Home რუბრიკები ისტორია იუბილე, რომელიც აღნიშვნის ღირსია

იუბილე, რომელიც აღნიშვნის ღირსია

1363
ლავრენტი ბერია

დასასრული. დასაწყისი იხ. #11-13, 2019 წ.

1951 წლის ნოემბერში საქართველოში დააპატიმრეს რიგი ხელმძღვანელი მუშაკებისა. ისინი ბერიას გარემოცვის უახლოეს წრეში შედიოდნენ (.. მეგრელების საქმე). მათ ბრალად დასდეს ნაციონალიზმი და თურქეთზე ორიენტაცია, მაგრამ ამ საქმის ნამდვილი მიზეზი ლავრენტი ბერია იყო. სტალინი ერთგულ თანამებრძოლს აფრთხილებდა, რომ, დამსახურების მიუხედავად, მას ნებისმიერ დროს თავიდან მოიცილებდნენ: ქვეყანაში შეუცვლელი არავინაა.

იმხანად ბერიასთვის ხელი არავის უხლია.

1953 წლის 1 მარტს კუნცევოს აგარაკზე დაცვამ სტალინი იატაკზე უმწეო მდგომარეობაში მყოფი იპოვა. ის ტახტზე დააწვინეს და ტელეფონით თავიანთ უშუალო უფროსს, სახელმწიფო უშიშროების მინისტრ იგნატიევს დაურეკეს. მან ურჩია, რომ ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობას დაკავშირებოდნენ.

ღამით პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელები, რომლებიც სტალინთან სხვებზე მეტად დაახლოებულნი იყვნენ (ბერია, მალენკოვი, ხრუშჩოვი და ბულგანინი), სტალინის აგარაკზე სიტუაციის გასაანალიზებლად შეიკრიბნენ. სტალინის შეწუხება ვერ გაბედეს. დაცვის განცხადებით, მას ეძინა. ექიმების მოწვევაზე ლაპარაკიც არ იყო, რადგან სტალინს ისინი მკვლელებად მიაჩნდა. (“ექიმების საქმე”) და გარისკვა ვერავინ გაბედა.

სამგლოვიარო საპატიო ყარაულში: ვოროშილოვი, ბერია, მალენკოვი
სამგლოვიარო საპატიო ყარაულში: ვოროშილოვი, ბერია, მალენკოვი

მეორე დილით დაცვამ, იმის შიშით, რომ უმოქმედობა არ დაბრალებოდა, კვლავ დარეკა “ზევით”. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო პოლიტბიურომ გადაწყვეტილება ექიმების სტალინთან გამოძახების თაობაზე. დიაგნოზი უმძიმესი იყო _ ტვინში სისხლის ჩაქცევა.

4 მარტს გაზეთებში გამოქვეყნდა პირველი ოფიციალური ცნობა სტალინის ავადმყოფობის შესახებ. ეს ნიშნავდა, რომ გამოჯანმრთელების იმედი არ არსებობდა.

იმავე დღეს ბერიამ და მალენკოვმა მოამზადეს წინადადება ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის შესახებ, რომელიც ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე მეორე დღესვე ერთხმად მიიღეს. იქმნებოდა ძალაუფლების ისეთი სისტემა, რომლის დროსაც არავის ექნებოდა უპირობო ლიდერობის პრეტენზია. ცენტრალური კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელობა მიანდეს ნიკიტა ხრუშჩოვს, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ანუ მთავრობის მეთაური გახდა გიორგი მალენკოვი, მისი ერთერთი პირველი მოადგილე _ ლავრენტი ბერია. მასვე დაევალა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულება. სტალინის კანდიდატურა არც ერთ ხელმძღვანელ პოსტზე არ განიხილებოდა, იგი ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის ბიუროში ფორმალურად იყო ჩართული.

1953 წლის 5 მარტს, 21 საათსა და 50 წუთზე, საშინელი აგონიის შემდეგ სტალინი გარდაიცვალა.

ასე აშენებდნენ სოციალიზმს

“ჩვენგან წავიდა ადამიანი, რომელიც ყველაზე უფრო ახლობელი და მშობლიური იყო ყველა საბჭოთა ადამიანისთვის, მსოფლიოს მილიონობით მშრომელისთვის, გარდაიცვალა სტალინი”, _ განაცხადა ლავრენტი ბერიამ მავზოლეუმის ტრიბუნიდან ბელადის დაკრძალვის გამო წითელ მოედანზე გამართულ მიტინგზე.

მოგვიანებით გაჩნდა ვერსია, რომ სტალინი მოწამლეს, ხოლო შეთქმულება მის წინააღმდეგ ბერიას მიერ იყო მოწყობილი. ამ ბრალდების არავითარი სერიოზული საფუძველი არ არსებობს, რადგან ბერიას საამისოდ არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ ლავრენტი ბერიას იმ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების შანსი გაუჩნდა, რომლებიც, სტალინის დებულების თანახმად, ქვეყანაში დიდი ხნის მომწიფებული იყო.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა კვლავ რომ დაიკავა, ბერია შეუდგა რეაბილიტაციისა და გაყალბებული საქმეების გადახედვას. გამოიცა ბრძანება დაპატიმრებულთა მიმართ იძულებითი და ფიზიკური ზემოქმედების (წამების) აკრძალვის შესახებ. ბერიამ შეიტანა წინადადება მოქალაქეთა უფლებების გაფართოების თაობაზე, კერძოდ, საპასპორტო შეზღუდვების გაუქმებაზე. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმში 1953 წლის 15 მაისს გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო, რომ ასეთი შეზღუდვები მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობდა.

1953 წლის მარტში ბერიამ კიდევ ერთი ინიციატივის განხორციელების საკითხი დააყენა, საქმე ეხებოდა მილიონამდე ადამიანის რეაბილიტაციას. ამნისტიას ექვემდებარებოდა სასჯელმისჯილთა რამდენიმე კატეგორია, მათ შორის იყვნენ ხუთ წლამდე პატიმრობამისჯილები, მცირეწლოვანი შვილების დედები და ორსული ქალები, არასრულწლოვანები, ხანდაზმულები და უკურნებელი სენით დაავადებულები.

ბელადის იუბილეზე მოსკოვის დიდ თეატრში. პირველ რიგში: მიქოიანი, ბულგანინი, ბერია, მალენკოვი. მეორე რიგში: მაო ძედუნი, სტალინი, სუსლოვი
ბელადის იუბილეზე მოსკოვის დიდ თეატრში. პირველ რიგში: მიქოიანი, ბულგანინი, ბერია, მალენკოვი. მეორე რიგში: მაო ძედუნი, სტალინი, სუსლოვი

ეს წერილი ბერიამ სამუშაო დოკუმენტის სახით იურიდიული შემადგენლის გარეშე წარადგინა, მაგრამ ერთი დღის შემდეგ გენერალურ პროკურატურასთან და იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაციის ჩაუტარებლად საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ კლიმენტ ვოროშილოვმა და პრეზიდიუმის მდივანმა პეგოვმა ხელი მოაწერეს ბრძანებულებას ამნისტიის შესახებ. ასეთ აჩქარებას შედეგად მოჰყვა ის, რომ აღნიშნული კატეგორიების პატიმრებთან ერთად გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეთა დიდი ჯგუფები, რამაც ქვეყანაში დანაშაულის არნახული ზრდა გამოიწვია.

ამ ამნისტიას ხალხმა ვოროშილოვის ამნისტია უწოდა. ბერიას დაპატიმრების შემდეგ ყველაფერი უარყოფითი, რაც ამ ღონისძიებას მოჰყვა, ხრუშჩოვმა ბერიას მიაწერა.

ქვეყანაში მოქალაქეთა ცხოვრების რეალური დონის შესახებ ბერიამ საბჭოთა ქვეყნის სხვა ხელმძღვანელებზე უკეთ იცოდა: მოუგვარებელი საცხოვრებელი პირობები, პირველი მოხმარების საქონლის ნაკლებობა, გლეხების გაღატაკება. ბერია გამოდიოდა სამხედრო ხარჯების შემცირებისა და ძვირად ღირებული მშენებლობების კონსერვაციის მოთხოვნით. მან წამოაყენა სახალხო მეურნეობის მართვაში პარტიის ჩარევის მინიმუმამდე დაყვანის წინადადება. დაიწყო რესპუბლიკებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ეროვნული კადრების, ანუ მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლების დაწინაურება. ბერია აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაში. მისი მოთხოვნით დაიწყო მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის მიმდინარე ომის შესაწყვეტად. ბერიამ ასევე დაიწყო იუგოსლავიასთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენაზე ზრუნვა.

საერთაშორისო პოლიტიკის უმწვავეს საკითხად რჩებოდა დამარცხებული გერმანიის ბედის განსაზღვრა. იალტასა და პოტსტდამში მიღებული შეთანხმებების მიხედვით, იგი უნდა აღმდგარიყო, როგორც ერთიანი სახელმწიფო, რომელიც არც ერთ სამხედრო ბლოკში არ იქნებოდა გაერთიანებული, მაგრამ ისტორიამ სხვაგვარად განსაჯა.

1953 წელს გერმანია ორად იყო გაყოფილი _ აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიებად. ბერია ამ ქვეყნის გაერთიანების მომხრე იყო, თანაც _ რაც შეიძლება მალე. მისი აზრით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობდა საბჭოთა კავშირსა და კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვას.

იალტის კონფერენციის გადაწყვეტილებით, ომის დამთავრების შემდეგ გერმანიის ტერიტორიის ნაწილი საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში მოექცა და საბჭოთა ჯარების მიერ იქნა ოკუპირებული. საბჭოთა დიპლომატები არაერთგზის შეეცადნენ გერმანიის მთლიანობის აღდგენას, მაგრამ აშშ და დიდი ბრიტანეთი არ ეთანხმებოდნენ, რადგან თავიანთი სამხედრო ბაზების განსალაგებლად სსრკის საზღვრებთან ახალი ტერიტორიები სჭირდებოდათ.

1949 წლის სექტემბერში აშშდიდი ბრიტანეთის ოკუპაციის ზონაში შექმნეს ახალი სახელმწიფო _ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. საბჭოთა მთავრობამ პასუხად იმავე წლის ოქტომბერში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ჩამოაყალიბა.

ბერია მთავრობის წევრებს სთავაზობდა საბჭოთა სახელმწიფო სისტემის მასშტაბურ გარდაქმნას. ეს წინადადებები მისი ლიკვიდაციის შემდეგ განხორციელდა.

ბერია, მალენკოვი, მოლოტოვი, სტალინი წითელ მოედანზე
ბერია, მალენკოვი, მოლოტოვი, სტალინი წითელ მოედანზე

ბერიას აქტიურობამ შეაშფოთა ხრუშჩოვი და პარტიული ბიუროკრატია. ბერიას ქმედებებსა და განცხადებებში მათ დაინახეს ქვეყნის ხელმძღვანელობაში პირველი ადგილის მოპოვების სურვილი და მისწრაფება. ამასთანავე, ბერია ფლობდა მაკომპრომენტირებელ მასალებს საბჭოთა ლიდერებზე ოციანი წლებიდან მოყოლებული.

ბერია ხრუშჩოვს სერიოზულად არ აღიქვამდა, ხოლო თავისი უახლოესი მეგობრის, გიორგი მალენკოვის, მხრიდან ღალატს აბსოლუტურად გამორიცხავდა.

მაგრამ ხრუშჩოვმა, რომელიც განსაკუთრებულად გასაიდუმლოებულ პირობებში ამზადებდა შეთქმულებას ბერიას წინააღმდეგ, მალენკოვის გადაბირება შეძლო.

თავდაცვის მინისტრმა ბულგანინმა არმიის მხარდაჭერა უზრუნველყო. მარშალი ჟუკოვიც შეთქმულთა მხარეს დადგა.

ლავრენტი ბერიას დაპატიმრება და სიკვდილი დღემდე გაურკვეველია. ოფიციალური ვერსიით, 1953 წლის 26 ივნისს ბერია საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე დასასწრებლად მიიწვიეს. მას ბრალად დასდეს ბურჟუაზიული გადაგვარება და სახელმწიფო გადატრიალების მომზადება. ხრუშჩოვის მიერ მიცემული ნიშნისთანავე სხდომათა დარბაზში შევიდა შეიარაღებული სამხედროების ჯგუფი. ბერია დააპატიმრეს და მოსკოვის სამხედრო ოლქის შტაბის მიწისქვეშა ბუნკერში გამოამწყვდიეს, სადაც იგი ნახევარი წლის განმავლობაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდა.

ბევრს არ სჯერა, რომ მართლაც ასე იყო. ფიქრობდნენ, რომ იგი დაპატიმრებისთანავე მოკლეს. სხვა ვერსიით, დააპატიმრეს არა კრემლში, არამედ მის სახლში, მალაია ნიკიტსკაიას ქუჩაზე. ბერია დახვრიტეს მოსკოვის სამხედრო ოლქის შტაბის ბუნკერში სასიკვდილო განაჩენის გამოტანამდე დიდი ხნით ადრე.

დიდი ფარსი სასამართლოს სახით

ბერიას საქმეში ბევრი უცნაურობა და შეუთავსებლობაა. მაგალითად, მისი დაპატიმრების დადგენილება გამოწერილია 1953 წლის 8 ივლისს, ანუ დაპატიმრების ოფიციალური თარიღიდან 12 დღის შემდეგ. სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ არის ბერიას ფოტოსურათები და მისი თითების ანაბეჭდები, რაც საბჭოთა საქმის წარმოებაში აბსოლუტურად დაუშვებელი რამ იყო. არ არის პირში წაყენების არც ერთი ოქმი, არც ერთ დოკუმენტზე არ არის ბერიას ხელმოწერა.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ბუნკერიდან, რომელშიც თითქოს მოთავსებული იყო პატიმარი, დაკითხვებზე გამოჰყავდათ პირსახოცით სახედაფარული კაცი, რომელსაც ბერიას შლაპა ეხურა. ბევრი მათგანი, ვინც 1953 წლის 29 დეკემბერს ესწრებოდა ლავრენტი ბერიას სასამართლოს, ამტკიცებდა, რომ ცოცხალი ბრალდებული იქ არ უნახავთ. იმ პროცესზე ბერიას ან მის ორეულს ბრალად დასდეს დიდი ბრიტანეთის აგენტობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და სხვა დანაშაული.

მაგრამ ამ სასამართლო სხდომამდე დიდი ხნით ადრე, ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე ხრუშჩოვმა იგი ავანტიურისტად და დიდ ინტრიგანად მონათლა, დამსწრეთ შეახსენა მისი საქმიანობა მუსავატელთა კონტრდაზვერვაში და შემდეგ განაცხადა: “მოხერხებულობა, თავხედობა და ურცხვობა ბერიას ძირითადი თვისებებია”.

საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს მხარი აუბეს ცენტრალურმა გაზეთებმა. პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელმაც ააფორიაქა საბჭოთა მოქალაქეები: ბერია თითქოს ძალადობდა ქალებზე და არც არასრულწლოვან გოგონებზე ამბობდა უარს. მოარული ხმების მიხედვით, შინსახკომის თანამშრომლები მათ მოსკოვის ქუჩებში იჭერდნენ და მინისტრთან შინ მიჰყავდათ.

მორალური გახრწნის ბრალდება ხალხში სწრაფად გავრცელდა და სხვა ბრალდებებთან შედარებით ყველაზე ცხოველუნარიანი აღმოჩნდა.

სუსტი სქესი ბერიას მართლაც უყვარდა, მაგრამ ეს შეხვედრები ორმხრივი თანხმობით ხდებოდა…

ბერიას დაპატიმრების შესახებ ცნობის გამოქვეყნების მეორე დღესვე ვინმე ვალენტინა დროზდოვამ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. იგი ჩიოდა, რომ ოთხი წლის წინათ, როცა 16 წლისა იყო, ბერიამ გააუპატიურა.

როგორც შემდეგ გაირკვა, დროზდოვა წლების განმავლობაში ბერიას საყვარელი იყო, მათ გოგოც შეეძინათ, პროკურატურას კი იმიტომ მიმართა, რომ შეეშინდა, არ წაერთმიათ შვილი, რომლის მამაც სახელმწიფო დამნაშავედ გამოაცხადეს. სასამართლო ასეთი დეტალებით არ დაინტერესებულა _ მცირეწლოვანების გახრწნა, რომელიც ბერიას წაუყენეს, დამტკიცებულად ითვლებოდა.

ბერიას ცოლი ნინო გეგეჭკორი და მისი ვაჟი სერგო ლეფორტოვოს ციხეში გამოამწყვდიეს. არც ერთ მათგანს ახლობელი ადამიანის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია. ასე მოიქცნენ ბერიას უახლოესი თანამებრძოლებიც, რომლებიც, რა თქმა უნდა, დააპატიმრეს.

1953 წლის 24 დეკემბერს გაზეთმა “პრავდამ” გამოაქვეყნა მასალა ბერიასა და სხვების სისხლის სამართლის ბრალდებით გასამართლების შესახებ. პუბლიკაციაში ჩამოთვლილი იყო ბერიასა და კიდევ 6 ბრალდებულის დანაშაულები და ქვეყნდებოდა განაჩენი _ დახვრეტა. მუქი შრიფტით იყო დაბეჭდილი: “განაჩენი აღსრულებულია”.

სად არის დამარხული ბერია, დღემდე არავინ იცის. ოფიციალურად ითვლება, რომ დონის ახალი სასაფლაოს ერთ-ერთ საერთო სამარხში არის დაკრძალული, მაგრამ გვამის კრემაციის დამადასტურებელი ცნობა არსად ჩანს.

1952 წელს გამოვიდა დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მე-5 ტომი, რომელშიც დაბეჭდილი იყო ბერიასადმი მიძღვნილი სტატია მისი პორტრეტით. 1954 წელს დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის ხელმომწერებმა მიიღეს წერილი რედაქციისგან: მათ დაბეჯითებით ურჩევდნენ, მაკრატლით ამოეჭრათ ბერიასადმი მიძღვნილი გვერდები და ჩაეწებებინათ სხვა გვერდები, რომლებიც იმავე წერილით იყო დაგზავნილი.

ხრუშჩოვის მმართველობის წლებში პრესასა და ლიტერატურაში გამოქვეყნებული მასალებით ბერიას დემონიზება მოხდა, მას, როგორც მთავარ დამნაშავეს, დაბრალდა ყველა მასობრივი რეპრესიის განხორციელება. იმ ეპოქის ყველა ცოდვა მას აჰკიდეს.

2002 წლის მაისში რუსეთის ფედერაციის სამხედრო კოლეგიამ ლავრენტი ბერია საბოლოოდ მიიჩნია პირად, რომელსაც რეაბილიტაცია არასოდეს შეეხება. მასობრივ რეპრესიებში თანამონაწილეობამ და ხალხთა დეპორტაციის ორგანიზებამ გადაწონა ყველაფერი, რაც კი მან ქვეყნისთვის გააკეთა: ომისა და ომის შემდგომ წლებში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა, ატომური ბომბის, ბაქტეოროლოგიური იარაღისა და სარაკეტოკოსმოსური ჯარების შესაქმნელად მასშტაბური სამუშაოების ორგანიზება, რომლის გარეშეც საბჭოთა კავშირი ვერ დაამყარებდა სამხედრო პარიტეტს შეერთებულ შტატებთან.

დაივიწყეს გულაგში რეჟიმის შერბილება, უსამართლოდ მსჯავრდებულთა პირველი რეაბილიტაციებიც და საბჭოთა კავშირის მმართველობის სისტემის დემოკრატიზაციის მცდელობაც.

მომდევნო თაობებისთვის იგი წარმოდგა, როგორც შურიანი ტირანი, რომელიც სისხლში ახრჩობდა თავის მტრებს.

ბოლოთქმის ნაცვლად

“საქართველო და მსოფლიოს” ეს პუბლიკაცია (ჩვენმა მკითხველმა, რა თქმა უნდა, შენიშნა) კომპილაციური მასალაა, ამიტომ თქვენთვის წარმოდგენილი საგაზეთო ვერსიის დასკვნითი აბზაციც ამ მიმოხილვაში გამოყენებული ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომის ავტორისეული უნდა იყოს, ცხადია.

ბორის სოკოლოვი 2003 წელს მოსკოვში გამოცემული თავისი წიგნის ბერია: ყოვლისშემძლე სახალხო კომისრის ბედიწერს: “ბერია, ალბათ, არ არის მშობლიური თუ მსოფლიო ისტორიის ყველაზე სიმპათიური პერსონაჟი, მაგრამ არასიმპათიურებსაც აქვთ უფლება, ჰქონდეთ ობიექტური ბიოგრაფიამსურდა, ამომეხსნალუბიანკის მარშლისსულიერი საიდუმლო _ განიცდიდა თუ არა სინდისის ქეჯნას მაშინ, როცა უდანაშაულოებს ხვრეტდა, როცა ქმნიდა XX საუკუნის ყველაზე უფრო დამანგრეველ იარაღს, ეცოდებოდა თუ არა თავისი მსხვერპლირა მიზანს ემსახურებოდა. მინდოდა, მომეთხრო ჩემი გმირის როგორც ბოროტ, ასევე კეთილ საქმეთა შესახებ; ვცდილობდი, არ მიმეჩქმალა არც დანაშაულობანი, არც გამარჯვებები. მკითხველმა კი განსაჯოს, ლავრენტი ბერიას საქმეთაგან რომელი გადაწონის ისტორიის სასწორზე”.

ქართული საგაზეთო ვარიანტი უცხოეთის ტელეფილმების, წიგნებისა და პუბლიკაციების მიხედვით მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

2 COMMENTS

  1. ბერიას რეაბილიტაცია,, ქართველების ვალდებულებად მიმაჩცნია, მის გარშემო ატეხილი ამბები ბევრი გამოგონილია, ბერია ყოველთვის მოქმედებდა სსრკავშირის კასნონის შესაბამისად, იჭერდა და ხვრეტდა მხოლოდ კანონის შესაბამიოსად და ვინც კანონს არ ემორჩილერბა მოღალატე ის არაის, თუ საბჭოთა კანონები იყო მკაცრი, ამაშიო ხომ მთელი სისტემა მონაწილეობდა,მას მხარს უჭერდა, როგორც სამთავრობო სტრუქტურები ის მოსახლეობა.გადასახლების კასნონები რუსეთის იმპერიოას უხსოვარ დროიდან მოყვება, ასეა რეპრესიული კანონები, ამ კანონების შეუსრულებლობას არავის აპატიებენ რუსები. როგორც მე მახსოვს გერმანიაში აჯანყება მოხდა 1953 წელს. აჯანყების ჩასაქრობად გაგზავნეს ბერია, აჯანყება ჩააქრო და უკან რომ ბრუნდებოდა თვითმრინავი ააფრთქეს, ასე გაქრა ბერიას კვალი. ბერიას დაჭერა და დაპატიმრება შეუძლებერლი იყო. ბერიოას საქმის გამოძიება ქართველების ღირსების საქმეა, იმედია, ოდესმე გვეყოლება თავმოყვარე მთავრობა და ბერიას საქმეს არ დატოვებს ასე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here