ირაკლი გოგავა: საქართველოში გრანტები უცხო სახელმწიფოს გავლენის ოპერაციებისთვის გამოიყენება

    საქართველოს ხელისუფლება გამოდის ინიციტივით, რომ ჩვენს ქვეყანაშიც მიიღონ ამერიკული ,,ფარასმსგავსი კანონი. ამის შესახებ საქართველოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ განაცხადა: ,,სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარი ქვეყანა, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მქონე მოქალაქე დაიცვას იმისგან, რასაც ჰქვია ფულის ჩასხმა დესტაბილიზაციის პროექტებში”.

    მთავრობის ამ ინიციატივას სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკშიგამოეხმაურა ანალიტიკოსი ირაკლი გოგავა. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

    ,,მმართველი პარტია საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის და ამერიკული ,,ფარას” ანალოგის მიღება სურს. მიმაჩნია, რომ ეს წინგადადგმული, მაგრამ მაინც ნახევარი ნაბიჯია. საიდუმლო არ არის, რომ უცხოური გრანტები საქართველოში უცხო სახელმწიფოს გავლენის ოპერაციებისთვის ფართოდ გამოიყენება. გრანტების მეშვეობით ხდება ქვეყანაში მედიაგარემოს, პოლიტიკური და საზოგადოებრივი დღის წესრიგის ხელოვნურად ჩამოყალიბება. ამავე გრანტების მეშვეობით განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროში ხდება ისეთი ინიციატივების ინიცირება, რომლებიც სერიოზულ კითხვებს ბადებს და ზოგ შემთხვევაში ხიფათს წარმოადგენს. გრანტებით ხდება გავლენის აგენტურის მოსყიდვა და სასარგებლო იდიოტების მიზიდვა. 600-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოურ გრანტებს იღებს. ვიცით, რომ უფასო ფული არ არსებობს. ყველა ფულს მოჰყვება ვალდებულებები. ეს ვალდებულებები კი ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა საქართველოს ეროვნულ და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს. საგრანტო მექანიზმს უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურები იყენებენ, როგორც საფარს, და ამ საფარქვეშ ინფორმაციას აგროვებენ, ავრცელებენ მათთვის სასურველ დღის წესრიგს. მართალია მცირე ნაწილია, მაგრამ არსებობს გრანტები, რომლებიც სასარგებლო საქმეებსაც ხმარდება.

    სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია:

    1. კანონით აიკრძალოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უცხოური ფულით დაფინანსება;

    2. კანონით აიკრძალოს უცხოური გრანტების უშუალო გაცემა საქართველოში რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციებისთვის;

    3. შეიქმნას პრემიერმინისტრთან საზოგადოებრივი ფონდი, რომელშიც უცხოურ დონორებს მიზნობრივი პროექტებისთვის გრანტების ჩარიცხვა შეეძლებათ. საზოგადოებრივი ფონდი დადგენილი კრიტერიუმებით გამჭვირვალედ და კონკურსის საფუძველზე პროექტის შემსრულებელ ორგანიზაციას თვითონ შეარჩევს;

    4. სახელმწიფომ გამოყოს გონივრული რაოდენობის თანხა საქართველოში რეალური სამოქალაქო სექტორის განვითარების მხარდასაჭერად;

    5.  მომზადდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების .. პოლონური მოდელის დანერგვის საკითხი სამომავლოდ. ამ მოდელით ყველა ფიზიკური პირი საშემოსავლო გადასახადიდან თავად ირჩევს იმ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც 20%-იანი საშემოსავლო გადასახადიდან 1%- ჩაურიცხავს.

    დღეს ამ ქმედებების სისრულეში მოსაყვანად იდეალური საერთაშორისო ფონია, რომელიც მომავალში შეიძლება აღარ იყოს”.

    მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here