Home რუბრიკები საზოგადოება “ინდუსტრიის მშენებელი”

“ინდუსტრიის მშენებელი”

1172
ომარ მარგველაშვილი

გალაქტიონმა ქუთაისზე თქვა, _ ინდუსტრიის მშენებელი ქალაქიაო. ამჯერად ამ წერილის სათაურად განვაზოგადე და საქართველოს მოვარგე პოეტის მოსწრებული სიტყვა. გვქონდა განვითარებული ინდუსტრიული მრეწველობა. დღეს ნარჩენებია. აქაიქ. მადნეულის სამთოგამამდიდრებელი კომბინატი, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი, 1961-1978 წლებში აგებულ და მწყობრში ჩამდგარ საწარმოთა შორის იყო გამორჩეული.

ამ წლებში ამუშავდა 241 მსხვილი სახელმწიფო სამრეწველო საწარმო. მათ შორის: ხრამჰესი II, სიონჰესი, ჩხოროწყუჰესი, შატილჰესი, ენგურჰესის 4 აგრეგატი, ვარციხის კასკადი, შახტები ტყიბულსა და ტყვარჩელის ქვანახშირის მომპოვებელი სიმძლავრეები, რუსთავის სინთეზური ბოჭკოს, სამშენებლო და საგზაო მანქანების სარემონტო ქარხნები, ასევე გამომრთველი მანქანების, “მიკროძრავის”, “ელექტროძრავის” ქარხნები, სახლსაშენი კომბინატები, საშენი მასალების საწარმოები, სამკერვალო ფაბრიკები, კვების მრეწველობის მრავალი საწარმო და ა. შ.

დავიწყებული ისტორია, რომელიც, “ფერადი რევოლუციისგზით მოსული ახალგაზრდა რეფორმატორების მტკიცებით, თურმე არ გვქონია: მათით დაწყებულა საქართველოს აღმშენებლობა(!). გავიხსენოთ, არ იქნება ურიგო: არავითარი ნოსტალგია, მხოლოდ ისტორიული რეალობის აღდგენა. მადნეულის სამთო გამამდიდრებელი კომბინატით ვიწყებთ თხრობას. ჩვენი სტუმარია ამ გიგანტის მშენებელი, საქართველოსა და რუსეთის დამსახურებული ინჟინერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოსა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების აკადემიკოსი ომარ მარგველაშვილი.

_ მშენებლობის იმჟამინდელმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაკიძემ, მართლაც არაჩვეულებრივმა და კრისტალურმა პიროვნებამ, “მადნეულმშენის” უფროსად ჩემი დანიშვნის ბრძანებას ხელი რომ მოაწერა, სწორედ იმ დღეს გავხდი 25 წლის. ეს მოხდა 1967 წლის 6 სექტემბერს, _ იხსენებს ბატონი ომარი.

მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მშენებლობის დამკვეთი ფერადი მეტალურგიის საკავშირო სამინისტრო იყო. მინისტრი პეტრე ლომაკო გახლდათ, მშვენიერი გარეგნობის, მრავალმხრივ თვალსაჩინო კაცი _ გულისხმიერი და დიდი პროფესიონალი. ლომაკო, სოციალისტური შრომის გმირი, ფერადი მეტალურგიის მინისტრად სამჯერ დანიშნეს: პირველად _ 1950 წელს. საერთო ჯამში 28 წელი იმუშავა ამ თანამდებობაზე, იყო საკავშირო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარეც… პირველად მადნეულში ლომაკო საქართველოს ცკ-ის პირველ მდივან ვასილ მჟავანაძესთან ერთად გვესტუმრა.

დიდი საწარმო თათბირი რომ დამთავრდა, მჟავანაძემ განზე გამიხმო და დაწვრილებით გამომკითხა, როგორი მდგომარეობა გვქონდა მუშახელით მშენებლობის უზრუნველყოფის საკითხში. ეს თემა თათბირზე მე წამოვჭერი, ვთქვი, მადნეულის მშენებლობაზე ყველაზე დიდი პრობლემა კადრებით უზრუნველყოფა რომ იყო. ეტყობა, ამით რესპუბლიკის ხელმძღვანელი დაინტერესდა.

_ ვატყობ, _ მითხრა მან, _ რომ თქვენთან სწრაფად იზრდება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მოცულობა, რაც მუშახელის შესაბამისად გაზრდის აუცილებლობის წინაშე გაყენებს.

_ ჩვენ ხალხის დიდ დეფიციტს განვიცდით, _ დავუდასტურე.

_ ვინ მუშაობს თქვენთან, ძირითადად? _ კვლავ მეკითხება.

ვუპასუხე, რომ ჩვენთან უმეტესად ადგილობრივები მუშაობენ: ქართველები, რუსები, ბერძნები, სომხები, აზერბაიჯანელები, თქვენ წარმოიდგინეთ, გერმანელებიც კი… ისიც ვუთხარი, რომ მშენებლობაზე დასაქმებული ხალხის სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობები ნორმალურია, ხუთსართულიანიდან გადავდივართ ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე, და რომ კვალიფიციური მუშის ხელფასი მაღალია.

ვხედავ, ყურადღებით მისმენს და განვაგრძობ საუბარს:

_ ბევრ წერილს ვიღებთ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხიდან, დემობილიზებული ახალგაზრდები გვწერენ. ისინი მზად არიან, იმუშაონ ჩვენთან და განსაკუთრებულს არაფერს ითხოვენ. ერთადერთი პირობა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფაა.

_ სწორედ ეგაა ყურადღებამისაქცევი: ჩამოვა, დაოჯახდება, აქვე დასახლდება.

_ რა თქმა უნდა, ასე იქნება-მეთქი.

_ ჰოდა, მაგ საქმეს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი რაიონებიდან მოვიზიდოთ ახალგაზრდობა. დიდად პერსპექტიულია მადნეულის კომბინატი, მშენებლობაზე დასაქმებული ხალხი საწარმოს ამოქმედების შემდეგ აქვე გადავა სამუშაოდ, ფეხს მოიკიდებს, ოჯახს შექმნის, დარჩება საცხოვრებლად და სამუშაოდ.

ლაპარაკობდა ვასილ მჟავანაძე თითქოს მხოლოდ მშენებლობის უკეთ ორგანიზიების საკითხებზე და ვხვდებოდი, რომ ეს ცხოვრებით დაბრძენებული ადამიანი, მე, ახალგაზრდა კაცს, მიმანიშნებდა: წარმოების ორგანიზების საკითხების გარდა, არსებობს უპირველესი ფასეულობა და საფუძველთა-საფუძველი _ მამულიშვილური გრძნობა, ეროვნული სულისკვეთება…

_ ახალგაზრდობის თქვენთან მოზიდვა კომკავშირს ვთხოვე. მათ კარგად ეხერხებათ ასეთი საქმეებისთვის ახალგაზრდების მობილიზება.

მაშინ შევთავაზე:

_ არის ასეთი კატეგორიის ხალხი _ პირობით მსჯავრდებულნი, რომლებიც რეციდივისტების კატეგორიას არ განეკუთვნებიან. როგორც ვიცი, მათი დასაქმება უჭირს შრომა-გასწორების სტრუქტურას. ჯანმაგარი ახალგაზრდები არიან, რომლებსაც ერთხელ, ისიც შემთხვევით, დაუცდათ ფეხი. მათი მომაგრება ჩვენს მშენებლობაზე შრომით დასაქმებასაც შეუწყობს ხელს, მათ გამოსწორებასაც და მადნეულის საქმესაც.

შევთანხმდით, რომ ამ კონტიგენტს მე კი არ ვუხელმძღვანელებდი, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოვლინებული თანამშრომლები. მშენებლობის ხელმძღვანელობა სწორედ მათ მისცემდა სამუშაოთა განაწესს და მათვე მოსთხოვდა საქმის შესრულებას.

ჩვენ კი უზრუნველვყოფდით დასაქმებით, საცხოვრებლით, საყოფაცხოვრებო პირობებით.

ფერადი მეტალურგიის სამინისტროს ვთხოვეთ და გამოგვიყო კიდეც 60-ადგილიანი ხის ოთხი ასაკრები საერთო საცხოვრებელი. თითოს ასაწყობად ერთი კვირაც არ დაგვიხარჯავს. მაქსიმალურად უზრუნველვყავით ახალჩამოსულები ნორმალური საცხოვრებელი პირობებით, და აეწყო საქმე. მუშახელის პრობლემა ძირითადად მოიხსნა: რესპუბლიკის გარედან მათი შემოყვანა აღარ დაგვჭირვებია…

პირობით მსჯავრდებულებზე ასეთი შემთხვევა მახსენდება.

კაზრეთში ვარ, საღამოა. ჩემს კაბინეტში ვმუშაობ. იღება კარი და შემოდის ცნობილი კომპოზიტორი გოგი ცაბაძე მეგობრებთან ერთად.

ბატონი გოგი მეუბნება:

_ გავიგე, რომ გულისხმიერი კაცი ხართ და ამიტომ გადავწყვიტე პირდაპირ თქვენთან მოსვლა ერთი სათხოვრით. პირობით მსჯავრდებულთა შორის ერთი ჩვენი მეგობრის შვილი მუშაობს. ხვალ ამ ჩვენი მეგობრის იუბილეა. გვინდოდა, განსაკუთრებული პატივი გვეცა და ვკითხეთ, რა გაუხარდებოდა ამ იუბილისთვის ყველაზე მეტად. თვალებზე ცრემლი მოადგა და გვითხრა: ჩემი შვილი ჩემ გვედით რომ იყოსო.

დავპირდით, რომ შევუსრულებდით ამ ნატვრას და იმედგაცრუებულებს ნუ გაგვაბრუნებო.

ერთი მაიორი იყო იმ მსჯავრდებულთა ბანაკის უფროსი, ძალიან კარგი ადამიანი. დავუძახე, სტუმრების თხოვნა გადავეცი და თან ჩემიც დავუმატე: იქნებ, დავეხმაროთ-მეთქი.

აღმოჩნდა, რომ ის ბიჭი წესიერად იქცეოდა და კარგადაც შრომობდა.

_ წავიდეს, მაგრამ ზეგ დილით დაბურნდესო, _ თავისი პირობა წამოაყენა მაიორმა.

_ ეგებ, სამი დღით გაგვატანოთ, _ მორიდებით გვთხოვა ბატონმა გოგიმ.

მაიორს გავხედე. მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.

გაიხარეს სტუმრებმა. დიდი მადლობა გადაგვიხადეს.

წარმომიდგენია, რა სიხარულით შეხვდებოდნენ იმ ბიჭს ოჯახში.

მადლიერმა მამამ დათქმულ დროს ჩამოიყვანა შვილი კაზრეთში და მაიორს ჩააბარა.

დღეს კი რა მდგომარეობაა საქართველოში? დასაქმების პრობლემა უმწვავესია, კოლოსალურად გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა, ჩვენი მოსახელობა საზღვარგარეთ მიდის სამუშაოს საძებნელად. საქართველოში შემოსულია სხვა ქვეყნებიდან სამუშაოს მძებნელთა და ჩვენთან დამკვიდრების მსურველთა მთელი არმია. სამწუხაროდ, მათ ნაკადებს არავინ აკონტროლებს, სრული განუკითხაობაა.

* * *

საგანგებოდ უნდა აღვნიშნო საკავშირო მშენებლობის მინისტრის _ გიორგი კარავაევის პიროვნება, რომელიც ისე მექცეოდა, როგორც საკუთარ შვილს. მოსკოვში მივლინებით რომ ჩავდიოდი, საქაღალდეში მოთხოვნებისა და გადასაწყვეტი საკითხების მთელი ნუსხა მედო. არ მახსოვს, რომელიმე პრობლემის მოგვარებაზე უარი ეთქვას. ყოველთვის გულთბილად მიღებდა და დაუყოვნებლივ შეუდგებოდა “მადნეულმშენის” საკითხების განხილვას.

მადნეული რომ ჩავიბარე, საქმე უკიდურესად ჩავარდნილი იყო. მძიმე სურათი დამხვდა, როგორც საფინანსო, ისე საწარმოო მაჩვენებლების მხრივ. იყო ძალიან დიდი გადახარჯვა, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის, ასევე, პროფესიონალი მუშახელის დიდი დენადობა და ამით გამოწვეული კადრების დეფიციტი. იყო მექანიზმების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სამშენებლო მასალების უკმარისობაც.

რისი და ვისი იმედი უნდა მქონოდა? ვიცოდი, უპატრონოდ და ბედის ანაბარა არ მიმატოვებდნენ. აი, აქ გამომადგა წარსული წლების გამოცდილება და უფროსი კოლეგების რჩევა-დარიგება.

ჩამორჩენა თანდათან დავძლიეთ.

მშენებლობას მაშინ საქართველოს ცკ-ის მდივანი ნიკა ცხაკაია კურატორობდა, არაჩვეულებრივი კაცი, რომელიც სულ ჩემი დახმარების, მხარში ამოდგომის მცდელობაში იყო.

_ სად გირჩევნია, რომ თათბირები ჩავატაროთ _ აქ, მადნეულში, თუ ჩემთან, ცენტრალურ კომიტეტში? _ მკითხა ერთხელ, როცა მორიგი თათბირის დამთავრების შემდეგ ჩემს კაბინეტში მარტონი დავრჩით.

_ თქვენთან, ცეკაში სჯობს, _ ვუპასუხე და იქვე განვმარტე, _ ცეკაში უფრო მეტი შიში, რიდი და კრძალვა აქვთ-მეთქი.

მდივანს ჩემი გულახდილობა მოეწონა, გაიღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა…

ასეთი თათბირები წესად იქცა და რეგულარულადაც იმართებოდა. საქმეში აქტიურად ერეოდა ნიკა ცხაკაია. მასთან ერთად განვიხილავდით მშენებლობის მიმდინარე საკითხებს: რა და როგორ სრულდება, რა გვიჭირს და გვაბრკოლებს. თათბირებს ესწრებოდნენ მინისტრები, ცკ-ის, მინისტრთა საბჭოს, სამინისტროებისა და უწებების პასუხისმგებელი პირები. მათ, ჩემი ინფორმაციის საფუძველზე, იქვე აძლევდნენ ოპერატიულ დავალებებს, ხოლო მომდევნო თათბირზე ანგარიშს სთხოვდნენ. ამ პრაქტიკამ გაამართლა და მოკლე ვადაში ჩამორჩენას თავი დავაღწიეთ.

შრომის მკაცრი და ზუსტი ორგანიზაცია რომ არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების გრაფიკი მრავალჯერ ჩაიშლებოდა. როგორია, თუნდაც ათასობით ტონა ლითონკონსტრუქციის წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით დამზადება, ობიექტამდე ტრანსპორტირება და მონტაჟი, თანაც _ დროულად და ხარისხიანად. აღარაფერს ვამბობ სხვა მასალებით უზრუნველყოფაზე. წამოიდგინეთ, როგორი სირთულეები შეგვექმნებოდა 28 ქვემოიჯარე და სამჯერ მეტ მომწოდებელ ორგანიზაციებთან!

მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატისა და რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გდადჭიმული როგორც ბინათმშენებლობის, ასევე, სამრეწველო კომპლექსის სამშენებლო მოედანზე აშკარად იგრძნობოდა სამუშაოების ორგანიზების მაღალი კულტურა. უკლებლივ ყველა მუშა უზრუნველყოფილი იყო სპეცტანსაცმლითა და დამცავი აღჭურვილობით. ყველა სტუმარი ამას აღნიშნავდა, განსაკუთრებით უხაროდა მინისტრ კარავაევს, დარგის დიდ პროფესიონალს. ერთხელ დაინტერესდა ჩვენი სასაწყობე მეურნეობით. შევედით ჩვენს ბაზებში. ყურადღებით დაიარა და გაოცებულმა სიამოვნებით აღნიშნა: “ასეთი წესრიგი და სისუფთავე იშვიათად მინახავსო”.

როცა მინისტრს მოვახსენე ქვემოიჯარადე ორგანიზაციების, მომწოდებლების, დამკვეთის პოზიციების კომპლექტაციის სერიოზული ჩამორჩენის შესახებ, მან მითხრა:

_ ახლა აქ, კაზრეთში, საუბარს აზრი არ აქვს. შეიმუშავე წინადადებები და მოსკოვში ჩამოდიო…

ასეც მოვიქეცი _ ჩავედი, ჩავიტანე საჭირო მასალები და მოვამზადეთ ერთობლივი ბრძანება, რომელსაც ხელი მოაწერეს მშენებლობის მინისტრმა კარავაევმა, სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მინისტრმა ბაკინმა და ფერადი მეტალურგიის მინისტრმა ლომაკომ. ამ ბრძანებას დავარქვით “Приказ трех министров”.

ბრძანებაში დეტალურად გაიწერა, შეთანხმდა და დაზუსტდა არა მარტო სამუშაოთა შესრულების ვადები, არამედ მითითებული იყო კონკრეტული პასუხისმგებელი პირები. ერთი სიტყვით, ეს იყო კონკრეტიკით და დეტალებით გამაგრებული მასშტაბური დოკუმენტი, სამოქმედო პროგრამა.

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ბრძანებამ განაპირობა დირექტივებით გათვალისწინებულ ვადებში მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მშენებლობის დამთავრება და საექსპლუატაციოდ ჩაბარება…

მადნეულის მშენებლობაზე საქმიანი ვიზიტით ჩამოსულმა საკავშირო ცკ-ის მდივანმა და პოლიტბიუროს წევრმა ალექსანდრე დოლგიხმა ჯერ დეტალურად დაათვალიერა კომპლექსი, შემდეგ თათბირზე ჩემი და კომბინატის დირექტორის აბესალომ ჭანტურიას ინფორმაციები მოისმინა. კმაყოფილი დარჩა მშენებლობის მიმდინარეობით. თათბირის დამთვარებისთანავე თავისთან მიხმო და რუსეთში, ნორილსკის ფერადი მეტალურგიის უზარმაზარი კომბინატის მშენებლობის ხელმძღვანელად გადაყვანა შემომთავაზა; მითხრა, მეც იქ ვმუშაობდი, იქიდან გადამიყვანეს კრასნოირსკის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად და შემდეგ _ საკავშირო ცეკაშიო.

ცდუნება დიდი იყო _ როგორია, ახალგაზრდა კაცს ამხელა საკავშირო ობიექტის ხელმძღვანელობას გთავაზობენ… უზარმაზარი შესაძლებლობები და პერსპექტივა იშლებოდა ჩემ წინ, მაგრამ შემოთავაზებაზე მაინც თავაზიანი უარი ვუთხარი. ამ საუბარს საქართველოს მაშინდელი ცკ-ის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე და საკავშირო ფერადი მეტალურგიის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ ვოროტნიკოვი ესწრებოდნენ.

ერთ დეტალსაც დავუმატებ: შემოთავაზებაზე უარი ასეთი არგუმენტით “განვამტკიცე”: ჩემს ობიექტს ვერ მივატოვებ-მეთქი.

ამ “ჩემს ობიექტზე” მაღალმა სტუმრებმა გულიანად იცინეს.

საქართველოს უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ინაურმა, რომელიც სტუმრებს ჩამოჰყვა, მაგრამ აღნიშნულ საუბარს არ დასწრებია, მკითხა, რაზე გაიცინესო, ავუხსენი, რაც მოხდა და მომიწონა: _ კარგად გითქვამსო.

მადნეულის კომბინატი ექსპლუატაციაში ჩაბარდა ოთხ რიგად _ ოთხივე ჩაბარებას დაესწრო საქართველოს ცკ-ის ბიუროს მთელი შემადგენლობა ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით. შევარდნაძეს ყოველი ჩამოსვლისას თან ახლდა პირადი დაცვის ერთადერთი თანამშრომელი, რომელიც მის მანქანაში წინა სავარძელში იჯდა _ ამირან გურგენიძე.

ბევრი საინტერესო პიროვნება ჩამოდიოდა მადნეულში. ერთხელ ტრესტის მმართველის მოადგილემ ნიკუშა ალხაზიშვილმა ჩამოიყვანა თავისი მეგობარი, გადასახლებამოხდილი, ცნობილი მსახიობი გრიგოლ კოსტავა _ ქართული სცენის ვარსკვლავის, მედეა ჯაფარიძის პირველი ქმარი. მათ დავათვალიერებინე კომპლექსის მშენებლობა. ვივახშმეთ. დიდხანს შევრჩით სუფრას იმის გამო, რომ ბატონმა გრიგოლმა ბევრი საინტერესო ისტორია გვიამბო თავისი ცხოვრებიდან.

ჩაიწერა

არმაზ სანებლიძემ

P.S. დღევანდელ ქართულ პერიოდიკაში ამოიკითხავთ, რომ მადნეულის კომბინატი, რომელსაც ერთ დროს საქართველოს ეკონომიკაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა, “ბოლო წლებში აბსოლუტურად არაპროფესიული ქმედებების შედეგად სერიოზულ სირთულეებს განიცდის”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here