წერილი მეორე
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დარგებს შორის დღეს პერსპექტიულია ენერგეტიკა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, უძრავი ქონებისა და სამშენებლო ბაზრები, დამამუშავებელი მრეწველობა. სხვა სფეროებში ინვესტორთა დაინტერესება საკმაოდ დაბალია. ექსპერტთა აზრით, მაგალითად, საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულების ერთ–ერთ პრიორიტეტად გამოცხადების მიუხედავად, ინვესტიციები ამ სფეროში მიზერულია. დღეისთვის უცხოური ინვესტიციები აქტიურ როლს თამაშობს ქართული ექსპორტის ფორმირებაში, რაც, ძირითადად, დაბალტექნოლოგიური დარგების ექსპლუატირების ხარჯზე ხორციელდება.
ჩვენ თუ შევუდგებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და მრავალი სხვა ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ფაქტობრივი მონაცემების ანალიზს, საქართველოსა და უცხოური ბანკების დოკუმენტაციის მიხედვით ჩატარებული კვლევების შედეგების განხილვას, იდეალური სურათი დაიხატება. არადა, ფაქტი არის ის, რასაც დღეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ხედავს _ საქართველო ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა არ არის! უკიდურესი სიდუხჭირე, უმუშევრობა და ლუკმაპურის ნაგვის ურნებში ძებნა ჩვენი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილია კვლავაც და ამ პრობლემას, ანუ მოსახლეობის ეკონომიკურად გაძლიერებას ვერც ინვესტიციებმა უშველა და ვერც ინვესტორების მიერ უმუშევართათვის შეთავაზებულმა სამუშაომ. როგორც ჩანს, აქ სხვა გზა და სხვაგვარი მიდგომაა საჭირო. თუ ინვესტორი, როგორც ილია ამბობს, “ფულს კი არ გაგვიმრავლებს, არამედ, რაცა გვაქვს, იმასაც გაზიდავს”, ცხადია, ამით ხეირს ვერც ქვეყანა და ვერც ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ნახავს და “ჩვენ დავრჩებით პირში ჩალა გამოვლებული”.
მოვუსმინოთ ისევ ერის მამას, რომელიც ამ საკითხს დეტალურად განიხილავს და ყველასთვის გასაგებ ენაზე ირწმუნება, რომ მსგავს გარიგებებს მაშინ ექნება აზრი, თუ ორივე მხარე მოგებული დარჩება. ილია სათითაოდ, პუნქტობრივად განიხილავს ორი დაპირისპირებული მხარის _ მეისნერის პროექტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა _ მიერ მოტანილ თითოეულ არგუმენტს; ერთგვარ განმარტებას აკეთებს, როგორც ტერმინებისა, ისე ისეთი საკითხებისა, რომლებსაც ის “საპოლიტიკო ეკონომიას” უწოდებს; განმარტავს მოთხოვნა–მიწოდების ბუნებას, ფულის როლს საქონლის გაცვლაში, ანუ ფულის გაცვლით ფუნქციას, ბევრი ფულის შემოსვლა როგორ იწვევს ინფლაციას, როგორ იწვევს საქონლის დეფიციტი მის გაძვირებას და ა. შ. შემდეგ ილია აკეთებს დასკვნას, თუ რას გვპირდება ბატონი მეისნერი, და აღნიშნული პროექტის მიმართ სვამს კითხვებს: “ამდენი ფული რომ მოაქვს, რასა გვპირდება? რა გზას და მოედანს უნიშნავს მაგ ფულს?” “ამის პასუხად გვეუბნება ბ–ნი მეისნერი: “ვიყიდი ღვინოს, რომ ისევ გავყიდო, ესე იგი, ვაჭრობას გავმართამო; მეორე _ თქვენს ღვინოს სხვას ახალს ბაზარს გავუჩენო, ესე იგი, თქვენს ღვინოს თქვენის ქვეყნიდან სხვაგან გავიტანო; და მესამე _ ღვინის კეთების საქმეს შევუდგებიო”. ილია აკეთებს დასკვნას, რომ ბატონ მეისნერის პროექტი სასარგებლო ვერ იქნება ვერც ქვეყნისთვის და ვერც მოსახლეობისთვის.
დღეს, როდესაც ვისმენთ, ამა და ამ საქმეში ამდენი მილიონის ინვესტიცია ჩაიდება და ავშენდებითო, რიგით მოქალაქეებს რეაქცია აღარ აქვთ, რადგან იციან, რომ ეს მილიონები მათ სასიკეთოდ არაფერს შეცვლის…
მაგრამ ასე არ იყო წლების წინათ, როდესაც ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენი ან შაჰდენიზის გაზსადენი გაჰყავდათ, მაშინ მართლაც სიხარულის ცრემლები სცვიოდათ ადამიანებს, რადგან ეჭვი არ ეპარებოდათ ხელისუფლების დაპირებებში, სჯეროდათ, რომ ცხოვრება გაუუმჯობესდებოდათ და ერთხელ და სამუდამოდ თავს დააღწევდნენ სიდუხჭირეს. მაგრამ რა მივიღეთ რეალურად? _ ხალხისთვის არც არაფერი.
რატომ? _ აი ამ კითხვაზე სწორ პასუხშია, ალბათ, ჩვენი კეთილდღეობის გასაღები.
ბ–ნ მეისნერის პროექტი
გაგრძელება. დასაწყისი იხ. #28, 2020 წ.
ჩვენ ვიცით ეხლა, რომ აღებ-მიცემობის სახე ორგვარია. ერთი მარტივი, როცა ერთ სახის საქონელი სხვა სახის საქონელზედ იცვლება პირდაპირ და უშუამავლოდ და მეორე რთული, როცა სააღებ-მისაცემო საქონელთ შორის სხვა საგანი, ესე იგი, ფული მოქმედობს. პირველის სახე ასეა: საქონელი = საქონელი; და მეორისა: საქონელი = ფული = საქონელი. მაგალითებრ, ვსთქვათ, რომ ორი თუნგი ღვინო ერთ კოდს პურზედ იცვლება მარტივ აღებ-მიცემობაში. ეს ამ სახით გამოითქმის: ორი თუნგი ღვინო = ერთი კოდი პური.
ვსთქვათ, ორი თუნგი ღვინო ორი მანეთია. რაკი ორი თუნგი ღვინო ორი მანეთია, მაშასადამე, ერთი კოდი პური, რომელიც ორ თუნგ ღვინოზედ იცვლება, ორი მანეთი უნდა იყოს. ეს ამბავი რთულს აღებ-მიცემობაში ამ სახით გამოითქმის:
ორი თუნგი ღვინო = 2 მანეთი ფული = ერთი კოდი პური.
პირველში ღვინოს გავცემ, რომ პირდაპირ პური ავიღო, მეორეში კი ღვინოს გავცემ, რომ ფული ავიღო და ფულს ისევ გავცემ, რომ პური ავიღო. ეს უკანასკნელი მოქმედება გასყიდვაა სყიდვისათვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთისა და მეორის ბოლოც ერთი და იგივეა, ღვინისა პურზედ და პურისა ღვინოზედ, ესე იგი, საქონლისა საქონელზედ ცვლა და სხვა არა-რა.
როცა აღებ–მიცემობა ერთისა თუ მეორის სახით უტყუარად მოქმედობს, ამღებიც და გამცემიც ერთნაირად მოგებაში არიან. აღებ–მიცემობაში ამღებიც და გამცემიც გასცემენ ხოლმე მარტო იმას, რაც თვითოეულისათვის ნამეტურია, მაშასადამე, უსარგებლოა და უსაჭირო; მის სამაგიეროდ იღებენ მას, რაც თვითოეულის მათგანისათვის საჭიროა და, მაშასადამე, სასარგებლო. ცხადია, რომ ადამიანისათვის უსარგებლოს გაცემა და მის სამაგიეროდ სასარგებლოს შეძენა, _ სასარგებლო, ანუ უკეთ ვსთქვათ, მოგება უნდა იყოს.
ამ სახით, ფული ეკონომიებრივ იმისთანა საგანია, რომლის საშუალებითაც უფრო ადვილად და ხერხიანად საქონელი საქონელზედ იცვლება, რომლის შემწეობითაც საქონლის პატრონები ერთმანეთში სააღებ-მისაცემოდ მოქმედობენ, ესე იგი, ეკონომიებრივად ერთმანეთში მიიქცევ-მოიქცევიან. საცა მაგ-გვარი მიქცევ-მოქცევაა საქონლის პატრონთა შორის, იმ ადგილს ბაზარი (ринок) ჰქვიან და მთელი ჯამი აღებ-მიცემობისა, მთელი რიცხვი მაგ-გვარის მიქცევ-მოქცევისა საქონლის პატრონთა ერთმანეთში _ შეადგენს მას, რასაც მეცნიერება უწოდებს ქცევას საქონლისას (обращение тораров).
ეს გრძელი სიტყვა ფულის საზოგადო მნიშვნელობაზედ იმიტომ გავაბით, რომ ჩვენის მსჯელობისათვის ფეხმოკიდებული საგანი აგვეჩინა. ეს ერთი. მეორე იმისათვის, რომ, რაკი ეგ მნიშვნელობა გვეცოდინება, უფრო ადვილად მივხვდებით შემდეგს კანონებს საპოლიტიკო ეკონომიისას, რომელთ გამოკვლევასაც ჩვენ ვერ შევუდგებით და რომელთ მოწვევა აუცილებლად საჭირო იქნება ჩვენის მსჯელობისათვის.
ეხლა მივხედოთ ბ–ნ მეისნერის პროექტსა და ვიკითხოთ, ეს ორ–მილიონ–ნახევარი ფული რომ მოაქვს, რასა გვპირდება? რა გზას და მოედანს უნიშნავს მაგ ფულს?
ამის პასუხად გვეუბნება ბ-ნი მეისნერი, _ ვიყიდი ღვინოს, რომ ისევ გავყიდოო, ესე იგი, ღვინის ვაჭრობას გავმართავო; მეორე, _ თქვენს ღვინოს სხვას ახალს ბაზარს გავუჩენო, ესე იგი, თქვენს ღვინოს თქვენის ქვეყნიდამ სხვაგან გავიტანო; და მესამე, _ ღვინის კეთების საქმეს შევუდგებიო. გავსინჯოთ ეს თვითოეული დაპირება ცალკე.
ღვინოს იყიდის, რომ ისევ გაჰყიდოს. რას ნიშნავს ეს? აქ ფული რა მოქმედებაშია?
აი რა მოქმედებაშია: აქ ფული თითონ ხდება აღებ-მიცემობის საგნად და ღვინოს ამის საშუალებადა ხდის, აქ ფული გადის ფულისვე შემოსატანად ღვინის შემწეობით, ესე იგი, ფული ფულზედ იცვლება. აქ აღებ-მიცემობა არ არის, იმიტომ, რომ აღებ-მიცემობაში გასაცვლელად იგულისხმება ერთ-გვარი და ერთ-სახე საგანი კი არა, როგორც აქ ფული ფულზედ, არამედ სხვადასხვა-გვარი, სხვადასხვა-სახე საგანი, მარტო ღირებულების რაოდენობით შეტოლებული, მაგალითებრ, ორი ჩაფი ღვინო და ერთი კოდი პური. მაშ რა არის, თუ არ აღებ-მიცემობა? ვაჭრობაა, რომელიც ბუნებითად ერთ-გვარი სახეა ფულის გასესხებისა, იმიტომ, რომ ფულით ფულის შოვნა სესხებაა. ამ შემთხვევაში, როგორც სესხებაში, ფული ისე არ გაიცემა, რომ სარგებლით უკუვ არ მოიქცეს, მაშასადამე, აქ ფული გადის, რომ მეტი ფული შემოვიდეს. ბ-ნ მეისნერის პროექტი გვპირდება, რომ ყოველი მანეთი ღვინის სყიდვით მანეთსა ექვს შაურს და ოთხ კაპეიკს შემოუტანს აქციონერებსაო.
აი, მაშასადამე, როგორი სახე ექნება ბ-ნ მეისნერის ამხანაგობის მოქმედებასა: ფული = ღვინო = ფული + 34 %. აქ ფული ეძლევა ღვინის მკეთებელს იმისათვის, რომ ღვინის მსმელის კისრიდამ ამოიღოს იგივე ფული + 34 %. ამ სახით აქ ღვინო თითქო ვექსილია ღვინის მსმელისაგან ჩამორთმეული სასარგებლოდ ფულის პატრონისა. აქ ფული საშუალება აღარ არის აღებ-მიცემობისა, თავის ეკონომიურს მნიშვნელობას ჰკარგავს, აქ თითონ ფული აღებ-მიცემობის საგნადა ხდება.
თუ ბ–ნის მეისნერის ამხანაგობა ამ–გვარს ღვინის ვაჭრობას ჩვენს ქვეყანაშივე მოახდენს, მაშინ ის იქნება, რომ ჩვენი ქვეყანა სესხულობს ფულს ბ–ნ მეისნერისაგან მანეთს ექვს შაურად და ოთხ კაპეიკად. ამ–სიდიდე სარგებელი იმოდენა ფულზედ, როგორც ორ–მილიონ–ნახევარია, ფულს კი არ მოზიდავს ჩვენს ქვეყანაში, _ გაზიდავს, იმიტომ რომ ყოველი შემოსული მანეთი გაიტანს მანეთსა ექვს შაურს და ოთხს კაპეიკსა. გვეტყვიან, რომ მაგას მარტო ღვინის მსმელი გადიხდის, ღვინის მკეთებელი ხომ თავისას მიიღებსო. ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენი ქვეყანა თუმცა ღვინის მკეთებელი ქვეყანაა, მაგრამ მასთანავე ღვინის მსმელიც არის. თუ როგორც ღვინის მკეთებელს ფული შემოუვა, როგორც ღვინის მსმელს ის ფული ხელიდამვე გამოეცლება ზედ-დამატებით 34%, მაშასადამე, ერთს ნაწილს ჩვენის ქვეყნისას ფული ეძლევა და მეორე ნაწილს ერთმევა ზედდამატებით 34%.
თუ ბაზარი ამ–გვარის ფულის გაღებისა და მიცემისა ჩვენშივეა, მაშინ იმოდენა ვნება არ არის, იმიტომ, რომ ფული აქვე დატრიალდება, და თუმცა ერთის ხელიდამ მეორეში გადავა მოგებით, მაინც აქაური ბაზარი აღებ–მიცემობისა ფულის დაკლებას არ იგრძნობს. სულ სხვაა, როცა ჯიბე, ფულის მომტანი და გამტანი, ჩვენის ქვეყნის გარეთ არის. მაშინ ფული, ჩვენისავე ღვინის წყალობით, უსათუოდ გაიზიდება, ჩვენს ბაზარს დააკლდება, ჩვენში ფული დაცოტავდება. საზოგადო კანონია, რომ რამოდენადაც საგანი რამე ბევრია, იმოდენად მისი ფასი ძირს დადის, და რამოდენადაც ცოტაა _ მისი ფასი მატულობს, თუ სხვა გარემოებანი ერთობ ერთსა და იმავე წერტილზედ არიან. ფულიც ამ ყოფაშია და ამ კანონს ექვემდებარება, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ფულის ფასის აწევ-დაწევა საკუთრივ საქონლის ფასის აწევ-დაწევაა. მაშასადამე, როცა ჩვენში ზემონაჩვენებ გზით ფული დაცოტავდება, ესე იგი გაძვირდება, საქონლის ფასი დაეცემა საერთოდ და ღვინისაც ცალკე. ეს კიდევ არაფერია, როგორც ბოლოს ვნახავთ. ამით მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ, თუ ბ–ნ მეისნერის მექომაგეთ ჩვენში ფულის გამრავლების იმედი აქვთ, ტყუილი იმედია, და თუ ფულის მეტნაკლებობას დიდს მნიშვნელობას აძლევენ საერთო ეკონომიაში, ვუმტკიცებთ, რომ ამ შემთხვევაში ბ–ნ მეისნერის ამხანაგობა ფულს კი არ გაგვიმრავლებს, არამედ, რაცა გვაქვს, იმასაც გაზიდავს.
აი ამ მხრით ჩვენ საბუთი გვაქვს, სრულებით გავამართლოთ ბ-ნ მეისნერის მეწინააღმდეგენი, რომელნიც ამბობდნენ, რომ ისევ აქაური ვაჭრები გვირჩევნიან ბ-ნ მეისნერის ამხანაგობასაო. მაგრამ გვეტყვიან, ბ-ნი მეისნერი თავის ფულის სარგებელს ჩვენს ქვეყანას არ გადაახდევინებსო, რადგანაც ღვინოს აქ იყიდის და რუსეთში გაჰყიდისო, ესე იგი ფულს შემოიტანს და არ გაიტანს კიო. ჯერ ეგ არვინ იცის. თუ ბ-ნ მეისნერის ამხანაგობა თავის ფულს აქავ გამოაჩეკინებს 34% სარგებელს, არა გვგონია, ახლოზე შორი მანძილი ირჩიოს. მაგრამ, ვსთქვათ, ეგრეც მოხდეს. ახლა ვნახოთ, ამით რა გამოვა ჩვენის ქვეყნისათვის. ის გამოვა, რომ ორ–მილიონ–ნახევარი ფული შემოვა და აქ დარჩება, სხვა ხომ არაფერი, გარდა იმისა, რომ მის სამაგიეროდ ჩვენის ქვეყნიდამ ღვინო გავა. ეხლა ვიკითხოთ, რას მოახდენს ეს სასწაული? აქ დარჩენილი ფული რას მოგვიმატებს იმ დაკლების სამაგიეროდ, რომ ღვინოს გაიტანს?
ჩვენ უკვე ვიცით, რომ ერთად-ერთი საგანი, თავი და ბოლო ეკონომიურ მიქცევ-მოქცევისა კაცთა შორის ის არის, რომ მოჭარბებული ნაყოფი ჩემის წარმოებისა გავცე და იმითი შევიძინო ის ნაწარმოები სხვისა, რაც მე პირდაპირ სახმარად მაკლია. ყოველი საქონელი, რავდენს ხელშიაც გადავ-გადმოვიდეს, მაინც ბოლოს იქ მივა, ვისაც პირდაპირ სახმარად ეჭირვება. დანიშნულება საქონლისა და საქონლის ქცევისა მარტო ეს არის და სხვა არარა, მაშასადამე, საქონელთა შუა ფული იტრიალებს თუ არ იტრიალებს, მაინც ერთის ნამეტური მეორეს ხელში გადავა და თვითოეული მათგანი ამით შეივსებს მას, რაც აკლია პირდაპირ სახმარად. ვსთქვათ, მე ღვინო მეტი მაქვს და პური არა და გავდივარ ბაზარში, რომ ღვინო გავცე და პური ვიშოვნო. ვსთქვათ, რომ ორი თუნგი ღვინო უდრის ღირებულებით ერთს კოდს პურს, და მაშინ თუ ეს ღირებულება არ შეიშლება, ორის თუნგის ღვინის ფასი ერთი აბაზი იქნება, თუ ათასი თუმანი, ხომ ერთის კოდის პურის ფასიც იგივე ერთი აბაზი თუ ათასი თუმანი უნდა იყოს. მაშასადამე, როცა საქონელთა შორის ღირებულება იგივეა, მაშინ ფული მათ შუა ბევრი იშუამავლებს თუ ცოტა, სულ ერთია.
აქედამ გამოდის ის კანონი მეცნიერებისა, რომ, როცა ღირებულების რაოდენობა საქონელთა შორის უცვლელია და ფასის რაოდენობა კი ხან მატულობს, ხან კლებულობს, _ ამით არც არავინ აგებს, არც არავინ იგებს. ამას ცხადად დავინახავთ შემდეგს სასწორზედ: ორი თუნგი ღვინო = X ფული = ერთი კოდი პური. აქ მაგ X-ის მაგიერ გინდა ასი დასვით, გინდა ათასი, ღვინოსა და პურის შუა სასწორი არ მოიშლება.
სულ სხვა იქნება, რასაკვირველია, თუ რომ ფულის მოვლენამ შეშალა ღირებულება საქონელთა შორის, მაგალითებრ, ვსთქვათ, მარტო ღვინის ფასი ასწია და პურისა კი ისევ ის დაარჩუნა. ჩვენ ვამბობთ, რომ ფულს, როგორც საშუალებას აღებ-მიცემობისას, ამის მოხდენა არ შეუძლიან. შორს რომ არ გავაბათ ლაპარაკი, საკმაოა, ვსთქვათ, რომ, თუ რომელსამე ქვეყანაში სიმრავლე და საჭიროება ღვინისა და პურისა ერთსა და იმავე დონეზედ დგას, ესე იგი უცვლელია, და თუ ამასთან ორის თუნგის ღვინის მოსავალი ერთს შუათანა მუშის ღონესა და დროს ინდომებს და ამოდენსავე ღონესა და დროს ერთის კოდის პურის მოყვანა, მაშინ მათის ღირებულების შეშლა არაფერს არ ძალუძს: ასწევთ, თუ დასწევთ ერთს, აიწევა და დაიწევა მეორეც, ერთისა და იმავე ზომით. ამიტომაც, მეცნიერებაში დადგენილია კანონი, რომ თუ საქონლის რიცხვი იგივეა, მაშინ რაც ქვეყანაში ფული ტრიალებს _ ერთი–ორად რომ იქცეს, საქონლის ფასებიც ერთი–ორად აიწევს მხოლოდ, და რასაც მწარმოებელნი ამით მოიგებენ გასასყიდში, იმოდენსავე წააგებენ სასყიდში. ეგევე მოხდება, რომ ფულმა ამ შემთხვევაში ერთი–ორად იკლოს. მაშინ ფასები ერთი–ორად დაეცემა და მწარმოებელნი რამოდენასაც წააგებენ გასასყიდში, იმოდენას მოიგებენ სასყიდში. არც ერთს შემთხვევაში სასწორი გაცემისა და აღებისა არ შეიშლება.
მაშასადამე, თუ ორ–მილიონ–ნახევარი ბ–ნ მეისნერის ამხანაგობისა მარტო იმისთვის ეხარბებათ მის მექომაგეთა, რომ ჩვენში ფული გამრავლდებაო, ცხადია, ამით ჩვენ არა მოგვემატება–რა, თუ საქონელთა რიცხვი ჩვენში იგივე იქნება, რაც არის. დაკლებით კი დაგვაკლდება, რადგანაც ღვინოს გაიტანს, რომელიც ჩვენთვის თითქმის პურისაებრ დიდ საჭიროებას შეადგენს. ღვინის გატანით ეგ ჩვეული საჭიროება ისეთის სავსებით კმაყოფილების დაკლება ცხადი გაღარიბებაა. აღარ დაკმაყოფილდება, როგორც დღეს. რომ მარტო ფულის გამრავლება არაფერია, როცა საქონელი არა მრავლდება, ამისი ცხადი მაგალითი ის ოთხი მილიონი ფულია, რომელიც ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიამ მიიღო ყმების განთავისუფლების გამო, მერე ისე მიიღო, რომ მის სამაგიეროდ ჩვენის ქვეყნიდამ არა გასულა–რა. რა დააჩნივა ჩვენს ქვეყანას ამოდენმა ფულმა? მაგოდენა ფულის გამრავლებამ, განა გაგვამდიდრა? თუ მაგ მუქთა ფულმა არა ჰქმნა–რა, მაშ რაღას უნდა მოველოდეთ იმ ფულისაგან, რომელიც მუქთად კი არ გვეძლევა, არამედ იმისთვის მოდის, რომ თითონ აქ დარჩეს და ჩვენი სიმდიდრე _ ღვინო გაიტანოს?
ამ სახით, ბ–ნ მეისნერის ამხანაგობა იმ 34%-ს ჩვენის ქვეყნის კისრიდამ ამოიღებს თუ რუსეთისიდამ, ორ გზითვე ჩვენ დავრჩებით პირში ჩალა გამოვლებული. პირველ შემთხვევაში ჩვენიდამ ფულს გაზიდავს და მეორე შემთხვევაში _ ღვინოს. პირველ შემთხვევაში ფულით გავღარიბდებით, მეორეში _ ღვინითა. რაკი ფულის მეტ-ნაკლებობაზედ ამყარებენ ქვეყნის კეთილდღეობას ბ-ნ მეისნერის მექომაგენი, მაშინ ცხადია, რომ ორგანვე დანაკლისი ჩვენი იქნება და გამორჩომა სხვისი.
გვეტყვიან: ტყუილი შიშია, ვითომც ღვინით ამ შემთხვევაში გავღარიბდებითო. ამის საბუთად ბ-ნ მეისნერის ქომაგთა ის მოჰყავთ, რომ რაკი ჩვენი ღვინო ბ-ნ მეისნერის წყალობით ბევრი გასაღდებაო ფულზედ, მაშინ თითონ ღვინოსაც ბევრს მოვიყვანთო. თუ ეხლა ჩვენს ქვეყანას 30 მილიონი თუნგი მოსდის, მაშინ იმოდენად მეტს მოვიყვანთო, რამოდენადაც გასაღების იმედი გვექნებაო. ნუ დავივიწყებთ, რომ ბ-ნ მეისნერის განზრახულს ვაჭრობაში საქონელი საქონელზედ კი არ იცვლება ფულის შემწეობით, არამედ საქონელი ფულზედ. აი ამ საგანზედ რას ამბობს ერთი დიდად გამოჩენილი მეცნიერი: “რომელიმე ქვეყნის მთელი გამრჯელობა, მთელი მეცადინეობა, მთელი ქონება მიიქცევა ხოლმე რომელიმე წარმოების გასაძლიერებლად იმ იმედის გამო კი არა, რომ ბევრს ფარატინა ქაღალდს მივიღებო, არამედ იმ იმედისა გამო, რომ თავის ნაწარმოების საშუალებით მიიღებს ბევრს სხვადასხვა სარჩო საქონელს საზოგადოდ. სიმრავლე ფარატინა ქაღალდისა თუ ვისმე სიმდიდრე ჰგონია, რატომ იმას კი არა ხედვენ, რომ მთელის იმ სიმრავლით ვერა საგანს ვერ ყიდულობენ იმაზედ მეტს, რამოდენასაც წინად ყიდულობდნენ”.
მაშასადამე, ტყუილი იმედია, რომ სიხარბე ბევრის ფარატინის ქონვისა, რომელსაც ბ–ნ მეისნერის მექომაგენი ქვეყნის ბედნიერებად სახვენ, შეიქმნას მიზეზად ღვინის წარმოების გაძლიერებისა ჩვენში.
შინაური მიმოხილვა. 1882 წელი, დეკემბერი
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე