Home რუბრიკები პოლიტიკა კიდევ რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ საბოლოოდ დავინახოთ ევროპისა და ამერიკის სახე?

კიდევ რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ საბოლოოდ დავინახოთ ევროპისა და ამერიკის სახე?

2271
კიდევ რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ საბოლოოდ დავინახოთ ევროპისა და ამერიკის სახე?

რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ კორონავირუსის არ გვეშინია და ქვეყანა ამ გამოწვევას უმკლავდება, ფაქტია _ პანიკის სერიოზული ნიშნები შეიმჩნევა და საკმარისია კიდევ ერთი მცირე ბიძგიც კი, რომ უმართავი ვითარება შეიქმნას. უმართავ ვითარებაში იმას ვგულისხმობთ, რაც ჯერჯერობით მცირე მასშტაბით ხდება _ მაღაზიებში პროდუქტების დიდი რაოდენობით შეძენა, სოლიდური მარაგის გაკეთება და ფიქრი ცუდზე.

საქართველოს ხელისუფლებამ ორ მეზობელთან საზღვარი ჩაკეტა. საუბარია აზერბაიჯანსა და სომხეთზე, რომლებთანაც უახლოესი ათი დღის განმავლობაში ფიზიკური პირებისთვის საზღვარი ჩაკეტილი იქნება, ხოლო ტვირთები ჩვეულებრივად იმოძრავებს. არც მანამდე აკლებდნენ, მაგრამ აზერბაიჯანსა და სომხეთის საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ხმაური ატყდა, რუსეთთან რატომ არ ვკეტავთ საზღვარს, ხომ ფაქტია, რომ რუსები რეალურ სურათს მალავენ და მათ ქვეყანაში კორონავირუსი მძვინვარებსო.

დავიწყოთ იმით, რომ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა არ გვაქვს. ამას დავუმატოთ ისიც, რომ რუსეთში გამგზავრება სერიოზული პრობლემაა და ვისაც ჰგონია, ვირუსის შიშით რუსეთიდან საქართველოსკენ ხალხი დაიძვრება, ძალიან ცდება. რუსეთმა უკვე აღიარა ინფიცირების შემთხვევები, რაც რამდენიმე ათეულია, აღიარა ისიც, რომ 13 ათას ადამიანზე მეტი კარანტინში ჰყავს და რა უნდა თქვას და ქნას მეტი? თუ 13 ათასი ადამიანი ცოტაა?

გაუგებარია, რატომ ცდილობს ცალკე ოპოზიცია და ცალკე ხელისუფლება ყველაფრის მიბმას რუსეთზე. უფრო ზუსტად, იმ ყველაფრის მიბმას, რაც ცუდია, თორემ ჩვენი სახელმწიფოს სასიცოცხლო ორგანოები სწორედ რუსეთზე რომ არის მიბმული, ახლავე დაგიმტკიცებთ.

მთავარი საარსებო წყარო პურის ფქვილია და მისი 90% რუსეთიდან შემოდის. რუსეთიდან შემოდის ენერგომატარებლების უდიდესი ნაწილი. ამიტომ დაარტყა მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ რუსულ რუბლსა და ჩვენს ლარს, დანარჩენ ქვეყნებში კი ჯერჯერობით სერიოზული რყევები არ შეინიშნება. რუსეთი იძულებულია, საყოველთაო სანქციების ფონზე (ჩვენ რომ ძალიან გვიხარია და მხარს ვუჭერთ, იმ სანქციების), პროდუქტი გაყიდოს ნაკლებ ფასად, რათა იარსებოს. იმის გათვალისწინებით კი, რა დოზით ვართ მიბმული ჩრდილოელ მეზობელზე, ნებისმიერი დარტყმა, რომელსაც იღებს რუსეთი, ჩვენზეც გადმოდის. ექსპერტები არ მალავენ, რომ სწორედ ამ მიზეზით არ გაიაფდა ჩვენთან ნავთობპროდუქტები და ეს მაშინ, როცა ბარელი ნავთობის ღირებულება თითქმის სამჯერ შემცირდა.

ამჟამინდელ ვითარებას ისეთი პირი უჩანს, რომ ძალიან მალე ქვეყნები ერთმანეთთან ტვირთბრუნვასაც შეწყვეტენ, რაც საყოველთაო შიმშილს გამოიწვევს. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა ისეთი, რომელიც თავისი მოსახლეობისთვის საკმარის საკვებს აწარმოებს და, რაღა თქმა უნდა, ჩვენ მათ რიცხვში არ ვართ. ასეთივე დღეშია აზერბაიჯანი და სომხეთი. მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში მათ თავიანთი გაჭირვება ეყოფათ და ჩვენთვის არ ეცლებათ. ახლა, თუ ვინმეს სჯერა, რომ ევროპა და ამერიკა მოიკლებენ სარჩოს და ჩვენ გამოგვიგზავნიან, ძალიან გულუბრყვილო ყოფილა. რჩება ერთადერთი გზა _ ბოლომდე უნდა ჩამოვეკიდოთ ჩრდილოელ მეზობელს. იმ მეზობელს, რომლის უბედურებაც ძალიან გვიხარია ხოლმე. იმ მეზობელს, რომელიც არსებობისთვის საჭირო პურს გვაძლევს და მადლობასაც არ ვეუბნებით, მაგრამ ეს რომ არ გააკეთოს, მაშინ მონსტრი იქნება. რუსებს ვავალდებულებთ, უნდათ თუ არა, დაგვეხმარონ, ჩვენგან კი მხოლოდ ლანძღვა მიიღონ.

სხვათა შორის, რუსეთში კარანტინში მყოფი ადამიანების რიცხვმაც გამოიწვია აჟიოტაჟი. სოციალურ ქსელებში დაწერეს, 13 ათასი ცოტაა, სრულიად რუსეთი უნდა მოექცეს კარანტინშიო დაროცა ამას წერენ ადამიანები, არ ფიქრობენ, რომ ყველაზე დიდი ქართული დიასპორა რუსეთშია? არ ფიქრობენ, რომ იქ მილიონამდე ქართველი ირჩენს თავს და აქ, სულ ცოტა, ერთ ამდენ ქართველს არჩენს? თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარანტინში მყოფი იმ 13 ათასი ადამიანიდან ყველა ძირძველი რუსი იქნება და არც ერთი ქართველი? თუ იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, ქართველებად აღარ ვთვლით და რამე რომ დაემართოთ, არც მოვიკითხავთ?! ხელისუფლებაზეც ვთქვათ: ორი “ბოინგი” რომ გაგზავნა იტალიაში, არიქა, ჩემი თანამოქალაქეები უნდა ჩამოვიყვანო და ვუმკურნალოო, რუსეთში რომ გაეგზავნა თვითმფრინავები, რუსული მხარე უარს იტყოდა? არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი და საკუთარი მოქალაქეებისადმი სხვადასხვაგვარი მიდგომა? თუ ევროპელი ემიგრანტი ემიგრანტია და რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე _ მოღალატე? ვინმეს წამოცდა, ხალხო, რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, იქნებ რა უჭირთ, მივხედოთ, მოვიკითხოთო?! _ არავის, რადგან ეს მოღალატეობრივ მიდგომად ჩაითვლება და, საკმარისია, ერთი ქართველი მაინც გარდაიცვალოს რუსეთის ტერიტორიაზე, რომ მაშინვე თითს გავიშვერთ, ქართველი რომ იყო, იმიტომ მოკლესო. მანამდე კი არავის გვახსოვს, არავის გვჭირდება, იმიტომ, რომ თურმე მტრის ტერიტორიაზეა. ჰო, იმ “მტრის”, რომელზეც ჩვენი ეკონომიკა არის ჩამოკიდებული და თუ კარანტინი გამოვაცხადეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაშინ თითოეული ჩვენგანის სიცოცხლეც სწორედ რუსეთზე იქნება მიბმული, რადგან ამ ქვეყნისგან უნდა მივიღოთ საარსებოდ საჭირო პროდუქტები.

ის, რომ რუსეთში ფატალური შემთხვევა არ არის და ყველაზე დიდი მეზობელი არსებულ პრობლემას არცთუ ურიგოდ უმკლავდება, უნდა გვიხაროდეს. უნდა გვიხაროდეს თუნდაც იმიტომ, რომ ყველაზე დიდი მეზობლისგან საფრთხე არ გემუქრება. რუსეთს ძალიან რომ გაუჭირდეს, როგორ გგონიათ, ამ ქვეყნის ხელისუფლება სხვებზე დაიწყებს ზრუნვას თუ საკუთარ მოსახლეობაზე? რუსეთში ისეთივე რამ რომ მოხდეს, როგორიც, მაგალითად, იტალიაში, გგონიათ, ეს ჩვენზე დადებითად აისახება? რატომ ჰგონია ადამიანების გარკვეულ ჯგუფს, რომ დასუსტებული და ვირუსშეყრილი რუსეთი უფრო კარგია ჩვენთვის, ვიდრე ჯანმრთელი და ეკონომიურად ძლიერი? დაასახელეთ ერთი, ერთადერთი მაგალითი მაინც, რა გააკეთა ამ ეტაპზე ჩვენთვის ამერიკამ ან ევროპამ? გამამხნევებელი და მხარდამჭერი განცხადება მაინც გაგვახსენეთ?! ვერ გაიხსენებთ, იმიტომ, რომ არ თქმულა, არ გაკეთებულა, ნამდვილი სახე გამოაჩინა დასავლეთმა და დაგვანახვა, რომ საქართეველო არ ახსოვს მაშინ, როცა საყოველთაო გაჭრვებაა და ახსოვს მხოლოდ მაშინ, როცა სურს, ჩვენი ხელით რუსეთს დაარტყას. საკუთარი ხელით კი არა, ჩვენი ხელით, რადგან თვითონ ცდილობს, “შეუძვრესმსოფლიოს ყველაზე დიდ სახელმწიფოს, შემთხვევით რუსული ბაზარი რომ არ დაიხუროს ევროპული თუ ამერიკული პროდუქტებისთვის, შემთხვევით რუსმა ტურისტებმა უარი რომ არ თქვან მათ ქვეყანაში ჩასვლასა და ფულის ხარჯვაზე. ჩვენ კი ეს მოვახერხეთ და, თუ ვინმე გვკითხავს, ახლა რას აკეთებს ჩრდილოელი მეზობელი ჩვენთვისო, მარტივად ვუპასუხებთ _ პურს გვაჭმევს.

ვერ გეტყვით, კიდევ რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ საბოლოოდ დავინახოთ ევროპისა და ამერიკის სახე, რა უნდა მოხდეს იმაზე მეტი, რაც ახლა ხდება?! კიდევ გავიმეორებთ: არც ერთ მიმართვასა თუ განცხადებაში, ევროპის ქვეყნების არც ერთ ლიდერს არ უთქვამს, საქართველოს შესაძლოა, საკუთარი რესურსი არ ეყოს და, არიქა, ჩვენ დავეხმაროთო. პრაქტიკულად ყველა ევროპულმა ქვეყანამ და, რაღა თქმა უნდა, ამერიკამ, რამდენიმე საწარმოს მოდერნიზაცია მოახერხა და დეფიციტური პირბადეების წარმოება დაიწყო. შემოვიდა ჩვენთან მათი ნაწარმი? _ არა, რადგან არ აინტერესებთ, აქ ხალხს პირბადის დეფიციტი აქვს თუ წამლის, შია თუ წყურია ქართველ ერს. ხომ დაგვპირდა ხელისუფლება, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და უახლოეს დღეებში პირბადეები ყველა სააფთიაქო ქსელში ხელმისაწვდომ ფასად იქნებაო? ორი კვირა გავიდა ამის შემდეგ და შედეგი _ ნული. როცა საფრთხე გადაივლის, მაშინ მოგვაყრიან ჭარბ ნაწარმს, გვაყიდინებენ და შევინახავთ საწყობებში დასაობებლად, ევროპასა და ამერიკას რომ არ ეწყინოთ, მანამდე კი ბედის ანაბარა ვართ მიტოვებული და ეს არის ფაქტი.

ეს ვირუსი რომ გადაივლის, ექიმები არ უნდა გაჩერდნენ და ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლები სასწრაფოდ გადაიყვანონ საკარანტინო რეჟიმში. იქნებ გონს მოეგონ და კარანტინის გავლის შემდეგ ქვეყნის მომავალზე რეალურად იზრუნონ. როგორც ფილმ “შერეკილებშია”, თუ მკურნალობა არ გაჭრის, ბროწეულის ოყნები უნდა ჩავრთოთ საქმეში.

ბესო ბარბაქაძე

P.S. ერთადერთი, რაც გაგვიკეთა ამერიკამ, ვირუსის დასადგენი ტესტები გადმოგვცა, ოღონდ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ასეთი ტესტები უსასყიდლოდ გადასცა ევრაზიული ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here