Home რუბრიკები ისტორია კაცობრიობის აკვანი კავკასიაში დაირწა

კაცობრიობის აკვანი კავკასიაში დაირწა

გერმანელი მეცნიერის აზრით, უძველესი ადამიანის სამშობლო კავკასიაა

6139
იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი

სამეცნიერო წრეებში დღემდე არსებობს თვალსაზრისი, რომ ევროპული რასის სამშობლო კავკასიაა. ამ თეორიას, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოს გამოაქვეყნა ფიზიკური ანთროპოლოგიის შემქმნელმა იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახმა, მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.

ჩვენ კავკასიელები ვართ

იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახმა, რომელიც შედარებითი ანთროპოლოგიის ინსტრუმენტებს ეყრდნობოდა, პირველმა დაყო კაცობრიობა განსაზღვრული მემკვიდრეობითი ნიშნების კომპლექსებით. ასე გაჩნდა სამეცნიერო თეორიაში 5 რასა: კავკასიური (თეთრი), მონგოლოიდური (ყვითელი), ნეგროიდული (შავი), მალაიური (ყავისფერი) და ამერიკოიდული (წითელი). ეს კლასიფიკაცია სხვადასხვა ვარიანტით დღესაც განაგრძობს არსებობას. ბლუმენბახის კვლევებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კავკასიურ რასას. მეცნიერის აზრით, კავკასიის უძველესი ხალხები ევროპელების წინაპრები არიან. ამ თეორიის შექმნას ბიძგი მისცა ნაპოვნმა თავის ქალამ, რომელიც ბლუმენბახმა 1795 წელს აღმოაჩინა საქართველოში.

შავი და კასპიის ზღვების ტერიტორიაზე მცხოვრები კავკასიელების კრანიოლოგიური (კრანიოლოგია _ თავის ქალების შემსწავლელი მეცნიერება _ ..) თავისებურებების შესწავლის შემდეგ მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობათეთრი რასისყველაზე სუფთა წარმომადგენლები არიან. იდეალურ ევროპეოიდებად ბლუმენბახი ქართველებს მიიჩნევდა და მათადამიანების ყველაზე მშვენიერ რასასუწოდებდა. უფრო მეტიც, მეცნიერის დასკვნები მიუთითებს იმაზე, რომ კავკასიის მთების სამხრეთი ფერდობები, დიდი ალბათობით, კაცობრიობის სამშობლოა. ყველა რასა, ბლუმენბახის აზრით, “საწყისი თეთრი კავკასიური რასის პიგმენტური ტრანსფორმაციის შედეგია. ეს რასები მრავალი ათასი წლის განმავლობაში იქმნებოდა მეტისაციის (ფიზიკური შერევის) გზით.

გერმანელი მეცნიერი გარკვეულწილად იმეორებს ანტიკური ხანისა და შუასაუკუნეების მოაზროვნეთა თვალსაზრისს. ისინი კავკასიას მიიჩნევდნენ დედამიწის ღერძად, რომელიც გადის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, აგრეთვე, აკვნად ახალი კაცობრიობისა, რომელიც პირველი წარღვნის შემდეგ გაიფანტა და დასახლდა პლანეტის სხვადასხვა ადგილას. ბლუმენბახი ვარაუდობდა, რომ კავკასია ღირსია, ეწოდოს არიელთა სამშობლო. არიელები კი დასახლებული იყვნენ ინდოეთიდან ბრიტანეთამდე და ურალიდან აფრიკამდე.

იდეები ცოცხლობს

ბლუმენბახის თეორია აღმოჩნდა ნაყოფიერი ნიადაგი, რომლიდანაც ბევრი მიმდევარი აღმოცენდა. ანალოგიური ცნებებით ოპერირებდა გერმანული კლასიკური ფილოსოფიის შემქმნელი გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელიც. ის წერდა: “მხოლოდ კავკასიურ რასაშია სული აბსოლუტურ ერთიანობაში საკუთარ თავთან, აღწევს აბსოლუტურ დამოუკიდებლობას, თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას და ამით წერს მსოფლიო ისტორიას”.

ფიზიკური ანთროპოლოგიის იდეებმა დიდწილად უბიძგა სამეცნიერო რასიზმის წარმოშობას, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო მეცნიერი-ბუნებისმეტყველი სემუელ ჯორჯ მორტონი. მისი მოსაზრებების მიხედვით, რასები განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან: უმაღლეს საფეხურზეა თეთრი კავკასიური რასა, უმდაბლესზე _ შავი ნეგროიდული, დანარჩენს შუალედური საფეხურები უკავია.

კაცობრიობის აკვანი კავკასიაში დაირწა

არსებობს მოსაზრება, რომ ნაცისტურ გერმანიაშიც სჯეროდათ არიელების კავშირის კავკასიასთან. ამაზე ლაპარაკობდა ჰუმბოლდტის სახელობის ბერლინის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი ვერ ჟულემი. მეცნიერის აზრით, ამ თეორიის გასამყარებლად 1942 წლის შემოდგომაზე კავკასიაში გაგზავნეს ანენერბეს (გერ.Ahnenerbe _ “წინაპართა მემკვიდრეობა”. ორგანიზაცია, რომელიც არსებობდა 1935-1945 წლებში ნორდული რასის ტრადიციების ისტორიისა და მემკვიდრეობის შესასწავლად) ექსპედიცია გრუპენფიურერ ჰენრიხ ფონ მიტკეს ხელმძღვანელობით. ეს ექსპედიცია დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მოგვიანებით ცნება “კავკასიური რასა” ნელ-ნელა მიივიწყეს, ანთროპოლოგმა ფრანც მიულერმა კი მეცნიერებს შესთავაზა ტერმინი “ხმელთაშუა ზღვის რასა”, რომელიც გულისხმობდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მცხოვრებ ხალხებსა და ცივილიზაციებს. საბჭოთა კავშირში იყენებდნენ ტერმინს “ევოპეიოდული რასა”, ზოგჯერ _ “ევრაზიულ რასას”.

XX საუკუნის 50-იან წლებში თბილისელმა ანთროპოლოგებმა შემოიღეს განსაზღვრება, რომელმაც მოიცვა მხოლოდ “თეთრი რასის” ნაწილი, კერძოდ, ცენტრალური კავკაკასიონის მთიელი ხალხები ქედის ორივე მხარეს. თუმცა დასავლურ ენებში ტერმინ Caucasian-ს, Kaukasoid-ს ან Kaukasische-ს დღესაც იყენებენ იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც Europeoid-ს.

ასეა თუ ისე, ბლუმბენბახის იდეა “თეთრი რასის” კავკასიური წარმოშობის შესახებ დავიწყებული არ არის. მაკმასტერის უნივერსიტეტის (კანადა) ანთროპოლოგიის ფაკულტეტის პროფესორმა, ლინგვისტმა და კავკასიური კულტურის სპეციალისტმა ჯიმ კოლარუსომ ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა “ინდოევროპელი გენის” დიდი კონცენტრაცია ადიღეელთა შორის.

მეცნიერმა აღიარა, რომ ჯერ კიდევ კვლევის დაწყებამდე მივიდა დასკვნამდე: ბევრი ინდოევროპელის _ სლავების, ინგლისელების, ბერძნების, იტალიელების _ ენები ძალიან ახლოს იდგა ენასთან, რომელზეც ლაპარაკობენ ადიღები, უბიხები და აბაზები.

ამ საკითხზე არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც. XIX საუკუნეში გაჩნდა იდეა, რომ შეუძლებელია კავკასია ევროპეოიდების სამშობლო იყოს და, თუ “თეთრი რასის” წარმომადგენლები იქ ცხოვრობდნენ (მაგალითად, კამერიელები ჩვ. წ. აღ-მდე VIII საუკუნეში), მხოლოდ დროებით და ისინი კავკასიას სატრანზიტო პუნქტად იყენებდნენ. თანამედროვე ლინგვისტები ამტკიცებენ, რომ კავკასიის ხალხების ბევრ ენას საერთო არაფერი აქვს ინდოევროპულ ენებთან, თუმცა რატომ არის მეგრელ (დასავლეთი საქართველო) და ესპანეთში მცხოვრები ბასკების ენებში ბევრი იდენტური სიტყვა, როგორც ხმოვნების, ისე აზრობრივად, ისინი არ ხსნიან. ზოგიერთ ანთროპოლოგს მიაჩნია, რომ კავკასიის ამჟამინდელ მოსახლეობას ცოტა აქვს საერთო ევროპეოიდული რასის წინაპრებთან, რომლებიც დასახლებულნი არიან ევროპის ტერიტორიაზე. ერთადერთი გამონაკლისი არის დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთსა და ადიღეში მცხოვრები მოსახლეობა, რომელთა წინაპრებიც აქ ოდესღაც გადმოსახლდნენ ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან. ბლუმენბახის თეორიის საწინააღმდეგო მოსაზრებას ავითარებს ზოგიერთი გენეტიკოსიც. მაგალითად, იტალიელი ლუიჯი კავალი-სფორცა, პოპულაციური გენეტიკის საკითხების მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სპეციალისტი, ამბობს, რომ გენეტიკური მარკერების ერთობლიობით კავკასიაში, აგრეთვე, წინა აზიაში მცხოვრები ხალხები (თურქები, ქურთები, სირიელები) ევროპეოიდები არ არიან. ამას გარდა, კავალი-სფორცა ამტკიცებს, რომ თანამედროვე ადამიანის წინაპარი არა კავკასიაში, არამედ აფრიკაში უნდა ვეძებოთ. და ჩვენი წინაპრები აფრიკიდან გადასახლდენ ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში, მერე _ აღმოსავლეთ აზიასა და ამერიკაში. მაგრამ ეს ერთი გენეტიკოსის თვალსაზრისია. ბევრი სხვა გენეტიკოსის აზრით, ადამიანის გენომის შესწავლის დონე ასეთი კატეგორიული დასკვნების გამოტანის საშუალებას ჯერჯერობით არ იძლევა.

Cirillitsa.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. სინამდვილეში საქმე ასეა, ქართველური ტომები ( ან თეორიულად პირველადი ფორმის ქართული სახელმწიფო) ცხოვრობდნენ მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში და ეს იყო ჩვენი მკვიდრი სამშობლო, ხოლო “ევროპელები” ინდოევროპული ენობრივი ოჯახის წარმომადგენლები მოვიდნენ გვიან ძვწა. 3 ათასწლეულში ინდოეთიდან ( იტალიელები, ბერძნები, სხვები და სხვები). დასტურდება ბერძნული წყაროებითაც, მათ საბერძნეთის მიწაზე დახვდნენ მაღალგანვითარებული ” პელაზგები” . ამით ნათლად აიხსნება ყველა ის კავშირი რაც აქვს ქართულ კულტურას, ბასკურთან, სიცილიურთან (პოლიფონია) სხვა ადგილობრივ იდენტურ ადათ წესებთან ( რათქმაუნდა ღრმა კვლევის საგანია ). მათ მოსულებმა ადგილობრივი ქართველური ტომებისგან ისწავლეს ყველაფერი, მრეწველობა, მითოლოგია, სახელმწიფოებრივი მოწყობა და სხვა. თუმცა შეავიწროვეს ისინი და მიაჯაჭვეს მხოლოდ კავკასიას 😉

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here