“ირანელი ერი წარმატებით უმკლავდებოდა აშშ–სა და სხვა ქედმაღალი სახელმწიფოების მუქარას, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ წინააღმდეგობას. ყველა მუსლიმანური ქვეყანა უნდა გაერთიანდეს აშშ–ისა და სხვა მტრების წინააღმდეგ”, _ განაცხადა აიათოლა სეიედ ალი ჰოსეინ ჰამენეიმ.
ირანის ლიდერი აკრიტიკებდა დონალდ ტრამპს იმის გამო, რომ მან განაცხადა: “ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ერთ კვირასაც ვერ გაძლებდნენ, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე”.
“ასეთი განცხადება დამამცირებელია მუსლიმანური ქვეყნებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში მუსლიმანური ქვეყნების მთავრობები ერთმანეთს ეომებიან”, _ აღნიშნა ჰამენეიმ.
წინა დღით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უშიშროებისა და გავრცელების საკითხებში კრისტოფერ ფორდმა განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს, გადახედოს ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას და ისწრაფვის დამატებითი შეთანხმებისთვის.
იმავე დღეს, მოგვიანებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ “ტრამპი აშშ-ს უეჭველად გაიყვანს ბირთვული შეთანხმებიდან”.
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, არაერთხელ გაუკრიტიკებია ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმა, რომელსაც უწოდებდა “ყველა დროის ყველაზე უარეს გარიგებას”. იგი აცხადებდა, რომ იგი გაიყვანდა თავის ქვეყანას ამ გარიგებიდან, თუ ევროკავშირი არ შეცვლიდა “უხერხულ შეთანხმებას”.