Home რუბრიკები ისტორია კალა

კალა

1734
ანჩისხატის ეკლესია

ასე ეწოდებოდა თბილისის გალავნით შემოსაზღვრულ უძველეს ნაწილს, წავკისწყლის მარცხენა ნაპირზე, ნარიყალას ქვევით, ანუ გალავნით შემოფარგლულ ქალაქს კალა ერქვა. ის ცენტრი იყო ქალაქისა, აქ მდებარეობდა სტრატეგიული და ადმინისტრაციული დანიშნულების ნაგებობანი.

მატიანე აღნიშნავს, რომ პიტიახში მოვიდაო “ტფილისად და კალა-ციხედ”. შემდგომში ეს სახელწოდება გავრცელდა თბილისის გალავნით შემოზღუდულ ძირითად ნაწილზე. სამხრეთ-აღმოსავლეთით გალავანი მიუყვებოდა წავკისწყალს (მდინარის იმ ნაწილს, რომელიც დღეს მილებში მიედინება) და მთიან რელიეფზე განლაგებული რთული ფორტიფიკაციული სისტემის მეშვეობით ნარიყალას ბასტიონებს უერთდებოდა. ნარიყალადან კედელი ტეხილი ხაზით მიყვებოდა აღმოსავლეთისაკენ სალალაკის ქედს. შაჰ-ტახტთან გალავანი მკვეთრად უხვევდა ჩრდილოეთისკენ და საფეხურებად ეშვებოდა მთის ფერდობებზე, გასდევდა დღევანდელი შალვა დადიანისა და პუშკინის ქუჩების ხაზს. შემდგომ გალავანი კვლავ მკვეთრად იცვლიდა მიმართულებას და მტკვრისკენ ეშვებოდა. გალავნის ამ ნაწილის ფრაგმენტები გამოჩნდა ბარათაშვილის ქუჩის გაფართოებისას. სწორედ აქ, ქალაქის ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლების გადაკვეთაზე, იყო მოწყობილი ქალაქის ერთ-ერთი დიღმის კარიბჭე (სადაც ახლა ვერცხლის ქუჩა იწყება). ვახუშტი ბაგრატიონს თბილისის 1735 წლის გეგმაზე ერთმანეთის სიახლოვეს ორი კარიბჭე აქვს ნაჩვენები: “მეიდნის კარი ხიდით” და “ქვემო კარი ხიდით”. თბილისის შემდგომ გეგმებზე კი მხოლოდ პირველ მათგანს უჩვენებენ “მუხრანის კარის” სახელწოდებით. როგორც ჩანს, “ქვემო კარი” ამოაშენეს გასულ საუკუნეში ფორტიფიკაციული ნაგებობების შეკეთებისას. ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარი _ კოჯრისა (“კოჟრის კარი”) მდებარეობდა დასავლეთ კედელში, იქ, სადაც დღეს ლესელიძის ქუჩა ერწყმის თავისუფლების მოედანს. ქალაქის გალავნის კიდევ ორი კარიბჭე იყო საწინააღმდეგო მხარეს: აბანოების კარი, რომელიც აბანოების უბნიდან უშუალოდ კალაში მიდიოდა, და განჯის კარი, რომელიც სამხრეთით, ნარიყალას ძირში იყო განლაგებული.

ამგვარად, კალაში შემოსვლა შეიძლებოდა სამხრეთიდან განჯის, აღმოსავლეთიდან აბანოების, დასავლეთიდან კოჯრის, ჩრდილოდასავლეთიდან დიღმის და ჩრდილოეთიდან მუხრანის კარიბჭეებით.

ბატონის ციხე
ბატონის ციხე

პირველ გრაფიკულ საბუთს, რომელიც ზუსტად გადმოგვცემს ფეოდალური თბილისის ქალაქთმშენებლურ სტრუქტურას, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი გეგმა წარმოადგენს. მართალია, ვახუშტი ბაგრატიონი არ იძლევა ქუჩების ზუსტ ქსელს, მაგრამ იგი მაინც გამოყოფს ზოგიერთ მათგანს, რომელთაც, როგორც ჩანს, პირველხარისხოვანი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. კალაში ორი მოედანი გამოიყოფა: ციხის (თათრის) და ბატონის (მეფის). ბატონის მოედნის მნიშვნელობა მას შემდეგ გაიზარდა, როდესაც მეფე როსტომმა ახალი სასახლე ააშენა ამ მოედნის ერთ მხარეზე.

როსტომ მეფემდე სამეფო სასახლე იყო ნარიყალაში, ისანში, სეიდაბადში. მაგრამ იმის გამო, რომ ნარიყალაში ძირითადად სპარსელი მეციხოვნეები იდგენენ, როსტომ მეფემ სპარსული გარნიზონის გარემოცვაში ყოფნა არ ისურვა და 1638 წელს სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის მდებარე მოედანზე სასახლე ააგო, რის გამოც სასახლის წინ ტერიტორიას სამეფო უბანი, ხოლო მიმდებარე მოედანს ბატონის, ანუ მეფის მოედანი ეწოდა.

1956-1957 წლებში ერეკლე II-ის მოედანზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. დადგინდა 4 ფენა, რომელთაგან უძველესი V საუკუნის პერიოდს მიეკუთვნება.

საპატრიარქო

დღევანდელი ლესელიძის ქუჩით ორ ნაწილად გაყოფილ ზემო და ქვემო კალაში მიკროუბნები იქ მდებარე ეკლესიების, ან სხვა გამორჩეული ღირსშესანიშნაობის, თუ მცხოვრებ პირთა და ადგილის გეოგრაფიული თავისებურებით იყო სახელდებული. სწორედ ამ უკანასკნელმა განსაზღვრა სოლოლაკის ქედზე შეფენილი უბნის სახელწოდება _ კლდისუბანი, რომელიც დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა: დადიანის ქუჩიდან მოყოლებული კლდისუბნის წმინდა გიორგის მიმდებარე უბნამდე და უფრო აღმოსავლეთითაც. 1712 წლის წყალობის წიგნით ვახტანგ VI უბრუნებს აშხარბეგს კლდისუბანში სასახლეს, რომელიც გალავნის შიგნითაა. ეს ტერიტორია ქვემო კალას განაპირა სამხრეთდასავლეთის მონაკვეთში, იმავე მელიქის უბანში უნდა ვიგულისხმოთ. კლდისუბანი გოგირდის აბანოების ნაწილს ჰქვია. ერთერთ დოკუმენტშიც იგი ციხისკენაა მიწეული; უცნობი მღვდლის XVIII საუკუნის I ნახევრის ქართულ სამწყსოთა ნუსხაში მოხსენიებულიფეთხაინის კლდისუბანიაკონკრეტებს ამ მიკროუბნის სახელწოდებას _ ფეთხაინი ბეთლემის გვიანდელი, სახეცვლილი სახელწოდებაა, ამიტომ მას მოვიხსენიებთ ასე: ბეთლემის კლდისუბანი, ანუ მოკლედ _ ბეთლემის უბანი.

კალას ზედა და ქვედა კალად ყოფდა შუა ბაზარი. ზემო კალა მტკვრისპირა ნაწილი იყო, ქვემო კალა კი _ სალალაკის ქედის ქვეშ შეფენილი უბანი. ზემო კალა სამეფო და დიდ აზნაურთა სამოსახლო იყო. ზემო უბანში იყო განლაგებული ქალაქის უმთავრესი ნაგებობები: სასახლეთა კომპლექსი, ქარვასლები (მეფის, თბილელის, მელიქის), ქართული ეკლესიები (სიონი, ნათლისმცემელი, ანჩისხატი, კვირაცხოველი, ქრისტეშობის და სხვ.), კათალიკოსის და ეპისკოპოსის ადგილსამყოფელები, თავადების (ამილახვარის, მუხრან ბატონის, ქსნის ერისთავის, ორბელიანების, ციციშვილის, ზედგენიძის, აბაშიძისა და სხვ.) სახლები. ამ უბნის ძირითად მოსახლეობას ქართველები შეადგენდნენ. მხოლოდ მე-18 საუკუნის დამდეგს აშენდა ზემო უბანში ერთადერთი სომხური ეკლესია _ სურფნიშანი. ზემო კალას ცენტრი დღევანდელი ერეკლე II-ს მოედანი იყო. ამ ადგილს სხვადასხვა დროს ერქვა, მეფის ან ბატონის მოედანი, მოედნის ირგვლივ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას იდგა მეფის სასახლე და რამდენიმე ეკლესია. ირგვლივ დიდგვაროვანთა სახლებით იყო გარემოცული და ამ უბანში, ძირითადად, ქართველები ცხოვრობდნენ.…

უბრალო მოქალაქეები (ძირითადად, არაქართული მოსახლეობა) ქვემო კალაში ცხოვრობდა. ეს უბანი ზედა ფერდობზე იყო შეფენილი, მაგრამ, რადგან მტკვრის დინების ქვედა ნაწილში მდებარეობდა, ქვემო კალად იწოდებოდა. მისი ცენტრი მეიდანი იყო (გორგასლის დღევანდელი მოედანი). აქ როსტომ მეფის დროს ჩასახლებული მაჰმადიანები ცხოვრობდნენ. სომხებს შუა ბაზრის სავაჭრო რიგები ჰქონდათ ათვისებული. იქვე, სინაგოგის უკან არსებულ ქუჩაბანდებში, სახლობდნენ ებრაელები; ოდნავ მაღლა კი _ კათოლიკე მისიონერები, რომელთა სამოსახლოს ფრანგთა ქუჩა ეწოდებოდა (დღევანდელი გია აბესაძის ქუჩა).

ამ უბანში ქართული და სომხური ეკლესიების, მეჩეთების გარდა, კათოლიკური ეკლესიაც (ე.წ. “ფრანგთა საყდარი”) იდგა.

კალას ზემო და ქვემო უბნები თბილისის ძირითადი რაიონები იყო. ისინი თავისთავად მრავალ მცირე უბნებად იყოფოდნენ. ამა თუ იმ უბნის დასახელება ასახავდა მოსახლეობის უმრავლესობის ეროვნულ შემადგენლობას (“ქართველთა უბანი”, “მოგვთა უბანი”, “ურიათა უბანი”), ხელოსანთა საქმიანობას (“მჭედლის უბანი”, “სამღებროს უბანი”, “სარიმაჯის უბანი”), ამ ტერიტორიაზე ნაგებობებს (“ანჩისხატის უბანი”, “ნორაშენის უბანი”, “სიონის უბანი”, “ციხის კარის უბანი”) ან უბანში მცხოვრებთა ვინაობას (“ცოცხალაანთ უბანი”, “ფირყულაანთ უბანი”, “ყორღანაანთ უბანი”, “ორბელიანის უბანი”.

აღა-მაჰმად-ხანის ურდოებმა კალას დიდი ნაწილი დაანგრიეს და გადაბუგეს. თუ არ ჩავთვლით საკულტო ნაგებობებს, კალას დღევანდელი განაშენიანება მთლიანად მე-19 საუკუნეშია ჩამოყალიბებული, თუმცა სარდაფები ბევრ შემთხვევაში ადრინდელია, ვინაიდან დანგრეულის აღდგენას ძველი საძირკვლების გამოყენებით აწარმოებდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here