქვთ და ამ ერთგვარი პროტესტით თავიანთი დანაშაულის მიჩქმალვას ცდილობენ. ამ კომისიაზე არ განიხილება მხოლოდ ომის ამბები. იქ იბარებენ დაზარალებულ ბიზნესმენებს, რომლებსაც ქონება წაართვეს; სამწუხაროდ, ვერ დაიბარებენ ასეულობით ადამიანს, რომლებიც რეჟიმმა იმსხვერპლა; ვერ დაიბარებენ სერგო თეთრაძეს, სანდრო გირგვლიანს, ბუტა რობაქიძესა და სხვებს…
დიდია ალბათობა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და ახლა „მამალი ნაცები“ ამბობენ, ამას ვერ გააკეთებენ, რადგან ეს არამხოლოდ პოლიტიკური ძალა, არამედ იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანთა კავშირია, რომლის დანგრევაც შეუძლებელიაო. რომელი იდეის? რომლის განხორციელებისას ქართველ ერს გენოციდი რომ მოუწყვეს, ერთი კაცის ვნებების დასაკმაყოფილებლად ბიუჯეტიდან მილიონები რომ იხარჯებოდა?
მედალს მეორე მხარეც აქვს, – ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინაში 11 ოპოზიციური პარტია გამოაცხადა უკანონოდ და მათ საქმიანობა აუკრძალა. ამის გამო უკრაინის პირველი პირი არავის გაუკრიტიკებია, მეტიც, დასავლელმა პარტნიორებმა ტაშიც კი დაუკრეს. იგივე გააკეთა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელმაც მთავარი კონკურენტი პარტია „შორი“ აკრძალა და საქმიანობის უფლება შეუჩერა… არც სანდუსთვის უთქვამთ რამე, აქ კი უკვე გაჰკივიან, ეს დიქტატურა იქნებაო. ანუ, ზელენსკი და სანდუ დემოკრატები არიან, ხოლო, როცა ანალოგიურს საქართველოში აკეთებ, დიქტატორი ხარ. პარტიებს ვინ ჩივის, მოლდოვასა და უკრაინაში არაერთი გამოცემა აიკრძალა და არაერთი ტელევიზია დაიხურა, აქაოდა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენო. ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება ისეთი უნდა, აქაური ოპოზიციური არხები თუ გამოცემები რომ აკეთებენ, მაგრამ საქართველოში ამას სიტყვის თავისუფლება დაარქვეს.
რატომღაც გვგონია, რომ მთავარი დაკითხვები წინ გველის და კომისია კიდევ ბევრ რამეს გამოააშკარავებს; გვგონია, რომ სიმართლეს, თუნდაც ბოლომდე უთქმელს, მაინც შევიტყობთ და მიახლოებით მაინც გვეცოდინება ის, რასაც ნაციონალები საგულდაგულოდ მალავდნენ და დღემდე მალავენ. ისინი თავის გადასარჩენად ყველაფერზე რომ არიან წამსვლელნი, იქიდანაც ჩანს, რომ პარტიის თავმოჯდომარე თინა ბოკუჩავამ ამაყად განაცხადა, მიშა სააკაშვილის მითითებით სახელმწიფოსგან არაფერი მიმიღიაო. არადა, არსებობს ოფიციალური ბრძანება, ხელმოწერილი და დამტკიცებული, რომელშიც წერია, რომ ბოკუჩავამ სახელმწიფოსგან საჩუქრად იმხანად ბოლო მოდელის „აიფონი“ მიიღო. ვიღაცებს სამკაულები ერგოთ, ვიღაცებს – მშობლების სამოგზაურო ბილეთები და ასე, სახელმწიფოს ხარჯზე, „გულაობდნენ“ დიქტატორის ფავორიტი ქალები და მათი ახლობლები. საოცარი ის არის, რომ ეს ადამიანები ამბობენ, კი, ასე იყო და მერე რაო? ნაცებისგან განსხვავებით, ამჟამად არავის უვარდებიან საძინებელში, ყველას თავის საქმე და ცხოვრება აქვს, მაგრამ სახელწიფოს ხაჯრზე სიამოვნების მიღება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, მაგრამ მათ უხერხულობის განცდა მაშინ დაკარგეს, როცა მიშა დემოკრატიის შუქურად იყო გამოცხადებული და ყველაფრის უფლება ჰქონდა.
კითხვას – უნდა აიკრძალოს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, პასუხი საქართველოს მოსახლეობამ ბოლო არჩევნებზე გასცა. ეს იყო მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება და, იმის მიუხედავად, რომ ბევრს ეს სასჯელი დაგვიანებული ჰგონია, მაინც უნდა… სამართალი ურმით დადისო, ხომ გაგიგონიათ და, როგორც იქნა, მივიდა დანიშნულების ადგილამდე. რაც შეეხება დასავლეთს… ისინი ვერ ხედავენ ასიათასიან აქციებს, მაგალითად, თურქეთში, საქართველოში კი ორი ათასამდე პარტიული აქტივისტი (ჭიჭე ვაშაძემ აღიარა, პარტაქტივი დადის აქციებზეო) რომ გამოვა ქუჩაში, მაშინვე მხარდაჭერას უცხადებენ და ისე საუბრობენ, თითქოს მთელი საქართველოა გამოსული საპროტესტო აქციაზე. თქვენ თავისი ინტერესების დასაცავად გამოსული საქართველო არ გინახავთ, ბატონებო, და რა შეუძლია ამ ერთ მუჭა ერს, საქმე საქმეზე როცა მიდგება, მართლა გაჩვენებთ.
ლევან გაბაშვილი