Home ახალი ამბები საქართველო კიდევ ერთი წარმატებული თეატრალური სეზონი

კიდევ ერთი წარმატებული თეატრალური სეზონი

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 49-ე სეზონს რევაზ ლაღიძის ოპერით “ლელა” დახურავს

974
ოპერა

15 ივნისს 18 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (სამხატვრო ხელმძღვანელი _ ირინე ლომინაძე) 49- თეატრალურ სეზონს დახურავს. ამ წარმატებული, ნაყოფიერი სეზონის ბოლო აკორდად იქცევა რევაზ ლაღიძის ოპერალელა” (დამდგმელი დირიჟორი _ რევაზ ხურცილავა, დამდგმელი რეჟისორი _ ზურაბ ანჯაფარიძე, დამდგმელი მხატვარი _ თემურ არსენიძე, დამდგმელი ქორეოგრაფი _ ელგუჯა გუმბერიძე, სპექტაკლი აღადგინა მაია გაჩეჩილაძემ).

თეატრალური სეზონის დასკვნით საღამოს “ლელას” შეასრულებენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები _ ფერიდე ჯინჯიხაძე (ლელა), ბადრი სახამბერიძე (ბერდო), ბაკურ კვირიკაშვილი (გელა), კალისტრატე ხარჩილავა (შერგილი), ნუცა ზაქაიძე (მეზარე), ემილ ჩარგაზია (მლოცველი), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი _ ნათია გოგუაძე), ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. სპექტაკლს თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვება.

49-ე თეატრალურ სეზონში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა არაერთ სპექტაკლსა და კონცერტზე მიიწვია აუდიტორია, ათეულობით მუსიკალურ ღონისძიებასაც უმასპინძლა. სარეპერტუარო სპექტაკლებიდან სრულდებოდა ჯუზეპე ვერდის “ტრავიატა”, რუჯერო ლეონკავალოს “ჯამბაზები”, სერგეი რახმანინოვის “ალეკო”, ზაქარია ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი”, “დაისი”, ვიქტორ დოლიძის “ქეთო და კოტე”, ოთარ თაქთაქიშვილის “მინდია”, “პირველი სიყვარული”, რევაზ ლაღიძის “ლელა”, ვანო გოკიელის “წითელქუდა”, წარმატებით ჩატარდა კონცერტები თეატრის სოლისტების, გუნდისა და ორკესტრის მონაწილეობით; იყვნენ გასტროლიორებიც, მათ შორის ევროპაში დიდი წარმატებით მოღვაწე ქართველი მომღერლები _ გოჩა აბულაძე, მარია კუბლაშვილი, ასევე თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები _ მარიკა მაჩიტიძე, არმაზ დარაშვილი, სულხან გველესიანი, ნინო ჩაჩუა…

და მაინც, ამ ფონზეც, ცხადია, უმთავრესი იყო პრემიერა _ თეატრის დაბადების დღეს 27 დეკემბერს მაყურებლის, მსმენელის სამსჯავროზე წარდგენილი იყო საოპერო მუსიკის მარგალიტი _ ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტო” (სპექტაკლზე იმუშავა დამდგმელმა ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: დირიჟორი _ რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი _ მაია გაჩეჩილაძე, მხატვარი _ თეო კუხიანიძე, ქორეოგრაფი _ ვახტანგ უშვერიძე). საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულმა ამ სპექტაკლმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. აი, როგორ შეაფასა “რიგოლეტოს” პრემიერა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მრჩეველმა, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორმა: “აღფრთოვანებული ვარ სპექტაკლით! შესრულება იყო ძალიან მაღალი კლასის. მსმენელის დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ, რაც მომისმენია მსოფლიოს საოპერო სცენებზე, გნებავთ ვენაში, ციურიხსა თუ “ლა სკალაში”, მათ არაფრით ჩამოუვარდებოდა. ეს ეხება არა მხოლოდ წამყვანი პარტიების შემსრულებლებს, არამედ ყველა სოლისტსა და განსაკუთრებით, გუნდს. შესანიშნავი იყო!.. ასეთი მიზერული თანხებით თუ ქუთაისის თეატრმა ესოდენ მაღალი დონის სპექტაკლის დადგმა შეძლო, კარგი დაფინანსების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო დონის სპექტაკლებსაც გამოუშვებენ”. აღნიშნული ოპერა დამკვიდრდა თეატრის რეპერტუარში და გაამდიდრა, გაამრავალფეროვნა ის.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის _ ირინე ლომინაძის თქმით, მომავალ 50-ე თეატრალურ სეზონშიც მრავალი სიურპრიზი ელოდება ქუთაისის ოპერის სახელმწიფო თეატრის მსმენელებს. ამჯერად მხოლოდ ერთს დავაანონსებთ და გაცნობებთ მთავარი ღირსშესანიშნავი მოვლენის თაობაზე _ დაარსდება ქუთაისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი, რომლის ორგანიზატორები არიან: ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, საერთაშორისო ფონდი “მსოფლიოს ტალანტები” (დამფუძნებელი _ დავით ღვინიანიძე), ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. პირველი ფესტივალის ჩარჩოებში სექტემბერში ცნობილი უცხოელი და ქართველი მომღერლების მონაწილეობით გაიმართება რამდენიმე საოპერო სპექტაკლი და გალა-კონცერტი, ფესტივალის დასკვნით აკორდად კი იქცევა პიეტრო მასკანის “სოფლის ღირსების” აღდგენილ-განახლებული დადგმის პრემიერა, რომლითაც დაიხურება ფესტივალი და გაიხსნება 50-ე საიუბილეო თეატრალური სეზონი. აღნიშნული ფესტივალი უთუოდ მნიშვნელოვან ეტაპად იქცევა არა მხოლოდ ქუთაისის ოპერის თეატრის, არამედ ქალაქის განვითარებისა და აღმავლობის გზაზე, ამის ყველა წინაპირობა არსებობს.

ზურაბ ოიკაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here