Home რუბრიკები პოლიტიკა “კარგი ბიჭი” ცუდ სიტუაციაში მოხვდა

“კარგი ბიჭი” ცუდ სიტუაციაში მოხვდა

5713

კარგი ბიჭია. სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ-ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს”, _ ასე დაახასიათა 2013 წლის 9 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ბახტაძე. გავიდა თითქმის ხუთი წელი, ივანიშვილი “ერთ-ერთ ვარიანტს” დაუბრუნდა და ბახტაძე მთავრობის ხელმძღვანელი გახდა.

ბახტაძის კარიერული წინსვლის მთავარ “ძრავად” სახელდება მეგობრობა ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟ უტასთან. მიუხედავად იმისა, რომ “კრონპრინცი” საჯარო სივრცეში თითქმის არ ჩანს, მისი დაინტერესება პოლიტიკით ეჭვს არ იწვევს. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ივანიშვილი ამბობდა, რომ უტა დაჟინებით ურჩევდა, პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართულიყო. “ქართული ოცნების” ჩამოყალიბების პერიოდში, როდესაც შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობას შეუზღუდავდნენ, ის ამბობდა, რომ უტა ივანიშვილი შეიძლება პარტიის ერთგვარი ალტერნატიული ლიდერი გახდეს: “ჩამოვაყალიბებთ პოლიტიკურ პარტიას, ოღონდ უკვე უჩემოდ და იქ ერთ-ერთი ჩემი ახლო ნათესავი ან სულაც ჩემი ვაჟი უტა გამოჩნდება ჯგუფთან ერთად; შესაბამისად, გახმიანდება ივანიშვილის გვარიც… უტა მოიაზრება ამ პოლიტიკურ ძალაში, მაგრამ არ მინდა, იმდენად აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში, რომ სწავლას მოსწყდეს. ის გულუბრყვილოდ უყურებს ბევრ საკითხს, რასაც მე ჩემი გამოცდილების წყალობით დავძლევ”, _ განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა “კვირის პალიტრას” 2011 წლის ნოემბერში.

2015-2016 წლებში რამდენჯერმე გავრცელდა ხმა იმის თაობაზე, რომ უტა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება, სათავეში ჩაუდგება მმართველი პარტიის საარჩევნო სიას და ა.შ. მსგავსი რამ არ მომხდარა, მაგრამ ინფორმირებული წყაროები მიანიშნებდნენ, რომ “კრონპრინცისა” და მისი სამეგობროს გავლენის სფერო ფართოვდება. გასაკვირი ამაში, ალბათ, არაფერია _ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სხვა ლიდერებზე ადრე მიხვდა, რომ დროის შეჩერების მცდელობა (რომელსაც არაერთი ჰიბრიდული რეჟიმი მიმართავს) დამღუპველია და დაიწყო საუბარი ახალი ელიტის აღზრდაზე, რომელიც ქვეყანას სათავეში დაახლოებით 2030 წლიდან ჩაუდგება. მის ბირთვად კი ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, სწორედ “უტას გუნდს” განიხილავს და, შესაბამისად, აპირებს მისი პასუხისმგებლობის ზონა თანდათან გააფართოვოს, ცხადია, კონტროლის შენარჩუნების პირობებში.

კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში მინისტრთა კაბინეტი ერთიან ორგანიზმს არ წარმოადგენდა. საკვანძო მინისტრებს ბიძინა ივანიშვილი პირადად აკონტროლებდა; მათთან ხანგრძლივი ურთიერთობა და თანამშრომლობა აკავშირებდა (უპირველესად, “ქართუ ჯგუფში”). სიტუაცია, სავარაუდოდ, არ შეიცვლება და ბახტაძის გავლენა, მაგალითად, ძალოვან ბლოკზე მინიმალური იქნება, მაგრამ, ამასთანავე, მან შეიძლება მიიღოს რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გატარების შესაძლებლობა. ამისთვის საჭიროა კონტროლი ეკონომიკურ ბლოკზე, რომელსაც აქამდე კვირიკაშვილი-ქუმსიშვილის უცნაური დუუმვირატი მართავდა _ ორ ხელმძღვანელს შორის არსებული წინააღმდეგობები და მათი ერთობლივი ინტერესები, ფაქტობრივად, ერთმანეთს ბლოკავდა.

თამამი ეკონომიკური რეფორმები ვერ გატარდებოდა პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციამდე, ხოლო რეფორმების მიყვანა ბოლომდე შეუძლებელი იქნება მთელი სისტემის, უპირველესად კი, მისი სამართალდამცავი სეგმენტის რეფორმის გარეშე. ზოგი ვერ ხედავს ამ კავშირს და ვერ აცნობიერებს, რომ ნორმალური სასამართლოსა და პროკურატურის არარსებობა ნორმალური ეკონომიკის არსებობას გამორიცხავს.

 დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებულმა კრიზისმა დაადასტურა, რომ სისტემა ისეთ მდგომარეობაშია, რომ საფრთხეს საკუთარ თავს უქმნის. ამავე დროს, მმართველი პარტიის რეიტინგის დაცემამ და ეკონომიკური სტატისტიკის გაუარესებამ ნათლად აჩვენა, რომ მოსახლეობის მოთმინების ფიალა პრაქტიკულად ავსებულია. პრობლემა ისაა, რომ იმ მასშტაბის რეფორმები, რომლებიც საქართველოს სჭირდება, სხვა ქვეყნებში, ხშირ შემთხვევაში, წარუმატებლად სრულდება. ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, მმართველი ელიტა ცდილობს, ავანგარდში ისეთი ფიგურები დააყენოს, რომელსაც წარუმატებლობის შემთხვევაში იოლად მოიცილებს და ხელსაც შეაწმენდს. ბახტაძე ამ მხრივ საინტერესო კანდიდატურაა, ის არ წარმოადგენს მძლავრი კლანის ნაწილს და, სავარაუდოდ, კვირიკაშვილის მსგავსად, მისი ფორმირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები არ აქვს. ძნელი წარმოსადგენია, ის ბიძინას ან უტა ივანიშვილს აუბუნტდეს _ “კარგი ბიჭი” ამისთვის მეტისმეტად დამჯერი ჩანს.

 ბახტაძის ოფიციალურ ბიოგრაფიაში არის ერთი საეჭვო მომენტი: მაია რჩეულიშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების თანახმად, რომლებიც ბლოგ “კავშირების” მიერ მოვიპოვეთ, მამუკა ბახტაძე “ცენტრ პოინტ ინვესტი პლუსის” დირექტორად სწორედ იმ პერიოდში მუშაობდა, როდესაც ამ კომპანიას განრისხებული კლიენტები მიადგნენ. პრობლემა ისაა, რომ ამ დრომდე ეს ფაქტი ბახტაძის ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ ასახულა, შესაძლოა, ფიგურანტმა მისი დამალვა სცადა. ასე რომ, კითხვას “რას აკეთებდა ბახტაძე “ცენტრ-პოინტში?” კიდევ არაერთგზის დასვამენ.

კიდევ ერთი სკანდალური ეპიზოდი “ნაცმოძრაობისთვის” გადარიცხულ 20 ათასლარიან შემოწირულობას ეხება. ბახტაძე იმ პერიოდში “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის” დირექტორი იყო, რომელიც “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში”, მარტივად რომ ვთქვათ, ბეჟუაშვილების იმპერიაში შედიოდა. დავით ბეჟუაშვილი მაშინ კენჭს იყრიდა თეთრიწყაროს მაჟორიტარად “ნაცმოძრაობიდან” და ამ პარტიას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დაშორდა.

“ქართული ოცნება” ბახტაძის ამ ნაბიჯს, ფაქტობრივად, იმით ამართლებს, რომ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა იმ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება აიძულებდა ბიზნესმენებს, მისი “ობშიაკი” შეევსო. ეს, ალბათ, შეურაცხყოფაა, როგორც ამომრჩევლების, ისე თვითონ ბახტაძის. სხვა არჩევანი ნამდვილად არსებობდა _ ეს იყო მამაცი და მაღალი ზნეობრივი პრინციპების მქონე ადამიანების არჩევანი, რომლებიც უპირისპირდებოდნენ დიქტატორულ რეჟიმს, უძლებდნენ წამებას, იჯდნენ ციხეებში და შიშველი ხელებით აკავებდნენ შეიარაღებულ ზონდერებს, რომლებიც საარჩევნო ყუთებს იტაცებდნენ. ამ მოქალაქეების გარეშე ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ვერასოდეს მოვიდოდა და, შესაბამისად, ვერ დანიშნავდა თანამდებობებზე ადამიანებს, რომლებიც, მამუკა ბახტაძის მსგავსად, ჩუმად, ზოგჯერ კი სიხარულით ემორჩილებოდნენ სააკაშვილის სადისტური რეჟიმის ყველა მოთხოვნასა თუ ჭირვეულობას.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ დანიშნა ივანიშვილმა ბახტაძე, მიუხედავად იმისა, იცოდა, რომ “შემომწირველის” კანდიდატურა სააკაშვილის ძველ მოწინააღმდეგეებს გააღიზიანებდა? საქმე ისაა, რომ მსგავსი საკითხი დღის წესრიგში უკვე დადგა 2016 წლის ნოემბერში, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრად ზურაბ ალავიძე დაინიშნა. ალავიძე 2012-ში “დარიალი ენერჯის” გენდირექტორი გახლდათ და “ნაცმოძრაობას” 35 ათასი ლარი ჩაურიცხა. როდესაც დანიშვნის პერიოდში ეს გაუხსენეს, ალავიძემ თავდაპირველად იცრუა და თქვა, რომ შემოწირულობას ადგილი არ ჰქონია, ხოლო ფაქტის დადასტურების შემდეგ დადუმდა. მიუხედავად ამისა, მინისტრი მაინც გახდა და იმ საზოგადოებამ, რომელიც დღეს უკმაყოფილოა “შემომწირველი” ბახტაძის დანიშვნით, ეს მხოლოდ სოციალურ ქსელებში გააპროტესტა. თუ ის მაშინ პრინციპულ პოზიციას დაიკავებდა, არც ალავიძე გახდებოდა მინისტრი და, შესაძლოა, ბახტაძესაც არ დანიშნავდნენ, ან მის ნაბიჯს სხვა, უფრო გონივრულ ახსნას მოუძებნიდნენ.

ახალმა პრემიერმა პრიორიტეტებზე საკმაოდ ბუნდოვნად ისაუბრა. ზოგადი ფრაზები ევროინტეგრაციაზე ან, მაგალითად, შემდეგი პასაჟი: “ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება ყველა ოჯახს და ჩვენს ყველა მოქალაქეს” _ უფრო ჰგავდა პროპაგანდას, ვიდრე სამოქმედო პროგრამის ნაწილს. მით უმეტეს, რომ ამის შემდეგ ბახტაძემ თქვა: “ჩვენ შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის”. ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საშიში ილუზიაა, რომელიც “ქართული ოცნების” ზედა ეშელონებში ბოლო დროს გავრცელდა. ისინი გამუდმებით საუბრობენ რაღაც მითურ მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე, რომელთა ერთ-ერთ გამოვლინებად, ალბათ, უნდა ჩავთვალოთ ბაკქანალია, რომელიც მმართველმა პარტიამ ბორჯომის საკრებულოში მოაწყო, როდესაც საკუთარ აქტივისტებს ხელფასებს უზრდიდა, ან კონსტიტუციის გაუპატიურება, ან ტოტალური კონტროლი ხელისუფლების ყველა შტოზე.

გაცილებით გასაგები და, ალბათ, მისასალმებელი იყო მამუკა ბახტაძის მოსაზრებები “მცირე მთავრობის” კონცეფციასა და ანტიკორუფციული კონტროლის გაძლიერებაზე. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ანალოგიურ განცხადებებს საქართველოს უკლებრივ ყველა ხელისუფლება აკეთებდა, თანაც არაერთგზის, სხვადასხვა მაღალჩინოსნის პირით. ასე რომ, ეს ის საკითხია, რომლის მიმართ საზოგადოება “ურწმუნო თომად” ჩამოყალიბდა და არაფერს დაიჯერებს, სანამ რეალურ ცვლილებებს საკუთარი თვალით არ დაინახავს.

“მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი”, _ განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ამ შემთხვევაშიც საზოგადოება არ იტყვის “ამ დღეს ველოდი, მოვესწარ”, მიუხედავად იმისა, რომ მისი უმრავლესობა ამ პრიორიტეტს იზიარებს, საზოგადოება კონკრეტულ ნაბიჯებს დაელოდება. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდება მთავრობის მთავარი პრობლემა _ დაანახვოს გადაღლილ, გაღიზიანებულ საზოგადოებას რეალური შედეგები უფრო სწრაფად, სანამ ამოიწურება წინა წლებთან შედარებით მცირე ნდობის კრედიტი, რომელიც ახლახან მიიღო.

ლუკა ნემსაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here