Home ახალი ამბები საქართველო კიევში სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

კიევში სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

კოხტა კოდუა

უკრაინის დედაქალაქში სამეგრელოზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე კოხტა კოდუა დააკავეს, რომელსაც გვიდი კვაჭახიას სახელზე გაცემული პასპორტი აღმოაჩნდა.

კოხტა კოდუას დაკავების შესახებ ინფორმაცია Front News International-ს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს, კოხტა კოდუას, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების 9 წლით აღკვეთა.

2013 წლის 15 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს მიწაში დამარხული რვა კასრი, რომლებშიც აღმოჩნდა დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებები და ვიდეოფირები წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ჩანაწერებით.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჩანაწერებზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წელს ორ პიროვნებას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება _ ისინი მიიყვანეს ზუგდიდის რაიონის ტყეში სპეციალურად მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში, სადაც შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მეგის ქარდავამ, ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა კოხტა კოდუამ, დავით ჩაგინავამ, თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კობა თოდუამ და თეიმურაზ უბირიამ გამოგონილი ტერორისტული აქტის მომზადებაზე აღიარების მისაღებად სასტიკად სცემეს, გააშიშვლეს, დააბეს მაგიდაზე და აწამეს. ამის შემდეგ აღნიშნული პირების ბოლომდე გატეხვის მიზნით მათზე განხორციელდა გაუკუღმართებული სექსუალური აქტი. ამ სასტიკ ძალადობრივ ქმედებებს ვიდეოკამერით იღებდა კოხტა კოდუა.

მისივე ცნობით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარის მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი თერთმეტი პირი, მათ შორის, კოხტა კოდუა, რომელსაც სასჯელის ზომად 9 წლით პატიმრობა განესაზღვრა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here