Home რუბრიკები ისტორია ისანი

ისანი

2418
მეტეხის ციხე - აგებულია ისნის მეფეთა სასახლის ნანგრევებზე

ისანი ისტორიული უბანია თბილისში. იგი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში.

ისნი, ისნის ციხე იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: მატიანე ქართლისა; ჟამთააღმწერელი, “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი” , ვახუშტი ბაგრატიონის “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”.

ვახუშტი ბაგრატიონი ისნის ციხის ადგილმდებარეობის შესახებ გადმოგვცემს: “ტფილისი არს სამი ქალაქი – ტფილისი, კალა და ისნი. ჰყოფს მტკუარი კალას, ტფილისს და ისნს … კალას უდის ჩდილოთ-აღმოსავლეთ, ტფილისს – ჩდილოთ და ისნს – დასავლით და სამხრით”. “ისნს არს, კიდესა მტკვრისასა, კლდესა ზედა, ციხესა შინა ეკლესია მეტეხი”. “აქ განვალს ხიდი კალიდამ ისნს, ციხიდამ ციხესა”.

ისნამდე ამ ადგილს სოღდებილი ეწოდებოდა (არაბული წყაროების მიხედვით). სახელწოდება სოღდებილი საგოდებლიდან უნდა იყოს წარმოშობილი.

XI საუკუნეში თბილისის ეს ადგილი ქვიტკირის გალავნებითა და თხრილით გაუმაგრებიათ და სიმტკიცის გამო მას არაბულად “ჰისნი” (ქართულად ციხესიმაგრეს ნიშნავს), ანუ ისანი უწოდეს.

იგი ქალაქს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან იცავდა, XI-XII საუკუნეებში ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიას ისნის ველსა და სოღდებილის სანახებს ეძახდნენ (შემდეგდროინდელი ავლაბარი). XII-XIII საუკუნეებში ისანში კლდეზე, მტკვრის პირას, იყო მეფის სასახლე, კარის ეკლესია და მეტეხთა ტაძარი. გვიანდელ შუა საუკუნეებში ისნის უბანი მეტეხად იწოდებოდა.

დღეს შეუძლებელია ისნის ციხის გეგმარებისა და საერთო სახის ზუსტი აღდგენა. ფორტიფიკაციული კომპლექსი, როგორც ჩანს, ორ დონეზე განლაგებული ნაწილისაგან შედგებოდა:

პირველი, მთავარი ნაწილი კლდის პლატოზე იყო აშენებული, მეორე კი დასავლეთიდან ეკვროდა, დამრეც რელიეფს ჩამოჰყვებოდა და ხიდთან მთავრდებოდა. კლდის ძირას, ძველი ხიდის ყელის ადგილზე შემორჩენილია კვადრატული კოშკის ნარჩენები (ისინი იხსნება ხოლმე მტკვრის დონის დაწევისას). ასეთი კომპოზიციაა ნაჩვენები ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის გეგმაზე. ისნის კარიბჭე აღმოსავლეთის მხრიდან გამოწეულ ნაწილში იყო გაჭრილი. მასთან იყრიდა თავს ავჭალისა კახეთის გზები. მას შემდეგ, რაც XVIII საუკუნეში შიდა ავლაბარი გალავნით შემოზღუდეს, ეს კარი ფორტიფიკაციული სისტემის შიგნით აღმოჩნდა.

ისანი მეტად მიუდგომელი ციხესიმაგრე ყოფილა. 1045 წელს თბილისელთა მოწვევით ქალაქში მეფე ბაგრატ IV შემოვიდა, რომელსაც თბილისის გასაღები მიართვეს. მან ხელთ იგდო მთელი თბილისი, ისნის გარდა: “ხოლო ისნელთა ჩააგდეს ხიდი და არა მოსცეს ისნი” (“ქართლის ცხოვრება”). ბაგრატი მთელი ზაფხულის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა ისნის დამორჩილებას, მიუხედავად იმისა, რომ “..დაუდგეს ფალავანნი და ბრძოდეს ისნთა”.

ისნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა XII-XIII საუკუნეებში, როდესაც აქ მდებარეობდა გაერთიანებული საქართველოს მეფეთა სასახლე. სამწუხაროდ, მან ჩვენამდე ვერ მოაღწია. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ციხეგალავნებით, ტაძრებით, მაგრამ ფაქტობრივად არ გვაქვს სასახლეები. საინტერესოა, როგორ და სად ცხოვრობდნენ ისეთი დიდი მონარქები, როგორებიც ბაგრატ III, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე ან გიორგი V ბრწყინვალე იყვნენ, და იღებდნენ აუდიენციებს; როგორი იყო ქართველ მეფეთა სასახლეები.

როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, სამეფო სასახლე თბილისში, აქვე ახლოს, მეტეხის მიმდებარედ ყოფილა და ისნის პალატებად იწოდებოდა. იგი არ ყოფილა ისეთი დიდი და გრანდიოზული, როგორიც, ვთქვათ, ვერსალია, მაგრამ მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, მას უტოლდებოდა. ცნობილია, რომ ადრეული შუა საუკუნეები ლოდსატყორცნებისა და უზარმაზარი მახვილების ეპოქა იყო. იმ დროს აგებული სასახლეებიც კი ციხეებს წააგავდა, ვინაიდან მთელი რესურსი გალავნებისა და ქონგურების სიმტკიცეს ხმარდებოდა. სასახლეები კი, დღევანდელი გაგებით, XV-XVI საუკუნეებიდან ჩნდება, როცა ლოდსატყორცნებს ზარბაზნები, ხოლო მშვილდ-ისარსა და მახვილებს დამბაჩები და დაშნები ჩაენაცვლა.

როგორი იყო ქართველ მეფეთა სასახლე თბილისში?

ისნის პალატებს ჰქონდა დიდი მისაღები დარბაზი, სასადილო ოთახი, მოსასვენებელი ოთახები და მეფის კაბინეტი. არსებობს ასეთი გამოთქმაც “მეფის საწოლი”, რომლითაც სასახლის იმ ნაწილს მოიხსენიებენ, რომელშიც უშუალოდ მეფის აპარტამენტები იყო განთავსებული. ეს კი, მეფის კაბინეტისა და ჰიგიენის ოთახის გარდა, მოიცავდა დაცვის უჯრედსაც და მეფის პირადი თანაშემწის, მესაწოლე ბერის, საცხოვრისსაც. დღეს ამ სასახლის კვალი გამქრალია, რაც, ერთი მხრივ, სპარსთა შემოსევის, ხოლო, მეორე მხრივ, ნანგრევების ადგილას მეტეხის ციხის აგებითაა გამოწვეული.

ამ სასახლეში გაიგო თამარმა მამის, მეფე გიორგის, გარდაცვალების ამბავი; სასახლის ეკლესიაში ლოცულობდა იგი მტერზე გამარჯვებისთვის 1195 წელს. 1278-1289 წლებში მეფე დიმიტრი თავდადებულს, ყაენის კარზე გამგზავრებამდე, ისანში ღვთისმშობლის სახელზე აუგია ტაძარი. დაახლოებით ამ დროიდან ისანში ჩნდება ახალი სახელი _ მეტეხი. როგორც ჩანს, სახელწოდება “ისანიც” საბოლოოდ არ გამქრალა. ამას მოწმობს თუნდაც ის, რომ ვახუშტი ბაგრატიონი მეტეხის მიდამოებს კვლავ ისანს უწოდებს: “ისანს არს კიდესა მტკრუისასა, კლდესა ზედა, ციხესა შინა ეკლესია მეტეხი, ღვთისმშობლისა”…

მეტეხის ქუჩის გასწვრივ სანოვაგის ბაზარი ყოფილა. 1800 წლის გეგმაზეც არის ის აღნიშნული. ისანშივეა ქარვასლები, თოფის წამლის ქარხანაც. 1800 წლის გეგმის მიხედვით, ისნის ქუჩების ქსელი, კალასთან შედარებით, “რეგულარულ” ხასიათს ატარებდა. შუასაუკუნოებრივმა ქსელმა დღემდე მოაღწია.

ისანი არქეოლოგიურად შეუსწავლილია. 1926 წელს აქ შემთხვევით აღმოჩნდა თიხის 17 ჭურჭელი. მათ შორის გვხვდება როგორც მოჭიქული, ისე სადა კერამიკული ნაწარმი. 1929 წელს სომხური დრამის თეატრის საძირკვლის ამოღებისას გამოვლინდა: ჯამები, ხელადა, ჭრაქი, კოტოში და სხვ. რომლებიც XI-XIII საუკუნეების ნიმუშებადაა მიჩნეული, თუმცა ისინი უფრო მოგვიანო ხანის არტეფაქტებია.

ალკეული შემთხვევითი მონაპოვრების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ისნის ტერიტორიაზე არსებობს გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ძეგლები.

ისანი მოლი
ისანი მოლი

თანამედროვე ისანი დედაქალაქის ერთ-ერთი ხალხმრავალი უბანია. აქ ბოლო წლებში სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ აშენდა და კვლავაც სწრაფი ტემპით შენდება მრავალსართულიანი თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრები თუ სხვა სახის ნაგებობები.

მეტროსადგური „ისანი“ გაიხსნა 1971 წელს
მეტროსადგური „ისანი“ გაიხსნა 1971 წელს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here