Home რუბრიკები საზოგადოება “კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო”

“კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო”

2258

2018 წლის 13 ივნისს გადადგა ქვეყნის რიგით მე-12 პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ქართველ საზოგადოებას პრემიერმინისტრების მოხსნა-გადაყენება არ უკვირს, მაგრამ კვირიკაშვილის გადადგომას სკანდალი მოჰყვა. მან თავის განცხადებაში დაპირისპირებებზე გაკვრით, მაგრამ მაინც ილაპარაკა, რასაც უმალ მოჰყვა “ოცნების” ხსდომაზე გაკეთებული ფარული აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობაში ეჭვი არავის ეპარება…

გთავაზობთ ამონარიდს ამ აუდიოჩანაწერიდან:
“ბიძინა ივანიშვილი: _ სამი წლის განმავლობაში, მიპასუხე, რაში ჩაგერიეთ? რომ იძახიან კულუარული მმართველობაო, რა გაიძულე? რამდენჯერ დამირეკავს ამ ხნის განმავლობაში? მხოლოდ რამდენჯერმე, როცა კანში ვერ დაეტიეთ, და ისიც რატომ, ამასაც ვერ მიხვდით.
ხომ ხედავთ, რას დაამსგავსეთ ქვეყანა.

მიპასუხე, გიორგი!

შენ ხარ უთავმოყვარეო კაცი.

სამი თვეა, იტყუები: დღეს გადავდგები, ხვალ გადავდგები; ამ აქციებისა და არეულობების უკან იდექით შენ და მამუკა ხაზარაძე; გაანადგურეთ და გააჩანაგეთ ქვეყანა.

გგონია, არ ვიცი, რომ მიზანმიმართულად მავნებლობდი?

პროექტები კი არ განაღვლებს შენ, მხოლოდ საკუთარი ჯიბე. მანახვე ერთი ადამიანი, ვისთვისაც რაიმე გაგიკეთებია.

ახლა გინდა გადადექი, გინდა _ არა. ხალხი გამოგიტანს განაჩენს”.
ვინ არის გიორგი კვირიკაშვილი, ვის თამაშს თამაშობდა და რა საფრთხეების წინაშე დადგა საქართველო, ბიძინა ივანიშვილმა “მეორედ მოსვლა” რომ გადაწყვიტა? _ ამ და სხვა საინტერესო თემებზე “ჯიპას” ყოფილი ლექტორი ზაზა სიამაშვილი გვესაუბრება.

_ ბატონო ზაზა, რატომ დაბრუნდა ივანიშვილი, იმიტომ ხომ არა, რომ მის გავლენას ხელისუფლებაზე საფრთხე შეექმნა?

_ საფრთხე მის გავლენასაც დაემუქრა და ქვეყანაც დადგა საფრთხის წინაშე. გახსოვთ, ალბათ, ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე თქვა: თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, არ დავბრუნდებიო. მოკლედ, მართლაც მეორედ მოსვლას შეადარა თავისი დაბრუნება და ასეც არის. საინტერესოა, ჩვენმა მთავრობამ თუ იცის, რა ხდება რეგიონებში. ის, რაც იქ ხდება, მართლაც არის მეორედ მოსვლა. რას ჰგავს მთა? რას ჰგავს სოფლები? კანონებს ამტკიცებენ და კანონის აღმასრულებელი არ ჰყავთ. შეუძლებელია, ინგოროყვას ქუჩიდან ქვეყნის მაჯისცემა შეიტყო.

სოციალურ ქსელში ძალიან ვაქტიურობ და, ვინც კითხულობს ჩემს ნაწერებს, ეცოდინება, რომ კვირიკაშვილის მიმართ მოსვლისთანავე უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა, რადგან ვიცოდი, ვინ იდგა მის გვერდით და მის უკან.

კარგი კაცი იქნებოდა გიორგი, უხმოდ რომ წასულიყო თანამდებობიდან, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც არ ეთქვა: ხალხის პრემიერი ვიყავიო, რადგან ყველამ იცის, რომ ის მხოლოდ რამდენიმე ბანკირის პრემიერი გახლდათ. კვირიკაშვილის დანიშვნა პრემიერად დიდი შეცდომა იყო.

_ არ გამორიცხავთ, რომ სწორედ კვირიკაშვილი იდგა “სარალიძის აქციების” უკან?

_ არაფერს გამოვრიცხავ. ანდაზასაც გაგახსენებთ: “ორი კაცი რომ გეტყვის, ღორი ხარო, უნდა იღრუტუნო”.

პატარა ბავშვმაც კი იცოდა ხაზარაძე-კვირიკაშვილის ტანდემის შესახებ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ის უკვე წასულია. მაინტერესებს, სად გაქრა 60 მილიონი საპარტნიორო ფონდიდან. მგონი, დროა, მოიკითხონ…

_ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი საგანელიძე თავისი სურვილის წინააღმდეგ დატოვეს “ქართული ოცნების” მთავარ საბჭოში. ასე რომ, არა მგონია, მას ვინმემ რაიმე მოჰკითხოს…

_ 60 მილიონი უკვე ახსენა ბიძინა ივანიშვილმა და ეს საგანელიძისკენ გადაკრული სახრეა. პოლიტსაბჭოში მისი დატოვება კი ანაკონდასთან შეგდებულ ბაჭიას მაგონებს _ ეფერება, ესიყვარულება და ბოლოს გუდავს. ასე რომ, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, მინდა დავიჯერო, რომ სამართალი აღსრულდება.

_ რატომ მიუტევებს ივანიშვილი ბოლო წუთამდე ყველას ყველაფერს? ამ შემთხვევაში კვირიკაშვილს ვგულისხმობ. “ოცნების” შეხვედრაზე გაკეთებულ ჩანაწერში ჩანს, რომ მან ყველაფერი იცოდა და ხმას არ იღებდა…

_ განხეთქილება, ძირითადად, ანაკლიის პორტის მშენებლობიდან მოდის. ერთ-ერთი მთავარი პირი, რომელმაც იქაურ გარიგებებზე ისაუბრა, არის მამუკა ბახტაძე, მანამდე ისაუბრა გიორგი გახარიამაც, მაგრამ კვირიკაშვილს კბილებით გაჰქონდა ანაკლიის საქმე.

ამ ქვეყანაში ყველაფერი არანორმალურია. კვირიკაშვილს კი ივანიშვილი ენდო და საქვეყნო საქმე ჩააბარა, მან კი ღალატით უპასუხა. არ შეიძლება ქვეყანაში მხოლოდ ორი ბანკი იყოს დომინანტი, რაც კვირიკაშვილის სახელს მიეწერება. არადა, კვირიკაშვილი თავის დროზე “ქართუ” ბანკის კარგი თანამშრომელი იყო.

ყოფილი პრემიერი არა მხოლოდ ხაზარაძის, “ნაციონალური მოძრაობის” ბობოლა წარმომადგენლების ლობიც იყო. რადგან ის ჩანაწერი გამოაქვეყნეს “ოცნების” შეხვედრიდან, მაშინ გამოაქვეყნონ კვირიკაშვილის საუბრების ჩანაწერები ნაციონალებთან, ასეთი ჩანაწერებიც ხომ არსებობს?

_ კვირიკაშვილის გადადგომამდე ერთი დღით ადრე “ქართულ ოცნებაში” შეიკრიბნენ, მაშინ ყველა ელოდა, რომ იქიდან გამოსულები მთავრობის ცვლილებაზე ისაუბრებდნენ, მაგრამ განაცხადეს, იუნისეფის კვლევაზე ვიმსჯელეთო; მოგვიანებით გაირკვა, რომ ტყუილი თქვეს. რატომ არ გადადგა კვირიკაშვილი იმავე დღეს?

_ სარწმუნო წყაროდან ვიცი, რომ დიდი სჯა-ბაასი მიმდინარეობდა იმაზე, ვინ უნდა ყოფილიყო პრემიერი. არჩევანი ბახტაძესა და გახარიას შორის უნდა გაეკეთებინათ, ამ ორიდან არც ერთს არ უნდოდა ეს თანამდებობა, ამიტომაც არ გაცხადდა სიმართლე. მეორე დღეს კი ყველაფერი მოაგვარეს, სააშკარაოზე დადეს ფაქტები პრემიერის წინააღმდეგ და კვირიკაშვილიც აიძულეს, გადამდგარიყო.
მამუკა ბახტაძე კარგი კანდიდატია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი იმასაც, რომ მხოლოდ ინგოროყვას ქუჩით ნუ შემოიფარგლებიან.

_ ჩანს, მამუკა ბახტაძე მოგწონთ, მაგრამ შეძლებს ის რაიმე სასიკეთოს გაკეთებას “ჩრდილოვანი მმართველობის” პირობებში? საზოგადოებას მოსწონდა ღარიბაშვილიც, მაგრამ მასაც მოუწია გადადგომა…

_ თუ ხელი არ შეუშალეს, მამუკა ყველაფერს გააკეთებს, რასაც მანამდე ამბობდა.

_ კვირიკაშვილისა და ღარიბაშვილისთვისაც რომ არ შეეშალათ ხელი, ისინიც გააკეთებდნენ…

_ არა… კვირიკაშვილს ხელს არავინ უშლიდა, ის დამოკიდებული იყო ხაზარაძეზე და ამან დაღუპა. მამუკა ბახტაძე კი, თუ დაინახავს, რომ ხელს უშლიან, კვირიკაშვილისგან განსხვავებით, მაშინვე დატოვებს თანამდებობას.

რადგან სიტყვამ მოიტანა, ვიტყვი: ბახტაძეზე ამბობენ, 20 ათასი გადაურიცხა “ნაცმოძრაობასო”. სასაცილოა ამაზე ლაპარაკი, რადგან ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში აფინანსებდა ნაციონალებს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს. საუბრობენ ასევე ბახტაძის განათლებაზე, ნაკლად უთვლიან იმას, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, მაგრამ არაფერს ამბობენ საკუთარ თავზე, უდიპლომოები რომ დადიან. გიგი თევზაძე “ილიაუნის” რექტორად რომ ეჯდათ, რეფერატის დონეზე ჰქონდა მინიჭებული დოქტორის წოდება.

_ ვინ შეიძლება შეუშალოს ხელი მამუკა ბახტაძეს?

_ თუკი ახალ პრემიერს ხელს ვინმე შეუშლის, ეს ბიძინა ივანიშვილი იქნება და ამის წარმოდგენა არ მინდა, რადგან ის დაბრუნდა იმისთვის, რომ დიდი კატასტროფა დაინახა და გამოსწორება გადაწყვიტა, ამიტომ ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდა კაცს და არა _ შეუშალოს.

_ შეეცდება თუ არა კვირიკაშვილი, თავისი პარტია შექმნას. თუ მართლა მამუკა ხაზარაძე უჭერს მხარს, ეს არ გაუჭირდება…

_ ვინ დაუშლის პარტიის შექმნას?! ეს ყველას შეუძლია, მაგრამ პარტიაში ვინ ეყოლება? 15-20 ადამიანი და გადაბარგდება “ევროპელ ნაციონალებთან”? მისი საქციელი არც გამიკვირდება, რადგან დღეს “ქართულ ოცნებაში” იმაზე მეტი ნაციონალია, ვიდრე თვითონ “ნაციონალურ მოძრაობაში”.

კვირიკაშვილს კი ღმერთმა შეარგოს თავისი 15-კაციანი პარტია, თუკი რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტს. ფულის იმედი კი ნურავის ექნება, რადგან იმ შვილმკვდარ მამას კარგად აფინანსებდნენ, მხოლოდ აპარატურის ფასი იკითხეთ, რაც იქ იდგა, მაგრამ ხალხი ვერ გამოიყვანეს. საბედნიეროდ, ქართველი ამომრჩეველი აღარ იყიდება. ნაციონალებმა და მათმა მხარდამჭერებმა, ფარულმა თუ აშკარამ, დროა, შილაფლავის ხარშვა დაიწყონ.

ბახტაძის გასაგონად ვიტყვი: ქვეყანაში კატასტროფულ ზღვარზეა განათლება, სკოლადამთავრებული ბავშვების უმრავლესობა მშობლიურ ენაში გამოცდას ვერ აბარებს. თუკი ამას არ მიხედავენ, ტურიზმიც უკან დარჩებათ და ქვეყანაც.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ტყუილია! არ უხდება ამ სიტუაციასი გაყვითლებული პრესა….თუ კი მართლა არსებოს აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი დადეთ და ჩვენც დავრწმუნდებით….მაგრამ საქმეც ამაშია არ არსებობს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here