Home რუბრიკები საზოგადოება ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისი უცხოური ინვესტიციების შესახებ

ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისი უცხოური ინვესტიციების შესახებ

წერილი მეოთხე

ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისი უცხოური ინვესტიციების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის ,,ქართველი ერის ისტორიის” II ტომში XI-XII საუკუნეების საქართველოს სოციალურეკონომიკური და კულტურული განვითარების საინტერესო მასალებია მოცემული. თურმე რამდენი რამ შეგვძლებია _ მაშინდელი საქართველო ეროვნული შემოსავლებითა და ეკონომიკური განვითარებით წინ უსწრებდა არა მარტო თავის უშუალო მეზობლებს, არამედ თვით ევროპულ სახელმწიფოებს, მაგალითად, ამ მაჩვენებლებით ჩვენი ქვეყანა ორჯერ აღემატებოდა საფრანგეთს.

დღევანდელი საქართველოს შემხედვარემ, ჩვენი ყოფიდან გამომდინარე, ძნელია, დაიჯერო ის, რასაც ივანე ჯავახიშვილი წერს, თანაც არა ქართულ წყაროებზე დაყრდნობით, არამედ უცხოური (ევროპული, სპარსული, არაბული) მასალების საფუძველზე. ახსნა და ანალიზიც მისებურად ობიექტური და დამაჯერებელია, ისე, როგორც მისი დიდი წინამორბედის, ილია ჭავჭავაძის, მოკლე და ლაკონური დასკვნები სტატიაშიძველი საქართველოს ეკონომიური წყობის შესახებ”.

იქნებ ღირს დაფიქრებად, რამ განაპირობა ეს? ერთი რამ ცხადია: ამ ჩვენი ორი დიდი ერისკაცის მემკვიდრეობის გათავისებაგათანამედროვეობა ახალ სიცოცხლეს მისცემს ხალხსაც და ქვეყანასაც, შეგვმატებს ძალებს ,,ჩვენი თავის ჩვენად ყუდნებისთვის და წახდენილი ქართველთა სახელისა და ქართული წესწყობის აღდგენისათვის”.

წერილი, რომელზეც ამჯერად ვამთავრებთ საუბარს, ერთგვარი გზამკვლევი უნდა იყოს ჩვენთვისაც, როცა საქმე ეხება უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში, რადგანფული ამ შემთხვევაში მარტო იმის სიხარბეშია, რომ, რაც შეიძლება დიდის მოგებით დაუბრუნდეს იმავ ჯიბეს, საიდამაც ამოვიდა. მაგ სიხარბეს საზღვარი არა აქვს, მაგ გზაზედ დამდგარი ფული ისეთი კრუხია, რომ, რავდენი კვერცხიც გინდათ შეუწყოთ, იმდენს ბარტყს ეცდება გამოუჩიკოს თავის პატრონს”, მაგრამ არა მხოლოდ იმ ფულის პატრონს, რა თქმა უნდა, არამედ, უპირველესად, ჩვენ _ ვისკენაც ასე დაიმედებული მოემართება ჯიბის გასასქელებლად უცხოელი ინვესტორი.

მეისნერის პროექტი

დასასრული. დასაწყისი იხ. #28-30, 2020 .

ღვინო დიდ ფასად გავაო, ამბობენ ბ-ნ მეისნერის მექომაგენი, ესე იგი, აქაც კიდევ ბევრის ფულის ჩვენში შემოსვლას ხარბობენ. ჩვენც ავყვეთ, არა უშავს-რა, თუმცა უკვე ვიცით, რომ ფულის სიმრავლე, უკეთუ რიცხვი ერთობ საქონლისა ჩვენს ქვეყანაში იგივეა, არაფერს შეგვმატებს.

ჩვენ ამაზედ ვუპასუხებთ, რომ მეისნერის ამხანაგობა დიდ ფასად ვერ იყიდის ჩვენს ღვინოებს. ჩაიხედეთ მეისნერის ნუსხაში, რომელიც მის პროექტზედ დართულია და ნახავთ, რომ იმ ახალის აზრის იმედით, იგი თავს კახურს ღვინოში თექვსმეტს ბოთლში (ერთს ვედროში) სამს მანეთს გვპირდება, ესე იგი, ბოთლში 18 კაპ. და დაბალ ღვინოში 7 კაპ., თუნგში 37 კაპ. (ვედროში _ ექვს აბაზს). აბა, თავ ღვინოში, ისიც კახურში, და თუნდ დაბალ ღვინოებში _ რომ ეგ ფასები დაიდვას, დიდი ფასია? თუ იმაზედაც ნაკლები, რაც დღეს ჩვენშია, მაშინ როდესაც, ზოგიერთის სიტყვით, ვითომ ჩვენში ღვინო 9/10 გადასაღვრელიაო!

აბა თუ კაცია ვინმე და თავი ღვინო კახეთში მაგ ფასად იყიდოს დღეს. ეგევე ითქმის დაბალ ღვინოების შესახებაც. ჯერ ჭყაპურტა ღვინოები ქალაქის ახლო სოფლებისა თუნგი იყიდება დღეს 50, 60, 70, 85 და 90 კაპ. და ბ-ნ მეისნერის ამხანაგობა კი 37½ კაპ. გვპირდება თუნგში. ჟერ აქედამა სჩანს, რა განზრახვა და რა სურვილი მიუძღვება წინ ბ-ნ მეისნერის ამხანაგობას.

ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეგ ამხანაგობა ბოლოს მაგასაც არ შემოგვაძლევს, უფრო ძირს დასცემს ჩვენის ღვინოების ფასსა. ფული რაკი თავის პირდაპირ დანიშნულებას გადასცდება ხოლმე, რაკი გასყიდვას სყიდვისათვის არ მოახდენს, არამედ სყიდვას გასყიდვისათვის, როგორც ნმა იოსელიანმა სამართლიანადა სთქვა, მაშინ ფული საქონლის სააღებმისაცემო საშუალებად კი არ ხდება, არამედ სააღებმისაცემო საგნად საქონლის საშუალებითა. ამ ყოფაში ფულს ქვეყნის გამდიდრება კი არ მოსდევს, არამედ იმისი, ვის ჯიბიდამაც ამოდის, რათა იმის ჯიბეშივე უკანვე ჩავიდეს. უბარტყებლად ჯიბიდამ ფულის ამოსვლა და ჩასვლა ტყუილი ნაცარქექიობა იქნებოდა. ამიტომაც, ფული ამ შემთხვევაში მარტო იმის სიხარბეშია, რომ რაც შეიძლება დიდის მოგებით დაუბრუნდეს იმავ ჯიბეს, საიდამაც ამოვიდა. მაგ სიხარბეს საზღვარი არა აქვს, მაგ გზაზედ დამდგარი ფული ისეთი კრუხია, რომ რავდენი კვერცხიც გინდათ შეუწყოთ, იმდენს ბარტყს ეცდება გამოუჩიკოს თავის პატრონს.

ბ-ნის მეისნერის ამხანაგობას რომ ნუსხა გავუსინჯოთ, ვნახავთ, რომ განზრახვადა აქვს გაიტანოს ჩვენიდამ 6120 ურემი ღვინო: აქედამ 4320 ურემი ღვინო ბოთლი 31¼ კაპეიკად უნდა გაჰყიდოს და 1800 ურემი თავი ღვინო ბოთლი 70 კაპეიკად. მოსაგებად დანიშნული აქვს მანეთზედ 34 კაპეიკი. ახლა იფიქრეთ, ბ-ნ მეისნერის ამხანაგობამ რომ ამოდენა ღვინო გაზიდოს ჩვენის ქვეყნიდამ, მაგრე იაფად ჰყიდოს რუსეთში და მაინც მაგდენი წმინდა მოგება დარჩეს, რა უნდა იქონიოს გულში? ის უნდა ედვას გულში, რომ რაც შეიძლება ჩვენში ღვინოები იაფად იყიდოს, რაც შეიძლება ფასი ღვინისა ძირს დასწიოს, თორემ შეუძლებელია მაგ ფასად ჩვენი ღვინო რუსეთში ჰყიდოს და ამით არამც თუ მოიგოს რამე, არამედ დიდი ზარალი არა ნახოს. სამ აბაზ უზალთუნად თავს ღვინოს დღეს ჩვენშიაც ვერ იყიდით, 31 კაპეიკად იმის მომდევარს ვაი-ლაჩრობით ძლივს იშოვით ჩვენში დღესაც, და ბ-ნ მეისნერის ამხანაგობამ ან ერთისა და ან მეორის ჯურის ღვინო როგორ უნდა ჰყიდოს რუსეთში მაგ ფასად? აშკარაა, ან იქ უნდა მოუმატოს ფასი, ან იქავ ჩალის ფასად ჩაიგდოს ხელში. ამ ორში იმ გზას უფრო დაადგება, რომელიც უფრო ადვილია, უფრო ჭკუაზედ ახლოა და ჭკუაში დასაჯდომია.

რუსეთში რომ ჩვენი ღვინოები დანიშნულ ფასებზედ უფრო ძვირად გაჰყიდოს, ხელს არ მისცემს ამხანაგობას. იმიტომ, რომ ერთობ ძვირის საქონლის მუშტარი მარტო მდიდარი კაცია და მდიდარი ცოტაა ყველგან, და რაც არის, ისიც ჭირვეულია, ქეიფის კაცია, თავის ნებისა არის. გარდა ამისა, მდიდარი კაცი რუსეთისა შეჩვეულია სხვა ღვინოებს ევროპისას და ბ-ნ მეისნერის ამხანაგობა, რაც უნდა ეცადოს, ამ მუშტარს ვერ ჩამოაცლის საფრანგეთის ღვინოებს და ჩვენს ღვინოებისაკენ ვერ გადმოიბირებს, ამისათვის, რომ მდიდარის კაცისათვის ღვინო არამც თუ მარტო საჭირო და სასიამოვნო სასმელია, არამედ თავმოსაწონებელი, და სახელგანთქმულიც უნდა იყოს. აკი ვამბობთ, რაც უნდა ეცადოს ბ-ნ მეისნერის ამხანაგობა, საფრანგეთის ღვინოებს ვერ გაუტეხს სახელს და ჩვენსას ვერ მოანიჭებს რუსეთის მდიდარის კაცის თვალში.

მაშასადამე, ერთი ღონეღა დარჩება ამხანაგობას, რუსეთის შუათანა წრის ხალხი აიჩინოს მუშტრად. ამისათვის ჩვენი ღვინო, რაც შეიძლება, იქ იეფად უნდა ჰყიდოს, რომ იეფობით ღვინის უჩვევი ხალხი შეაჩვიოს ღვინოსა. უამისოდ იმ 6120 ურმის გასაღება რუსეთში სანატრელი სიზმარი იქნება. რაკი ძვირად გასყიდვა ჩვენის ღვინისა რუსეთში მუშტარს ვერ იშოვის, ამიტომაც ბ-ნი მეისნერის ამხანაგობა იმის მეცადინეობაში იქნება, რომ აქ ჩვენშივე სყიდვის დროს ღვინო იეფად ჩაიგდოს. ამას ძალიან ადვილად მოახერხებს. რაკი ამხანაგობა, ვითარცა ერთი კაცი, იმოქმედებს იმ დიდძალ ფულითა, რომელიც მას ხელთ ექნება, პირველ წელიწადსვე შეუძლიან სულ შემოიფრთხოს ყველა ღვინის ვაჭარი, რაც კი ეხლა ჩვენში არის. ვინც საქმით იცის ჩვენის ღვინის საქმე და არა გაგონითა, ის დაგვერწმუნება, რომ ორი ათასი თუმანია საჭირო, რომ რაც უკეთესი მარნებია კახეთში, სულ ხელში დაიჭიროს. ამას გარდა, შესაძლოა ოცი, ორმოცი ურემი ღვინო თუნდ ას-ას თუმნად დავიკვეთო კახეთში, ამით ფასები დროებით ავწიო, წვრილი ვაჭრები შემოვიფრთხო, და რაკი ბურთი და მოედანი მე დამრჩება და სხვა მოცილე არ მეყოლება, დანარჩენი ორასი და სამასი ურემი წყლის ფასად ჩავიგდო და რასაც ოცს ურემში წავაგებ ფასების აწევითა, ის ერთი-ორად დავიბრუნო ორასისა და სამასის ურმის ფასების დაწევაში. ვინ იტყვის, რომ ამხანაგობა, რომელსაც განუზრახავს მანეთზედ 34 კაპეიკის მოგება, ამას არ იქმს? აი ამიტომ შორმხედველნი მეწინააღმდეგენი მეისნერის პროექტისა ამბობდნენ, რომ მონოპოლიობა ჩამოვარდებაო.

ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისი უცხოური ინვესტიციების შესახებ

თუნდ ეგეც არ იყოს და დავუჯეროთ ბ-ნ მეისნერის მექომაგეთა, რომ ღვინოების ფასი აიწევა, რაკი რუსეთი ჩვენის ღვინის ბაზრად შეიქმნებაო; თუ მართლა ეგრე იქნება, დიდძალი ღვინო ჩვენის ქვეყნისა სულ რუსეთისაკენ გაეზიდება, დიდძალი ღვინო გავა, მაშასადამე, ღვინო ჩვენში დაძვირდება ასე, რომ ამოდენა ხალხი, ღვინის სმას ჩვეული, ღვინოს თვალით ვეღარა ნახავს, ჯერ იმის გამო _ რომ ცოტა იქნება, მეორე იმის გამო _ რომ შეძლება არ ექნება დიდ ფასს შესწვდეს. მაშასადამე, ეს შინაური ჩვენი ბაზარი ალაგდება, მერე მკვიდრი ბაზარი, რადგანაც დღეს-აქამომდე ისეთი მუშტარი ჰყავს, რომელიც ღვინოში ჩვეულს და მეტად საჭირო სასმელს ხედავს, და მის სამაგიეროდ გაიხსნება ისეთი ბაზარი, საცა მაგ ჩვეულებამ და საჭიროებამ უნდა ახლად ფეხი მოიკიდოს. ცხვირ-წინ ბაზარს ვაუქმებთ, რომ ცხრა მთას იქით ახალი ავიჩინოთ. ჩვენდა სამწუხაროდ რომ ეს მოხდეს, აქ ცხვირ-წინ ბაზარი დავკეტოთ და რუსეთში ავიჩინოთ, მერე ვინ დაგვიდგება თავდებად, რომ ამხანაგობა არ გვეტყვის, გინდათ ამ ფასად მამყიდეთ თქვენი ღვინო, თუ არა თქვენ თითონ წაიღეთ რუსეთშიო: რუსეთში ჩვენ ჩვენს ღვინოს ვერ წავიღებთ, შინ გასავალი იმოდენა აღარ იქნება და ჩვენ ან უნდა ბ-ნ მეისნერის ამხანაგობას დავემორჩილოთ, ან ვენახები გადავკაფოთ.

ყოველს ამას თავი დავანებოთ და მარტო ის წარმოვიდგინოთ, რა ქმნა იმ გარემოებამ, რომ თევზმა და ხიზილალამ სალიანისამ ახალი ბაზარი აიჩინა რუსეთში და ამ საქონლის ვაჭრობამ იქით გაიწია? ისა ქმნა, რომ ეგ საყოველდღეო საჭმელი ჩვენის ხალხისა საერთოდ, დღეს მარტო მდიდრის სანუკვარიღა შეიქმნა, თევზსა და ხიზილალას ეხლა მარტო მდიდარი თუ ხმარობს საჭმელად, თორემ სხვას სიზმრადაც აღარ ეზმანება. ვინ გაკეთდა ამით? სალიანის მოიჯარადრენი, და ხალხი კი, ჩვენი ქვეყანა, გაღარიბდა იმოდენად, რამოდენადაც თევზი და ხიზილალა დააკლდა. იმოდენად გავღარიბდებით ჩვენც, რამოდენადაც ჩვენ ჩვენი ჩვეული სასმელი მოგვაკლდება. ეს უეჭველია.

ესევე აზრი წარმოსთქვა სამეურნეო საზოგადოების კრებაში ბარონ ნიკოლაიმ და იმავე აზრს ბევრი სხვანიც მიემხრენ. რასაკვირველია, ბ-ნ მონასტირცევს და სხვას მაგ-გვარებს ადვილად შეუძლიან სთქვან: ოჰ, დიდი რამ იქნება, თუ ქართველებმა ღვინო არა სვესო. თათრები რომ ღვინოს არა სმენ, კაცები არ არიანო. რომ გავბრიყვდეთ და ეგრე წავიდეთ, როგორც ბ-ნი მონასტირცევი, განა ჩვენ კი ვერ ვიტყვით: ჰო, დიდი რამ იქნება, თუ ბ-ნ მონასტირცევმა წაღები არ ატარა. განა ცოტანი არიან, რომ ფეხშიშველა დაიარებიან. მაშ ისინი კი კაცები არ არიან!

ამისთანა სასაცილო აზრს ისევ ბ-ნ მონასტირცევს დავუთმობთ, დეე მაგან მაგ აზრით განაგოს ქვეყანა და ჩვენ ღმერთს მადლობა შევწიროთ, რომ ბ-ნი მონასტირცევი ჩვენის ბედის გამგებლად თავის-დღეში არ იქნება.

დაგვრჩა ახლა მესამე დაპირება ბ-ნ მეისნერის პროექტისა, სახელდობრ ისა, რომ ღვინოს მე გავაკეთებ, თქვენ ოღონდ ვენახები აკეთეთ და ბევრი ყურძენი მოიყვანეთო. ეს რომ მდაბიურად ვთარგმნოთ, ეს არის: “დღეს თქვენ ვენახების მკეთებელიცა ხართო და ღვინისაცაო. რაკი ორივე წარმოება ხელთ გიჭირავთ, სჩანს, ერთიდამაც რასმე ხეირს ხედავთ და მეორიდამაცაო. მოდით, ერთი წარმოება მაგ ორისაგან მე დამითმეთო, ისეთი, რომელიც უფრო ფაქიზია და სამუშაოდ უფრო ადვილი, ესე იგი, ღვინის კეთებაო”. მერე ჩვენ რას გვაძლევთ მის სამაგიეროს, სახელდობრ _ იმის სანაცვლოდ, რაც ღვინის კეთება ვენახის კეთებასთან ერთად ჩვენ ხეირს გვაძლევდა, ვკითხავთ ჩვენ? არაფერსაო. თქვენი ხეირი ეს იქნებაო, რომ უფრო უკეთესი ღვინო იქნება თქვენი ღვინოო, იმასაც თქვენ კი არ დაგალევინებთ, რუსეთში გავიტანო და ამ გზით სახელი თქვენი იქნებაო და სახრავი კი ჩემიო. თქვენ მარტო ვენახების კეთებაც გეყოფათო.

აი ყოველთვის ამისთანა შედეგი აქვს, როცა ეგრეთ-წოდებული კაპიტალობრივი წარმოება თავს ამოჰყოფს ხოლმე ქვეყანაში და ფეხს მოიკიდებს. აი სწორედ ამის გამო ამბობს ერთი გამოჩენილი მეცნიერი, რომ “კაპიტალობრივი წარმოება იმისთანა მოქმედებაა, რომელიც მწარმოებელს ხელში არ შეარჩენს წარმოების საშუალებასაო და ცდილობსო, მარტო მისის მარჯვენის ანაბარას დააგდოს და სხვა ყოველისფერი ჩამოართვასო”.

ჩვენ ძალიან გრძლად მოგვივიდა ეს ლაპარაკი და ამიტომაც ამ საგანზედ, რომელიც ადვილად მისახვედრია თავის-თავადაც, დიდხანს ვერ შევდგებით. მხოლოდ ვიტყვით, რომ ბ-ნ ელიოზოვისა და იოსელიანის შიშს, რომ ამხანაგობა მიწასაც ხელიდამ გამოგვაცლისო, საყურადღებო და ძნელად დასარღვევი საბუთი აქვს. აი ამ საგანზედ რა სთქვა 1845 წ. პარლამენტში ეხლანდელმა პირველმა მინისტრმა ინგლისისამ გლადსტონმა, რომელსაც, როგორც ფინანსისტს, თითქმის ცალი არა ჰყავს მთელს ქვეყნიერებაზედ: ერთი ყველაზედ სამწუხარო ამბავი ჩვენის ქვეყნის (ესე იგი ინგლისის) ყოფაცხოვრებისა იმაში მდგომარეობს, რომ რამოდენადაც ძლიერ ბევრდება უმაღლეს წოდებათა ხელში სიმდიდრე და იზრდება ჩვენს ქვეყანაში კაპიტალი, იმოდენად ცხოვრების სახსარი აკლდება ხალხს, იმოდენად ნაკლებულობა და სიღატაკე მატულობს მუშახალხს შორისო”.

იმოდენა ფულით სიმდიდრე არსად არ არის, როგორც ინგლისში და მის მხარ-და-მხარ ისეთი სიღატაკეა უმრავლესობისა, რომ ამბადაც ძნელი დასაჯერია. პრუსიამ ხუთი ათასი მილიონი ბაჯაღლო ოქრო წაართვა საფრანგეთს და ამ უზარმაზარმა ფულმა კი არ გაამდიდრა პრუსია, არამედ ისე გაუხადა საქმე იქაურთა მკვიდრთა, რომ მაგ ფულის შემოსვლისვე უმალ ხალხის გახიზნვამ პრუსიიდამ იმატა, რადგანაც არაქათი ცხოვრებისა აღარ იყო.

ამ სახით, რა მხრითაც უნდა მივუდგეთ ბ-ნ მეისნერის პროექტს, რომელი აღთქმა და დაპირება არ გავსინჯოთ, ვნახავთ, რომ მასში ჩვენი სახეირო არა არის-რა და სავნებელი კია.

ასეც იცნო კავკასიის სამეურნეო საზოგადოებამ ბოლოს და უარჰყო იგი პროექტი.

XIX შინაური მიმოხილვა.

1882 წელი, დეკემბერი

ვაჟა-ფშაველა

ვაჟაფშაველას გენიალური ფრაზები

აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლია”.

* * *

“აზრსაც იმის მიხედვით აქვს ბაზარი და გასავალი, რამდენადაც მტკიცე და შეუპოვარნი არიან მისი მტვირთველნი, რამდენიც მეტი წამებული ჰყავს. ყველა რჯულის აზრი, სოციალური თუ სარწმუნოებრივი, იმის მიხედვით იმარჯვებს, თუ რამდენად ნიადაგი აქვს განხორციელებისა და რამდენად თავგამოდებულნი მომხრენი ჰყვანან”.

* * *

“ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი”.

* * *

“ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა”.

* * *

“კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს”.

* * *

“ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია”.

* * *

“ან უსამშობლომ, კაცმა ბოგანომ, რა იცის, რაა სამშობლოს ტრფობა?!”

* * *

“ათისა და ოცის კაცის ავაზაკობა ისე ვერ დააზიანებს ერის ცხოვრებას, როგორც სხვაგვარი ავაზაკობა ათასისა და ორი ათასისა, _ პირველთ ადვილად ვიშორებთ თავიდან, ავაზაკებს ვეძახით, ვსდევნით, როგორც ცოფიან ძაღლებს, ვეტევებით თოფით და ხმლით, მოსაკლავად არა ვზოგავთ, ხოლო მეორე ჯულის ავაზაკებს ვძმობილობთ და ვემოყვრებით”.

* * *

“არ ესმის სხვისა ტკივილი სხვასაო”.

* * *

“არა მოგცა რა ლამაზის სიტყვებით ამაყობამა”.

* * *

“არც თქვენ შეგრჩებათ ერთი დრო, ვინცა ხმამაღლა ჰყივითა”.

* * *

“თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით, ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა”.

* * *

“განა ყველა რაც ხმელია, კაცთაგან საწუნარია? ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია”.

* * *

“მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა”.

* * *

“მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, _ არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის”.

* * *

“მთასა თუ ველს, ქვასა თუ ლოდს, ცხოველსა თუ მცენარეს აქვს თავისი სიმბოლური ფიქრი და წუხილი და შენ, ადამიანო, რა დაგემართა, რატომ დაკარგე სინდის-ნამუსი?!”

* * *

“მუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო. კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!”

* * *

“არც ის მგონია ბიჭობა, ვისაც ერევი, ახრჩობდე, ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, რომ სხვას დამხრჩვალსა სწამლობდე”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here