Home რუბრიკები საზოგადოება იქ, სადაც ბაზრობა მთავრდება

იქ, სადაც ბაზრობა მთავრდება

1400
მიკედლებულები

და აკაკი წერეთლის სახელობის პროსპექტი იწყება, სადაც ქართველების საფიცარი მგოსნის დიდებული ძეგლი დგას, ერთ, სრულიად არაპრესტიჟულ ობიექტზე ერთი დამსახურებული კაცი მუშაობს. რათა ერთი? იმიტომ, რომ მეტი საჭირო არ არის

დაინტერესებულხართ ოდესმე ბაზრობაზე მოვაჭრეთა ბიოგრაფიებით? ალბათ, არა, რადგან იმ სივრცეში შესულთა ერთადერთი საფიქრალი საქონლის ფასია: ერთი მხარისთვის _ სარფიანად გაყიდვა, მეორისთვის _ იაფად შეძენა.

ვინმე გონიერი (და შეძლებული) რომ დაინტერესებულიყო, უნიკალურ მასალას შეაგროვებდა გამოჩენილი პიროვნებების ამერიკული ენციკლოპედიის მსგავსი ქართული კრებულის გამოსაცემად _ “ვინ ვინ არის” ან “ვინ ვიყავით და რანი გავხდით”.

ვაჭარბებ? რა თქმა უნდა.

მაგრამ _ არც მაინცდამაინც…

იქ ერთადერთი პრინციპი ბატონობს: “იყიდე _ გაყიდე!”

Купи – продай! _ ვინ მითხრა?

გურამ ასლამაზაშვილმა, რომელიც ზემოთ ნახსენებ ობიექტზე მუშაობს _ საერთო სარგებლობის ფრიად საჭირო და აუცილებელი დაწესებულება _ WS-ში, ანუ საპირფარეშოს დირექტორიცაა და მომსახურე პერსონალიც, ერთპიროვნული მმართველიც და ერთადერთი დაქირავებულიც _ სტატუსების შეთავსების უნიკალური მაგალითი!..

გურამ ასლამაზაშვილი
გურამ ასლამაზაშვილი

ფიცრულის კედელში გაჭრილი სარკმლის რაფაზე 50-თეთრიანი გორგალი უდევს და მომსვლელს ავტომატიზმამდე დახვეწილი მოძრაობით მოუხევს “სტანდარტული” სიგრძის ტუალეტის ქაღალდს:

_ ინებეთ!

კლიენტების მომსახურების ერთადერთი ფორმა ესაა:

_ ინებეთ! ინებეთ! ინებეთ!

ზრდილობიანად და მოწიწებით.

ეს ელემენტარული სერვისი ისეთი უშუალობით ხორციელდება, რომ უხერხულობა, რომელიც ინტიმური ქმედების გასაჯაროების გამო ბუნებრივად უჩნდება აქ მისულ კაცსა თუ ქალს (უმეტესად), უცებვე ქრება.

მეტი არც არაფერია საჭირო.

მართალია, საქართველოში არსებობენ ისეთი კატეგორიის შემოქმედნი, რომელთაც მაინცდამაინც ტუალეტში ეწვევათ მუზა, .. უბორნიის პოეტები, რომლებსაც მაქსიმალური კომფორტის მოთხოვნილება აქვთ, მაგრამ ისინი აქ არ მოდიან, რადგან საკუთარი, კეთილმოწყობილიჩეჩმებიგააჩნიათ, ეს ერთი, და, მეორე, ბანკების დაწესებული პრემიების მიღებით არიან დაკავებულები. ხოლო ამ ჯილდოებს, მოგეხსენებათ, სუნი არ უდის.

სული ყარს!..

აქ მისულს აუცილებლად თვალში მოხვდება წითლად შეღებილ რკინის კარზე ფლომასტერით მიწერილი რიცხვი 30 (უთუოდ _ სარგებლობის ფასი) და იქვე მიწებებული თაბახის თეთრი ფურცლის ნაგლეჯზე, მთვრალი თუ არა, ფეხარეული ასოებით გამოყვანილი მრისხანე გაფრთხილება: “მუქთა არ დაიშვება”. როგორც ელექტროგამანაწილებელ ჯიხურებზე მიკრული ტრაფარეტი: “ფრთხილად, სასიკვდილოა!”

რას ნიშნავს, ადვილი მისახვედრია, რატომ დაიწერა, ამის გარკვევის მცდელობით დაიწყო ჩემი ნაცნობობა ბატონ გურამ ასლამაზაშვილთან.

_ მაშინ ეს სკვერი ბაზრობას ჰქონდა დაპყრობილი. ლოთები იყრიდნენ აქ თავს. შემოდიოდნენ და ერთ თეთრსაც არ იხდიდნენ _ ფული არ გვაქვსო. მუქთაზე იყვნენ. ვეუბნებოდი, ერთი ჭიქით ნაკლები დალიეთ და გექნებათ-მეთქი. არ გაჭრა, მაშინ “გავაოფიციალურე” ჩემი მოთხოვნა და განცხადება გავაკარი. არ უშველა. “დოკუმენტი” დარჩა.

არაფრისმთქმელი, ისეთივე ზედმეტი, როგორიც თავად ასლამაზაშვილი აღმოჩნდა სახელგანთქმული УВМ (“უ-ვე-ემის”) ქარხნის დახურვის შემდეგ, რომელშიც ათ წელიწადს იმუშავა ჯერ ელექტრომემონტაჟედ, შემდეგ _ უბნის უფროსად, ბოლოს მე-7 საამქროს უფროსად.

გამომთვლელი მანქანების ეს საწარმო საბჭოთა კავშირში მოქმედი შრომის განაწილების პრინციპით გარკვეულ დეტალებს ამზადებდა ატომური ელექტროსადგურებისთვის. სხვა დეტალები სხვაგან კეთდებოდა და საბოლოოდ სადღაც, რომელიღაც გასამხედროებულ “საფოსტო ყუთში” იღებდა საბოლოო პროდუქციის სახეს.

მუქთა არ დაიშვება
მუქთა არ დაიშვება

აქვე ვთქვათ, რომ იმ დროს ქართველი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ატომური ელექტროსადგურების 12-დონიანი დაცვის სისტემა დღეს უთანამედროვეს ატომურ ელექტროსადგურებშია დამონტაჟებული.

დაიხურა ქარხანა და უმუშევრები დარჩნენ აქ დასაქმებული მაღალკვალიფიციური მუშები და ინჟინერტექნიკური პერსონალი, მათ შორის _ გურამ ლამაზაშვილიც.

ქარხნამდე, სადაც მანქანათმშენებლობის ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მივიდა, ბალტიისპირეთში, ელგავის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში ჩააბარა მისაღები გამოცდები. მამა მეფუტკრე ჰყავდა და მეფუტკრეობის მეურნეობაც ჰქონდათ. მომგებიანად ამუშავებდნენ, მაგრამ, მხედრიონის დრო რომ დადგა და ყაჩაღობა დაიწყო საქართველოში, ფუტკრის 150 ოჯახი ჩააბარეს პატრონს, რომლისგანაც იჯარით ჰქონდათ აღებული, იძულებული გახდა, აკადემიისთვისაც თავი დაენებებინა…

ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭივით იზრდებოდა. მაგრამ მაინც გამორჩეულად _ ბევრისთვის საოცნებო 35-ე სკოლაში სწავლობდა _ ფეხბურთელთა აღზრდის სპეციალიზებულ სკოლაში, ლეგენდარულ “ტრიდცადპიატიში”.

ნაძალადეველია.

(ვოვა გუცაევმა, ქართული ფეხბურთის ოქროს ხანის “დინამოს” ფლანგზე თამაშის ვირტუოზმა, ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა: “ფეხბურთი ღარიბების თამაშია. ხელმოკლე ოჯახებიდან არიან ტიერი ანრი, ზიდანი, პელე, მარადონა, კრუიფის დედა “აიაქსის” კლუბში დამლაგებლად მუშაობდა… ნაძალადევი თბილისის ღარიბი უბანი იყო ყოველთვის. ნაძალადევიდან არიან მიშა მესხი, ზაურ კალოევი, მე, ძმები მაჩაიძეები, საშა ჩივაძე, რამდენიც გინდა!”).

_ ცხონებული შუდრა გვავარჯიშებდა (დოროხოვის შემდეგი თაობის მეკარე) _ განაგრძობს გურამი, _ ტრიკოტაჟის კომბინატის სტადიონზე ვვარჯიშობდით. მაჩაიძესთან მითამაშია, მის ძმასთან, დათო ყიფიანთანაც. მითამაშია რა _ უფროსები იყვნენ, დავდევდით სტადიონზე და გვიხაროდა. საშა ჩივაძე ჩვენგან ვოვა ელოშვილთან გადავიდა. “დინამოს” მეორე ნომერი იყო ვოვა, შემდეგ ცნობილი მწვრთნელი გახდა.

_ მარჯვენა კრაი ვიყავი (გარემარბიო, _ გადმომითარგმნა)… ახლა “ბარსელონას” ვბალელშჩიკობ, მესის (ვგულშემატკვრობო, _ესეც გამოასწორა. ნეტავი ჩვენი მთავრობის წევრებიც ასე იცავდნენ ქართული ენის სიწმინდეს).

მიხეილ მესხის სახელობის ქუჩაზე ცხოვრობს ნაძალადევის უბანში. უწინ “პრავდის” ქუჩა რომ ერქვა, იქ.

ნაძალადეველია-მეთქი, გითხარით და რა გასაკვირია, თუ უმუშევრად დარჩენილი იმ უბნიდან რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდით ბაზრობაზე გადმოვიდა და აქ შეეცადა ცხოვრების თავიდან დაწყებას.

ჯერ მანქანის ნაწილებს ჰყიდდა.

_ ბაზრობა ქუჩაში იყო გამოსული. მერიდებოდა, ვინმეს რომ არ ვეცანი, სომბრერო თვალებამდე მქონდა ჩამოფხატული. თანდათან შევეჩვიე და ფართო ფარფლები შევჭერი.

მაგრამ ის კოოპერატივი (“ნინო-91”), ავტონაწილებით რომ ვაჭრობდა, დაიშალა. ვერ ივარგა მისმა დაარსებულმა შემნახველმა საკანმაც. აღარავის დაჭირდა. ახლა, ხომ ხედავთ, სადაც ვარ და, ვითომც არაფერი, ვმუშაობო.

ორი შვილი ჰყავს. ორივე _ უმაღლესი განათლებით. ორივე უმუშევარი. აქ ნაშოვნი კაპიკები რას ეყოფა და ბოჭორიშვილის სახელობის ინფექციურ საავადმყოფოში მორიგედ მსახურობს.

მაინც არაფერი გამოდის…

წარმოშობით ახალციხელია.

_ ჩემი პირველი გვარია გოგებაშვილი. სოფელ გოგაშენში იყვნენ დასახლებული ჩემი წინაპრები. მთაში. მაღლა. ასე ვიცი გადმოცემით. იქიდან ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანში ჩამოსულან. დაობლებული მამაჩემი პაპამ გაზარდა _ ილია ასლამაზაშვილმა. ვენაცვალე იმის სულსა. თავის გვარზე გადაიყვანა. ასე გავხდი ასლამაზაშვილი. ბევრჯერ მითხრეს, დაიბრუნე შენი გვარიო. მაგრამ, რა ვიცი, არ გადავედი.

მოკლედ, სისხლითა და ხორცით, სულითა და კაცობით ქართველია, მაგრამ ეს თურმე არავითარ უპირატესობას არ ანიჭებს მშობლიური დედაქალაქის მკვიდრს, რადგან თბილისის თავკაცობა სააკაშვილის დროიდან მოყოლებული, სოვდაგარ მაკარ ტყუილკოტრიაშვილის პრინციპით ხელმძღვანელობს: “იყიდე _ გაყიდე!”

ქარვასლაა!

რომლის სამოქმედო პრინციპი ძალიან ჰგავს მარქსის ფორმულას _ “საქონელი _ ფული _ საქონელი”. საქონელი თბილისია, ჩვენ შემთხვევაში, ყოფილი პლეხანოვის პროსპექტი, აქედან _ ორ ნაბიჯში (ღარიბების მაღაზიების ქსელში არ აგერიოთ), სარფიანადა მიყიდული ჩამოთესლილი უცხოტომელებისთვის, რომლებსაც თავიანთი კაფეებით, სასადილოებით, “სულთნის რესტორნებით”, მარკეტებით და ა.შ. სრულად (ან თითქმის სრულად) აქვთ ანექსირებული თბილისის ეს ტრადიციული უბანი.

ხოლო სატიტულო ერის წარმომადგენელს გურამ ასლამაზაშვილს ისე გაუხდა საქმე, რომ იძულებულია, ტუალეტში იმუშაოს. WS-ში, საზოგადოებრივი სარგებლობის საპირფარეშოში, რომელიც თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სატრანსპორტო პარკის დროიდან შემორჩენილია იქ, სადაც დღეს ბაზრობა მთავრდება.

არმაზ სანებლიძე

P.S. “ვინც არ იცის, საით უნდა წავიდეს, ძალიან გაჰკვირდება, იქ რომ არ აღმოჩნდება” (საითკენაც მიდიოდა), _ წერს სამუელ ლენგჰორნ კლემანსი.

ვინ იყო კლემანსი, ჩვენმა განათლებულმა მკითხველმა იცის. ვისაც დაავიწყდა, გადაშლის ენციკლოპედიას და გაიხსენებს. ვინც არ იცის და არც აინტერესებს, ის დღემდე დარწმუნებულია, რომ ამქვეყნიური სამოთხისკენ მივდივართ ნაბოძებიისტორიული პრივილეგიის” _ უვიზო რეჟიმის _ წყალობით.

მივყვებით ამ გზას და, როგორც ზემოთ მოხმობილ ციტატაშია ნათქვამი, ძალიან გვიკვირს, რომ იქ არ აღმოვჩნდით, საითაც მივისწრაფოდით.

ვიდრე ჰხვალ?”

სამუელ ლენგჰორნ კლემანსს კი მსოფლიო მარკ ტვენად იცნობს.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here