Home ახალი ამბები “კვირიკაშვილი შეიძლება ძალიან კარგი რაგბისტი იყოს, მაგრამ ეს არ უნდა აძლევდეს მას...

“კვირიკაშვილი შეიძლება ძალიან კარგი რაგბისტი იყოს, მაგრამ ეს არ უნდა აძლევდეს მას პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის შესაძლებლობას”

2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.

საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო იხილავს. პროცესი დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ქუთაისის შემოვლით გზაზე, 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის დედა ნანა თოდუა ავარიაში მონაწილე მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის დასჯას მოითხოვს.

თოდუამ აღნიშნული განცხადება, სოციალური ქსელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

“ამ ავარიაზე 2016 წლის ზაფხულში მთელი საქართველო ლაპარაკობდა. ავარიას ჩემი შვილი, 26 წლის გიორგი პაპასკირი და მისი მეუღლე, ნუცა კალანდარია, მათი მეგობარი ანი ჩხაიძე და თავად ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევის, რაგბისტის, მერაბ კვირიკავილის მეუღლე ემსხვერპლა. ერთი შეხედვით ცხადი იყო რა მოხდა და მაინც, წელიწადნახევარია სასამართლოში საქმის განხილვა წესიერად არც დაწყებულა. კვირიკაშვილი შეიძლება ძალიან კარგი რაგბისტი იყოს, მაგრამ ეს არ უნდა აძლევდეს მას პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის შესაძლებლობას. ყველამ, ცნობილმა მეცნიერმა, ხელოვანმა, სპორტსმენმა, თანამდებობის პირმა თუ უბრალო მოქალაქემ, ყველამ ერთნაირად უნდა აგოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისთვის. მე ასე მესმის სამართალი და კანონიერება.

ფაქტია, რომ კვირიკაშვილი მოძრაობის წესების უხეში დარღვევით, სიჩქარის დიდი გადაჭარბებით მოძრაობდა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით. მის მიერ სიჩქარის გადაჭარბება დასტურდება არა მხოლოდ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ გაცემული თავდაპირველი დასკვნით, არამედ მოწმეთა ჩვენებებითაც. დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმის წარმოდგენას, თუ რა სიჩქარით უნდა ემოძრავა BMW X-5 მარკის ჯიპს, რომ მისი ძრავა, მასზე 4-ჯერ უფრო მსუბუქ Nissan Tida-სთან შეჯახების ადგილიდან 20-25 მეტრის მოშორებით გადავარდნილიყო. გადაჭარბებულ სიჩქარეზე ისიც მეტყველებს, რომ „ნისანში“ მსხდომი სამივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო BMW X-5-ში მსხდომი 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩემი გაოგნება გამოიწვია კვირიკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნით დანიშნული განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნამ. ეს დასკვნა მოგონილ თეორიებზე დაყრდნობით არის ჩატარებული და სწორედ არაგონივრული ეჭვის დათესვას ემსახურება. განმეორებითი ექსპერტიზა, რომელიც იმავე ექსპერტიზის ბიუროში, სხვებთან ერთად, იმავე ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა, დაინიშნა ე.წ. ახალი გარემოებების გამოვლენის მომიზეზებით. ახალი გარემოება კი ის გახლდათ, რომ ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც ერთხელ უკვე ჰყავდა დაკითხული გამოძიებას, მაგრამ რატომღაც, ეს მნიშვნელოვანი „ახალი გარემოება“ მაშინ არ უხსენებია, თვეების შემდეგ რატომღაც „უკეთ გაახსენდა“ მომხდარი და თქვა, რომ კვირიკაშვილი მის წინ 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, როცა გამოძიებისთვის უცნობი, მსუბუქი ავტომანქანა გამოუხტა, მასთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად, კვირიკაშვილმა საჭე მკვეთრად აიღო მარჯვნივ, რის გამოც დღისით, სწორ, მშრალ ავტობანზე 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი BMW X–5 მარკის ჯიპი, თურმე „მოცურდა“ და უმართავი გახდა. ამ ზღაპარში სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ „კვირიკაშვილს არ შეეძლო დაჯახების თავიდან აცილება“, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არამიწიერი სიჩქარით (170-180 კმ/სთ) მოძრაობდა. ეს სიჩქარე იყო დაფიქსირებული სწორედ დარტყმის მომენტში (დამუხრუჭების შემდეგ) იმ ავადსახსენებელი მანქანის სპიდომეტრზე, რომელიც მაშინ ყველა ტელევიზიის კამერამ გადაიღო და ყველა საინფორმაციო გამოშვების ბადეში მოხვდა.

რისი გაკეთება შეიძლებოდა ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად? რა უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში, სხვა დედა, სხვა მშობელი არ აღმოჩნდეს ჩემს დღეში? ამ საქმეში კვირიკაშვილის გამართლება, ხელს შეუწყობს დაუსჯელობის წახალისებას, მოამრავლებს ჩვენს გზებზე დაუმორჩილებელ მძღოლებს და უბედურ შემთხვევებს. სასამართლო პროცესი 8 თებერვალსაა დანიშნული. ამ პროცესზე მე მხარე არ ვარ – დაზარალებული ვარ, რომელსაც ბრალდებულისთვის და ექსპერტებისთვის კითხვის დასმის უფლებაც კი არ მაქვს. ამიტომ იმედი მაქვს პროკურატურის ზოგადად და საქმეში ბრალმდებლად ჩართული პროკურორის პროფესიონალიზმისა და პატიოსნების. მინდა მქონდეს პასუხი კატოსთვის, რომელიც გაიზრდება და აუცილებლად იკითხავს, რა შეემთხვათ მის მშობლებს”, – აცხადებს თოდუა. 

კვირიკაშვილის ამ ეტაპზე  15 000 ლარის ოდენობის გირაო აქვს შეფარდებული.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here