ახალი წელი, გიორგობა და აღდგომა _ აი, ჩემი აზრით, ის ზოგადეროვნული დღესასწაულები, რომელთა დადგომას მართლმადიდებელი ქართველი განსაკუთრებული მოუთმენლობით ელოდება და, საგარეო თუ საშინაო საფრთხეების მიუხედავად, ავად თუ კარგად, ყოველთვის ზეიმობს.
ზემოთქმულის დასტურად თუნდაც უახლოესი წარსულიც კმარა, როდესაც, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად (როდესაც კათოლიკურ-პროტესტანტულ ეკლესიებსა და ისლამურ მეჩეთებსაც კი ბოქლომები ედოთ), მსოფლიოს 15 მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიას შორის ერთადერთი აღმოჩნდა საქართველოს ეკლესია, რომელმაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე არათუ ბოქლომით ჩაუკეტა მრევლს კარი, არამედ ერთი კოვზით ზიარების წესიც არ შეუცვლია, მაგრამ უფლის ნებითა და ჩვენი სათაყვანებელი კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მორწმუნე მრევლს კორონავირუსი შეეყარა კი არა, რომ იტყვიან, ფრჩხილიც არ წამოსტკიებია. არადა, კუბოებს ვეღარ დაითვლითო, ერთი “ლუგარისტი” წინასწარმეტყველებდა, მაგრამ ამაზე _ ქვემოთ… წინამდებარე წერილის სათაურიდან გამომდინარე, შეიძლება მავანმა იფიქროს, რომ კალამი სხვა მიმართულებით გამექცა, მაგრამ არა _ მოთმინებითა შენითაო, ესეც ჩვენებურის ნათქვამია და ქვემოთ ვნახავთ, რომ კალამი არსადაც არ “გამქცევია”…
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო მხოლოდ ქართველებით დასახლებული, მეზობელი სომხეთივით მონოეთნიკური ქვეყანა არ არის, არამედ მრავალკონფესიური სახელმწიფოა, ბუნებრივად ჩნდება ხუმრობანარევი შეკითხვა _ რა “დააშავეს” საქართველოში მცხოვრებმა სხვა ტრადიციული რელიგიების აღმსარებელმა ეთნოსებმა? არც არაფერი. ამიტომ საქართველოში მათი ღმერთების სადიდებელ მსახურებას მათ არავინ უშლიდა და არც ოდეს ვინმე დაუშლის, რის დასტურსაც დრო-ჟამისგან გაცვეთილი სიტყვით, მაგრამ, ქართველთა მარადი სიამაყის საფუძვლის საგანს _ ტოლერანტობას _ შევახსენებ ჩვენს შინაურ თუ უცხოელ ლიბერასტ “მეგობრებს”, რომლებიც ოკეანის გაღმა–გამოღმიდან ე.წ. ადამიანის უფლებების დაცვის კამუფლაჟით თავს უფლებას აძლევენ, ლექციები გვიკითხონ ტოლერანტობის, რელიგიური შემწყნარებლობის შესახებ იმ ქვეყნის მოსახლეობას, რომლის დედაქალაქის ცენტრში საუკუნეების განმავლობაში დგას ისლამური მეჩეთი, ებრაული სინაგოგა, მონოფიზიტური სომხური და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიები. სხვადასხვა რელიგიის მიმდევრების დღესასწაულთა ემოციური მოლოდინების (თუ ასე თქმა შეიძლება) პარალელურად არსებობს ისეთი სახელმწიფო (არარელიგიური) დღესასწაული, რომელსაც ერთნაირი აღტყინებით უნდა ელოდებოდეს და ზეიმობდეს ყველა, ვისაც საქართველო თავის სამშობლოდ მიაჩნია, აქ მცხოვრები ყველა სომეხი თუ რუსი, ქურთი თუ ბერძენი, აზერბაიჯანელი თუ უკრაინელი და ა.შ. აკაკის პერიფრაზით თუ ვიტყვით, მართლაც, “ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა” ან საქართველოში ეთნოსები?!
ჩემი აზრით, ზუსტად ეს არის ჩვენი მრავალეროვანი სამშობლოს ძლიერების საწინდარი, მაგრამ სხვისგან რა დღესასწაულის მოლოდინსა და ზეიმს ვითხოვთ, როდესაც თვითონ ქართველები ვერ შევთანხმებულვართ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მენშევიკების მიერ ძალად გამოცხადებული 26 მაისია თუ ქართველი ერის სახელით ზვიად გამსახურდიას მიერ გამოცხადებული 9 აპრილი?!
თუმცა, არა! ზვიად გამსახურდიას შემდგომი ხელისუფლებები ქართველი ერის ნების საწინააღმდეგოდ 26 მაისს გვაზეიმებენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დიახ, გვაზეიმებენ, ანუ ძალადობენ და ამიტომაც გამოგვდის ეს ზეიმი არაბუნებრივი, უმარილო და 26 მაისის ამაღლებულ მოლოდინზე ლაპარაკიც ზედმეტია!
პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ 26 მაისი კომუნისტების მმართველობის პერიოდში უფრო გვახსოვდა, ვიდრე დღეს, და ვიწრო წრეში, როგორც შეგვეძლო, ისე აღვნიშნავდით ხოლმე ქართულ სუფრაზე ამ თარიღს… არ ვიცი, ვინ, რატომ გაავრცელა სიცრუე, თითქოს ნოე ჟორდანიას საფლავზე აწერიაო მისივე ლექსი _ “ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი. ერის ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო, თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო”… აბა, რა ვიცოდით მაშინ ყმაწვილკაცებმა, რომ მენშევიკ ნოე ჟორდანიას, ილიას მკვლელი პარტიის თავკაცს, სიზმარშიც არ უოცნებია საქართველოს თავისუფლებაზე და ეს მართლაც გულის დამწველი ლექსი, მას კი არა, ქართველ ემიგრანტს, სიმონიკა ბერეჟიანს, დაუწერია.
ახლა კი, როდესაც სიცოცხლის დაღმართის ბოლოსთან ახლომყოფი “ბებერი ბიჭი” ზემოთქმულს ვაანალიზებ, სიჭაბუკისდროინდელი 26 მაისის სადღეგრძელოები არსებული კომუნისტური რეჟიმის მიმართ გაუთვითცნობიერებელი პროტესტი უფრო იყო, ვიდრე რეალობის ადეკვატური აღქმა. თორემ კომუნისტური რეჟიმი (მით უმეტეს ჩემი პერიოდის _ 60-იანი წლებიდან დაწყებული, სსრკ-ის დაშლამდე) _ თვით სტალინის რეპრესიების ჩათვლით, რომელსაც ბაბუაჩემი, 35 წლის დავით (ჯვებე) მხეიძეც, შეეწირა (მაგრამ ეს სხვა თემაა და ამაზე, თუ უფალმა ინება, სხვა დროს), კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა და არც არასოდეს განმეორდება სსრკ–ის მსგავსი, უბრალო ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველი ხელისუფლება.
მოკლედ, მორიგი 26 მაისი ისე გაგვითენდა, როგორც ჩვეულებრივი დღე (ისეთი “საზეიმო მოუთმენლობით” ველოდი დამოუკიდებლობის დღის გათენებას, რომ 26 მაისს გავიგე რომელიღაც ტელევიზიიდან ამ “სანუკვარი” დღის დადგომა) და, თუ არ ჩავთვლით გიგა ბოკერიას საყვედურს გიორგი გახარიას მიმართ, დროშები მაინც ჩამოგეკიდათ ქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავადო, ასევე უხმაუროდ დაგვიღამდებოდა…
რაც შეეხება რეჟიმს, აბა, ნეოლიბერასტული რეჟიმი ყოფილა, რაც ყოფილა, ჩვენ რომ გვიწევს ცხოვრება…
ახლა კი დროა, წინამდებარე წერილის სათაურში ბოლო სიტყვა “და” გავშიფროთ.
ქართული ფილმიდან “სინათლე ჩვენს ფანჯრებში” გერასიმეს ფრაზა გამახსენდა _ “ბელაფონტე მომღერალია ამერიკაში, ნოდარი უნდა მეთქვა”-ო და ამის პერიფრაზი მინდა გამოვიყენო. რა შუაშია აქ “და” თანაც მრავალწერტილითურთ? ლუგარის ლაბორატორია უნდა მეთქვა, რომელსაც ერთნი კორონავირუსით საქართველოს ამოჟლეტისგან მხსნელად წარმოგვიდგენენ, ხოლო მეორენი პირიქით _ ყველა უბედურების სათავედ მიიჩნევენ.
3-4 წლის წინათ თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა საკმაოდ წარმომადგენლობითი მრგვალი მაგიდა ზუსტად აშშ-ის მიერ აშენებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რომელიც (ლუგარი) მაშინ, რომ იტყვიან, ახალი ხილი იყო.
ამ დისკუსიამ მონაწილეთა შორის მცირე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მაგრამ მრგვალი მაგიდის რეზიუმე (თუ ასე თქმა შეიძლება) მაინც იქით გადაიხარა, რომ ლუგარის სახელობის უკიდურესად გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში რაღაც საშიში (და არა მხოლოდ საქართველოსთვის) ცდები ტარდებოდა ბიოლოგიურ იარაღზე.
ამ თემაში ჩართვა სცადეს იმთავითვე რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა, რაც საბოლოოდ იმაში, ასე ვთქვათ, კონვერტირდა, რომ საქართველომ (წაიკითხე, აშშ) ამ ლაბორატორიაში შეუშვეს რუსი ჟურნალისტები, რომლებმაც, რა თქმა უნდა, საეჭვო, ყოველ შემთხვევაში მტკიცებულებით საეჭვო ვერაფერი ნახეს ან არ ანახვეს…
ლუგარის თემა კვლავ შეიქნა აქტუალური კორონავირუსის პანდემიის აფეთქების შემდეგ. იქამდეც კი, რომ რუსეთმა საქართველოს ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვა ლუგარის ლაბორატორიაში ჟურნალისტების კი არა, ამჯერად შესაბამისი დარგის სპეციალისტების შეშვება, რაზეც “დამოუკიდებელი საქართველოს” ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა ოღონდაც ერთი “უმნიშვნელო” პირობით _ შეხვალთ მხოლოდ ამერიკელ “მეგობრებთან” ერთადო!
აი, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელსაც თქვენმა მონა-მორჩილმა სათაურში “უმარილო 26 მაისი” ვუწოდე და, თუ სათაურის კითხვისნიშნიან დაბოლოებას გავიხსენებთ, რომელიც თქვენთან ერთად ამწუთას “გავშიფრე”, ასეთ დამოუკიდებლობაზე უმარილოს თქმა, დამეთანხმებით, რბილი ნათქვამია.
ლუგარის ლაბორატორიაში ამერიკელების გარეშე რუსებს შეუშვებენ კი არა, იქ არის კორპუსები თუ ბლოკები, რომლებშიც ამერიკელები ქართველებსაც არ ახედებენ.
წინამდებარე წერილს შეიძლება პირდაპირ არ ეხება, მაგრამ ცალკე თემაა აშშ-ის საელჩო, რომლის შენობის ხილული ნაწილი შთამბეჭდავი მოცულობისაა და კაცმა არ იცის, საელჩოს შენობის მიწისქვეშეთი რამდენ სართულიანია და რა ხდება იქ. ყოველ შემთხვევაში საქართველოსთვის (და არა მხოლოდ) ფარსაგი რამ რომ არ ხდება, უეჭველია.
ჰოდა, ზემოთქმულიდან გამომდინარე, უფლებას ვიტოვებ, 26 მაისის მოსვლა ტელევიზიით გავიგო, ხოლო ვისაც თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო გიგა ბოკერიას საყვედური გგონიათ, გიორგი გახარიას მისამართით “გასროლილი”, მაშინ “დროშები, დროშები, დროშები ჩქარა!”
დავით მხეიძე
“ილიას მკვლელი პარტიის თავმჯდომარის, მენშევიკ ნოე ჟორდანიას” მიერ გამოცხადებული 26 მაისი არ გამოდგება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. არც 9 აპრილი შეიძლება გამოცხადებულიყო დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. 1989 წლის 9 აპრილი ხომ ქართველების სირცხვილი და თავის მოჭრის დღეა, როდესაც მაშინდელმა უტვინო ურაპატრიოტებმა ყური არ ათხოვეს ბრძენი პატრიარქის ილია მე–2–ის სავსებით სწორ მოწოდებას და მშვიდობიანი ხალხი შეატოვეს ქართული ინტელიგენციისა და “მურტალო” პატიაშვილის მთავრობის თხოვნით მიტინგის დასაშლელად მოწვეულ რუსის ჯარს. ასე რომ, თავისუფლების აღდგენის აღსანიშნავი დღე ჯერ კიდევ წინ გვაქვს, როდესაც განვთავისუფლდებით ლუგარის ლაბორატორიისგან.