Home რუბრიკები საზოგადოება კიდევ ერთხელ მიწის საკითხზე

კიდევ ერთხელ მიწის საკითხზე

მიწა

ღია წერილი

საქართველოს პრემიერმინისტრს _ გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს _ ირაკლი კობახიძეს

ბატონებო!

2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ოფიციალური მონაცემებით, თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოიპოვა საქართველოს (კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე) ადგილობრივი თვითმმართველობის სრული ძალაუფლება. გილოცავთ ამ გამარჯვებას!

გამარჯვების ბუნებრივ დადებით ემოციური ფონზე, იმ იმედით, რომ ეს მდგომარეობა სასიკეთოდ აისახება შემდგომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, კიდევ ერთხელ მოგმართვთ ე.წ. მიწის გასხვისების მორატორიუმის შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლის 16 ივნისს მიღებული იქნა კანონი “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (https://matsne.gov.ge/ka/document/view/3707384) რომლის მიხედვით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კანონისამოქმედებამდე შეჩერდა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის იმ ნორმის მოქმედება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებას ანიჭებს უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირსა და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

ეს იყო არა უბრალო კანონი, არამედ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს მთავარი კონსესუსის _ მიწის ორგანული კანონით _ “მიწის კოდექსითდარეგულირების შეთანხმება.

ამ შეთანხმების დარღვევით, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 20 სექტემბერს პირველი წაკითხვით მიიღო კანონი “სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომლის მიხედვით შეზღუდვები არის ყველასთვის, გარდა ბანკებისა და მთავრობისა, ანუ საზოგადოებას კანონმდებელმა შესთავაზა იმის გაგრძელება, რაც იყო მორატორიუმამდე. ნიშანდობლივია, რომ საპარლამენტო განხილვის დროს ამ ჩამონათვალს დაემატა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

დღეს, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები დამტკიცებულია, აღნიშნული კანონპროექტი აზრს კარგავს, რადგან ქართული მიწის გაყიდვა კვლავ სრულიად თავისუფალია.

კიდევ ერთხელ მივაქცევთ თქვენ ყურადღებას იმ გარემოებას, რომ მორატორიუმი, “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კანონისამოქმედებამდე ვადით იყო დადებული.http:/matsne.gov.ge/ka/document/view/3707384) საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია კი უკვე ძალაშია, .. მორატორიუმის ვადა ამოწურულია.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია მიწის საკითხის დამარეგულირებელი ორგანული კანონის მიღებას ითვალისწინებს, მაგრამ რა ხდება ამ კანონის მიღებამდე? მანამდე ხომ სრული სამართლებრივი განუკითხაობის ახალი პერიოდი დაიწყო? ამიტომ მოგიწოდებთ, გაახანგრძლივოთ მარატორიუმის ვადა ორგანული კანონის _ “მიწის კოდექსის” _ მიღებამდე.

ვშიშობთ, არ განმეორდეს 2013 წლის ისტორია, როდესაც წლის ბოლომდე მიწის გაყიდვის მორატორიუმს მიწის კანონმდებლობის შექმნა უნდა მოჰყოლოდა. სინამდვილეში მიწის კოდექსი არ შეიქმნა, ხელისუფლებამ დაარღვია მორატორიუმი დროებითი წესებით. შედეგად, დღემდე მიწის ყიდვაგაყიდვა სრულად თავისუფალ ბაზარზეა მინდობილი მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთ ქვეყანაში _ საქართველოში.

როდის იქნება მზად “მიწის კოდექსი”? როდის დასრულდება ქართული მიწით სპეკულაცია და მევახშეების საზრდოობა?

ხომ არ მოხდება ისე, რომ გაიყიდება ის დარჩენილი მიწაც, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა და შემდეგ მივიღებთ მიწის კოდექსს უკვე ქართველების ჩამნაცვლებელი მესაკუთრეების დასაცავად?

მოგიწოდებთ, საზოგადოებას აცნობოთ ხელისუფლების მკაფიო პოზიცია, როდის აპირებთ მიწის კოდექსის მიღებას და რა გზებით აპირებთ მიწის გაყიდვისა და უმიწო ქართველების (სამშობლოში ხიზანთა) ჩამოყალიბების პროცესის შეჩერებას.

თქვენ ეს შეგიძლიათ, ეს გადამწყვეტი მომენტის მნიშვნელობის საკითხია მომავალში თქვენი მოღვაწეობის შესაფასებლად.

მოგიწოდებთ, გამოიყენოთ აღნიშნული შანსი, შექმენით წარმატების ისტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწაწართმეულ ქართველთა ხვედრის გამო სრული პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ.

პატივისცემით,

მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი),

მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე),

დეკანოზი თევდორე (ამბროლაძე),

აკადემიკოსები: გოგოლა მარგველაშვილი, გიგა ბათიაშვილი, პაატა კოღუაშვილი, ჯემალ კაციტაძე, ვლადიმერ (ლადო) პაპავა, გიზო ურუშაძე, ავთანდილ სილაგაძე, ნოდარ ჭითანავა;

პროფესორები: თინათინ ჩხეიძე, ეთერ ხარაიშვილი, თემურ კანდელაკი, პარმენ ლემონჯავა, რეზო მანველიძე, გივი თალაკვაძე, ანზორ მესხიშვილი, გივი ბუცხრიკიძე, რევაზ გოგოხია, ბადრი რამიშვილი, ჯუმბერ ფანჩულიძე, ნაუმ ტურაბელიძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, გურამ ყუფუნია, ზაურ ჯინჯოლავა, მიხეილ ჯიბუტი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here