Home რუბრიკები სამართალი კანონის წინაშე ყველა თანასწორია?

კანონის წინაშე ყველა თანასწორია?

კობახიძის, მდინარაძის, ღარიბაშვილის და ძმათა მათთა გასაგონად

ახლა კარგად დაძაბეთ გონება და გაიხსენეთ, რისთვის დაიწყო არაჟანს ჩამოყოლილმა ექსპრეზიდენტმა შიმშილობა; რა უნდოდა, რა მოთხოვნა ჰქონდა. რეალურად, არც არაფერი, დააკავეს და მეორე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. დაკავების მომენტში კი ხინკალს მიირთმევდა. როგორც ჩანს, უკრაინაში მოენატრა. შემდეგ მისი მხარდამჭერები ელოდნენ, რამდენჯერ გავიდოდა კუჭში მათი კერპი, რამდენ კოვზ ფაფას გადაიცდენდა პირში, იკრიბებოდნენ, ამხნევებდნენ, და ბოლოს შიმშილობა დაიწყეს. საბოლოოდ, მოშიმშილე სააკაშვილი ხელისუფლებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა და ახლა იმაზე ჩივიან, ფანჯარაა დაგმანული, არ იღებაო. არადა, მანამდე ნიკა გვარამია ყველაფერს იბრდღვნიდა, გორში იმიტომ მიჰყავთ, ოსური სპეცრაზმი სპეცოპერაციას ჩაატარებს, მიშას გაიტაცებს და პუტინს მიუყვანსო. ჰოდა, ახლა რომ აუხსნეს, დაგმანული სარკმელი სწორედ სააკაშვილის უსაფრთხოებისთვის არისო, დაოკდნენ.

შეიძლება, სიტყვა გამექცეს (რა თქმა უნდა, უწმაწურს არაფერს დავწერ), მაგრამ უნდა აიტანოს მიშამ და მისმა მრევლმა, რადგან პირდაპირ ეთერში დედას აგინებენ ყველას, ვინც მათ მხარეს არ არის. სააკაშვილის შემდეგ ყველაზე მეტ ყურადღებას ელენე ხოშტარიას შიმშილობა იპყრობდა. პარლამენტის შენობაში მოკლათებული გოგიევნას ტელევიზიები ცალკე ყარაულობდნენ და ხელის გოგო-ბიჭები _ ცალკე. როცა გადაადგილება გაუჭირდა, ეტლიც მიუტანეს, რომ არ დაღლილიყო და ბოლო დღეებში ექიმიც მიუსვეს გვერდით. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იყო და მისი კაბინეტის მისაღებში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიწყეს შიმშილობა, ანზოროვნამ პლედიც კი არ შეატანინა, ღამით რომ წაეფარებინათ, და გათბობაც გამორთო. ახლა კი ქალბატონი ნინო ხელისუფლებას ამუნათებდა, მოთხოვნებს რატომ არ ასრულებს, მოშიმშილეების თხოვნას ყურად რატომ არ იღებსო და თავისი არაადამიანური (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ქმედება არც მას გახსენებია, არც ტელეჟურნალისტებს. ან ამ უკანასკნელთ გაახსენდათ, მაგრამ არ შეახსენეს, ხელს არ აძლევთ და იმიტომ. საზოგადოდ, ტელეჟურნალისტები ოპოზიციის დღევანდელ ლიდერებს ბევრ რამეს არ ახსენებენ, რადგან ზუსტად იციან, ის რომ გაიხსენოს ხალხმა, რის გამოც ხელისუფლებიდან გაისტუმრა, მომგებიანი არც ახლა იქნება. მაგალითად, ნაცმოძრაობასარ ახსენებენ იმას, რომ სააკაშვილის საკანში შეთრევა კი არა, გვამი გვამზე გამოდიოდა გლდანის ციხიდან, რომ ბადრაგისთვის ხელის დარტყმა საუკეთესო შემთხვევაში პატიმრისთვის იმ ხელის მოტეხვით სრულდებოდა, რომ ადამიანებს ჯგუფჯგუფად იჭერდნენ და ისტუმრებდნენ გისოსებს მიღმა, რომ ქვეყანაში 300 ათასი პრობაციონერი გვყავდა და ეს პრობაციონერები არჩევნებზე ხმას სწორედნაციონალურ მოძრაობასაძლევდნენ იმის შიშით, რომ პირობითი სასჯელი რეალური არ გამხდარიყო და გლდანის ჯოჯოხეთი არ გაევლოთ. ჰო, ეს ყველაფერი იყო და ახლა არავინ იხსენებს

მოკლედ, კერპმა შიმშილობა შეწყვიტა და მას მიბაძა ყველამ, ვინც მიშას წამხედურობით საკვებს არ იღებდა. მოშიმშილეთა რიგებში იყო გიორგი ბარამიძეც და, სიმართლე გითხრათ, შემეცოდა. ბარამიძეს ხომ სახლზე ცეცხლის წაკიდების შემდეგ დარჩენილ ნაღვერდალზე გამომცხვარი კუბდარები ენატრება. გადაიყვანეს მიშა და ახლა მისი პირადი ექიმი ამბობს, იქნებ პატიმრობა გადაუვადოთ, სრულფასოვნად რომ იმკურნალოსო. მის მოწოდებას ოპოზიციის ლიდერებიც აჰყვნენ, მიშას სიცოცხლეს განსაკუთრებულად უნდა გავუფრხილდეთო. სხვა პატიმრების სიცოცხლეს არა? რას ნიშნავს, გლდანის ციხის საავადმყოფოში არ არის შესაბამისი პირობები, რომ ნაშიმშილებმა პატიმარმა სრული რეაბილიტაცია გაიაროს?! ახლა, როცა ამ სტატიას კითხულობთ, არაერთი პატიმარი შიმშილობს სხვადასხვა მოთხოვნით და დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ, როცა ისინი შიმშილობას შეწყვეტენ, არავითარ შემთხვევაში არ გადაიყვანენ არც გორში და არც სხვაგან, გლდანის ციხეში აყურყუტებენ. რა გამოდის? სააკაშვილის სიცოცხლე სხვა პატიმრების სიცოცხლეზე ძვირფასია? აბა, იმ პატიმრების ოჯახის წევრებს ჰკითხეთ, რა ურჩევნიათ. ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ადამიანებს თანასწორად არ ექცევა და ის, რისი უფლებაც აქვს იუპიტერს, ეკრძალება ხარს. და რატომ? ამ შემთხვევაში სააკაშვილიც ხომ სისხლის სამართლის დამნაშავეა და სხვა პატიმრებიც? ხომ თანასწორები არიან და ზუსტად ერთნაირი უფლებებით უნდა ისარგებლონ? ან ელენე ხოშტარიასთან ექიმი რომ მორიგეობდა და ამისთვის სახელმწიფო რესურსი იხარჯებოდა, ქალთა კოლონიაშიც არიან მოშიმშილე ქალბატონები და მათთან რატომ არ მორიგეობს ექიმი? თუ ელენეს მამამ იმდენი სიკეთე გაუკეთა საქართველოს, რომ გოგის გოგო განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებს?

ბოლო პერიოდში ხშირად გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ ხელისუფლება არასწორად, უსამართლოდ იქცევა. საკმარისია, ნებისმიერმა ნაძირალამ განაცხადოს, ოპოზიციის მხარდამჭერი ვარო და ბოლო ხმაზემიშა, მიშაიყვიროს, მაშინვე ერთგვარ იმუნიტეტს იძენს, ძალოვანები ცდილობენ, არ შეეხონ, ცდილობენ, არ დააკავონ, არ დასაჯონ. ხოლო ჩვენ, რიგით ადამიანებს, ქუჩაზე რომ არასწორად გადავიდეთ, ჯარიმას გვიწერენ. ქუჩაზე არასწორად გადასვლა შემთხვევით არ მიხსენებია. ამას წინათ საწვავის ფასები გააპროტესტეს და ქუჩაში მანქანებით გამოვიდნენ მძღოლები. ჰოდა, მათ დიდ ნაწილს საგზაო წესების დარღვევის გამო ჯარიმა მიუვიდათ სახლში, მაგრამ ეს არ ვრცელდება ოპოზიციის აქციებზე, როცა 30 კაცი 2 მანქანით შუა რუსთაველს კეტავს, ხმას არავინ იღებს და არც იმ მანქანების მძღოლებს მისდით ჯარიმები, მერე ოპოზიციამ რომ არ იყვიროს. ადამიანებმა სოციალური მდგომარეობა გააპროტესტეს, არარეალურად გაძვირება გააპროტესტეს და დაჯარიმდნენ. რა უნდა ქნან შემდეგ ჯერზე? უნდა გამოვიდნენ და ფასები გააპროტესტონ და თან “მიშა, მიშა” იძახონ? ხვდება ხელისუფლება, რომ ამით ცეცხლს ეთამაშება და, რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ოპოზიციას მრევლს უმრავლებს?

სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები რომ გაიმართა და დასავლეთ საქართველოდან ავტოკოლონები დაიძრა, იმ ავტოკოლონებში ზოგი ნასვამი მძღოლი იყო, ზოგი _ მართვის მოწმობის გარეშე და ისეთი ავტომობილებიც იყო, ტექდათვალიერება რომ არ ჰქონდა გავლილი. არც ერთი ჯარიმა არ დაწერილა და ეს იმიტომ, რომ კოლონის გაჩერება და მძღოლების სიფხიზლეზე შემოწმება ვერავინ გაბედა. ხომ კანონიერი ქმედებაა? ხომ შეეძლოთ ამის გაკეთება, მაგრამ ვერ გაბედეს, იმიტომ, რომ ოპოზიცია აყვირდებოდა, ხელს გვიშლიანო. არადა, ხელისუფლებაში ნაციონალების ყოფნის პერიოდში ჯარიმასაც ბევრს წერდნენ და გზებზე ლურსმანსაც ბლომად ყრიდნენ, დედაქალაქისკენ მომავალი კოლონები რომ შეფერხებულიყვნენ. ახლა ვიღაც იტყვის, წინა ხელისუფლებისგან სწორედ ამით განვსხვავდებითო, მაგრამ სასწაულს ხომ არ გთხოვთ, ბატონებო, კანონი დაიცავით, კანონის ფარგლებში იმოქმედეთ. ისინი უკანონობას სჩადიოდნენ, კანონს აბიჯებდნენ და თქვენ კანონი მაინც დაიცავით! მხოლოდ ჩვენი, რიგითი და კანონმორჩილი ადამიანების, ხარჯზე კი ნუ იცავთ კანონებს და მხოლოდ ჩვენს ხარჯზე კი ნუ ავსებთ ბიუჯეტს, მათაც მოსთხოვეთ… კანონის ფარგლებში.

იმედია, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და არ მივა იმ დასკვნამდე, რომ სააკაშვილს სასჯელი გადაუვადოს და თავისუფლებაზე იმკურნალოს. თუ გახსოვთ, მიშამ ხმამაღლა თქვა, გარეთ რომ გამოვალ, 10 დღეში დავამთავრებ ხელისუფლებასო; და, თუ გამოუშვებენ, მართლაც დამთავრდება ყველაფერი და ღირსებიც იქნებიან. რატომ დამთავრდება? იმიტომ, რომ ადამიანები რწმენას დაკარგავენ. ის ადამიანები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში სწორედ სააკაშვილის გასამართლებას ითხოვდნენ და მისთვის მიცემული 6 წელი ძალიან ეცოტავებათ. არ გეგონოთ, რომ, თუ ნაციონალებს “ოცნებამ” ლანგრით მიართვა ხელისუფლება, ამას ხალხი შეეგუება. ეს ყველაფერი აუცილებლად გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში და ამისთვის… ნაციონალები მზად არიან და აკი წამოსცდა კიდეც მურმან დუმბაძეს, საქართველო ნაწლავებად იქცევა და, ივანიშვილო, დანარჩენი შენ გაიგეო. დიახ, ისინი მზად არიან ყველაფრისთვის და ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს. კიდევ გავიმეორებთ: არ ვითხოვთ ისეთივე “ბესპრედელს”, როგორიც ნაციონალების მმართველობის პერიოდში იყო, მაგრამ, ბატონებო, როცა ვინმე კანონს არღვევს, კანონის ძალით გაეცით პასუხი. სხვაგვარად, სამოქალაქო დაპირისპირებას ვერ გადავრჩებით და კიდევ ერთ არეულობას საქართველო ვეღარ გადაიტანს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here