Home რუბრიკები საზოგადოება ილიას გაკვეთილები ერს წინასაარჩევნოდ

ილიას გაკვეთილები ერს წინასაარჩევნოდ

სწორ არჩევანს მაშინ გააკეთებ, როცა სწორ ფასეულობებს დაადგენ, უკეთესს უარესისგან განასხვავებ

262

თვითმმართველობის არჩევნების წინ უამრავი ძველი თუ ახალგამოჩეკილი ორგანიზაციაიკვლევსსაზოგადოებრივ აზრს. ხშირ შემთხვევაში უნიჭოდ შედგენილი კითხვარების საშუალებით მოქალაქეთა გამოკითხვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მათიმონდომებიდანარაფერი გამოვა და საერთოდაც, სანამ ქვეყანაში ყველა საქმეს განათლებული, კომპეტენტური ადამიანები არ მოჰკიდებენ ხელს, ქვეყანას, რომელსაც, კარგა ხანია, კიტრის ფასი დაედო, არაფერი ეშველება; ისევ და ისევხელიდან მიდის, მიდის და მიდისდა, სამწუხაროდ, “კაცი არა ჩანს ამღები მინდის, მიდის და მიდის, მიდის და მიდის…” _ ასე შეაფასა შექმნილი ვითარება თავის დროზე დიდმა მწერალმა ოტია იოსელიანმა, მაგრამ მას შემდეგ ისევ ის მწარე რეალობა გვაქვს, რომელიც უახლოეს წარსულში გულს უკლავდა და აფიქრებდა დიდ მამულიშვილს.

რა გვეშველებაო, ხშირად ვკითხულობთ. როგორ უნდა გვეშველოს, თუ შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ, თუ ისტორიის მწარე გაკვეთილებს არ ვითვალისწინებთ?! ჯერ კიდევ დიდი ილია წერდა: “ძმობა, ერთობა, თავისუფლება _ ამ სიტყვებით გაიჟღენთა არა მარტო ადამიანთა ყურები, არამედ ქვებიც კი; არა დროს ჩვენის ქვეყნის დაარსების შემდეგ, არა გვგონია, ასე მძლავრად და საყოველთაოდ როდისმე ჰსმენოდეს საქართველოს ეს სამი სიტყვა, როგორც ესმა მას ამ წარსულ 1904-5 წლებში და დღესაც ესმის და მომავალ წლებშიც გაიგონებს”. ჰოდა, გვესმის დაუსრულებლად, რომ გვყავს “სტრატეგიული პარტნიორები”, “ძია სემები”, “ისტორიული მეგობრები”, რომლებთან ძმობითა და ერთობით საქართველოს ხეირი ჯერ არ უნახავს. ერის მამა გვეუბნება, ძმობასა და ერთობას რომ სულაც თავი დავანებოთ, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რას ჰქვია თავისუფლებაო, “რადგან ძმობა, ერთობა მარტოოდენ შტოებია იმ ხისა, რომელსაც თავისუფლება ჰქვიან. საცა არ არის თავისუფლება, იქ ვერ იპოვნით ძმობაერთობას, იქ შეჰხვდებით მხოლოდ მტრობას, ქიშპობას, ჭამაგლეჯას და მგლობას”.

განა ასე არ არის დღეს? _ “მგლების ბანაკი ერთის მხრით, ხოლო მეორეს მხრით ცხვრის ფარა, საცა ნავარდობენ მგლები (ანუ ჩვენ და ჩვენი ზემოთ ნახსენები “კეთილისმსურველები” _ დ. ა.). საცა მგლები ბუდობენ, იქ ცხვრები რას იხეირებენ? ან რა ძმობა შეიძლება მათ შორის?… თუ შეუძლებელია, მოუთავსებელი და მოუხერხებელი მგლებისა და ცხვრების შაერთება, რადღა ვყვირით, რად ვიძახით ამ ძმობა-ერთობას? ვიძახით და უნდა ვიძახოთ, მაგრამ მგლებს ხომ არ ვეძახით, არამედ დაქსაქსულ-დაფანტულს, დაწიოკებულს ცხვრებს, რომ მოუყარონ თავითავს, შაერთდენ, მოიფიქრონ, როგორ მოუარონ თავისთავს, რათა მგლების საჭმელ ლუკმად აღარა ხდებოდნენ, უნდა გამოძებნონ საფარი და გზა სავალი.… მგლებს ამ დროს იქ რა ესაქმებათ? ამ დაძახილზე ისინი თითქოს ყურსაც იყრუებენ, არც მოვლენ, ხოლო თავისიანებს, გაგიმარჯოსთ, რომ მგლებიც კი ძმობა-ერთობას უქადაგებენ. თუ ასე არ მოიქცნენ, ხომ დაეკარგათ ძალა და ცხვრებმა სათითაოდ, თუმც ამ უკანასკნელთ არა აქვთ გაალმასებული კბილები, გაათავეს რქებით და ჩლიქებით?! ძმობა ხომ იმას მოასწავებს, როცა ერთს მგელს გაუჭირდება, მეორე უნდა მიეშველოს. ეგრეთვე თუ ცხვარი _ ცხვარს”.

დღესნამდის ჩვენ ცხვრები ვიყავით და ვართ კიდევაც, ხოლო ვინც მგლები არიან, ეს თქვენც კარგად იცით”, _ ილიას ეს სიტყვები ზუსტად მიესადაგება დღევანდელ რეალობას. დიახ, ჩვენ ცხვრების როლში ყოფნა ისე გავიხანგრძლივეთ, რომ ჩვენსმეგობარ მგლებსძალიანაც გაუკვირდათ, ჩვენმა ხელისუფლებამ კბილები რომ გამოაჩინა: პირველად მაშინ, როცა .. მიშელის დოკუმენტიდან გასვლა გამოაცხადა; მეორედ მაშინ, როცა თავსმოხვეულ სესხზე უარი თქვა; და მესამედ _ გაეროს მითითების არშესრულება რომ გაბედა. თუკი ეს წინასაარჩევნო ტრიუკი არ არის და ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს, იქნებ მართლაც ვეღირსოთ ნამდვილ თავისუფლებას

ფაქტია, ახლა უკან დახევის დრო ნამდვილად არ არის. წინ უნდა ვიაროთ და ყველას ვაჩვენოთ, რომ მართლა დამოუკიდებლები ვართ; უნდა დავამტკიცოთ, რომ ყოველწლიურად ვალის აღება და სამადლოდ გადმოგდებული ლუკმა არ გვჭირდება; დამოუკიდებლად არსებობა რომ გვირჩევნია და შეგვიძლია კიდეც. ასეთი თავისუფლება გვინდა, მაგრამ, როდესაც დგახარ და ელოდები, როდის დასრულდება ყველაფერი, როდის შეიცვლება ვითარება შენ სასარგებლოდ, და არაფერს აკეთებ ამისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გაქვს გააზრებული, რა გინდა და გინდა კი რაიმეს შეცვლა საერთოდ. ამ ქვეყანაში ვისთვის თავისუფლება მშვიდობა და კეთილდღეობაა მხოლოდ, თუნდაც უცხო ხელი მართავდეს, ამ შემთხვევაში წარმატების საფუძველი მლიქვნელობა და მონის ფსიქოლოგიაა. განა ასე არ ხდებიან ჩვენში მაღალჩინოსნები? განა ამ გზით არ სხდებიან დიდი კაბინეტების თბილ სავარძლებში? მერე რა, რომ იმ საქმისა დიდად არა გაეგებათ რა, რომელსაც უნდა გაუძღვნენ? განა ახლახან არ გვყავდა პლასტელინი პრეზიდენტი?

პიროვნების თავისუფლება _ აი რა გვაკლია, ამიტომ არ გვეშველა აქამდე არაფერი; პიროვნების თავისუფლება, რომლის ღერძი არის სინდისი, სინდისი კი იგივეა, რაც ჭეშმარიტების სიყვარული, და მაშასადამე, სწორი არჩევანის გაკეთება, სწორ არჩევანს კი მაშინ გააკეთებ, როცა სწორ ფასეულობებს დაადგენ, უკეთესს უარესისგან განასხვავებ. თვითნებობა არაა თავისუფლება. თავისუფლება დიდი პასუხისმგებლობაა და “ხალხისთვის მტარვალთაგან წართმეული ბედნიერებაა. ბედნიერებაწართმეულს რა ჰრჩება უბედურების მეტი? _ არაფერი. კიდეც იმიტომ არის, რომ უბედურად ჰგრძნობს თავის თავს ყველა დამონებული, თავისუფლებას მოკლებული ერი და პიროვნება. წამრთმეველნი სარგებლობენ ამ ნაყაჩაღარის ბედნიერებით მხოლოდ ცოტახანს, რადგან ცხოვრების ლოღიკის წყალობით ეს ნადავლი, მოპარული ბედნიერება მტაცებელთათვის უბედურებად ხდება” და, როგორც ილია მართალი ამბობს, თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს ისჯებიან. ნეტავ, მოახლოვდა ეს ჟამი?

ეს ჟამი თავისით არ დადგება, თუ ჩვენ, ერმა, არ მოვუმზადეთ ნიადაგი.

და მაინც რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? _ თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, _ არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის მოტაცებული თავისუფლება მტაცებელთა ხელში როდია თავისუფლება, იგი იქცევა მტარვალობად. ამ თავისუფლებისას მტარვალნი ათასნაირს ჯაჭვ-ბორკილებს სჭედენ, ხაფანგებს, გზებს, თავში სცემენ კვერებს და საღრჩობელის ბოძებს სდგამენ. ხალხს ამ თავისუფლებისაგან შეზავებულს შხამ-ნაღველს, საწამლავს უმზადებენ და იმას აწვდიან. ბოლოს კი თითონ რჩებიან მოწამლულნი. ისტორია ამის მაგალითებს უხვად იძლევა. ხალხი იტანს ამ საწამლავს, იგი ისევ ხალხად რჩება, იმარჯვებს, ხოლო მტარვალთა გული მიწაზე ერთხობა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების წართმევა უფრო იმათ ჰვნებს, ვინც თავისუფლებას ჰპარავს, ართმევს ხალხს და ჰსურს, იმით მარტო თავად ისარგებლოს. თავისუფლების მტაცებლებზეა სწორედ ზედ გამოჭრილი ქართული ანდაზა: “ვირმა პალო მოაძრო და იმდენი სხვას არა ჰკრა, რამდენიც თითონ იკრაო”.

დავუჯეროთ ერის მამას, მით უფრო ახლა, როცა რამდენიმე დღეში თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს. ხომ გულით გვინდა, ჩვენს ცხოვრებაში მან მნიშვნელოვანი სასიკეთო გარდატეხა რომ მოახდინოს.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here