3350 – ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი რიცხვია, მაგრამ, მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი, ეს რიცხვი ზუსტად ასახავს კულტურისა თუ სპორტის სფეროში მოღვაწე იმ ადამიანთა რაოდენობას, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ყოველთვიურ ჯამაგირს უხდიდა. მაშინ, როცა პენსია 7 ლარი იყო, ხელფასი – 50 ლარი, მათ ივანიშვილისგან ათასობით ლარი ერიცხებოდათ, მაგრამ ამ საკითხზე საუბარი აკრძალული ჰქონდათ.
ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ საარსებოდ და გადასარჩენად საჭირო თანხა ივანიშვილისგან მოდიოდა. მაგალითად, ნანი ბრეგვაძე თვეში 5 ათას ლარს იღებდა, ისევე, როგორც ბუბა კიკაბიძე და სხვები. კიკაბიძე, გემახსოვრებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო და ივანიშვილის კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებდა; ქალბატონი ნანი კი შვილსა და შვილიშვილთან ერთად აქციაზე ვიხილეთ, აქაოდა, ეს რა ხდება, ივანიშვილი უნდა გასამართლდესო. ისე, მართლა უნდა გასამართლდეს ბატონი ბიძინა იმისთვის, რომ ამდენი უმადური შემოიკრიბა და სწორედ მისი დამსახურებაა, მათ შიმშილით სული რომ არ გასძვრათ. ეს ყველაფერი ათეული წლების განმავლობაში გრძელდებოდა, ახლაც გრძელდება და მაინც თითქოს ამ კაცს ვალდებულება ჰქონდა, რომ ეს მუხთაქორები ერჩინა. დიახ, მუხთაქორები, რადგან, როცა პრეტენზია გაქვს, რომ ხელოვანი ხარ, კეთილი ინებე და ისეთი იყავი, ხალხმა დაგაფასოს და შენი შემოქმედების ნახვაში ფულის გადახდა არ დაენანოს. დღეს კი ის თეატრები იფიცებიან, რომლებსაც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე ჭერი არ ჰქონდათ, არ იყო წყალი, გათბობა, ელემენტარული პირობები და ივანიშვილი მილიონებს ხარჯავდა იმისთვის, რომ თეატრში მისვლა ცალკე დასს და ცალკე მაყურებელს გახარებოდა. თურმე ახლა გახდა ივანიშვილი რუსეთუმე და რუსეთის აგენტი, თორემ მაშინ, როცა რუსეთში ცხოვრობდა, იქ ნაშოვნ მილიონებს აქეთ ექაჩებოდა და ამ უმადურებს ურიგებდა, პატრიოტი და ქველმოქმედი იყო. ახლა, როცა დასავლეთის დაკრულზე არ მოინდომა ცეკვა, როცა ქვეყანა ბეწვის ხიდზე გაატარა, ომსა და ათას უბედურებას გადაარჩინა, გახდა მოღალატე და თურმე დიქტატორია. თუ ასეთი წარმოდგენა გაქვთ მასზე, ბატონებო და ქალბატონებო, მოღალატისგან, დიქტატორისგან, რუსეთუმესგან რაც თანხა გაქვთ მიღებული, დაიანგარიშეთ და ერთიანად დაუბრუნეთ, თუ ერთიანად ვერ მოახერხებთ, ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად, ზუსტად ისე, როგორც ამას თვითონ აკეთებდა და მერე დაგიჯერებთ, რომ ნამდვილი პატრიოტები ხართ. რა თქმა უნდა, ამას არავინ იზამს, რადგან სჯერათ, რომ ეს ყველაფერი დაიმსახურეს და მერე რა, რომ მათი „დამსახურება“ მხოლოდ ივანიშვილმა შეამჩნია და მხოლოდ ის მიხვდა, რომ კულტურული გენოფონდი, შესაძლოა, შიმშილით გაწყვეტილიყო და ამიტომ ეხმარებოდა მათ. ცალკე თემაა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. თურმე ანდრო გმირია, თურმე ხმალამოღებული ებრძვის რუსეთს და ჰოი, საოცრებავ, რუსულ ფილმში გადაუღიათ, რუსულ რეკლამაში და, რაღა თქმა უნდა, თავის მართლების დრო დადგა. ჰოდა, ჯერ ანდროს დედამ, შედეგ კი მისმა მეგობრებმა განაცხადეს, რომ ეს ფილმი მანამდე იყო გადაღებული, სანამ უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირება დაიწყებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ორ ქვეყანას შორის ომი გაჩაღდა, ანდროს რუსული კინემატოგრაფიისკენ აღარ გაუხედავს. კარგი, ეს ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ… იგივე ანდრო, იგივე ოპოზიცია, იგივე ხალხი, რომელიც ქუჩაში დგას, ხომ ამტკიცებს, 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო და რეალურად რუსულ არმიას ვებრძოდითო? 2008-ში რატომ არ გაეხსნა პატრიოტული გრძნობები ჭიჭინაძეს? თუ საქართველოზე მეტად საყვარელი უკრაინაა? თუ მაშინ ეს მოდური არ იყო ან პირიქით – იყო, მაგრამ ვერ გაბედავდი იმიტომ, რომ სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში და გლდანის ციხეში მოხვედრა, ახლანდელისგან განსხვავებით, მიწიერ ჯოჯოხეთს უდრიდა? ეს ხომ არ არის მიზეზი და კიდევ ის, რომ რამდენიმე ტვინგამორეცხილს დღემდე საქართველოს დროშის ნაცვლად უკრაინის დროშის სამკერდე ნიშანი აქვს და ხბოს აღტყინებით ბღავის ხოლმე „სლავა უკრაინი“-ს. ჰო, ბღავილია ეს, ბატონებო, ბღავილი და არაფერი სხვა. როგორ შეიძლება, სავაჭრო ობიექტსა თუ სახლის აივანზე საქართველოს დროშა არ გქონდეს და უკრაინის დროშას აფრიალებდე, იმ უკრაინისას, რომელსაც ერთი სამადლობელი სიტყვა არ დასცდენია საქართველოზე, რომელმაც უკრაინელი დევნილები შეიფარა, კომპენსაციებიც ჩამოურიგა და ყველა ქვეყანაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა?! მაგრამ არა, ვერ მოვაწონეთ თავი ზელენსკის, რომელიც 2008 წლის ომში სააკაშვილის ჩასვრის პაროდიას აკეთებდა და ახლა… ახლა თვითონ ნახა, როგორია ჩასვრა არა სცენაზე, არამედ ცხოვრებაში. ზელენსკი ჩვეულებრივი ლაჩარია. მან თავისი ქვეყნის გენოფონდი დასავლეთის ინტერესებს შესწირა და ახლა კარგად ხვდება, რომ ტრამპის მიერ დაანონსებული ომის დასრულება ყველაზე მეტად მას არ აძლევს ხელს, რადგან შემდეგ პასუხისგება მოუწევს იმის გამო, რაც ჩაიდინა, ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნიდან არაფერი რომ არ დატოვა, ნაცარტუტად რომ აქცია ქალაქები და სოფლები. არ გამოვა ამ ყველაფრის გამართლება „ვაინა ვსიო სპიშეტ“-ის ძახილით, ამაზე პასუხი ვიღაცამ უნდა აგოს და ეს „ვიღაცა“ ზელენსკია…
ისევ ჩვენს „მსახიობებს“ დავუბრუნდეთ. ბოლო ხმაზე რომ გაჰკივიან, იმიტომ არ გვიცნობს ხალხი, რომ თეატრში ერთეულები დადიან, ყველა რომ დადიოდეს, გაგვიცნობდაო. გინახავთ, რამაზ ჩხიკვაძეს, ეროსი მანჯგალაძეს, სერგო ზაქარიაძეს, აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძეს, სესილია თაყაიშვილს, სოფიკო ჭიაურელსა და სხვებს ქუჩა-ქუჩა ევლოთ და მოეწოდებინათ: ხალხო, თეატრში იარეთ და გაგვიცანითო? ისე უნდა ითამაშო როლი, რომ ხალხი ერთმანეთს ქუჩაში უყვებოდეს, რა კარგად ითამაშა ამა თუ იმ მსახიობმა, როგორ შეასრულა, როგორი საოცარი იყო. ახლა კი… საოცარი კი არა, თეატრში ერთხელ მისული მაყურებელი მეორედ ცოცხალი თავით აღარ მიდის. ხომ მთელმა საქართველომ იხილა დავით დოიაშვილის დასის პერფორმანსი, რომელსაც ტაში მხოლოდ აღტყინებულმა პროტესტანტებმა დაუკრეს, დანარჩენებმა კი აღიარეს, რომ სწორად იქცევიან, თეატრში რომ არ დადიან და დოიაშვილის ნაცოდვილარს არ უყურებენ. ისე, ის თეატრიც, რომელშიც „დოი“ მოღვაწეობს, სწორედ ივანიშვილის ფულით არის გარემონტებული და კარგია ხომ, ბატონო დავით, კომფორტულ კაბინეტში ჯდომა და „ნაცრის ქექვა?!“
როგორც გვეუბნებიან, ივანიშვილი და „ქართუ ფონდი“ დღემდე არაერთ იმ ადამიანს უხდის ხელფასს, რომლებიც ქუჩაში დგანან და… ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვიან. გვესმის ქართული გულისხმიერება თუ კეთილშობილება, მაგრამ დღესვე (დღეს თუ არა, ხვალ) ამ ბრბოს, რომელსაც სიკეთის არსი არ ესმის, დაფინანსება უნდა შეუწყდეს, აღარ უნდა გადაუხადოს ივანიშვილმა არც ერთი თეთრი და ეგებ მერე მიხვდნენ, სად არის მათი ადგილი. ასეთი რამ სადმე გსმენიათ, რომ კაცი წლების განმავლობაში ასეულობით ოჯახს არჩენდეს და ეს ოჯახები ქუჩაში გამოდიოდნენ: სიკეთის მქნელი დაიჭირეთ, გაასამართლეთ, ქვეყნიდან გააძევეთო?! სავარაუდოდ, მათ რაღაცას დაჰპირდნენ და რატომღაც არავის ახსოვს, რომ მათი სიტყვა არასდროს ყოფილა ღირებული, მათთვის გადაგდება ჩვეულებრივი ამბავია და… ეს ის ხალხია, თავის დროზე სააკაშვილმა ჩარეცხილებად რომ გამოაცხადა, და ახლა ეს ჩარეცხილები ითხოვენ ისევ მიშას თავისუფლებას…
ეროვნულ ღირებულებებზე საუბარი დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ეს ქუჩაში გამოსულთა ლიდერებს მაინცდამაინც არ მოსწონთ. ტრამპის ახალი ადმინისტრაცია დაახლოებით იმ თემებზე საუბრობს, რომლებზეც მმართველი გუნდის ლიდერები და გვერწმუნეთ, არ არის შორს დრო, როცა ტრამპსაც რუსეთის აგენტად გამოაცხადებენ… ხელისუფლებამ უნდა გაუძლოს იმ უმსგავსობას, რომელიც ყოველდღიურად ხდება რუსთაველზე, მოსახლეობამაც უნდა გაუძლოს საპირფარეშოებად ქცეულ სადარბაზოებს, ღრიანცელს, უძილო ღამეებს და სწორედ ის ივანიშვილი დაალაგებს ისევ ყველაფერს, რომელმაც თავის დროზე კულტურისა და სპორტის გენოფონდი შიმშილით სიკვდილისგან, ქვეყანა კი სირცხვილისგან იხსნა… ახლა ეს ხალხი (რა თქმა უნდა, ყველა არა) მის წინააღმდეგ იბრძვის.
ლევან გაბაშვილი