Home რუბრიკები პოლიტიკა ისევ ჰალსტუხი ჭამე, მიხეილ?!

ისევ ჰალსტუხი ჭამე, მიხეილ?!

4554
სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, “ახალი ძალების მოძრაობისლიდერმა, ჰალსტუხიჭამია (ამ ტიტულებს თამამად შეგვიძლია დავამატოთ), მიწაზე მფორთხავმა და სახურავებზე მძრომმა მიხელ სააკაშვილმაშაბათის კურიერთანდა მის წამყვან ნოდარიკო მელაძესთან დეტალურად გაიხსენა დაკავების დღე.

სააკაშვილი, ჟურნალისტთან ერთად, კიდევ ერთხელ აძვრა სახურავზე და ისე მოყვა, როგორ ცდილობდა სპეცრაზმი მისი სახლის კარის შემტვრევას 45 წუთის განმავლობაში. მისი თქმით, ჩახშული იყო სატელეფონო სიგნალი და თანაპარტიელ დავით საყვარელიძესთან დაკავშირება ეს-ემ-ეს-ის საშუალებით შეძლო. საცხოვრებელი სახლის სახურავზე კი იმიტომ ავიდა, რათა გაეგო, რა ხდებოდა სახლს მიღმა, რომელთანაც უკვე სპეცრაზმის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ხოლო მერე, სახურავიდან გადახტომით რომ იმუქრებოდა, თურმე ის აინტერესებდა, ეზოში რა ხდებოდა…

სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს. სასაცილო იქნებოდა, ამ ამბავს ერთი რიგითი ქართველი რომ ყვებოდეს და არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც უკვე მსოფლიო მასშტაბით გვჭრის თავს. ამ სიუჟეტით სააკაშვილმა საკუთარი მხარდამჭერები კიდევ ერთხელდააბოლადა დაარწმუნა იმაში, რომ მას არავისი და არაფრის ეშინია, რომ ის უკრაინასაც იხსნის და საქართველოსაც ოლიგარქი მმართველებისგან. ეს იაფფასიანი პიარი სწორედ იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც ამბობენ, რომ მიშას მაგინებელი ოჯახის წევრიც არ უნდათ და რომლებსაც სჯერათ, რომ სააკაშვილი მართლა კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი გმირია. ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც ლამის სექტად ჩამოყალიბდეს, დროდადრო სჭირდება სააკაშვილისგან ასეთი საკვები.

ამავე ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა, რომ იგი არ არის მშიშარა და მას მტრისთვის ზურგი არასდროს შეუქცევია: “როდესმე ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და მტერს თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში? ამათ ვიღაცაში ვეშლები და ივანიშვილს, რომელიც არის მართლა ბოლომდე მშიშარა და მხდალი, მე ვეშლები ვიღაცაში… ყველა გამოწვევა არის შანსი… 2008 წელს გავუძელი, 2008 წელს, როცა ვიჯექი თბილისში კაბინეტში და როცა ყველა მირეკავდა, მათ შორის, ამერიკელები, ფრანგები, რომ მოდიან პირდაპირ ასაღებად, მოსაკლავად, ორ საათში მანდ იქნებიან. ვინმემ შემატყო, რომ რამე ერთი ნერვი ამიტოკდა?..”

მხოლოდ ნერვი კი არა, ჰალსტუხიც კარგა გვარიანად შეუტოკდაუშიშარპრეზიდენტს 2008 წლის აგვისტოში. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, სრულიად მსოფლიომ ნახა კადრები, როგორ ჭამდა შეშინებული მიხეილ სააკაშვილი ჰალსტუხს. როგორც ჩანს, სწორედ ამის გაგრძელება იყო, სტრატეგიულმა პარტნიორმა ჰუმანიტარული დახმარების სახით პამპერსები რომ გამოუგზავნა სააკაშვილის ხელისუფლებას.

“მე, მათი პრეზიდენტი, ვიდექი იქ, სადაც იყო ბომბები და, რომ დაინახა დაცვამ, რომ ბომბდამშენი თავზე გვადგა, დამახტა თავზე და ეს მთელი მსოფლიოსთვის იყო გამბედაობის სიმბოლო და მართლა იმ ფარჩაკებისთვის, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს საქართველოში თავისი სიმხდალის, მათივე სიმხდალის დასასაბუთებლად, აი, სააკაშვილი, როგორი მხდალია, დახოხავს გორში; რომ ატრიალებენ, რომ დაცვა გორში დამახტა თავზე და აი, რა მშიშარაა. ვინ ატრიალებს ამას, მხდალი ნაძირლები, რომლებიც მტერთან თანამშრომლობენ”.

როგორც ხედავთ, სააკაშვილმა გორში მომხდარი შემთხვევაც გაიხსენა და განმარტა რომ დაცვა მაშინ დაახტა თავზე, როდესაც ბომბდამშენი შენიშნა. როგორც ჩანს, შიშით ისე დაებინდა მიშიკოს გონება, რომ აღარ ახსოვს, თვითმფრინავის დანახვისას როგორ გაიქცა თავქუდმოგლეჯილი, გაიქცა და ლამის მცხეთაში ძლივს დაიჭირა დაცვამ, რომელიც მერე მართლადაახტა თავზე”, რათა როგორმე გაეკავებინა შიშისგან მიწაზე სამარცხვინოდ მფორთხავი პრეზიდენტი. ეს კადრები, სამწუხაროდ, მსოფლიომ ნახა და სააკაშვილის გაქცევა და მიწაზე ხოხვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა მსოფლიოსთვის გამბედაობის სიმბოლო. ახლა რომ ამბობს, ბომბდამშენი გვადგა თავზეო, თუ მართლა დაბომბვა იყო დაგეგმილი, რა, დაცვამ გადააფიქრებინა სააკაშვილისთვის ბომბების სროლა?! ამ სამარცხვინო ამბის გახსენება, სააკაშვილის ლოგიკით, თურმე მტერთან თანამშრომლობა და სიმხდალე ყოფილა, ხოლო მისი სამარცხვინო ფორთხვა მიწაზე _ გამბედაობის სიმბოლო.

სააკაშვილი რომ მშიშარაა, ამაზე მის მიერ ჰალსტუხის ჭამამდე და გორში მიწაზე ხოხვამდეც ბევრს საუბრობდნენ. მისი თანატოლები იმასაც იხსენებენ, 51- სკოლის მოსწავლე მიშა, რომელიც თავისი აუტანელი ხასიათის გამო ხშირად იყო თურმე ბულინგის მსხვერპლი, შეშინებული სულ ხეზე იჯდა და პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდომისთანავე ის ხე მოაჭრევინა, რომელიც ბავშვობას ახსენებდა.

ერთი ცნობილი ისტორიის შეხსენებაც არ აწყენდათ უშიშარ სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს: იუსტიციის მინისტრობის პერიოდში სააკაშვილს ოპონენტი ქალბატონის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ბელინსკის ქუჩაზე, ასე ვთქვათ, საქმის გასარჩევად დახვდნენ. შეშინებულმა სააკაშვილმა სანდრა, რომელიც ახლდა, ქუჩაში მიატოვა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.

ნათქვამია, ენას ძვალი არ აქვსო და მიშაც ლეგენდებს ყვება უშიშრობისა და ძლევამოსილების შესახებ: როგორ ჰკრა თურმე ხელი ორ სპეცრაზმელს და სადღაც მოისროლა; დაკავებისას როგორ გამოუცხადა ძალოვანებს, ვერ დამაჩოქებთო… მსგავსი სისულელე ბევრი აფრქვია პიარისთვის უნიჭოდ დაგეგმილ სიუჟეტში, თუმცა არც ის არის მთავარი პრობლემა, რომ სააკაშვილი კურდღელზე მეტად მშიშარა და ავანტიურისტია, პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ უკრაინაში დადგმულ კლოუნადას სრულიად მსოფლიო ადევნებს თვალს; პრობლემა ისაა, რომ, როგორც სააკაშვილის მიწაზე ფორთხვა იქცა მსოფლიოსთვის “გამბედაობის სიმბოლოდ”, ისე უკრაინაში მის მიერ მოწყობილი ცირკია სამარცხვინო ჩვენთვის მსოფლიოს წინაშე.

გიორგი გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here