Home რუბრიკები ეკონომიკა ივანიშვილის ახალმა მთავრობამ მუშაობა ძველი ტყუილით დაიწყო

ივანიშვილის ახალმა მთავრობამ მუშაობა ძველი ტყუილით დაიწყო

ცინიზმი დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის განუყოფელი ნაწილია

3954
მთავრობა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებულ მონაცემს თუ დავუჯერებთ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ბოლო პერიოდში უპრეცედენტო მასშტაბს აღწევს. ვაჭრობა, საფინანსო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა და სხვ., კვლევის თანახმად, ის დარგებია, რომლებმაც, ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად თურმე ყველა სირთულესა თუ გამოწვევას გაუძლო და მიმდინარე წლის მაისში (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით) შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 7,5%-ით გაზარდეს. იმავე შეფასებაში აღნიშნულია, რომ 2018 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 6,1%- შეადგენდა, რაც, მთავრობის მოქმედი თუ აწ უკვე ყოფილი წევრების შეფასებებით, ბოლო რამდენიმე წლის რეკორდული მაჩვენებელია

ცხადია, აღნიშნული კვლევის გამოქვეყნებას “მეოცნებეების” უმაღლეს ეშელონებში მყისიერად მოჰყვა რიხიანი განცხადებები და ტრაბახი ყბადაღებული “ეკონომიკური ბუმის” შესახებ. მეტიც, ოლიგარქის მიერ ახალხელდასხმულმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იმაზე სწრაფი ტემპით ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მისივე თქმით, შთამბეჭდავია ფისკალური და საგარეო პარამეტრების გაუმჯობესების მაჩვენებელიც, რაც თურმე მთავრობის მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმების პირდაპირი შედეგია. ბახტაძემ საერთაშორისო სავალურტო ფონდის შეფასებებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია გაოცებულია საქართველოს ეკონომიკური რეფორმებით(!)…

ბახტაძის კომენტარზე არანაკლებ ხმამაღალი იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, შეფასება. ექსმინისტრმა მონაცემის გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი უძღვნა და “ეკონომიკური ბუმისა თუ შეუქცევადი აღმავლობის” ასახვა უკვე ოფიციალურად სრულიად საქართველოს ამაყად მიულოცა: კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ: მაისის თვის რეალური ეკონომიკური ზრდა 7,5%-ია…”.

მოკლედ, პოლიტელიტამ, განსაკუთრებით _ მთავრობამ, ამ ერთ კონკრეტულ კვლევაზე დაყრდნობით, რომლის სანდოობაც ცალკე საკითხია, ხალხს ნამდვილი სამოთხე დაუხატა: ეკონომიკა საათივით აწყობილ, დღითიდღე მზარდ და განვითარებად მიმართულებად წარმოუდგინა, ხოლო ეკონომიკური პოლიტიკა _ უშეცდომო, იდეალურ გეგმად.

ამ ყველაფრის შემყურე და გამგონე თითოეულ მოქალაქეს, ალბათ, წამიერად დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ოლიგარქის ექვსი წლისწინანდელი ომახიანი დაპირება მისი მმართველობის მესამე და მეოთხე წლებში ეკონომიკური სასწაულების თაობაზე პირნათლად შესრულდა, თუმცა ერთია შთაბეჭდილება და ილუზია, მეორე _ სინამდვილე. მოცემულ შემთხვევაში ქოცელიტისმხრიდან იმ პოლიტიკურ ჭინთვებსა და ბაქიბუქს, რომელიცსაქსტატისციფრებს მოჰყვა, რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. პირიქით, ტრაბახს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობის ყოფა დღითიდღე გაუსაძლისი ხდება, ცინიზმისა და ირონიის სახე უფრო ჰქონდა, ვიდრე კონკრეტული ძალისთვის გარკვეული პოლიტიკური ქულების დაწერის ეფექტი.

ახლა მოდი, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ვნახოთ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორც საერთო სოციალური ფონის თვალსაზრისით, ისე კონკრეტული მიმართულებებით. დავიწყოთ ფასებით. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში ყველაფერი გაძვირდა _ დაწყებული კვების პროდუქტებით, დამთავრებული მედიკამენტებითა და კომუნალური გადასახადებით. მაგალითად, 2018 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, სურსათზე ფასებმა 1,8 პროცენტით მოიმატა, განსაკუთრებით გაძვირდა ხილი, ზეთი, ხორცი და თევზეული…

გაძვირდა ტრანსპორტიც. მგზავრობის საფასურმა 3,5 პროცენტით მოიმატა, რაც ეროვნული ვალუტის წლიურ ინფლაციაზეც აისახა (საუბარია წლიური ინფლაციის 0,49%-იან ზრდაზე).

გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მოიმატა კომუნალურმა გადასახადებმა _ წყალზე, ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირზე ფასები 4,7 პროცენტით გაიზარდა. არადა, ყველას გვახსოვს, რომ 2012 წლის არჩევნების პერიოდში ამჟამინდელი ხელისუფლების ერთერთი დაპირება სწორედ ტარიფების შემცირება იყო.

რაც შეეხება ჯანდაცვას, აქ უკვე ფასების 4,3-პროცენტიანი ზრდა მოხდა. 3,4 პროცენტით გაიზარდა ამბულატორიული, ხოლო 2,3 პროცენტით _ საავადმყოფოების მომსახურება. ამ ყველაფერთან ერთად, შეიკვეცა ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა და რასაც ადრე სახელმწიფო აფინანსებდა, იმაში ახლა ადამიანს ფული გაუხდა გადასახდელი. მნიშვნელოვნად გაძვირდა მედიკამენტებიც. ყოველივე ამან ისედაც უმძიმეს სოციალურ პირობებში მცხოვრები მოსახლეობის ყოფა ერთობ გაართულა.

ახლა ცხოვრების დონეს გადავხედოთ. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 354 ლარია. აქედან ოჯახის თითო წევრზე 70,86 ლარი მოდის, რაც დღეში დაახლოებით 2,3 ლარს უდრის (რა საარსებო პირობებში შეიძლება ცხოვრობდეს მოქალაქე ამ შემოსავლით, კომენტარს, ალბათ, არ საჭიროებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დღეს სოციალური ფონის ნამდვილი სიღრმისეული კვლევა და შესწავლა არ ხდება, რეალურად ვითარება გაცილებით მძიმე შეიძლება იყოს); 2017 წლის მონაცემით, ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 21,9 პროცენტია, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი _ 12,1 პროცენტი (საუბარია მიზერულ შემწეობაზე). ანალოგიური სურათია, უფრო მძიმე და სავალალო თუ არა, დასაქმების კუთხითაც და ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა თუ სოციოლოგიური გამოკითხვა ამას ადასტურებს.

მთავარი და დღემდე აბსოლუტურად მოუგვარებელი პრობლემა ზემოაღნიშნულ პრობლემებს შორის მაინც მიგრაციაა. ყველა სტატისტიკური მონაცემი, რომლებიც ბოლო ხანს ამ მიმართულებით ქვეყნდება, ქვეყნისთვის, ფაქტობრივად, განგაშის სიგნალია. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება მის მთავარ მიღწევად და წარმატებად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას მიიჩნევს. არადა, ფაქტია: ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივმა გადინებამ სწორედ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემდეგ მიიღო სტიქიური ხასიათი.

გადავხედოთ ოფიციალურ სტატისტიკას წლების მიხედვით: მაგალითად, 2012 წელს ქვეყნიდან 90 584 მოქალაქე გავიდა, შემოვიდა _ 69 063; 2013 წელს _ 95 064 გავიდა, შემოვიდა _ 92 458; 2014 წელს _ 88 704 გავიდა, შემოვიდა _ 82 161; 2015 წელს _ 95 965 გავიდა, შემოვიდა _ 92 557; 2016 წელს _ 98 288 გავიდა, შემოვიდა _ 90 228; 2017 წელს _ 85 451 გავიდა, შემოვიდა _ 83 239…

როგორც ხედავთ, 2012 წლიდან დღემდე არ ყოფილა წელი, რომ ქვეყანაში იმაზე მეტი მოქალაქე დაბრუნებულიყო, ვიდრე გავიდა. წასულთა უმრავლესობა კი, პრაქტიკულად, შავ მუშად მიდის და ლუკმაპურის საშოვნელად ევროპასა თუ ამერიკაში (თურქეთზე რომ არაფერი ვთქვათ) იმ სამუშაოზე თანხმდება, რომელსაც ადგილობრივი მოქალაქე, რბილად რომ ვთქვათ, არ კადრულობს, თუმცა ეს კიდევ არაფერი.

მოსახლეობის მასობრივმა გადინებამ, ცხადია, დემოგრაფიაზეც სერიოზული გავლენა მოახდინა. ხალხისგან დაცლილ რეგიონებში თითქმის ყოველი მეორე სოფელი უკვე გაუკაცრიელებულია. ამ ყველაფრის ფონზე სოფლის მეურნეობის დარგები, ბუნებრივია, რეგრესისკენ წავიდა, წარმოება მოკვდა, აგრარული ბაზარი კი, ძირითადად, უცხოურმა პროდუქციამ დაიკავა.

მოსახლეობის რაოდენობის კატასტროფული შემცირება (რის გამოც გაერო მუდმივად გვეუბნება, რომ მალე ჩვენსავე ქვეყანაში, შესაძლოა, ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ) ეკონომიკურ სიდუხჭირესთან დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორითაა განპირობებული. მხედველობაში მაქვს ქორწინებების მაჩვენებელი, რომელიც ისეთივე საგანგაშოა, როგორც საერთო დემოგრაფიული სურათი. მაშ, ასე: 2013 წელს სულ 34 693 ქორწინება აღირიცხა, 2014 წელს _ 31 526, 2015 წელს _ 29 157, ხოლო 2016-17 წლებში _ 25101. პარალელურად, კატასტროფულად იმატა განქორწინების რაოდენობამ. აი, კონკრეტული სტატისტიკა წლების მიხედვით: 2008 წელი _ 3 189 განქორწინება, 2009 წელი – 4 030, 2010 წელი – 4726, 2011 წელი – 5 850, 2012 წელი – 7 136, 2013 წელი – 8 089, 2014 წელი – 9 119, 2015 წელი – 9 112, 2016 წელი – 9 539 და 2017 წელი – 10 222. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი მეორე ქორწინება დღეს განქორწინებით მთავრდება, ოჯახები ინგრევა და ქვეყანა დემოგრაფიული უფსკრულისკენ მიექანება.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, მიუხედავად იმისა, რომ “ნაც-ქოცური” უნიათო ხელისუფლება მმართველობის ექვსი წლის თავზე ხალხს თვალსა და ხელს შუა ატყუებს და უსინდისოდ ეუბნება, ქვეყანა შიოს მარანივით ავაშენეთ, ეკონომიკა კი ისე აყვავდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაოცებას ვერ მალავსო? ფაქტია: მსოფლიოში, განსაკუთრებით _ მედასავლეთე პოლიტელიტის სათაყვანებელ ევროპაში, დღეს კუთხე არ არის, სამათხოვროდ გადახვეწილი ქართველი არ დაძრწოდეს, საქართველოში დატოვებული ოჯახის შესანახად ფულს სიმწრის ოფლით არ აგროვებდეს და არაადამიანურ შრომაში ჩაბმული სარჩოს საშოვნელად წელებზე ფეხებს არ იდგამდეს. ალბათ, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე დღეს დრაკონული საბანკო სისტემის ტყვეა, რომ თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე, სწორედ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ყელამდე ვალებშია ჩაფლული და ვის როდის მოუწევს სახლის დაცლა, კაცმა არ იცის. თუმცა ხელისუფლებისთვის ეს პრობლემას არასოდეს წარმოადგენდა და, შესაბამისად, ამ გარემოებებს მისთვის პოლიტიკურ ბაქიბუქობაში ხელი არასოდეს შეუშლია. პირიქით, აწ უკვე ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი თავის დროზე ამაყად აცხადებდა, რომ მისი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში 40 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნა; ეს იმ დროს, როცა სარფის საბაჟოსთან თურქეთში კურტნის მუშად მიმავალი დამშეული ქართველების რიგი იდგა, ევროპა კი, მოზღვავებული მიგრაციის გამო, გაფრთხილებას გაფრთხილებაზე გვაძლევდა: უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებთო. საერთოდ, როგორც ჩანს, ეს ცინიზმი დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის განუყოფელი ნაწილია და ივანიშვილის “სამწყსოს” ამას, ალბათ, ვერაფერი მოაშლევინებს. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ხელისუფლება და მისი შემოქმედი “რუხი ოლიგარქი” არ იგრძნობს, რომ ხალხი გასართობი სათამაშო არ არის (ეს, პირველ რიგში, ისევ ხალხმა უნდა აგრძნობინოს), ირონიის ელემენტები მათ განცხადებებში ყოველთვის იქნება. ისე, ფაქტია: ივანიშვილის ახალმა მთავრობამ მუშაობა შედარებით მოკრძალებული ტყუილით დაიწყო, მოკრძალებული იმასთან შედარებით, რაც ადრე გვახსოვს, თორემ, დღევანდელ საქართველოში ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი რომ ჩვეულებრივი პოლიტიკური უნამუსობაა, წყალი არ გაუვა…

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here