კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ გამართული რეფერენდუმის დრამატულმა განვითარებამ, ასევე, ერაყელი ქურთების თვითგამორკვევის პლებისციტმა კვლავ წამოჭრა საკითხი იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში არ არის ერებისა და ტერიტორიების თვითგამორკვევის დაშვების ზუსტი კრიტერიუმი.
ეს ქმნის ნოყიერ ნიადაგს “ორმაგი სტანდარტებისა” და “პოლიტიკური სპეკულატური” კომბინაციების დასამკვიდრებლად. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიურ სეპარატიზმს ხანგრძლივი და უნიკალური ისტორია აქვს, დღევანდელი მოვლენების შეფასებისას ცდილობენ სხვა რეგიონულ კრიზისებზე მის “მიბმას”, მათ შორის, ბალკანეთის კრიზისზეც, რომლის დროსაც “ორმაგი სტანდარტები” და გეოპოლიტიკურით თამაშები სრულად გამოვლინდა.
ამ საკითხების გარშემო ამ დღეებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხების ამერიკული საბჭოს პრეზიდენტი რიჩარდ ჰაასი. ერაყის ქურთისტანის რეფერენდუმიდან ოთხი დღის შემდეგ და კატალონიის რეფერენდუმამდე ორი დღით ადრე იგი აღნიშნავდა, რომ თანამედროვე სამყაროში ახალი სახელმწიფოებრიობის დამკვიდრება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია სხვა სახელმწიფოების მიერ აღიარებაზე. ჰაასი ცდილობს საკუთარი წესების ფორმულირებას, რომლებიც, მისი თქმით, უნდა გამოვიყენოთ მსგავს შემთხვევებში. “ჰაასმა ხუთი წესი ჩამოაყალიბა: ისტორიული საფუძვლის არსებობა, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული ხალხის “უტყუარ კოლექტიურ იდენტურობას”; ურყევი არგუმენტების არსებობა, რომლებიც დაამტკიცებს, რომ “არსებული სტატუს კვო დაკავშირებულია მოცემული ტერიტორიის მოსახლეობის დიდ ფიზიკურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დანახარჯთან”; “ახალი სეპარატული პოლიტიკური სტატუსის” ძლიერი მხარდაჭერა მოსახლეობის მიერ; ახალი სახელმწიფოს “სიცოცხლისუნარიანობა”; დაბოლოს ის, რომ “გამოყოფა არ უნდა დაემუქროს ქვეყნის დარჩენილი ნაწილების სიცოცხლისუნარიანობას ან მეზობელი სახელმწიფოების უშიშროებას”.
ამ წესებს თუ მივუსადაგებთ ყოფილ იუგოსლავიას, აღმოჩნდება, რომ დასავლეთმა ძალიან იჩქარა იუგოსლავიის რიგი რესპუბლიკების, ასევე, სერბეთის მხარის _ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება.
შეკითხვებს აჩენს კოსოვოელი ალბანელების “კოლექტიური იდენტურობა”. ცნობილია, რომ კოსოვოელ ალბანელებს თვით ალბანელი ექსპერტები და ალბანეთის ეროვნული მოძრაობის ლიდერები განიხილავდნენ, როგორც საერთოალბანური ეთნოსის შემადგენელ ნაწილს. ამ ნაწილმა თავისი დამოუკიდებლობა მოიპოვა ალბანეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შესვლის კვალზე, ხოლო ბოსნიელი მუსლიმებისა და ჩერნოგორიელტა კოლექტიური იდენტურობის დონე, ისტორიული თვალსაზრისით, ჩამორჩება იმავე კატალონიელებისა და, მით უფრო, ქურთების იდენტურობას.
ვერც ერთი სერიოზული ანალიტიკოსი ვერ იტყვის, რომ თვითგამოცხადებული კოსოვო შეიძლება სიცოცხლისუნარიანი იყოს დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე. დამოუკიდებელი ორგანიზაციების შეფასებით, 1992-2002 წლებში საერთაშორისო თანამეგობრობამ კოსოვოს 2,3 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია “რეფორმების განსახორციელებლად”, რაც კოსოვოს მშპ–ს თითქმის ნახევარია. ამჟამად უფრო მცირე თანხაზე ლაპარაკობენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, 2016 წელს, მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემებით, კოსოვოს ბიუჯეტი უცხოური 173 მილიონი ევროთი შეივსო, რაც იმ თანხის ფარდია, რომელიც პენსიებისა და სხვა სოციალური ხარჯების დასაფარავად არის საჭირო.
რაც შეეხება რიჩარდ ჰაასის მიერ ჩამოყალიბებულ ბოლო პუნქტს, რომლის მიხედვით, ამა თუ იმ ტერიტორიის გამოყოფა არ უნდა დაემუქროს ქვეყნის დანარჩენი ნაწილების სიცოცხლისუნარიანობას ან მეზობელი სახელმწიფოების უშიშროებას”, კოსოვო-ალბანურმა სეპარატიზმმა და დასავლეთის მიერ მისმა ცალმხრივმა მხარდაჭერამ გამოიწვია ალბანელებით დასახლებული ბალკანეთის სხვა რაიონების დესტაბილიზაცია და შექმნა უაღრესად საშიში პრეცედენტი.
შემთხვევითი არ არის, რომ ბალკანეთის სახელმწიფოები სულ უფრო დაშორდნენ ევროსაბჭოში გაერთიანების შესაძლებლობას. ეს საყოველთაოდ გაცხადდა გასულ ზაფხულს იტალიის მთავრობის ეგიდით ტრიესტში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე: “ევროკავშირი _ დასავლეთ ბალკანეთი”, რომელშიც მონაწილეობდნენ ალბანეთის, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის, მაკედონიის, სერბეთის, ჩერნოგორიისა და კოსოვოს დელეგაციები. როგორც იტალიის მთავრობის მეთაურმა პაოლო ჯენტილონიმ აღნიშნა, ევროკავშირს განზრახული აქვს “დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ღიად დატოვოს ევროკავშირთან მიერთების პერსპექტივა”, მაგრამ ევროკავშირში შესვლისთვის მოსამზადებლად ბალკანეთის ქვეყნებს “დიდი დრო დასჭირდებათ”.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, როგორც კატალონიაში, ასევე ერაყის ქურთისტანში, მოვლენების განვითარება გამოიწვევს გეოპოლიტიკურ მანევრებსა და სპეკულაციას, რომლებსაც საერთო არაფერი აქვს სტაბილურობის ინტერესებთან და ხალხთა მისწრაფებებთან. ესპანური გაზეთი La Vanguardia კატალონიური რეფერენდუმის შესახებ აღნიშნავს, რომ არსებულ რეალობაში სახალხო პროტესტები ევროკავშირს განსაკუთრებით არ აღელვებს. “XX საუკუნის ბოლოს ბევრმა ქვეყანამ შეძლო დამოუკიდებლობის მოპოვება, _ განაგრძობს გაზეთი, _ იგულისხმება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ბალკანეთის სახელმწიფოები და სამხრეთ სუდანისაც კი, მაგრამ მათ დამოუკიდებლობას გზა გაუხსნეს ჰეგემონისტმა სახელმწიფოებმა და ორგანიზაციებმა: აშშ-მა, ნატომ, ევროკავშირმა, სავალუტო ფონდმა. საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის დაშლა ამ სტრუქტურების სტრატეგიული გეგმებით იყო გათვალისწინებული… კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს, მაგრამ სეპარატისტული განწყობილებები აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ყირიმსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კატეგორიულად უარყვეს”.
“ხალხის ნებას ევროკავშირი კვარცხლბეკზე აყენებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ეს ნება ეთანხმება ოლიგარქიულ და ჰეგემონურ ინტერესებს… ეს ინტერესები შეიძლება შეიცვალოს კატალონიისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების სასარგებლოდ, მაგრამ ასე მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთის მთავრობა უცებ დაიწყებს სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებას და შეეცდება ნატოდან გასვლას, ხოლო ამის საპირწონე იქნება კატალონიის ნეოლიბერალური მთავრობა, რომელიც გეზს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ აიღებს”, _ ასკვნის La Vanguardia. მართებული შენიშვნაა!
პეტრე ისკანდეროვი,
fondsk.ru