საქართველოში ოჯახი რომ არ არის, რომელსაც მავანთათვის ე.წ. მეორე მსოფლიო (თუ რატომ “ე.წ.” ამაზე ქვემოთ), ხოლო ჩვენთვის, ქართველებისთვის, დიდ სამამულო ომში, სისხლით ნათესავი არ დაღუპვია, ცნობილი ამბავია. ქოც–ნაცების ხელისუფლებამ, მართალია, 9 მაისს უცნობი ჯარისკაცის მემორიალის გვირგვინებით შემკობით პატივი მიაგო ომში დაღუპულთა ხსოვნას, მაგრამ რად გინდა?! ტელეკამერების ალყაში მოქცეული ოპოზიციის ლიდერებისა თუ ხელისუფლების უმაღლესი ჩინოსნებიდან ერთსაც არ დასცდენია ადრენალინის შემცველი სიტყვები _ “დიდი სამამულო ომი” და კოაბიტაციური სიამტკბილობით მხოლოდ ქართველი კაცისთვის სრულიად უემოციო ე.წ. მეორე მსოფლიო ომი ისმოდა მათი “მართალი” ბაგეებიდან, რის გამოც, ალბათ, საფლავში წრიალებენ მათი მამა–პაპანი, რადგან ისინი, გენერალისიმუს სტალინის მეთაურობით, დიდ სამამულო ომში იბრძოდნენ და არა მეორე მსოფლიო ომში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზედმეტია იმის ხაზგასმა, რომ ვერც ფაშიზმზე გამარჯვების მთავარი შემოქმედის _ სტალინის სახელის ხსენება გაბედეს ქოც-ნაცთა ფარჩაკი ხელისუფლებს მაღალჩინოსნებმა.
ეგ კი არა, მან, ვინც გაბედა სტალინის სახელის ხსენება ჩემი კოლეგისთვის მიცემულ სტელეფონო ინტერვიუში, ცოტა ხნის შემდეგ თვითონ დაურეკა ინტერვიუერს და მასალიდან იმ პასაჟის ამოღება სთხოვა, რომელშიც ეს ფრახი (უსირცხვილო) სტალინის სახელს ისე ახსენებდა, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების მთავარ შემოქმედს.
სამწუხაროდ, ამ “ვაჟკაცის” ვინაობას ვერ გაგიმხელთ, რადგან ამის უფლება ჩემმა კოლეგამ არ მომცა და ამიტომ მკითხველის გასაგონად ერთ მარტივ კითხვას დავსვამ _ რა ჰქვია ასეთ საქციელს? ამ კითხვაზე პასუხიც მკითხველისთვის მიმინდვია… მე მხოლოდ იმას ვიტყვი დაბეჯითებით, რომ ზემოთ ხსენებული “ვაჟკაცობა” პატარა შემადგენელია იმ დიდი პროცესისა, რომელსაც ისტორიის გადაწერის მცდელობა ჰქვია.
ეს პროცესი ე.წ. ცივი ომის გაჩაღების შემდეგ დაიწყო და მისი დამთავრების შემდეგ, აგერ უკვე 30 წელიწადია, განსაკუთრებული ცინიზმითა და თავხედობით მიმდინარეობს. პროცესი, რომლის დედააზრი, მოკლედ თუ ვიტყვით, არის ის, რომ ფაშიზმი აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა დაამარცხეს, ხოლო 27 მილიონი მსხვერპლის გამღები სსრკ, როგორც ჩემს ბოლო წერილში აღვნიშნე, სტალინგრადსა თუ კურსკში ომობანას თამაშობდა და კაცმა არ იცის, რა დაემართებოდა, რომ არა ე.წ. ლენდ-ლიზი და მეორე ფრონტი…
არადა, ლენდ-ლიზით, პირველ რიგში, ამერიკელებმა იხეირეს, რადგან სამხედრო თუ სხვა შეკვეთებით ამუშავდა აშშ-ის ეკონომიკა და ე.წ. დიდი დეპრესია საბოლოოდ დამთავრდა. რაც შეეხება მეორე ფრონტს, ის აშშ–მა და ინგლისმა ომის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე, 1944 წლის ივნისში გახსნეს, რადგან დაინახეს, რომ ზემოხსენებული “ომობანას თამაშით” სსრკ სრულიად ევროპას გააწითლებდა. სხვათა შორის, აშშ პირველ მსოფლიო ომშიც მხოლოდ მის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩაერთო, მას შემდეგ, რაც რუსეთის მართლმადიდებელ იმპერიას ომში გამარჯვება ანტანტის ბლოკში საკუთარმა მოკავშირეებმა აშშ–ის სასარგებლოდ “მოჰპარეს” და ომის შემდგომ დარჩენილი ტორტის ყველაზე მსუყე ნაჭერიც მათ ერგოთ _ პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავ სამხედრო აღლუმზე პარიზში საფრანგეთის, ინგლისისა და აშშ-ის ჯარები მოაბიჯებდნენ, ხოლო რუსეთის მართლმადიდებელი იმპერია სამოქალაქო ომის ხანძარში იწვოდა _ ეს ისე, მცირე ლირიკული გადახვევა დასავლეთის “უანგარობის” საილუსტრაციოდ…
თანამედროვე ნეოლიბერასტი “ისტორიკოსები” იმ გაუგონარ ცინიზმამდეც კი მივიდნენ, რომ, ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, ფაშიზმი და კომუნიზმი, ჰიტლერი და სტალინი ერთნაირ ბოროტებად გამოაცხადეს. სამწუხაროა, რომ ამ უნამუსობა-სიბინძურეში საქართველოს ქოც-ნაცთა ხელისუფლებაც მონაწილეობს _ ზემოხსენებულ რეზოლუციას კოაბიტაციური ერთობით ერთხმად დაუჭირა მხარი ევროსაბჭოში ქართულმა დეპუტაციამ. ჩვენი არასამთავრობო თუ სამთავრობო ნეოლიბერასტები უფრო შორსაც წავიდნენ _ რამდენიმე წელიწადია, მიმდინარეობს აღვირახსნილი პროპაგანდა, რომ, რასაც ჩვენ, “ბნელი გრუზინები”, დიდ სამამულო ომს ვეძახით, სინამდვილეში ყოფილა სხვისი _ რუსეთის, გნებავთ, კომუნისტების ომი, რომელშიც ჩვენს მამა–პაპათ ცხვრებივით მიერეკებოდნენ და ა.შ. ათასი სისულელე, რომლებზეც პასუხის გაცემის სურვილი იყო წინამდებარე წერილის შექმნის მთავარი მიზეზი და რომელი წერილიც ცოტა შორიდან უნდა დავიწყო…
საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ქართული სახელმწიფო დამოუკიდებელი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, უწყვეტად, სამწუხაროდ, სულ რაღაც, 120 წელიწადს იყო, ანუ დავით აღმაშენებლიდან გიორგი ლაშამდე და, შესაბამისად, იმ პერიოდში წარმოებული ომებიც ჩვენი ომები იყო.
მას შემდეგ, თუ არ ჩავთვლით გიორგი ბრწყინვალეს მართლაც ბრწყინვალე, მაგრამ ხანმოკლე გამონათებას, ჩვენი მამა-პაპანი მუდამ “სხვის ომში” იბრძოდნენ. რომლებშიც ჩვენი ბრძენი მეფენი ცდილობდნენ, იმ მხარეზე დადგომას, რომლიდანაც შეიძლებოდა საქართველოსაც ეხეირა მეტ-ნაკლებად… ასეთი იყო ჩვენი ბედი მსახვრალი _ ასე თუ ისე, მრავალი მტერი მოვინელეთ ომებში ხმალთა კვეთებითა და დიპლომატიით, ვიდრე 1555 წელს ამასიის ზავის შედეგად საქართველო ორად არ გაიყვეს ოსმალოებმა და ყიზილბაშებმა. მას შემდეგ მათ (ანუ სხვის) ომებში მოგვიწია ბრძოლა, იმის მიხედვით, რომელ მხარეს ბრძოლა იყო საქართველოსთვის მეტ–ნაკლებად ხეირიანი. ამ რეალობამ ათქმევინა ქართველ კაცს: “ოსმანა და ალია, ორივე თათარია”. ანუ თანამედროვე ენაზე თუ “მოვთარგმნით”, ერთის დედაც და მეორისაც, ორივე სულერთიაო, მაგრამ, საბედნიეროდ, როგორც იქნა, დადგა დრო, როდესაც სულერთიობა დასრულდა საქართველოსთვის, როდესაც ერთმორწმუნე რუსეთი გამოჩნდა ჰორიზონტზე და ახლა ამ ჰორიზონტის მოახლოებისთვის დაიწყო ქართველმა კაცმა ფიქრი და ბრძოლა “სხვის” ომში საკუთარი თავის გადასარჩენად…
მას შემდეგ, რაც ვახტანგ მეექვსე იძულებული შეიქნა, რუსეთისთვის შეეფარებინა თავი და თანაც მაშინდელი ქართლის მრავალი გამოჩენილი ადამიანიც გაიყოლა, რის შედეგადაც რუსეთში ქართველთა კოლონია დაარსდა, ცხადი იყო, რომ ერთმორწმუნე რუს-ქართველთა პოლიტიკური ერთობა მხოლოდ დროის ამბავი იყო.
ეს ერთობა გიორგიევსკის ტრაქტატის გავლით შედგა კიდეც, რასაც უამრავ მინუსთან ერთად ერთი ისეთი პლუსი ჰქონდა, რომელიც ყველაფერს გადაფარავდა _ მართლმადიდებლობა და, აქედან გამომდინარე, ქართველი ერის არა მხოლოდ ფიზიკური გადარჩენა, არამედ თვითმყოფადობის შენარჩუნება.
დღეს ისეთ გზაგასაყართან ვდგავართ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა. როგორც ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, “რუსეთთან უნდა აღდგეს ჩვენი ძმური ურთიერთობები და ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება სწრაფად”. სწორედ აქედან გამომდინარე, ის უნდა წამოვწიოთ წინ, რაც გვაერთიანებს და არა ის, რაც გვთიშავს.
მართლმადიდებლობა და გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ დიდ სამამულო ომში ერთად დაღვრილი სისხლი _ აი ის, რაც გვაერთიანებს, აგრეთვე, ნაპოლეონ ბონაპარტეს წინააღმდეგ 1812 წლის სამამულო ომში ქართველთა მონაწილეობა. სწორედ ამ თემაზე საუბარი მსურს წინამდებარე წერილში, აგრეთვე, იმაზე, რა გზა გამოვიარეთ მანამდე და მას შემდეგ რუსეთ-თურქეთს შორის მრავალი ომის გახსენებით…
2012 წელს რუსეთში დიდი ზეიმით აღნიშნეს 1812 წლის დიდ სამამულო ომში ნაპოლეონის მანამდე უძლეველ არმიაზე გამარჯვების 200 წლისთავი. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ბოროდინოს ბრძოლის ქართველი გმირის, გენერალ პეტრე ბაგრატიონის მშვენიერი ძეგლიც დაიდგა პეტერბურგში, ამიტომ სურვილი გამიჩნდა იმის გახსენებისა, ლეგენდარული გენერლის გარდა სხვა რა გვაკავშირებს ქართველებს რუსების “ძლევაი საკვირველთან” და რა გავლენა იქონია ან შეიძლებოდა ჰქონოდა იმხანად უდიდესი მასშტაბის ხოცვა–ჟლეტას ამ ომამდე 29 წლით ადრე რუსეთის უდიდესი იმპერიის ნაწილად ქცეულ პატარა საქართველოზე. ამ ომის შედეგებმა, სულ ცოტა, 100 წლით განაპირობა მთელი ევროპის მომავალი…
* ისტორიასთან, როგორც მეცნიერების დარგთან, მხოლოდ სიყვარული მაკავშირებს და წინასწარ გიხდით ბოდიშს, თუკი წერილი მეცნიერულზე მეტად ემოციური გამოვა. დიახ, ემოციური, რადგან ემოციების გარეშე ვერასოდეს ვკითხულობ ხოლმე ისტორიას, მით უმეტეს საქართველოს ისტორიას, თანაც, როცა საკითხი რუსებისა და ქართველების ურთიერთობას ეხება. ამას წინათ, ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ რუსეთ-საფრანგეთის ომამდე პატარა საქართველოც ყოფილა მთავარი თუ არა, ერთ-ერთი საჯილდაო ქვა: რუსეთ-საფრანგეთ-ინგლის-ოსმალეთ-ირანს, ანუ იმჟამინდელ მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეთა შორის.
კერძოდ, მას შემდეგ, რაც, 1806 წლის 18 დეკემბერს ოსმალეთის სულთანმა რუსეთს ომი გამოუცხადა, მოკლე ხანში, 1807 წლის 4 მაისს, ე.წ. ფინკენშტეინის საიდუმლო ხელშეკრულება გაფორმდა ნაპოლეონსა და სპარსეთს შორის, რომლის ერთი მუხლი ჩვენთვის საინტერესოა. ამ მუხლით საფრანგეთის იმპერატორი აღიარებდა შაჰის უფლებას საქართველოზე და ივალებდა, აეძულებინა რუსეთი, საქართველოდან გასულიყო. ამავე პერიოდში მსგავსი ხასიათის ხელშეკრულება მზადდებოდა ოსმალეთთანაც, რომელსაც ნაპოლეონი მოლდავეთს, ვლახეთს, ბესარაბიას, ყირიმსა და საქართველოს უთმობდა, ამას შემდეგ უნდა მოჰყოლოდა ოსმალეთ-საფრანგეთ-სპარსეთის კავშირი ინგლის-რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა ეს ყველაფერი საქართველოს მიმართ გარკვეულ დრომდე მხოლოდ ბოროტ განზრახვად დარჩა, რადგან ნაპოლეონსა და რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს შორის მოულოდნელად დადებულმა ე.წ. ტილზიტის ზავმა არა მხოლოდ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთშიც ყველაფერი არივ-დარია.
შორს წაგვიყვანს ამის შემდეგ დიდ სახელმწიფოთა შორის დიპლომატიური წიაღსვლების განხილვა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი ბრიტანეთმა ჩაანაცვლა. ტილზიტის საზავო ხელშეკრულება, ძირითადად, ინგლისის წინააღმდეგ იყო მიმართული და ეს ყველაფერი საქართველოს კარგს არაფერს უქადდა, რადგან ახლა ბრიტანეთმა დაიწყო ვაჭრობა საქართველოთი ჩვენს ამომგდებ ირან-ოსმალეთთან. ახლა მთავარი:
ზემოთ “გარკვეულ დრომდე ბოროტი განზრახვა” ვახსენე და ეს გარკვეული დრო მაშინ დადგა, როდესაც ტილზიტის ზავი დაარღვია ბონაპარტემ და ომის გამოუცხადებლად დაესხა თავს რუსეთს. უფრო ზუსტად, მაშინ დადგებოდა ის “გარკვეული დრო”, ნაპოლეონს რომ გაემარჯვა. ამის იმედიც და სურვილიც საქართველოშიც ჰქონდათ “ცხელ თავებს”, ისევე, როგორც გასულ საუკუნეში ფიქრობდა ზოგიერთი (იქნებ გულწრფელადაც) ფაშისტური გერმანიის მეშვეობით საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევას _ შემთხვევითი არ უნდა იყოს ის, რომ კახეთის ცნობილი აჯანყება სწორედ 1812 წელს, ანუ რუსეთზე ნაპოლეონის თავდასხმის პარალელურად მოხდა. აჯანყება, რომელიც წინასწარვე მარცხისთვის იყო განწირული და ამიტომ ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ მამისეულ სამეფო ტახტზე ასვლის ბოლო სერიოზულ მცდელობას შეიძლება ავანტიურაც ვუწოდოთ.
მართლაც, რუსებმა არათუ აღკვეთეს ეს ავანტიურა, რაც უაზრო ცრემლად და სისხლად დაუჯდა მაშინდელ ქართველ გლეხობას, არამედ, მიუხედავად კატასტროფის დიდი ალბათობისა, საქართველოდან ერთი ჯარისკაციც კი არ გაუყვანიათ და ისე დაამარცხეს ბონაპარტე. თორემ ხომ წარმოგიდგენიათ, დაცვის გარეშე დარჩენილ საქართველოში, როგორ იხუვლებდნენ ჩვენს საბოლოოდ ჩასაყლაპვად ისტორიული “მეგობრები” _ ირანი და ოსმალეთი. და, თუ დღეს ისლამის ოკეანეში გათქვეფილები ფიზიკურად მაინც ვიარსებებდით, “მამაო ჩვენოს” ნაცვლად, “შახსეი-ვახსეისა” და “ალაჰ აკბარს” ვიყვირებდით. რუსების სამამულო ომში ისტორიულ გამარჯვებაში ქართველებმაც დავიდეთ წილი _ დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ბოროდინოს ბრძოლაში ათეულობით ქართველი მონაწილეობდა. მათ შორის, პეტრე ბაგრატიონის “თამადობით”, 12 (!) გენერალია _ პეტრე და ივანე ბაგრატიონები, ვლადიმერ და ლევან იაშვილები, ივანე და სიმონ ფანჩულიძები, სიმონ, ივანე და ფილიპე ჯავახიშვილები, სიმონ განგებლიშვილი, ანტონ შალიკაშვილი და პავლე ბიბილური. აქედან გამომდინარე, დიდი იქნებოდა რიგითი მებრძოლების რიცხვი, რომელთა უმრავლესობა, სავარაუდოდ, რუსეთშივე იქნებოდნენ დაბადებულნი, როგორც ვახტანგ VI-ის დროინდელი დიდი ემიგრაცის შთამომავალნი _ საზოგადოების ყველა ფენისა თუ კლასის წარმომადგენელი ქართველები, რომლებიც არა მხოლოდ ბოროდინოს ველზე, არამედ ადრეც, საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე, მონაწილეობდნენ მე-18 საუკუნეში (თუნდაც დავით გურამიშვილის მაგალითი რად ღირს) რუსეთის მიერ წარმოებულ ომებში. ვახტანგ VI-ის დროის ქართველებმა სისხლი ავანსად გაიღეს ერთმორწმუნე რუსეთისთვის. იმ რუსეთისთვის, რომელმაც საქართველოში შემოსვლის შემდეგ “ვალი დაგვიბრუნა”_ ლამის მთელი საუკუნის განმავლობაში ირანსა და ოსმალეთთან სამ-სამი ომი გადაიხადა და ყველაში გაიმარჯვა. შედეგად, საქართველოს ის ტერიტორიები დაუბრუნდა, რომლებზეც ქართველ კაცს მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო.
რამდენიც უნდა იყაყანონ დღეს ურაპატრიოტებმა, რომ რუსეთის იმპერია საქართველოს კი არ უბრუნებდა ირანისა და ოსმალეთის მიერ წართმეულს, არამედ საკუთარ ტერიტორიებს აფართოებდაო, ფაქტია, რომ ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებს შემატებული აჭარა თუ სამცხე, საინგილო თუ ტაშირი რეალურად ქართულენოვან, ეროვნულ კულტურულ სივრცეს შეერწყა. უფრო მეტიც, რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სწორედ ამ გუბერნიების საზღვრებში, ანუ ლამის ტრაპიზონიდან დარუბანდამდე გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა და, თუ ვერ შევინარჩუნეთ, ეს, პირველ რიგში, უნიათო სოციალ-დემოკრატების დამსახურებაა, მენშევიკების, რომლებსაც მანამდე სიზმარშიც კი არ უფიქრიათ საქართველოს დამოუკიდებლობაზე, არადა, ბედის ირონიით, სწორედ მათ ერგოთ დამოუკიდებელი საქართველოს მესაჭეობა.
მინდა, წერილი დიდი ილიას სიტყვებით დავასრულო, უფრო ზუსტად, მისი ცნობილი წერილის ფინალით. ილიამ ისტორიის მართალი სასწორით აწონ-დაწონა რუსებისა და ქართველების ურთიერთობების სიტკბო და სიმწარე, სამართალ-უსამართლობა, სიკეთე-ბოროტება, ვერაგობა თუ ძმობა და თავის ბრწყინვალე პუბლიცისტურ წერილში “ასის წლის შემდეგ”, რომელიც 1899 წელს დაწერა და რუსული ჯარის საქართველოში პირველად შემოსვლას მიუძღვნა, დაასკვნა, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთებამ გაცილებით მეტი სარგებელი და სიკეთე მოგვიტანა ქართველებს, ვიდრე ბოროტება.
დაგვიდგინა და ანდერძად დაგვიგდო:
“ამ ღირსსახსოვარ დღიდამ საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომებისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ–შვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა–პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად–ღა დაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცა მისს თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწედ, უნუგეშ, ყველასგან შორს, მარტოდ–მარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნოების სადიდებლად და თავისის ვინაობის გადასარჩენად. დაიდვა საზღვარი მშვიდობის–მყოფელ ცხოვრებისა. ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს, კვლავ სასოება–გაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსა, დიდი რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული”…
დავით მხეიძე
მხეიძეების ღირსეული შთამომავალი!!!!!!!