Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე პრეზიდენტსა და გარკვეულ ოპოზიციურ ძალებს შორის შემდგარ ანტისახელმწიფოებრივ შეთანხმებაზე საუბრობს

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტსა და გარკვეულ ოპოზიციურ ძალებს შორის შემდგარ ანტისახელმწიფოებრივ შეთანხმებაზე საუბრობს

1554

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს წინააღმდეგ მიმართულ დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრობს და მომავალში მოსალოდნელ პარლამენტის მადისკრედიტებელ კამპანიაზე მიანიშნებს.


შესაბამისი განცხადება კობახიძემ მცირე ხნის წინ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და დასძინა, რომ ამ დესტრუქციულ ქმედებებს საზოგადოება რამდენიმე დღეში იხილავს: „ჩვენ არაერთხელ გავუწოდეთ ხელი საქართველოს პრეზიდენტს, მათ შორის, არაერთხელ შევთავაზეთ მათი წარმომადგენლების ჩართვა სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიაში. არაერთხელ შევთავაზეთ, რომ კონსტრუქციული როლი შეესრულებინა ამ პროცესში და ის ყოველთვის უარს ამბობდა. უფრო მეტიც, იყო გარკვეული ღონისძიებები ორგანიზებული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და იქ მონაწილეობაზეც უარს ამბობდა პრეზიდენტი. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, გრძელდება. ჩვენ დღესაც ვართ მოწადინებული, გვქონდეს კონსტრუქციული თანამშრომლობა სახელმწიფოს მეთაურთან, თუმცა დღემდე ვიღებთ ცივ უარს. პირიქით, არის საწინააღმდეგო ტენდენცია. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ჰქონდა შეხვედრა პარტიებთან, ექსპერტებთან და ისინი შეთანხმდნენ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე. ეს სამოქმედო გეგმა შეიცავს დესტრუქციულ ელემენტებსაც. ჩვენ ყველა რამდენიმე დღეში ვნახავთ, როგორი შეიძლება იყოს ეს დესტრუქციული ელემენტები, რაზეც, სამწუხაროდ, შეთანხმდნენ საქართველოს პრეზიდენტი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიები“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კონსტიტუციაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, მანამდე კი გარკვეული კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთანაც შედგა.

პარალელურად კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში აქციურად მართავს შეხვედრებს თავად პრეზიდენტი მარგველაშვილიც. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ის უკვე შეხვდა დიპლომატიური მორპუსის წარმომადგენლებს.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here