“რუსეთი მშვიდობიანი სახელმწიფოა, მაგრამ თავში აზრადაც არავინ უნდა გაივლოს, რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან კონფლიქტი მოაწყოს”, _ ასეთია მთავარი თეზისი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა, რომელიც 18 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებულ კოლეგიაზე გაისმა. მოკლედ კი ასე შეიძლება რუსეთის სახელმწიფო მეთაურის გამოსვლის ჩამოყალიბება: დასავლეთი უნდა დარჩეს დაძაბულობის მდგომარეობაში, მოდუნების საშუალებას მათ რუსები არ მისცემენ.
აი, ვლადიმერ პუტინის საკვანძო თეზისები:
ნატოსთვის წითელ ხაზებზე
“ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან 20 კმ-ში ფრენენ სტრატეგიული ბომბდამშენები, ისინი კი, როგორც ცნობილია, აღჭურვილი არიან ძალიან სერიოზული იარაღით. ჩვენ გამუდმებით გამოვხატავთ შეშფოთებას ამის გამო, ვლაპარაკობთ წითელ ხაზებზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ პარტნიორებს ძალიან თავისებური, ზედაპირული დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ვარაუდებსა და საუბრებზე წითელი ხაზების შესახებ. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ ფართოვდებოდა ნატო აღმოსავლეთით. <…> მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა რუსეთსა და დასავლელ პარტნიორებს შორის, მათ შორის, აშშ–თანაც, უნიკალური იყო, შესაძლებლობების დონე თითქმის სამოკავშირეო, ჩვენი შეშფოთება და ვარაუდები აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების გამო აბსოლუტურად იგნორირებული გახლდათ. ბოლო ხანს ჩვენი გაფრთხილებები მაინც მოქმედებს და იძლევა გარკვეულ ეფექტს. დაძაბულობა მაინც წარმოიქმნა. ამის გამო აქ ორ მომენტს ვხედავ: უწინარესად, საჭიროა, ამ მდგომარეობაში ისინი რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ, რათა თავში არ გაუელვოთ დასავლეთ საზღვრებზე რაღაც არასაჭირო კონფლიქტის მოწყობა, ჩვენ კონფლიქტები არ გვჭირდება.
მეორე _ <…> საჭიროა, დაისვას კითხვა იმის შესახებ, რომ რუსეთმა მოიპოვოს უსაფრთხოების სერიოზული გრძელვადიანი გარანტიები, იმიტომ, რომ უბრალოდ, ასე არსებობა და იმაზე ფიქრი, ხვალ რა შეიძლება მოხდეს, რუსეთს აღარ შეუძლია”.
დასავლეთზე, როგორც არასაიმედო პარტნიორზე
“ჩვენ საქმე გვაქვს, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე საიმედო პარტნიორებთან. ისინი ადვილად ამბობენ უარს ნებისმიერ ადრინდელ შეთანხმებაზე. მიუხედავად იმისა, როგორი რთულიც უნდა იყოს, ამ საკითხზე მაინც უნდა ვიმუშაოთ”.
მინსკის შეთანხმების დემონტაჟის მცდელობებზე
“მათ შორის, რაც ჩვენთვის ძალიან მწვავე და მგრძნობიარეა, უწინარესად, არის უკრაინის კრიზისი, მისი მოგვარება ჯერჯერობით, სამწუხაროდ, შორსაა. უკრაინა <…> დემონსტრაციულად არ ასრულებს როგორც მინსკის შეთანხმებას, ისე “ნორმანდიის ფორმატით” გათვალისწინებული კომპლექსური ღონისძიებების შესრულების ვალდებულებებს. <…> ნორმანდიის ფორმატში ჩვენი პარტნიორები _ გფრ და საფრანგეთი _ არ კამათობენ მინსკის შეთანხმების მნიშვნელობაზე, მაგრამ საქმით, სამწუხაროდ, აქეზებენ კიევის დღევანდელ ხელისუფლებას შეთანხმების დემონტაჟზე, რასაც მოლაპარაკებები და თვით რეგულირების პროცესი ჩიხში შეჰყავს.
დასავლელი პარტნიორები ამწვავებენ ვითარებას კიევისთვის თანამედროვე ლეტალური შეიარაღების მიწოდებით, პროვოკაციული სამხედრო მანევრების ჩატარებით შავ ზღვაში და არა მხოლოდ იქ, არამედ ჩვენს საზღვრებთან ახლოს მდებარე სხვა რეგიონებში.
მიუხედავად ამისა, საკონტაქტო ჯგუფში და “ნორმანდიულ ფორმატში” საშუამავლო ძვლისხმევა აუცილებლად უნდა განვაგრძოთ შეუპოვრად, ენერგიულად, რადგან შიდაუკრაინული საკითხების რეგულირების სხვა საერთაშორისო მექანიზმები არ არსებობს, ისევე, როგორც არ აქვს ალტერნატივა თვით მინსკის შეთანხმების სრული მოცულობით შესრულებას”.
ბელარუსისა და ევროკავშირის საზღვარზე შექმნილ კრიზისზე
“შეუძლებელია, ვერ დაინახო, რომ ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე შექმნილ მიგრაციულ კრიზისს დასავლეთის ქვეყნები იყენებენ, როგორც ახალ საბაბს ჩვენთვის ახლო რეგიონში დაძაბულობის შესაქმნელად, მინსკზე ზემოქმედებისთვის და, ამასთანავე, ივიწყებენ თავიანთ ვალდებულებებს ჰუმანიტარულ სფეროში.
შეხედეთ, როგორ იქცევიან პოლონელი ძალოვანები საზღვარზე. ამას ყველა უყურებს ინტერნეტითა და ტელევიზიებით. პირველი, რაც თავში გაგიელვებთ, არის ის, რომ ბავშვები არიან ცოდოები, მცირეწლოვანი ბავშვები. მაგრამ იქ ყველაფერს ასხურებენ წყალს და ცრემლმდენ აირს, ისვრიან ყუმბარებს, ღამით საზღვრის გასწვრივ ვერტმფრენები დაფრინავენ, რთავენ სირენებს”.
აშშ–თან ურთიერთობაზე
“ბევრ ორმხრივ და საერთაშორისო საკითხზე ჩვენი ინტერესები, შეფასებები, პოზიციები ზოგჯერ მართლაც კარდინალურად განსხვავებულია. ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ მინდა, ამის შესახებ კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ გახსნილი ვართ კონტაქტებისა და აზრთა გაცვლა–გამოცვლისთვის, კონსტრუქციული დიალოგისთვის. ჟენევაში ივნისში გამართულმა სამიტმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მაინც წარმოაჩინა ზოგიერთი შესაძლებლობა დიალოგისა და ურთიერთობის გამოსწორებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ თანმიმდევრულად განავითაროს მიღწეული შეთანხმებები. რაღაც უკვე კეთდება, ეს უნდა ვაღიაროთ”.
აშშ–ში ამოღებულ დიპლომატიურ საკუთრებაზე
“აშშ-ში ჩვენი დიპლომატიური საკუთრება ყველა საერთაშორისო ნორმისა და წესის უხეში დარღვევით ამოიღეს. უბრალოდ წაიღეს ჩვენი საკუთრება და მორჩა. სად არის ვენის კონვენცია? ლაპარაკიც არ სურთ ამ თემაზე. რაღაც უცნაურია _ მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ, თითქოს ცივილიზებულია, მაგრამ არც ისე”.
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების სამიტზე
“როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, რუსეთს განზრახული აქვს, მომავალშიც მტკიცედ დაიცვას გაეროს წესდებაში ჩაწერილი პრინციპები: სახელმწიფოების სუვერენიტეტი და თანასწორობა, მათ საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, უთანხმოების სამართლიანად გადაწყვეტა და, რა თქმა უნდა, გაეროს საკვანძო როლი საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაში. ასეთი პრინციპული მიდგომის კალაპოტშია ჩვენი წინადადება უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფოების სამიტის ჩატარების შესახებ, რადგან ამ სახელმწიფოებს აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის საქმეში”.
ჯანმოს როლზე პანდემიაში
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლი განუხრელად იზრდება. მისი მოღვაწეობა მხარდაჭერას იმსახურებს. ამ ორგანიზაციას შეუძლია, კიდევ უფრო აქტიურად დაკავდეს მასობრივი იმუნიზაციის ჩატარებით, კერძოდ, დააჩქაროს ახალი ვაქცინებისა და პრეპარატების კვალიფიკაციის შეცვლა, ანუ მათი ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასება”.
გლობალურ გამოწვევებზე
“რუსეთი ინიციატივებით ჩაერთვება საერთაშორისო ძალისხმევებში საერთო გამოწვევებსა და საფრთხეებთან დასაპირისპირებლად, მათ შორის, კვლავ რჩება ტერორიზმი და ტრანსნაციონალური დანაშაული, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, სიღარიბე, უთანასწორობა, კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადაცია”.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადება გაისმა მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა წარმოადგინა თავის ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან მიმოწერა, რომლიდანაც მკაფიოდ ჩანს, რომ პარიზი და ბერლინი მხარს არ უჭერენ კიევსა და დონბასის არაღიარებელ რესპუბლიკებს შორის პირდაპირ დიალოგს. ამ დოკუმენტების გამოქვეყნება პასუხი იყო დასავლეთის ქვეყნების მიერ მოსკოვის პოზიციების დამახინჯებაზე.
ria.ru–სა და tsangrad.tv–ზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა