დაკვირვებული ადამიანი, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ადევნებს თვალყურს, აუცილებლად შეამჩნევდა: საკმარისია, რომელიმე ქვეყანამ ამერიკის შეერთებული შტატების დიქტატზე, მისი მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებაზე უარი თქვას, რომ მყისვე აქტიურდებიან ამერიკისვე ძალისხმევით შექმნილი ათიათასობით ადამიანის სისხლში ხელგასვრილი ტერორისტული ორგანიზაციები: “ალ–ქაიდა”, “ჯებჰათ ან–ნუსრა” და, რა თქმა უნდა, “ისლამური სახელმწიფო”. ზუსტად ასე მოხდა რამდენიმე დღის წინათ ფილიპინებზე.
ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე იძულებული შეიქნა, შეეწყვიტა ვიზიტი მოსკოვში და სასწრაფოდ დაბრუნებულიყო სამშობლოში, რადგან ძალიან გამწვავდა ვითარება პროვინცია მინდანაოში, სადაც დაიწყო შეტაკება ფილიპინების არმიასა და “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის.
24 მაისს ტერორისტებმა თავი მოჰკვეთეს ქალაქ მალაბანგის პოლიციის უფროსს, ასევე, მძევლად აიყვანეს ქალაქ მარავის კათოლიკური ეკლესიის მრევლის 10 წარმომადგენელი და 3 მღვდელმსახური, ქალაქ ედვინ დე ლა პენიაში კი ეპისკოპოსი დაატყვევეს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას როდრიგო დუტერტემ გამოთქვა სურვილი, რუსეთისგან შეიძინოს თანამედროვე იარაღი “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებთან” საბრძოლველად, ფილიპინებზე დაბრუნებისთანავე კი დუტერტემ ამერიკელები იარაღის მიწოდების ჩაშლაში დაადანაშაულა.
დუტერტემ პროვინცია მინდანაოში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა, სადაც მიმდინარეობს ბრძოლები სამთავრობო ძალებსა და ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერ დაჯგუფება “აბუ საიაფს” შორის.
სამშობლოში მიმავალმა დუტერტემ თვითმფრინავში ჩაწერა ვიდეომიმართვა ფილიპინების მოსახლეობისადმი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მდგომარეობა 2 წლამდე გაგრძელდება. “თუ ყველაფერი ერთ თვეში დასრულდება, ბედნიერი ვიქნები. თანამემამულენო, ძალიან ნუ შეგეშინდებათ. მე შინ ვბრუნდები და მოვაგვარებ პრობლემებს, როგორც კი ჩამოვალ”, _ განაცხადა მიმართვაში დუტერტემ, რომელმაც აღნიშნა, რომ რეგიონში სამხედრო მდგომარეობის შემოღება ყველა პრობლემას გადაჭრის.
“მე მკითხეს, როგორი იქნება თქვენი პასუხი ტერორიზმზე, და მე ვუპასუხე, რომ ვიქნები დაუნდობელი, დაუნდობელი კანონის შესრულებაში”, _ ხაზი გაუსვა ფილიპინების პრეზიდენტმა.
ისლამისტური რადიკალური დაჯგუფებები კუნძულ მინდანაოზე 1970-იანი წლების ბოლოს გამოჩნდნენ. 1989 წელს სეპარატისტებმა მიაღწიეს ავტონომიური რეგიონის შექმნას, მაგრამ კუნძულზე ძალადობა აქამდე გრძელდება. მინდანაოზე ძირითადი დაჯგუფებებია “ისლამური განმათავისუფლებელი ფრონტი მორო” და “აბუ–საიაფი”, რომელიც სისასტიკით გამოირჩევა და, რომელმაც 2014 წელს ერთგულება შეჰფიცა “ისლამურ სახელმწიფოს”.
რუსეთი თუ აშშ?
რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში დუტერტემ განაცხადა, რომ სჭირდება მაღალი სიზუსტის იარაღი, რათა საომარი მოქმედებებისას თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. მან მიანიშნა, რომ სურს, ასეთი იარაღი რუსეთისგან შეიძინოს. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ “რუსები უფრო გონებამახვილები არიან, ვიდრე ამერიკელები, თანაც _ გულუხვები დახმარებისას”.
მოგვიანებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, რომელიც მინდანაოზე ვითარების გამწვავების გამო, დაგეგმილ თარიღზე 2 დღით ადრე გაიმართა, დუტერტემ განაცხადა, რომ რუსეთისგან შეიძენს თანამედროვე იარაღს.
“ჩვენ შევუკვეთეთ იარაღი აშშ-ში, მაგრამ ამჟამად ვითარება გამწვავდა და იმისათვის, რომ ვებრძოლოთ “ისლამურ სახელმწიფოსა” და მის ქვედანაყოფებს, თანამედროვე იარაღი გვჭირდება. მე ჩამოვედი იმისთვის, რომ გთხოვოთ დახმარება და თქვენგან მივიღო მხარდაჭერის დაპირება, ჩვენგან კი მიიღოთ მეგობრობა”, _ განუცხადა დუტერტემ რუსეთის პრეზიდენტს.
ექსპერტთა აზრით, დუტერტე ცდილობს ფილიპინების საგარეო-პოლიტიკური ვექტორის შეცვლას და რუსეთისკენ გადატანას, მაგრამ ეს ძალიან გაუჭირდება, რადგან მისი ქვეყანა კვლავ დიდად არის დამოკიდებული აშშ-ზე _ ფილიპინები აშშ-ის კოლონია იყო. 1946 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კი აშშ-ს თავის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განლაგების უფლება მისცა. 2016 წლის 30 ივნისს პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ დუტერტემ რამდენჯერმე მწვავედ გააკრიტიკა ბარაკ ობამას ადმინისტრაცია და თვით აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც შეამკო. დუტერტეს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ტრამპის მიმართ სიმპათიურად არის განწყობილი, არც აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიმართ შეუცვლია რიტორიკა და ამერიკელები სამშობლოში ჩასვლისთანავე მიცემული სიტყვის გატეხაში _ იარაღის მომარაგების პირობის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ჩანს, აშშ–ს სურს, დასაჯოს ფილიპინების პრეზიდენტი, რადგან ის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსად, თავდახრილი არ ასრულებს მისი სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგო ბრძანებებს.
აშშ-ის ყოფილი კოლონია ფილიპინები 102-მილიონიანი მოსახლეობით, როგორც ჩანს, მკვეთრად იცვლის საგარეო კურსს და რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.
ნიკა კორინთელი