Home ახალი ამბები “ივანიშვილი დაელაპარაკა კვირიკაშვილს ჩემს მოტაცებაზე, რადგან ალიევის ბიზნესპარტნიორია”

“ივანიშვილი დაელაპარაკა კვირიკაშვილს ჩემს მოტაცებაზე, რადგან ალიევის ბიზნესპარტნიორია”

927

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელმაც საპატიმრო დაწესებულება ოჯახური მდგომარეობის გამო ორი დღით დატოვა, „რუსთავი 2″თან ინტერვიუში აცხადებს, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და მისი ბიზნესპარტნიორის, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებს შეეწირა.

ჟურნალისტის თქმით, მისი გატაცების უშუალო ნებართვა კი, საქართველოს მოქმედმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მას შემდეგ გასცა, რაც ქართულმა მხარემ მისი კანონიერად დაპატიმრებისა და დეპორტაციის საფუძველი ვერ იპოვა.

თბილისიდან მე საქართველოს კრიმინალურმა პოლიციამ გამიტაცა. ამ დანაშაულის უკან საქართველოს პრემიერ მინისტრი დგას. მოკითხვას გადავცემ ქართველ ხალხს. თითქმის, სამი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი თბილისში. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ქართველი ხალხი აღარ მოითმენს კვირიკაშვილის მთავრობას, მან მისცა უფლება, რომ მე გავეტაცებინე, მას რომ ამის ნებართვა არ გაეცა, არ მომიტაცებდნენ, ეს იყო ალიევსა და კვირიკაშვილს შორის შემდგარი შეთანხმების შედეგი. მე ვფიქრობ, რომ თავდაპირველად, აზერბაიჯანულ მხარეს სურდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩემი თავი მათთვის კანონიერად გადაეცა, მაგრამ ეს ქართულ მხარეს არ გამოუვიდა, რადგან ჩემი დაპატიმრებისა და დეპორტაციის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ამის შემდეგ ჩემი გატაცება მოიფიქრეს. ვფიქრობ, ქართველი ხალხი აღარ მოუთმენს პრემიერ კვირიკაშვილს. ქართველმა ხალხმა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ბევრი რამ გააკეთა დემოკრატიისათვის და ასე მარტივად არ დათმობს მას. ვფიქრობ, ამ მთავრობის მმართველობის ბოლო ვადაა. მე ვწერდი ალიევისა და მისი ოჯახის ბიზნესინტერესებზე სხვადასხვა სფეროში. მას აქვს სასტუმრო თბილისსა და ბათუმში, მიწა გურჯაანში, ფლობს ორ ბანკს, „პაშა ბანკსა“ და აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს და სხვა ბიზნესებს. ყველაფრის გამოძიება ვერ მოვასწარი, რადგან მომიტაცეს. ვფიქრობ, რომ ახლა მისი ბიზნესპარტნიორი არის ბიძინა ივანიშვილი. მე ვფიქრობ, ის დაელაპარაკა კვირიკაშვილს ჩემს მოტაცებაზე, რადგან ახლა ივანიშვილი მხოლოდ ფულზე ფიქრობს. ალბათ, იცოდა რომ გამიტაცებდნენ. ბიძინა ივანიშვილის თქვენს მთავრობაში არის რუხი კარდინალი, მისი თანხმობის გარეშე ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილი ამას ვერ გააკეთებდა. მე ვუჩივლებ საქართველოს საერთაშორისო სასამართლოში. ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება მიწევს, მაგრამ იძულებული ვარ, ეს გავაკეთო”,- აცხადებს მუხთარლი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here