Home სხვადასხვა დაიჯესტი  იტალია ბრიუსელის ჭკუაზე აღარ დადის

 იტალია ბრიუსელის ჭკუაზე აღარ დადის

2273

იტალიის ახალი მთავრობის საქციელი, ფიცის დადებიდან უკვე ორი კვირის თავზე, იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ეს მთავრობა იტალიელებისთვის სასიხარულო და ევროჩინოვნიკებისთვის გულის გასახეთქად დაპირებებს აუცილებლად შეასრულებს.

იტალიის ვიცეპრემიერმა მატეო სალვინიმ განკარგულება გასცა, დახურონ, იტალიის პორტებში არ შეუშვან გემი Aquarius-ი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი 629 მიგრანტით ბორტზე სიცილიის ნაპირებისკენ მიემართებოდა.

გიბრალტარის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია SOS Meditierranne-ს ეკუთვნის, ბოლო დღეებში 6 სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა და ბორტზე აიყვანა 600-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 123 არასრულწლოვანი და 7 ფეხმძიმე. იტალიელები შეეცადნენ, მიგრანტების მიღების საპატიო მისია მალტისთვის გადაელოცათ, როგორც უფრო უსაფრთხო პორტისთვის, მაგრამ მალტამ კატეგორიული უარი განაცხადა შეთავაზებულ პატივზე…

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა გაორებულ მდგომარეობაშია: ერთი მხრივ, ევროპაში წლიდან წლამდე იმატებს ევროსკეპტიკური განწყობილება, რაც აისახება ბევრ ქვეყანაში ჩატარებული პლებისციტის შედეგებზე. ბრიუსელის (და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების, უწინარესად, გერმანიის) მიმართ პრეტენზიები მრავალმხრივია და ეხება საკითხების ძალიან ფართო სპექტრს, რომლებშიც ქვეყნები იძულებულნი არიან, დათმონ ნაციონალური ინტერესები ზემოდან თავსმოხვეული დირექტივების სანაცვლოდ: ეს საკითხებია, მაგალითად, მიგრაციული პოლიტიკა და ანტირუსული სანქციები, ლაპარაკი აღარ არის უამრავ კვოტაზე, სუბსიდიების განაწილებასა და სხვა პრობლემებზე.

მეორე მხრივ, ევროპის ქვეყნები ისე ღრმად არიან ჩაფლული საერთო სისტემაში, რომ ამ სისტემიდან თავის დაღწევის მცდელობა, თუნდაც საერთო წესებისადმი დაუმორჩილებლობა, ბევრისთვის სამწუხარო შედეგით დასრულდება.

მოცემულ მომენტში ბრიუსელი დიდი ბრიტანეთის მაგალითზე ყველას აჩვენებს, რა შეიძლება დაემართოს ურჩობისთვის, როდესაც ძალიან მძიმე და დამამცირებელი პირობებით წარმართავს დიალოგს ლონდონთან “ბრექსიტის” თაობაზე. მანამდე კი იყო საბერძნეთი, რომელიც, უბრალოდ, მიწასთან გაასწორა ევროკავშირმა, ეროვნული რეფერენდუმის შედეგები კი კენჭისყრიდან 2 დღის შემდეგ თვითონ საბერძნეთის მთავრობას მოასროლინეს სანაგვეში.

ძალიან ცოტა ქვეყანას შეუძლია, თავს უფლება მისცეს, უგულებელყოს ბრიუსელის მითითებები და დაიცვას თავისი სუვერენიტეტი. ასეთია, მაგალითად, უნგრეთი ვიქტორ ორბანის მეთაურობით. აი პოლონეთის თავნებობას კი, ჩანს, ბოლო მალე მოეღება: ბრიუსელმა მტკიცედ გადაწყვიტა, ვარშავას მკვეთრად შეუკვეცოს დაფინანსება.

იტალია ახალი მთავრობის დანიშვნამდე ევროკავშირის სამაგალითი წევრი იყო, მისდამი ლოიალურობის მიხედვით. იგი ყოველთვის ერთგულებდა გაბატონებულ მეინსტრიმს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს აშკარად ეწინააღმდეგებოდა იტალიის ნაციონალურ ინტერესებს. ახლა კი გემ Aguarius-ის ისტორიამ ყველას აშკარად დაანახვა, რომ იტალიის ახალი მთავრობა არა მხოლოდ ევროსკეპტიკოსების კომპანიაა, არამედ მოხერხებული პოლიტიკოსების ჯგუფიც.

იტალიის ხელისუფლებას ოფიციალურად რომ ეთქვა უარი ევროკავშირის პოლიტიკაზე მიგრანტების მიმართ (როგორც ეს გააკეთა უნგრეთმა), ეს ინიციატივა სამარცხვინოდ ჩაფლავდებოდა _ ევროკავშირი თავის რიგებში არ მოითმენდა რენეგატის ყოფნას, მაგრამ რომი შემოიფარგლა ერთი შემთხვევით: უარი თქვა მიგრანტებით სავსე გემის მიღებაზე და ევროპამ მიიღო ეროვნული ინტერესების დაცვის რეალური პრეცედენტი ქვეყნისგან, რომელიც ადრე ევროკავშირის მაღალჩინოსნების ყველა მითითებას უსიტყვოდ ასრულებდა.

G7-ის სამიტის ჩაფლავებისა და ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის ფონზე მიგრანტების გემის არმიღების გამო ატეხილი სკანდალი თითქოს შეუმჩნეველია, მაგრამ ეს მოვლენები გლობალური და რეგიონული ტრანსფორმაციის ერთ სიბრტყეზე დევს. ისტორიული პროცესის ტენდენციები ხელს აძლევს იტალიის ახალ მთავრობას და არა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here