Home რუბრიკები საზოგადოება კვლავ გახშირდა სიკვდილი გზებზე

კვლავ გახშირდა სიკვდილი გზებზე

რატომ ვერ იმუშავა 100-ქულიანმა სისტემამ?

1458
პოლიციელი

2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში ამოქმედდასაგზაო მოძრაობის შესახებსაქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები: კერძოდ, 100-ქულიანი სისტემა, დამონტაჟდა .. ჭკვიანი კამერები და დაიწყო უკონტაქტო პატრულირება.

საკანონმდებლო ცვლილებამ პირველ ეტაზე შეცვალა ბოლო წლებში მაგისტრალებზე არსებული საგანგაშო ვითარება, რომელიც სტატისტიკურად ასე გამოიხატა: ავტოსაგზაო შემთხვევები 12,5%-ით შემცირდა, დაღუპულთა რაოდენობამ 15%-ით იკლო, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ _ 11%-ით. 2017 წლის იანვარმაისში სულ 2 291 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად 3 233 ადამიანი დაშავდა, 197 _ დაიღუპა. 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემები ახალი კანონის ამოქმედებიდან ასე გამოიყურება: სულ მოხდა 2 534 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაშავდა 3 621 ადამიანი, დაიღუპა _ 194. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შარშან 144 ათასზე მეტ მძღოლს დააკლდა ქულები, 24 მძღოლს კი _ გაუნულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მართვის მოწმობა ერთი წლის ვადით ჩამოერთვათ. ავტოსაგზაო შემთხვევების დაახლოებით 54% თბილისზე მოდის. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 24 ივლისს ახალშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. ითქვა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაა. პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. რა არის მიზეზი იმისა, რომ მძღოლები კვლავ ნაკლები კანონმორჩილებით გამოირჩევიან, რატომ გახშირდა სიკვდილი გზებზე და რატომ ვერ იმუშავა კანონმა, რომელმაც ამოქმედებიდან პირველ ეტაპზე ბოლო წლების სტატისტიკა გააუმჯობესა, თუმცა დროებით. აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრებიან არასამთავრობო ორგანიზაციასაქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისგამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი დატრანსპორტისა და გზების ასოციაციისხელმძღვანელი დავით მესხიშვილი.

ეკა ლალიაშვილი
ეკა ლალიაშვილი

მძღოლებმა გააცნობიერეს, რომ მათ შეცდომებზე სათანადოდ არ რეაგირებენ

ეკა ლალიაშვილი:

_ ერთსა და იმავე დარღვევაზე მძღოლს არ მისდის ვიდეოკამერის მიერ აღრიცხული ჯარიმა, პოლიცია მას არ აჩერებს დარღვევის გამო _ მძღოლებმა გააცნობიერეს, რომ მათ შეცდომებზე სათანადო რეაგირება არ ხდება. შესაბამისად, მივიღეთ ავტოსაგზაო შემთხვევების მომატებული რაოდენობა. ამ პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადმინისტრირებაა და არა მხოლოდ რეფორმის ძალაში შეყვანა. შეიძლება ერთ ადგილას 5 ან 6 დარღვევა მოხდეს ერთდროულად და, ბუნებრივია, ერთი პატრული ამას ვერ გააკონტროლებს.

_ რას გულისხმობთ ადმინისტრირებაში?

_ თანამედროვე სისტემები უნდა იყოს ჩართული და გამოყენებული, ვგულისხმობ კამერებს, რომელთა მეშვეობით არც ერთი დარღვევა არ დარჩება რეაგირების გარეშე. თავიდანვე არ იყო საკმარისი ბიუჯეტი, თავდაპირველად, 3 ათას კამერაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ 1 200-მდე ჩამოვიდა. კამპანია “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” უნდა გაგრძელდეს კიდევ უფრო გაძლიერებული ფორმით.

_ როგორ აფასებთ დედაქალაქის მერის ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე?

_ მერის სატრანსპორტო პოლიტიკას დადებითად ვაფასებ. აქ საუბარია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მისი ქსელის განვითარებასა და იმ ავტობუსების ჩანაცვლებაზე, რომლებიც ჩვენთვის ყოველდღიური სატკივარია საგზაო უსაფრთხოებისა და გამონაბოლქვის კუთხით. მნიშვნელოვანი მიმართულებაა “ტაქსების” ლიცენზირება, რაც დღეს, პრაქტიკულად, ქაოსურად მიმდინარეობს. ასეთივე მდგომარეობაშია პარკირების სისტემა, ყველა ევროპული ქვეყნის ქალაქების ცენტრალურ ნაწილში საათობრივი პარკირება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე გარეუბნებში.

_ საყურადღებოა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დაახლოებით 54% თბილისზე მოდის.

_ დიახ, თუ სტატისტიკას გადავხედავთ, თბილისში მიმდინარე წელს, 6 თვის მონაცემებით, დაიღუპა 46 ადამიანი და 1800-ზე მეტი დაშავდა. არადა, შარშან შედარებით ნაკლები იყო: 43 დაიღუპა და 1800-ზე ნაკლები დაშავდა. მერის სატრანსპორტო პოლიტიკას აუცილებლად დავამატებ იმას, რომ მეტი აქცენტი გაკეთდეს საგზაო უსაფრთხოებაზე; გაკვრით იყო ნახსენები ქვეითთა უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ვფიქრობ, ამაზეც ცალკე პრეზენტაცია იქნება გასაკეთებელი.

დავით მესხიშვილი
დავით მესხიშვილი

მთავარი პრობლემა საგზაო უსაფრთხოებაში კანონის აღსრულებაა, განსაკუთრებით _ სიჩქარის გადაჭარბების კონტროლზე

დავით მესხიშვილი:

_ ქვეყანაში არ არსებობს საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტუქტურა. ავტოსაგზაო შემთხვევებისას პირველი საპატრულო პოლიცია გვახსენდება, თუმცა საპატრულო პოლიცია არ განსაზღვრავს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკას და ეს არ არის მისი საქმე. ისინი რეაგირებენ უკვე მომხდარ ფაქტებზე. ვინ ზრუნავს იმაზე, რომ შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევა და საჭეს ნასვამი პირი არ მიუჯდეს?! ამის ანალიზის გამკეთებელიც კი არავინაა.

_ სად, რომელ რგოლში ხედავთ მთავარ პრობლემას?

_ საგზაო უსაფრთხოებაში მთავარი პრობლემა კანონის აღსრულებაა, განსაკუთრებით “მკვლელი დარღვევის” _ სიჩქარის გადაჭარბების კონტროლზე. ჭკვიანი კამერები, სექციური რადარები არ არის საკმარისი ქვეყნის მასშტაბით.

 _ რატომ ვერ გაამართლა 100-ქულიანმა სისტემამ? სტატისტიკა აჩვენებს, რომ მძღოლები კვლავ ნაკლები კანონმორჩილებით გამოირჩევიან?

_ ქულების სისტემას მხარი დავუჭირეთ იმ პირობით, რომ კანონი უნდა აღსრულებულიყო, სხვა შემთხვევაში ეს დარჩებოდა ქაღალდზე და ასეც მოხდა რეგულაციის ამოქმედების პირველ ეტაზე. არადა, ავტოსაგზაო შემთხვევების რამდენიმეთვიანი კლება, ეს იყო პირველი ეფექტი, ანუ მძღოლებმა დაიწყეს ფრთხილად მოძრაობა, მაგრამ, როგორც კი მიხვდნენ, რომ კანონის აღსრულება უსუსტესი აღმოჩნდა, დაუბრუნდნენ საწყის ნიშნულს. ეს ნიშნული კი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა. ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება მართვის მოწმობების საკითხი. მართვის მოწმობა ზოგჯერ გაიცემა ადამიანზე, რომელსაც ავტომობილის მართვის არანაირი უნარ-ჩვევა არ აქვს.

_ ავტოსკოლები საკმაოდ ბევრია

_ მათ ავტოსკოლა პირობითად შეიძლება დავარქვათ, რადგან ეს არ არის ლიცენზირებული საქმიანობა და ნებისმიერ პირს შეუძლია შპს დააფუძნოს. ისინი, სამწუხაროდ, ორიენტირებულნი არიან თაღლითური სწავლების მეთოდზე. გამოცდაზე გამსვლელს ამზადებენ ე.წ. კოდირებულად. მაგალითად, თუ ბილეთში მოცემულ ნახატზე ორი ბოძია, პასუხია “ბე” და ა.შ. გამოცდაზე გასული პირები ასე “ატყუებენ” კომპიუტერულ პროგრამას, პრაქტიკული გამოცდაც დახურულ მოედანზეა, რომელიც არ საჭიროებს არანაირ უნარ-ჩვევას. საბოლოოდ კი უცოდინარი ადამიანის ხელში ხვდება მართვის მოწმობა. საბავშვო ბაღშიც უნდა ისწავლებოდეს ელემენტარული საგზაო წესები, ბავშვმა უნდა იცოდეს, რა არის “ზებრა” და შუქნიშანი.

_ შსსში ამბობენ, რომ ცვლილებამ არ გაამართლა. დაგეგმილია ვიდეოსისტემაზე ვიდეოჯარიმების მიბმა, იქნება ეს საკმარისი ნაბიჯი შედეგის გასაუმჯობესებლად?

_ შსს ცდილობს, რომ ვიდეოჯარიმას მიებას ქულების კლება და ამით გამოასწოროს პრობლემა. ეს მისასალმებელია, მაგრამ საბოლოოდ დიდ შედეგს მაინც არ მოგვცემს.

ესაუბრა სოფო კაკაჩია

P.S. შს სამინისტროს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების მაპროვოცირებელი ფაქტორები შემდეგია: საგზაო ნიშნების მოთხოვნების დაუმორჩილებლობა; სიჩქარის გადაჭარბება და ქვეითთა მიერ მოძრაობის წესების დარღვევა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here