Home რუბრიკები საზოგადოება კიდევ ერთი ექსპერიმენტი ქართველების თავზე

კიდევ ერთი ექსპერიმენტი ქართველების თავზე

738
კიდევ ერთი ექსპერიმენტი ქართველების თავზე

როგორც იქნა, გვაღირსეს და ვაქცინის პირველი პარტია საქართველოშიც შემოვიდა. გვაღირსეს იმიტომ, რომ ევროპელმა მომწოდებლებმა ხელისუფლება რამდენჯერმე მოატყუეს, ხელისუფლებამ _ ჩვენ და ვიყავით ასე, ერთმანეთის მოტყუებაში. სიმართლე რომ ვთქვათ, მტყუანმართლის გარკვევა ახლაც ძნელია და, რაც ყველაზე საინტერესოა, იმის გარკვევაც შეუძლებელია, შემოტანილი ვაქცინები კარგია თუ არა.

საქმე ის არის, რომ, როცა ვაქცინის პირველი პარტია საქართველოსკენ დაიძრა, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ კონკრეტულად ამ ვაქცინებით (“ასტრაზენეკა”) აცრა შეაჩერა, აქაოდა, რაღაც უკუჩვენებები აღმოაჩნდა, ჯერ ისინი უნდა შევისწავლოთო. დავაკონრეტებთ _ ამ ქვეყნებს აღნიშნული ვაქცინა არ აუკრძალავთ, მაგრამ დროებით შეაჩერეს. ეჭვი გვაქვს, უკუჩვენებების შესასწავლად ჩვენც დაგვაკვირდებიან, შეისწავლიან, ქართველებზე როგორ იმოქმედებს და, თუ არ მოეწონებათ, აკრძალავენ. უკვე მერამდენედ ვართ საცდელი ბოცვრების როლში, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია _ ვაქცინაციასაც კი საცდელი სახე აქვს.

ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენეს ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და ჯერ ხომ ხელისუფლებას აბრალებდნენ ყველა გარდაცვლილს, ვინც კი “კოვიდით” დაიღუპა, ახლა ამ ექვსი ქვეყნის მიერ გამოცხადებულ შეჩერებას იხვევენ ხელზე და მოსახლეობას მოუწოდებენ, აცრებზე უარი თქვან. რეალურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეს ვაქცინა აღიარებულია და, საქართველოს გარდა, ვაქცინაცია ასამდე ქვეყანაში სწორედ ამ პრეპარატით ხორციელდება. ადრეც დავწერეთ და ახლაც გავიმეორებთ _ ნებისმიერ ვაქცინას, რომელიც ბაზარზეა, აუცილებლად ექნება უკუჩვენება, რადგან მის შესასწავლად დრო, უბრალოდ, არ იყო. წამალი მთლიანად რომ შეისწავლონ და შემდეგ მასზე ლიცენზია გაიცეს, 4-5 წელია გამოსაცდელი ვადა _ აკვირდებიან ადამიანებს, სწავლობენ უმნიშვნელო უკუჩვენებასაც კი. ახლა კი, 4-5 წელი კი არა, ერთი წელიც არ გასულა და საყოველთაო აცრები დაიწყო. გამოსაცდელი დრო არავის ჰქონია, 4-5 წლის შემდეგ მომაკვდინებელი ვირუსი ნახევარ მსოფლიოს გაანადგურებდა და გარისკეს. მართალია, გარისკეს ადამიანების სიცოცხლით, მაგრამ სხვა გზა რეალურად არსად ჩანდა. ახლა კი ტელევიზიები ყველა გარდაცვლილს სახელმწიფოს “ტენიან” და, როგორც თენგიზ ცერცვაძემ თქვა, ახლა მათ მხოლოდ ორი კი არა, გაცილებით მეტი გვამი სურთ. საქართველოსთვის არახალია ის, რომ კონკრეტული პირების ძალაუფლებისკენ სწრაფვა ან მისი შენარჩუნება ადამიანების სიცოცხლეზე გადის. ჩვენ, რიგითი ადამიანები, სტატისტების როლში ვართ და ერთეულების სიკვდილი თუ ტრაგედიაა, მასების გარდაცვალება _ სტატისტიკა. ასე იყო, მაგალითად, მაშინ, როცა ნაციონალების ზეობის პერიოდში, ციხეებში ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ადამიანი კვდებოდა, ეს სტატისტიკა იყო, ხოლო, როცა შარშან ციხეებში 17 პატიმარი გარდაიცვალა, ტრაგედიაა.

სხვათა შორის, ევროპის ყველა ქვეყანაში, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს, არის ე.წ. კომერციული ვაქცინები. ანუ, სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიას აქვს უფლება, სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინების გარდა, სხვა ვაქცინა შეიტანოს და მოსახლეობას არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს. რაც მთავარია, ფარმაცევტულ კომპანიებს არანაირი შეზღუდვა არ აქვთ, მათ შეუძლიათ შეიტანონ ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული. შესაბამისად, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან, ცოტა ძვირს იხდიან, ცოტა ძვირად ყიდიან, მაგრამ მოსახლეობისთვის რამდენიმე სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოც მისცემს უფლებას ფარმაცევტულ კომპანიებს, ვაქცინა შემოიტანონ და გაყიდონ, თუმცა რაღაც დეტალებია დასაზუსტებელიო. ძაღლის თავიც სწორედ ამ “რაღაც დეტალებში” მარხია. დღეს ყველაზე იაფი ჩინური ვაქცინაა. სამწუხაროდ, როგორც ყველაფერ ჩინურს, ვაქცინასაც მსოფლიო ეჭვის თვალით უყურებს და არცთუ უსაფუძვლოდ. ამიტომ დიდია იმის შანსი, რომ საქართველო ამ იაფი ჩინური ვაქცინით გაჯერდეს. ეს მაშინ, როცა ევროპულ ვაქცინებთან შედარებით, გაცილებით იაფია რუსული ვაქცინა. სამი სახეობის ვაქცინა, რომლებსაც რუსეთი აწარმოებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული, მაგრამ ისე ჩანს, ჩვენთან რუსული ვაქცინების შემოტანა აიკრძალება. რატომ? რუსეთი ხომ მტერია და მერე რა, მისგან პურის გამოსაცხობად საჭირო ხორბლის ას პროცენტს რომ ვყიდულობთ?! ვაქცინა არ უნდა შევიძინოთ. ეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არ არის, ამას დასავლელი პარტნიორები ითხოვენ. ევროპა და ამერიკა შეშფოთებას არ მალავენ, რომ რუსეთის ეკონომიკა ვაქცინების გაყიდვის შედეგად გაიზარდა და ამ წლების განმავლობაში დაწესებული სანქციებით მიყენებული ზიანის კომპენსაცია შეძლო. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსულ ვაქცინას შეიძენს, რუსეთის ეკონომიკის ზრდაში საკუთარ წვლილს შეიტანს, ამიტომაც ევროპა და ამერიკა მაქსიმალურად ცდილობენ, ასეთი ქვეყნების რიცხვი რაც შეიძლება მცირე იყოს. მერე რა, თუ, მაგალითად, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი რუსულ ვაქცინაზე უარს არ ამბობენ?! სხვებმა არ უნდა იყიდონ. არაფერს ვამბობთ ევროპის .. მეორე რანგის ქვეყნებზე, რომლებიც თამამად აფორმებენ ხელშეკრულებას რუსეთთან და აგერ, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია, სერბეთი, პრაქტიკულად, ასი პროცენტით სწორედ რუსულ ვაქცინას იყენებენ. ჯერჯერობით ხმამაღლა არ თქმულა, მაგრამ, როგორც გვეუბნებიან, გადაწყვეტილება მიღებულია და საქართველოში რუსული ვაქცინის შემოტანა აიკრძალება.

მეორე მხრივ, საინტერესოა სტატისტიკა, რომელიც საქართველოსა და უკვე ვაქცინაციადაწყებულ ქვეყნებს შორის არის. შესადარებლად ბრიტანეთი, ისრაელი და აშშ ავიღოთ. ეს სამი ქვეყანა იმიტომ, რომ ისრაელში მოსახლეობის ლამის ასი პროცენტი აიცრა, ბრიტანეთს საკუთარი ვაქცინა აქვს და აცრებს უწყვეტად ახორციელებს, ხოლო შტატებში ყოველდღიურად მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მეტი ადამიანი იცრება. 2 მარტს, საქართველოში “კოვიდ-19”-ით 12 ავადმყოფი გარდაიცვალა (3 ინფიცირებული ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), ბრიტანეთში _ 343 ინფიცირებული (5 ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), აშშ-ში _ 1989 (6 ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), ისრაელში _ 30 (3 ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე). იმავე 2 მარტს საქართველოში აღირიცხა “კოვიდ-19”-ის 461 ახალი შემთხვევა (115 ახალი შემთხვევა ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), ისრაელში _ 5050 (583 ახალი შემთხვევა ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), აშშ-ში – 56 890 ახალი შემთხვევა (172 ახალი შემთხვევა 1 მილიონ მოსახლეზე). გამოდის, რომ საქართველო ვაქცინის არქონის პირობებშიც კი ახერხებს წარმატებით მართოს პანდემია, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ვაქცინის გარეშე ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს სტატისტიკური მონაცემები იმიტომ გაგაცანით, რომ მკაცრმა შეზღუდვებმა შედეგი კი გამოიღო, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს _ ეკონომიკა, უბრალოდ, განადგურდა და მის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება. სამწუხაროდ, რეგულაციების შემცირების შემდეგ აშკარად ჩანს, რომ მოსახლეობამ ყურადღება მოადუნა და, სოციალური დისტანცია კი არა, უკვე ნიღბის ტარებაცტეხავს”. ამიტომ ეჭვი გვაქვს, კვლავ მოიმატებს შემთხვევები და გამოსავალი სწორედ ვაქცინაციაა. ამირან გამყრელიძემ თქვა, წლის ბოლომდე საქართველოს მოსახლეობის ნახევარი _ 1,7 მილიონი ადამიანი აიცრებაო. წლის ბოლომდე 9 თვეა დარჩენილი, გამოდის, მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის ნახევარი კვლავ ვაქცინის გარეშე იქნება და ამის მიუხედავად, რუსულ ვაქცინაზე უარს ვამბობთ. სამაგიეროდ, წინსვლა გვექნება _ თუ აქამდე საქართველოს მოსახლეობით ვრისკავდით, ახლა ნახევარი მოსახლეობით გავრისკავთ და პროგრესია, რას ერჩით?!

ხელისუფლებას, ალბათ, არგუმენტი არ ექნება, რატომ ვამბობთ რუსულ ვაქცინაზე უარს. არ შეიძლება საწინააღმდეგო არგუმენტი გქონდეს იმ წამალზე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა. ხმამაღლა ვერც იმას იტყვიან, დასავლელი პარტნიორები არ გვაძლევენ უფლებასო. ასეთ შემთხვევაში, მოსახლეობაში ისედაც შერყეული დასავლეთის იმიჯი ისე შეჯანჯღარდება, შეიძლება, საერთოდ, დაინგრეს. უბრალოდ, კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ რუსეთი მტერია, მტერთან კი მოლაპარაკებებს არანაირ საკითხზე არ ვაწარმოებთ. მერე რა, რომ იგივე საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მხარდამჭერები არიან?! ეს მათ ხელს არ უშლის, ვაქცინა იყიდონ და მოსახლეობა აცრან. მით უმეტეს იტალიაში, სადაც გარდაცვლილთა ოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. ახლა რევერანსებისა და პოლიტიკური თამაშების დრო არ არის, მათ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა სიკვდილისგან უნდა იხსნან, ჩვენ კი… ჩვენ ამაყად დავეცემით ბრძოლის ველზე და თანაც ისე, რომ ახლობლებს რიგიანად დატირების შესაძლებლობაც არ ექნებათ. სამაგიეროდ, დასავლეთი იქნება კმაყოფილი, რუსულ ეკონომიკას ქართული ფული რომ არ შეემატება და მერე რა, რომ რუსული ფულით ქართული ეკონომიკა, ათეული წლებია, სუნთქავს. აკი გითხარით, ერთეულების სიკვდილია ტრაგედია, თორემ საქართველოს 3600-ზე მეტი გარდაცვლილი მოქალაქე, უბრალოდ, სტატისტიკაა.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here