Home რუბრიკები ისტორია იუბილე, რომელიც აღნიშვნის ღირსია

იუბილე, რომელიც აღნიშვნის ღირსია

806
ლავრენტი ბერია

გაგრძელება. დასაწყისი იხ.  №11-12, 2019 წ.

უწინარეს ყოვლისა, საბჭოთა კავშირში არასაკმარისი ოდენობით მოიპოვებდნენ ურანის მადანს. ერთი ატომური ბომბის შესაქმნელად კი ტონობით ნედლეული იყო საჭირო. ერთი ტონა ურანის დამზადებას არანაკლებ 500 ტონა მადნის გადამუშავება სჭირდება. 1945 წლის აგვისტოსთვის საბჭოთა კავშირში გეოლოგიური დაზვერვით მოძიებული მარაგი სულ 300 ტონამდე იყო.

ბერია გეოლოგიის საკითხებით დაინტერესდა. პროფესორი მიხეილ ალტჰაუზენი, რომელიც საკავშირო მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის მეექვსე სექტორს ხელმძღვანელობდა, იხსენებდა: “ბერია ტაქტიანი და ყურადღებიანი იყო. თათბირი ღამის 12 საათზე დაიწყო და დილის 6 საათისთვის დამთავრდა. ჩვენი მოთხოვნები სრულად დაგვიკმაყოფილეს, სამუშაო ძალას მოთხოვნისთანავე გვიგზავნიდნენ, პროდუქტებსა და აღჭურვილობას რიგგარეშე გვაწვდიდნენ. სამივლინებო თანხას, სხვა გეოლოგებთან შედარებით ოთხჯერ უფრო მეტს გვიხდიდნენ”.

ბერიას მითითებით, ყველა მეცნიერი, ვინც კი მუშაობდა საბჭოთა ატომური პროექტის განხორციელებაზე, უზრუნველყოფილი იყო კომფორტული ბინით, აგარაკით, სპეცმაღაზიის და სამედიცინო მომსახურებით.

ერთი მხრივ, ყველანი კომფორტულ პირობებში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ, მაგრამ, ამასთანავე, უკლებლივ ყველა, და არა მხოლოდ პროექტის ძირითადი მონაწილენი, დაცული იყვნენ სადამსჯელო ორგანოების ზემოქმედებისგან და… მათი ყურადღების ცენტრში იმყოფებოდნენ.

1949 წლისთვის ურანის გეოლოგიურ დაზვერვასა და მოპოვებაში დასაქმებული იყო 600 ათასზე მეტი ადამიანი. ქვეყანაში გაიხსნა ათობით ახალი ინსტიტუტი, ლაბორატორია, საკონსტრუქტორო ბიურო, შეიქმნა მრეწველობის ახალი დარგები. ატომური ობიექტები უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გაფანტული: მოსკოვი, ლენინგრადი, სოხუმი, კუნძული ახალი მიწა, სემიპალატინსკი, ქალაქები ურალის ცენტრსა და სამხრეთში. კვლევითი ცენტრი განლაგდა სოფელ სეროვში, მომავალ “არზამას-16”-ში, რომელმაც დახურული რეჟიმის ქალაქის სტატუსი მიიღო. აქ ბირთვული ბომბის პროექტზე მუშაობდნენ ქვეყნის წამყვანი ფიზიკოსები.

ბერიამ საბჭოთა ატომური იარაღის შექმნაში გერმანელი სპეციალისტებიც ჩართო. მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატი გუსტავ ჰერცი, კონსტრუქტორი მანფრედ ფონ არდენე, ურანის მეტალურგიის სპეციალისტი ნიკოლაი რილი (რომელსაც სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიენიჭა) და ბევრი სხვა.

შეიქმნა კომისია, რომელიც საბჭოთა კავშირში ეძებდა ნიჭიერ სტუდენტებსა და სპეციალისტებს. სწორედ მაშინ შენიშნეს ახალგაზრდა ანდრეი სახაროვი, მომავალი აკადემიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი, მსოფლიოში პირველი ზემძლავრი თერმობირთვული, ანუ წყალბადის ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი.

სახაროვი ასე იხსენებდა 1950 წელს ბერიასთან პირველ შეხვედრას: “იგი წამოდგა და მიგვანიშნა, რომ საუბარი დამთავრებული იყო, მაგრამ უცებ თქვა: ეგებ გაქვთ შეკითხვები? სპონტანურად, მოუფიქრებლად შევეკითხე: ასე ნელა რატომ ინერგება ჩვენ მიერ დამუშავებული საკითხები? რატომ ჩამოვრჩებით აშშ-სა და სხვა ქვეყნებს ტექნიკურ შეჯიბრებაში?

მოკავშირეები - ჩერჩილი, ტრუმენი, სტალინი პოსტდამის კონფერენციაზე. 1945 წელი
მოკავშირეები – ჩერჩილი, ტრუმენი, სტალინი პოსტდამის კონფერენციაზე. 1945 წელი

ბერიამ პრაგმატულად მიპასუხა: იმიტომ, რომ არ გვაქვს საწარმოო-საცდელი ბაზა, ამერიკელებს კი აქვთ ასობით ფირმა მძლავრი ბაზებით”.

ბერიას კარგად ესმოდა, რომ სასურველი შედეგის მიღწევა ერთადერთი გზით იყო შესაძლებელი _ სამეცნიერო, სამრეწველო და საფინანსო რესურსების ერთი პრობლემის გარშემო კონცენტრირების გზით. ესმოდა ისიც, რომ ატომური პროექტის რეალიზაციისას შეუძლებელია ჩვეული დაგეგმვის განხორციელება, რადგან წარმოუდგენელია წინასწარ ვიცოდეთ, როგორი იდეები დაებადებათ მეცნიერებს და რა ცნობებს გამოგზავნის დაზვერვა უცხოეთიდან. ბერიამ სამუშაოთა ხელმძღვანელებს უფლება დართო, სამშენებლოსამონტაჟო სამუშაოები დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტების გარეშე შეესრულებინათ, განაღდება კი განეხორციელებინათ პრაქტიკული დანახარჯების მიხედვით (რაც სოციალისტური ეკონომიკის უარყოფას და კაპიტალისტური ეკონომიკის პრინციპის განხორციელებას ნიშნავდა), ასევე, გასცა განკარგულება, თანამშრომლების პრემიებისთვის გაეთვალისწინებინათ დანახარჯების 1,5-2 პროცენტი.

ატომური პროექტის მრავალტომიანი დოკუმენტაცია ბერიას გამოწვლილვით ჰქონდა დამუშავებული. თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ბერიას ვერ გამოაპარებდნენ დაშვებულ შეცდომებსა და შეუსრულებელ საქმეს.

დაზვერვის გენერალ სუდოპლატოვის მოგონებებიდან: “თავდაპირველად ადამიანებს მისი ეშინოდათ, მაგრამ მასთან რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ შიშის განცდა ქრებოდა და ჩნდებოდა რწმენა, რომ ბერია მათ მხარს დაუჭერდა, თუ ისინი წარმატებით შეასრულებენ უმნიშვნელოვანეს სახალხოსამეურნეო ამოცანებს”.

1949 წლის 29 აგვისტოს, დილის 7 საათზე ატომური ბომბის გამოცდა წარმატებით დაგვირგვინდა.

ამ დროს დაზვერვა გზავნის ცნობას, რომ ამერიკელები ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობენ. ბერიას პატრონაჟით შეიქმნა ბიოლოგიური შეტევისგან თავდაცვის საშუალებების შემუშავების კვლევითი ჯგუფი. ამ ჯგუფში შედიოდა მომავალში საბჭოთა კავშირის მთავარი სანიტარული ექიმი პეტრე ბურგასოვი. იგი იხსენებდა: “როცა მასთან (ბერიასთან) კაბინეტში შევდიოდით, დიდ ბლოკნოტს ამოიღებდა, არ უყვარდა შესავლის წარმოთქმა და განყენებული საუბარი. საქმეებზე რომ მოვახსენებდით, იგი რაღაცის ხატვას იწყებდა ხოლმე თავის ბლოკნოტში. თავდაპირველად არ მესმოდა, რას აკეთებდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი _ ადამიანს ყურადღების მოკრების ასეთი ჩვეულება ჰქონდა”.

მეორე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ამოცანა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და სარაკეტო იარაღის შექმნა იყო. საბჭოთა სარაკეტო მშენებლობა ბერიას უშუალო კონტროლით ხორციელდებოდა. ასე ეყრებოდა საფუძველი კოსმოსის ათვისების საქმეს.

სერგეი კოროლიოვი ჯერ კიდევ 1946 წელს დაინიშნა განსაკუთრებული საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელად. ამ ბიუროს ბალისტიკური და გეოფიზიკური რაკეტების შექმნა ევალებოდა. პირველი რაკეტის გაშვება, რომლის ბორტზეც ძაღლები იყვნენ, 1951 წლის 22 ივლისს განხორციელდა, 8 წლით ადრე ლეგენდარული ბელკასა და სტრელკას გაფრენამდე.

1953 წლის თებერვალში ბერიამ ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს ორ დადგენილებას შორი მოქმედების რაკეტების შექმნის საცდელ-საკონსტრუქტორო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების სამწლიანი გეგმების შესახებ.

საფუძველი ეყრებოდა კონტინენტთაშორისი და კოსმოსური მძლავრი რაკეტების შექმნას. მალე გაჩნდება კოროლიოვის დამუშავებული П-7 რაკეტები: სემიონ ლავოჩკინის “ბურია” და ვლადიმერ მიასიშჩევის “ბურანი”.

მოსკოვის ახალმშენებლობის კურატორი

ლავრენტი ბერიას ბიოგრაფები წერენ, რომ ყოვლისშემძლე მინისტრს არ დავიწყებია ჭაბუკობისდროინდელი გატაცება არქიტექტურით. მოსკოვის საყოველთაოდ ცნობილი მაღლივი შენობები ბერიას სახელთან არის დაკავშირებული _ სწორედ მას ჰქონდა დაკისრებული საბჭოთა დედაქალაქის გარდაქმნის გეგმის განხორციელება. იგი დაჟინებით მოითხოვდა, რომ საბჭოთა მოქალაქეები უზრუნველეყოთ მაღალჭერიანი, ფართო ბინებით. ამ სახლებს დღესაც “სტალინკებად” მოიხსენიებენ.

კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ გაშლილ კამპანიასთან კი ლავრენტი ბერიას არავითარი კავშირი არ ჰქონია. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს პოლიტიკური კამპანია საბჭოთა ინტელიგენციის წინააღმდეგ იყო მიმართული და გამოკვეთილად ანტისემიტურ ხასიათს ატარებდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ბერიამ წამოაყენა წინადადება, შეეწყვიტათ ე.წ. ექიმების საქმე და მოეხდინათ ებრაელთა ანტიფაშისტური კომიტეტის საქმეზე მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია.

“ექიმების საქმე” აღიძრა გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როგორც სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში სიონისტური შეთქმულების შემადგენელი ნაწილი, და მიმართული იყო კრემლის სამკურნალო-სანიტარული სამსახურის ექიმების ჯგუფის წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალად წაუყენეს საბჭოთა ლიდერების წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზება მათი მოკვდინების მიზნით. სისხლის სამართლის ეს საქმე ექიმ-კარდიოლოგ ლიდია ტიმაშუკის განცხადების საფუძველზე აღიძრა, რომლითაც მან შესაბამის ორგანოებს 1948 წელს მიმართა. იგი წერდა, რომ პოლიტბიუროს წევრ ანდრეი ჟდანოვს არასწორად უმკურნალეს, რამაც პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია…

საქმეს იძიებდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, რომელსაც ომისშემდგომ წლებში ხელმძღვანელობდა ვიქტორ აბაკუმოვი. 1951 წელს იგი დააპატიმრეს, ხოლო მის ადგილზე სიმონ იგნატიევი დანიშნეს. ბერიას ორივესთან, რბილად რომ ვთქვათ, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მას განსაკუთრებით აღიზიანებდა ის, რომ იგნატიევმა დაზვერვა უსუსურ მდგომარეობამდე მიიყვანა. არაპროფესიონალების მოძალებამ მრავალი ჩავარდნა _ აგენტურის გაშიფვრა და ჩეკისტების მტრის მხარეზე გადასვლა გამოიწვია.

სტალინის მიერ დაწინაურებული მინისტრის წინააღმდეგ გამოსვლა ბერიას, რა თქმა უნდა, არ შეეძლო. იგი ხვდებოდა, რომ იგნატიევს ნებისმიერ მომენტში შეეძლო მისი დაპატიმრების სანქციის გაცემა. ბერიას ეჭვის სერიოზული საფუძველი ჰქონდა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ქართული საგაზეთო ვარიანტი უცხოეთის ტელეფილმების, წიგნებისა და პუფლიკაციების მიხედვით მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here